კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიყვეს ევროპელებმა და ქართველებმა ბიზანტიის იმპერია

1203 წელს თამარ მეფემ, ჩვეულებისამებრ, დიდძალი ოქროს ფული გაიღო საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული ქართული სავანეებისთვის. იმ დროს ბევრი ქართული მონასტერი არსებობდა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს თანხა გაატანეს ბერებს, რომლებიც გემით ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში და იქიდან უნდა გამგზავრებულიყვნენ ზოგი მთაწმინდაზე, ზოგი შავ მთაზე, ზოგი კვიპროსზე, ზოგი ანტიოქიაში, ზოგიც იერუსალიმში და სხვაგან და თამარის მიერ გაგზავნილი შესაწირი გაენაწილებინათ.
ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი III ანგარმა კონსტანტინოპოლში ჩასული ქართველი ბერები გაძარცვა და ოქრო წაართვა.
ორიოდე სიტყვა ალექსი მესამესა და მის დინასტიაზე:
1085 წელს კონსტანტინოპოლში დაამხეს და წამებით მოკლეს დავით აღმაშენებლის ქალიშვილის, კატას შვილი, იმპერატორი ანდრონიკე პირველი კომნენი. მის ვაჟს, მანუელს კი თვალები დასთხარეს. როგორც ჩანს, სასჯელს გადაჰყვა და მოკვდა მანუელიც. კონსტანტინოპოლის ტახტზე ავიდა ისააკ მეორე ანგელოსი.
მანუელ კომნენს ჰყავდა ორი ძე, – ალექსი და დავითი. ბოლო ხანს დასავლეთის ზოგი ისტორიკოსი, ასევე, ზოგიერთი ქართველი მკვლევარი წერს, თითქოსდა მანუელის ცოლი იყო თამარ მეფის და – რუსუდან იბერიელი და ასახელებენ ბიზანტიურ წყაროს, თუმცა ქართული წყაროები ამის შესახებ არაფერს ამბობენ, ეს კი არ გამორჩებოდათ ქართველებს. თან, ძალიან საეჭვოა, ასეთი ახლო ნათესავები დაექორწინებინათ. შესაძლოა, მცირეწლოვანი ალექსისა და დავითის დედა რომელიმე სხვა რუსუდანი იყო, ასევე საქართველოდან, ქართველ დიდებულთა სხვა საგვარეულოს წარმომადგენელი.
ალექსი და დავითი საქართველოში გადმოიხვეწნენ თამარ მეფესთან და აქ იზრდებოდნენ.
1195 წელს ისააკ მეორე დაამხო, დააბრმავა და ციხეში ჩააგდო მისმა ძმამ და იმპერატორის ტახტი დაიკავა ალექსი მესამის სახელით.
ალექსი იმპერატორის მიერ ბერების გაძარცვა დიდი შეურაცხყოფა იყო ქართული სახელმწიფოსთვის. იმპერატორის ეს საქციელი სიხარბით იყო გამოწვეული, თუმცა, სხვა მხრივაც ექიშპებოდა თამარ მეფეს, რადგან საქართველოში, ბიზანტიის მეტოქე სახელმწიფოში, თავს აფარებდნენ მასზე უფრო მეტად ლეგიტიმური ტახტის მემკვიდრეები.
თამარ მეფემ უფრო დიდი თანხა გაუგზავნა მონასტრებს. გასცა განკარგულება და დასავლეთ საქართველოს სამხედრო ნაწილები დაიძრა ბიზანტიის იმპერიის დასასჯელად. მათ გადალახეს საქართველო-ბიზანტიის საზღვარი და შეიჭრნენ ხალდიის თემში, ძველი პონტოს ტერიტორიაზე. ეს ტერიტორიები უძველესი დროიდან ქართული ტომებით იყო დასახლებული.
მართალია, ქალაქი ტრაპიზონი, ანუ ტრაპიზონის კოლონია, ბერძნულ ქალაქ მილეთიდან მიგრირებულმა ელინებმა დააარსეს, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში, ისევე, როგორც ევროპის, აზიიისა და აფრიკის სხვადასხვა ზღვისპირა ადგილას დაარსდა მრავალი ბერძნული პოლისი, მაგრამ რეგიონის მოსახლეობა ადგილობრივი, კოლხური იყო. დიოდორე სიცილიელი ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში წერდა: “მომჯობინებული ელინები გაემართნენ ელინურ ქალაქ ტრაპეზუნტში, რომელიც სინოპელთა კოლონიაა და მდებარეობს კოლხთა ქვეყანაში”.
ქართველი მთარგმნელები ხშირად სიტყვა კოლხის მაგივრად ლაზს ან მეგრელს ხმარობდნენ, რაც სრულიად სამართლიანია. ეს არის ნაწილობრივ ძველი დიაოხის, შემდეგ კოლხეთის ტერიტორია.
ანტიკურ ხანაში ტრაპიზონ-ქალდეას ტერიტორია შედიოდა კოლხეთის სამეფოში, შემდეგში – პონტოს სამეფოში. მერე რომის იმპერიაც ცდილობდა და ახერხებდა ტრაპიზონ-ქალდეას თავის ტერიტორიაში მოქცევას, და რომის მემკვიდრე ბიზანტიაც. ქართველები იბრძოდნენ ტრაპიზონისთვის, როცა ახერხებდნენ.
დავით აღმაშენებელმა თავისი გავლენა გაავრცელა ტრაპიზონ-ქალდეაში და მისი მთავარი, ქართული წარმოშობის გაბრიელ გაბრა ქვეშევრდომ მეფე-მთავართა შორის დასვა ნაჭარმაგევში.
ჭანეთ-ლაზეთი სამ ნაწილად იყოფოდა: ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, რიზეს მხარეს, საკუთრივ ლაზეთს (და ზღვისპირა კლარჯეთს), უწოდებდნენ უფრო ხშირად ტრაპიზონსა და მის რეგიონს ქალდეას, ხოლო დასავლეთ ნაწილს, კერასუნტ-ფარნაკიის რეგიონს კი – პონტოს ადგილებს.
აღმოსავლეთ ლაზეთი, რიზეს მხარე, ძირითადად საქართველოს შემადგენლობაში იყო ხოლმე.
დღევანდელი ლაზეთი ანუ საქართველოს ისტორიული ნაწილი იწყება სოფელ სარფიდან და გრძელდება სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვის გასწვრივ. აღმოსავლეთით ვრცელდება ჭანეთის ქედის ჩათვლით, მდინარე ჭოროხამდე. ლაზეთი მოიცავს დღევანდელი თურქეთის შემდეგ ნაწილებს: ართვინის ოლქის დასავლეთ მხარეს ქალაქ ხოფის ჩათვლით; რიზეს მთელ ოლქს; ისპირის რაიონს; გუმუშჰანეს მთელ მხარეს ბაიბურთითურთ; გუმუშხანესა და ბაიბურთს შორის, ზღვამდე არის საზღვარი აღმოსავლეთსა და შუა, ცენტრალურ ლაზეთს შორის. შუა ლაზეთია გუმუშჰანეს ოლქის დიდი ნაწილი და ტრაპიზონის მთელი ოლქი. გირესუნის ოლქიდან იწყება დასავლეთ ლაზეთი. ეს არის მთელი გირესუნის ოლქი, და ორდუს ოლქი.
თამარ მეფის ხანაში ლაზეთის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ  ლაზური, ქართული იყო. ქალაქებში ცხოვრობდნენ ბერძნები, ებრაელები, სომხები, თურქები, ქართველები და სხვა. არისტოკრატიის ნაწილიც წარმოშობით ქართული გახლდათ. დიდი ძალაუფლება ჰქონდა ქართული წარმოშობის გაბრას (გავრა) საგვარეულოს, რომლებიც ამ მხარის მმართველებად ითვლებოდნენ. ისინი ცდილობდნენ, არ დამორჩილებოდნენ ბერძნებს, კონსტანტინოპოლს და დამოუკიდებელი პოლიტიკა ეწარმოებინათ. სწორედ ამ მიზნით დაუკავშირდნენ საქართველოს დავითის დროს.
როცა ქართული ჯარი ტრაპიზონისკენ დაიძრა, იმ დროს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეები დასავლეთ ევროპიდან (ძირითადად ფრანგები და ასევე ვენეციელები), კონსტანტინოპოლის მახლობლად იდგნენ და წმინდა მიწისკენ გამგზავრებას აპირებდნენ.
კონსტანტინოპოლში მოხდა გადატრიალება – ჯვაროსნების დახმარებით დაამხეს ალექსი მესამე და ტახტზე დააბრუნეს მის მიერ დაბრმავებული და ტახტიდან ჩამოგდებული მისივე ძმა, ყოფილი იმპერატორი ისააკ მეორე, რომელმაც თანაიმპერატორად თავისი შვილი, ალექსი მეოთხე გამოაცხადა. ოქროს მოყვარულმა ალექსი მესამემ გაიტაცა დიდძალი ოქრო და გაიქცა.
ალექსი მეოთხემ დაუგვიანა ჯვაროსნებსა და თავის ადგილობრივ მომხრეებს შეპირებული საჩუქრები. ჯვაროსნები ღელავდნენ. ამასობაში, 1204 წლის გაზაფხულზე, თამარ მეფის  ნაწილებმა დაიკავეს აღმოსავლეთ ლაზეთი, ტრაპიზონი, ლიმანი, სამსონი, სინოპი, კერასუნტი, კოტიორა, ამასტრია, ჰერაკლია და პაფლაგონიისა და პონტოს სხვა ტერიტორიები.
ქართული არმია უახლოვდებდა კონსტანტინეპოლს. კონსტანტინოპოლში არეულობა იყო, არისტოკრატია ერთმანეთს ებრძოდა. როგორც კი ვენეციელმა და დასავლეთევროპელმა პოლიტიკოსებმა გაიგეს, რომ აღმოსავლეთიდან ქართული არმია კონსტანტინეპოლისკენ დაიძრა, გადაწყვიტეს, დაესწროთ – თვითონ დაეკავებინათ და ხელში ჩაეგდოთ მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქი. ვენეციურმა ფლოტმა და დასავლეთევროპელმა ჯვაროსნებმა შეუტიეს კონსტანტინეპოლს და 1204 წლის 14 აპრილს ქალაქი აიღეს.
ჯვაროსნებმა გაძარცვეს მაშინდელი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი და ათასობით ბერძენი დახოცეს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა კონსტანტინეპოლი და გაიფანტა. არისტოკრატიის დიდი ნაწილი გადავიდა ნიკეაში და ნიკეის იმპერია დააარსა.
შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სურდათ კონსტანტინოპოლის დაკავება და იქ თავიანთი ხალხის – ალექსისა და დავით კომნენების გამეფება. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ტრაპიზონ-ლაზეთი პირდაპირ შეეერთებინათ საქართველოსთვის, ხოლო ძმები კომნენები ბიზანტიის იმპერიას დასჯერდებოდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ქართულ ჯარს კონსტანტინოპოლის აღება დაასწრეს ჯვაროსნებმა – „ვენეტიკებმა“.
შეგვიძლია, დავუშვათ ისეთი ვარაუდიც, რომ „ლათინებმა“ და ქართველებმა მოილაპარაკეს და გაიყვეს ბიზანტიის იმპერია.
25 აპრილს ტრაპიზონში იმპერატორად ეკურთხა ალექსი პირველი, დიდი კომნენი. მისმა ძმამ განაგრძო ბრძოლა ნიკეაში გადასულ თეოდორე ლასკარისთან, რომელიც იყო სიძე ალექსი მესამე ანგელოსისა და ახლა ნიკეის სახელმწიფოს აყალიბებდა.
ამგვარად, ტრაპიზონის იმპერია დაარსდა ქართული სამხედრო და ფინანსური რესურსით, ქართული სამეფო კარის გეგმით. ტრაპიზონში ქართული ჯარიც ჩადგა. მომდევნო წელს ტრაპიზონელებმა მოიგერიეს თურქ-სელჩუკთა შემოტევა და სახელმწიფო განმტკიცდა.

скачать dle 11.3