კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიქცა მანჰეტენზე ქართული რესტორანი Old Tbilisi Garden საქართველოს სავიზიტო ბარათად და რატომ მიუძღვნა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ აჭარულ ხაჭაპურს მთელი აბზაცი

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ერთი წელზე მეტია, რაც ვასილ ჩხეიძემ, ძმასთან და ერთ ქართულ ოჯახთან ერთად, ქართული რესტორანი Old Tbilisi Garden გახსნა – ქართული გარემოთი, ატრიბუტიკით, ქართული კერძებითა და ქართული სულით. მალევე მანჰეტენზე პატარა საქართველო ძალიან პოპულარული და ბევრი უცხოელისთვის საყვარელი ადგილი გახდა. ცოტა ხნის წინ კი Business Insider-მა თავის ინტერნეტ-გვერდზე, Old Tbilisi Garden გემრიელი კერძებითა და ხედით, ნიუ-იორკის 10 საუკეთესო რესტორანს შორის მესამე ადგილზე დაასახელა. ასე რომ, როგორც ამერიკაში ჩასული და იქ მცხოვრები ქართველების, ასევე ამერიკელებისა და სხვა უცხოელების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე სწორედ ქართული რესტორანია – ქართული სულითა და ისტორიით. 

 

– ვასილ, მოგილოცავთ თქვენი რესტორნის ასეთ წარმატებასა და აღიარებას. ძალიან გამიხარდა, რომ ამხელა მეგაპოლისში სწორედ ქართულ რესტორანს, თავისი კერძებითა და ქართული გარემოთი, ათ საუკეთესო რესტორანს შორის ასახელებენ. სანამ უშუალოდ რესტორანზე ვისაუბრებდით, მინდა მომიყვეთ თქვენ შესახებ. 
ვასილ ჩხეიძე: 1998 წელს ჩამოვედი ამერიკაში, იმ დროს თბილისში იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. წლის დასაწყისში ჩემი ძმა წავიდა ამერიკაში და წლის ბოლოს – უკვე მე. 20 წლის ვიყავი, თავიდან ძალიან რთული იყო ფეხის მოკიდება უცხო ქვეყანაში, მაგრამ შევძელით. ახლა ყველაფერი უფრო ადვილია გასახსენებლად, მაგრამ მაშინ დღითი დღე რთულდებოდა სიტუაცია. განსაკუთრებით პირველი სამი წლის განმავლობაში – ეს პერიოდი რთულია ემიგრანტებისთვის. მერე ნელ-ნელა ეჩვევი, ეგუები, თუმცა, ჩვენი ქართული ტრადიციები, სიყვარული საქართველოსადმი, არასდროს დაგვიკარგავს. წასვლიდან პირველად 3 წლის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და დღემდე მახსოვს თვითმფრინავის დაშვების დროს ჩემი გულისცემა. მას შემდეგ ვცდილობ, ყოველ წელს ჩამოვიდე.
– როგორ განვითარდა თქვენი კარიერა ამერიკაში?
– ბევრი სამსახური გამოვიცვალე, მომიწია სხვადასხვა შტატში ცხოვრება, თუმცა, ძირითადად, მაინც ნიუ-იორკში ვიყავი. ის პერიოდი საკმაოდ რთული იყო და რთულია გასახსენებლადაც. მაგრამ, თუ ყველაფერს ჭკვიანურად განსაზღვრავ, წარმატებაც აუცილებლად მოვა. თან, მე და ჩემი ძმა ვიყავით ერთად და ამან უფრო გაგვიადვილა აქ ყოფნა. მერე მშობლები და ჩვენი უმცროსი ძმაც ჩამოვიყვანეთ. რესტორნის გახსნამდე, რა თქმა უნდა, სხვადასხვა საქმით ვიყავი დაკავებული. ჩემი ძმა ახლაც მუშაობს უძრავი ქონების საკმაოდ დიდ სააგენტოში, მანამდე ნიუ-იორკში ბინების გაქირავების სამსახურში მუშაობდა და მეც მასთან ერთად ვმუშაობდი მანჰეტენზე – დაახლოებით 4 წელი. შემდეგ ჩემი ბიზნესი გავაკეთე, 5 წელი მქონდა და მერე გავყიდე. მამაჩემის დიდი სურვილი იყო, ქართული რესტორანი გაგვეხსნა ნიუ-იორკში. თვითონ აქ რუსულ რესტორანში მუშაობდა და ეს სფერო ძალიან კარგად იცოდა. ყოველ წელს გვთხოვდა, ეს გაგვეკეთებინა და საბოლოოდ, ჩემს პარტნიორებთან ერთად, მისი სურვილი ავასრულეთ. მამა, სამწუხაროდ, წინა წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.
– როგორ განახორციელეთ მამას იდეა და სურვილი?
– მე, ჩემმა ძმამ და ჩვენმა პარტნიორებმა, ქართველმა ცოლ-ქმარმა გავხსენით რესტორანი 2014 წელს 4 ივლისს, დავამთხვიეთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს. ამერიკისა და ჩვენი რესტორნის დაბადების დღე ერთ დღეს არის. ქართული რესტორნები ძირითადად ბრუკლინშია თავმოყრილი, მანჰეტენზე მხოლოდ ერთი რესტორანი იყო. ვიცოდით, რომ ქართულ სამზარეულოზე მოთხოვნა იქნებოდა, რადგან ჩვენი კერძები გემრიელია. გარდა იმისა, რომ ძალიან მოსწონთ ქართული კერძები, შემდეგ ინტერესდებიან, საიდან არის ეს, რა ქვეყანაა. ჩვენც  ვუყვებით საქართველოს შესახებ, „იუ თუბიზე“ ვაჩვენებთ ვიდეოებს, ფოტოებს. ბევრმა იცის უკვე საქართველოს, კერძოდ, თბილისის შესახებ. ბევრი ნამყოფია საქართველოში და  რესტორნის სახელიც ამიტომ შევარჩიეთ Old Tbilisi Garden. უკვე იციან, სად მოდიან, რა ელოდებათ, აღფრთოვანებულები ტოვებენ რესტორანს, მადლობას გვეუბნებიან.
– თქვენი რესტორანი მანჰეტენზე საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდა.
– კი და ეს ძალიან გვახარებს. გარემოც ქართულია ჩვენთან. ვლადიმერ კანდელაკისა და მისი შვილის ფოტოები ამშვენებს ჩვენი რესტორნის კედლებს. შემოსასვლელში მანეკენი დგას, რომელსაც ქართული ჩოხა აცვია. ფიალები გვაქვს, ხანჯლები, დოქები, პატარა ყანწები, ფაფახი, რომელიც განსაკუთრებულად მოსწონთ, თავზე იხურავენ და ფოტოებს იღებენ. ისინი მხოლოდ საჭმელად ხომ არ შემოდიან, გარემოც აინტერესებთ, უნდათ, დრო გაატარონ, სიამოვნება მიიღონ. ამის გამო თავიდანვე რესტორნის მუშაობა წარმატებულად წავიდა. ოქტომბერში „ნიუ-იორკ თაიმსმა” სტატია მოგვიძღვნა, რასაც არც ველოდებოდით და ეს ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო. სხვადასხვა გამოცემამაც დაწერა. ცოტა ხნის წინ, როგორც თქვენ აღნიშნეთ Business Insider-მა ჩვენი რესტორანი აღიარა ნიუ-იორკში 10 საუკეთესო რესტორანს შორის და მესამე ადგილზე დაგვასახელა. ქუჩაზე, სადაც ჩვენი რესტორანია, ძალიან ბევრი სხვა რესტორნია, შესაბამისად, კონკურენცია დიდია. მაგრამ, ჩვენთან არაჩვეულებრივი გარემოა – პატარა ჩანჩქერია ეზოში, ქვები და საღამოობით რომანტიკული ატმოსფეროც იქმნება. „ნიუ-იორკ თაიმსი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აჭარულ ხაჭაპურზე ამახვილებდა, მთელი აბზაცი მიუძღვნეს: როგორია მისი ტრადიცია, საიდან მოდის მისი ისტორია. ბევრი უცხოელი უკვეთავს აჭარულ ხაჭაპურს. ბევრ ჟურნალში, გაზეთში დაწერეს ქართულ კერძებზე, მაინც უფრო ხაჭაპურზე, ხინკალსა და ქაბაბზე ამახვილებენ ყურადღებას. ქართველი მზარეულები გვყავს, რომლებიც თავის საქმეს ძალიან კარგად ართმევენ თავს. დაახლოებით 14 თანამშრომელი გვყავს და აქედან 10 ქართველია. მენიუში თითქმის ყველა ქართული კერძი გვაქვს. ნიგვზიანი კერძები განსაკუთრებით მოსწონთ, დიდი გამოხმაურება აქვს. ხინკალი ძალიან პოპულარულია, როგორც აპერტაიზერს, ისე მიირთმევენ. სამი ცალი შედის პორციაში. ბევრს ვასწავლეთ, როგორ უნდა ხინკლის ჭამა ისე, რომ წვენი არ დაეღვაროთ და ბოლომდე შეიგრძნონ გემო.
– ვინ არიან თქვენი სტუმრები?
– ამერიკელები, ჩამოსული სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ქართველი სტუმრებიც გვყავდა: დათო ტურაშვილი, ლაშა ღლონტი, ნუგზარ კვაშალი, თვე-ნახევრის წინ იყო ლიანა ისაკაძე, სალომე ზურაბიშვილი მოდის ხშირად. ოქტომბერში „გაეროში“ აღმოსავლეთ ქვეყნების 26 ელჩი იყო წარმოდგენილი და „გაეროს“ ჩვენმა წარმომადგენელმა ისინი ჩვენს რესტორანში მოიყვანა. დავხურეთ რესტორანი, კმაყოფილები წავიდნენ, მას მერე კიდევ მოდიან ცალ-ცალკე. დიდი მადლობა „გაეროში“ ჩვენს მუდმივ წარმომადგენელს, კახა იმნაძეს. ჩვენთან ხშირად მოდის ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კომისარი, თავის თანამშრომლებთან ერთად. მოსწონთ ჩვენი სამზრეულო, განსაკუთრებით ხინკალი, მწვადი და ქაბაბი...
– საქართველოში აპირებთ დაბრუნებას?
– ღმერთმა არ ქნას, რომ არ დავბრუნდეთ. ჯერჯერობით აქ ჯობია ყოფნა, აქედან უფრო ბევრ ადამიანს შეგვიძლია, დავეხმაროთ. რა თქმა უნდა, საქართველო ყოველთვის მენატრება და ჩემი ყოველდღიური საზრუნავი, საფიქრალია.

скачать dle 11.3