კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა კავშირშია მამა გაბრიელი მამუკა გიორგაძის ხატის დაწერასთან და როდის ებრძოდნენ ის და მისი მეგობარი ეშმაკს

ვინც იცნობთ პირადად მამუკა გიორგაძეს, დამეთანხმებით, რომ ის ძალიან პოზიტიური და სასიამოვო ადამიანია. ცნობილი ქართველი მხატვარი, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და რომლის ნამუშევრებიც ჯექსონების, ტრავოლტებისა და სხვათა კოლექციებს ამშვენებს, ამჟამად საქართველოში იმყოფება. მამუკამ ინტერვიუში თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბები გვიამბო. ბევრი თქვენგანი, ალბათ, გაოცდება კიდეც მათი წაკითხვისას, ყოველ შემთხვევაში, მოსმენის დროს პირადად მე ემოციებს ვერ ვმალავდი. მოკლედ, ამ ყოველმხრივ საინტერესო ადამიანის საინტერესო ცხოვრების დეტალებს უცვლელად გთავაზობთ.


მამუკა გიორგაძე: ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია, როდესაც მშობლებთან ერთად საქართველოში ვცხოვრობდი. ისინი მსახიობები იყვნენ და, შეიძლება ითქვას, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავიბადე. სამწუხაროდ, მამა გარდაიცვალა, დედა კი დღემდე მუშაობს თეატრში და ახლახან 70 წლის იუბილე გადაუხადეს. მიუხედავად კომუნისტების ეპოქისა, ლაღი ბავშვობა მქონდა. ბავშვობის მოგონენებიდან ჩემს მეხსიერებას განსაკუთრებთ გეგა კობახიძე შემორჩა. დედაჩემი და ნათელა მაჭავარიანი მსახიობები იყვნენ, მეგობრობდნენ და, შესაბამისად, მე და გეგაც ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ის ჩემზე უფროსი იყო, თუმცა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ერთხელ ბათუმში ვიყავით გასტროლებზე. გეგა „ბიჭუნა და კარლსონში” ძმის როლს, ბოსეს თამაშობდა. იქ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ჩხუბი ატყდა და გეგასაც თავში ჩაარტყეს. იქიდან რომ წამოვედით, მის გვერდით ვიჯექი და ვუვლიდი. კარგად მახსოვს ის დღეც, როცა დააპატიმრეს: ჩემი მშობლები აეროპორტში წავიდნენ, მე კი ლოგინში ვიჯექი და ვტიროდი. ასევე, კარგად მახსოვს გეგას ოთახში გაკრული ამერიკის დროშა და ბითლზები. მან მასწავლა კარტით ტრიუკი, რომელსაც დღესაც ვაკეთებ და ამის გამო ერთი ისტორიაც გადამხდა თავს. უცხოელ მეგობრებთან ერთად „აჭარაში” წავედი. საერთოდ, თამაში არ მიყვარს, მაგრამ, მთხოვეს და წავყევი. არ ვთამაშობდი, ჩემთვის ვიჯექი. ბოლოს მომბეზრდა, რაღაც ხომ უნდა გამეკეთებინა და, ერთ-ერთ მეგობარს ჩანთაში დავუნახე კარტის „კალოდა”. მეც ამოვიღე და გავაკეთე კარტის მოჭრა, რომელიც გეგამ მასწავლა. ჩემი მოქმედება დაუფიქსირებია კამერას, უცებ მომცვივდნენ დაცვის წევრები – შენ ილუზიონისტი ხარო და გამაძევეს დარბაზიდან (იცინის).
– ხატის წერა როდის დაიწყე?
– ახლა რასაც გეტყვი, შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ვიგონებ და გამკიცხონ კიდეც, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს დაადასტურებს. მოკლედ, ერთ დღეს, ამერიკიდან „ფეისბუქზე” დამიკავშირდა ლიკა გიორგაძე, გამეცნო და მითხრა, რომ არ იცოდა, გიორგაძეებსაც თუ ჰყავდათ მხატვარი. მეც ჩვეულებრივად ვუპასუხე – გვყავს, თან, არაერთი-მეთქი. შემდეგ მეუბნება: როგორც გიორგაძე, ხომ არ იცი ვინმე ხატმწერი ან თავად ხომ არ წერ ხატებსო. მე ფერმწერი ვარ და ხატმწერებთან შეხებაც არ მაქვს-მეთქი. ამის შემდეგ, ეს გოგო ისევ დამიკავშირდა და მითხრა, რომ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა და მიამბო თავისი ისტორია: ლიკას ბავშვობაში გარდაცვლია მშობლები. ვიდრე ის ამერიკაში წავიდოდა, მათ საფლავზე ნათესავებთან ერთად გასულა, სადაც მამა გამოსცხადებია. მამა პირდაპირ იდგა და გველაპარაკებოდა 7 ნათესავს; გვითხრა, არ შეგვშინებოდა და არ შევხებოდითო. იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე ყურში ჩამესმის რაღაც ხმა, რომელიც მაფრთხილებს და რჩევებს მაძლევსო; ასევე, ხილვებში მეცხადება მამა გაბრიელი და საოცარი სიზმრები მაქვსო. ბოლოს კი მითხრა: მამუკა, ეს ხატი შენ უნდა დაწეროო. მეთქი, შანსი არაა, მე ვხატავ ქალებს და მაღიარეს როგორც „ტრაკების ყველაზე ლამაზი მხატვარი” (იცინის), არ შემიძლია-მეთქი. ამაზე ლიკამ მიპასუხა: სიზმარი ვნახე, სადაც ნათესავებთან ერთად მამაჩემის საფლავზე ვიყავი; შენ შორს იდექი ჩვენგან. რომ მოვტრიალდი, მამა გაბრიელი იჯდა შენ წინ და მან შენზე მითხრა – ეს ჩემი ბიჭია, და მან უნდა დაწეროს ეს ხატიო. ამიტომ ძალიან ცუდად ვარ და შენ გარდა ამას ვერავინ ვერ გააკეთებსო. მეთქი, ლიკა, ცოტა დაიცადე, იქნებ კიდევ ნახო სიზმარი; არასდროს დამიწერია ხატი და, არ ვიცი, რა გამომივა-მეთქი. საბოლოოდ, იმ დასკვნამდე  მივედი, რომ უნდა დამეწერა ეს ხატი. ვიყიდე საჭირო საღებავები, მარტო ფიცარი 120 კილოგრამი იყო, ჩავუჯექი ხატწერის კანონიკას, ვეზიარე და ავიღე კურთხევა. ხატის წერის დაწყება დიდმარხვას დაემთხვა, მაგრამ, უბედურება ის იყო, რომ იმ დროს ძალიან ცუდად ვიყავი – 39 მქონდა სიცხე და ფეხზეც ვერ ვდგებოდი. ისეთი ტკვილები მქონდა ზურგის არეში, მეგონა, ვიღაცა წერაქვს მირტყამდა.  ვერც ფუნჯს ვიღებდი ხელში და, საერთოდ, ვერაფერს ვაკეთებდი. დავურეკე ლიკას და ვუთხარი, ასე ვარ და, ხომ ხედავ, უფალი არ მაძლევს უფლებას, ხატი დავწერო-მეთქი. თურმე ამ დროს მასაც 40 ჰქონდა სიცხე. 40 დღე, მთელი დიდმარხვის პერიოდში მე და ლიკა ვავადმყოფობდით. „სკაიპით” ველაპარაკებოდი ხოლმე მას და, ვხედავდი, როგორ ხტოდა ლოგინში, რაღაც ანგრევდა გოგოს შიგნიდან – ალბათ, ეშმაკი გვებრძოდა, ეს კეთილი საქმე რომ არ გაგვეკეთებინა. ბოლოს დავიჭირე ჩემს თავში მომენტი და ვთქვი, რომ მე ეს უნდა შევძლო-მეთქი. ავდექი, დავანთე სანთლები, გადავიწერე პირჯვარი და ერთ დღეში მოვხაზე ხატის სტრუქტურა. მეორე დღეს ორივე კარგად ვიყავით. თავი ფილმში მეგონა. ეს არის „მოალერსე ხატი”, რომლითაც თერჯოლის რაიონის სოფელ საზანოში გავხსენით ერთი ეკლესია. ადრე იქ მცხოვრები გიორგაძეები თურმე ძალიან ურჯულოები ყოფილან და არ ესწრებოდნენ წირვა-ლოცვებს, ახლა კი ჩვეულებრივ მიმდინარეობს საეკლესიო ცხოვრება.  როდესაც ტაძარში დააბრძანეს ხატი და ვხედავდი, რომ მასზე ხალხი ლოცულობდა, ემთხვეოდა და არ აფასებდნენ მას, როგორც ნამუშევარს, მაშინ ვთქვი, რომ ცხოვრებაში არასდროს დამიხატავს. ვერც ერთი გამოფენა ვერ შეედრება იმას, რაც საზანოში ვნახე. აქ ჩემი ცხოვრება შეიცვალა – მაშინ მივხვდი, თუ რაოდენ უსუსურები ვართ უფლის წინაშე. ვუყურებდი ხალხს და ვამაყობდი, რომ ეს ხატი ჩემი დაწერილი იყო, თუმცა, შიგნიდან უფალი მეუბნებოდა: გიხაროდეს, მაგრამ გახსოვდეს – შენ ხარ ჩემი ფუნჯი; ამიტომ, მიდი და ემთხვიე მას. ხალხი რომ გამოეცალა ჩემს ნაშრომს, უფლის ნებით ვემთხვიე და ბოდიშიც მოვუხადე, ვინაიდან, მუშაობის პროცესში ვბრაზდებოდი, რაღაც რომ არ გამომდიოდა და ცოტა უხეშად ვეპყობოდი. სულ იმ ადგილებში ვაკოცე, სადაც „იაღლიში” მომდიოდა. ვერ გეტყვი,  ეს რა განცდა იყო, ამეტირა კიდეც. შემდეგ, ჩემი ცხოვრების ეპიზოდები რომ დავუკავშირე  ერთმანეთს, მინდოდა ბერად აღკვეცა, მაგრამ, შემეშინდა და ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ეს გადაწყვეტილება მივიღო.
– ამერიკული ცხოვრების შესახებაც მიამბე...
– უცხოეთში ჩემი ნებით არ წავსულვარ. მამაჩემი გახდა ძალიან ცუდად, უმძიმესი ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი, რომლის თანხაც ოჯახს არ გაგვაჩნდა და ამიტომ გადავწყვიტე ამერიკაში წასვლა, თუმცა, არა როგორც მხატვარი. ვმუშაობდი მუშად, მაგრამ, მოხდა ისე, რომ ჩემი ნიჭიც შეამჩინეს. სხვათა შორის, ჩემი პირველი ჰონორარიც ხატებში ავიღე – ორი ძველი მოოქრული ხატი მომიტანეს, რომლებსაც  რამდენიმე ადგილას განახლება სჭირდებოდა. ამერიკაშიც კი ხატით დავიწყე ყველაფერი. ამერიკული ცხოვრების შესახებ ბევრი დაიწერა, ტრავოლტებზე და ჯექსონებზეც არაერთხელ მისაუბრია. მაიკლის და, ჯენეთი, ჩემი „ღობის მეზობელი” იყო (იცინის). საოცარი დეპრესიები ჰქონდა და, ხან სუქდებოდა, ხან ხდებოდა, მე კი მისი ანტიდეპრესანტი ვიყავი (იცინის). ზუსტად ვიცი, რომ მაიკლი მოკლეს – მას დიდი დოზით გაუკეთეს ანტიდეპრესანტი. ის ისეთ ჟანგბადში ცხოვრობდა და ისეთ რაღაცეებს ქმნიდა, ასი წელი იცხოვრებდა. ეს ხალხი იმიტომ გავიხსენე, რომ სულ დარდობდნენ, ვის როგორ დახმარებოდნენ, ქართველები კი მხოლოდ ერთმანეთს ვეჭიდავებით, შიზოფრენია გვჭირს, სერიოზული მენტალური პრობლემები გვაქვს. ძალიან მეტკინა გული  ერთ ფაქტზე: 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით მერიამ ჩაატარა საქველმოქმედო აქცია. მინდოდა, მიმეღო მონაწილეობა, ამიტომ, დავრეკე, ვუთხარი, ვინც ვიყავი და ჩემი ერთი ნახატის შეწირვის სურვილი გამოვთქვი. პასუხი მივიღე გასაოცარი: მითხრეს, რომ ვერ მიიღებდნენ ამ შემოთავაზებას, ვინაიდან, ძალიან ბევრი ნამუშევარი ჰქონდათ. ჯერ ერთი, როგორ შეიძლება მსგავს სიტუაციაში უარის თქმა? ვარ ადამიანი, რომელსაც მინდა, რომ გავცე. არ მაქვს მილიონი დოლარი და, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, იმას გაძლევთ. თუ ნახატი არ გაიყიდებოდა, ეჩუქებინათ ვინმესთვის, როცა ახალ სახლში შეასახლებდნენ. ზოგს მოეწონებოდა, ზოგს არა, მაგრამ, მე ხომ ჩემსას გავაკეთებდი?! მართალია, მეც ავხვეტე ტალახი ახალგაზრდებთან ერთად, ფულიც გადავრიცხე, მაგრამ, ესეც მინდოდა მიმეცა მათთვის... ვერ ვხვდები, საით მივდივართ.
– შვილებზე და საყვარელ ადამიანზე რას მეტყვი?
– რატომღაც, ჩვენი ოჯახი ემიგრანტების ოჯახია: მამაჩემის მამა სამხრეთ ამერიკაში, კარაკასში გარდაიცვალა. ჩემი შვილებიც ემიგრანტები არიან: ბარბარა, წლებია, საფრანგეთში ცხოვრობს, იქ ისწავლა ფსიქოლოგია; ლიზიც მიდი-მოდის,  პიარ-მენეჯერია და  ძალიან ძლიერია თავის პროფესიაში. მეც ვაპირებდი ჰოლანდიაში წასვლას, მაგრამ, რაღაც შეფერხდა. მაქვს ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ჩემი შვილის სეხნიაა – ლიზა ჰქვია და მასთან ვაპირებ მომავლის დაკავშირებას, ანუ ოჯახის შექმნას. ის საბერძნეთის მოქალაქეა და დღეს არსებულმა მდგომარეობამ გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. სიმართლე გითხრა, დავიღალე ემიგრანტობით.
– საქართველოში რის გაკეთებას გეგმავ?
– მომზადებული მაქვს პროექტი. ძალიან მინდა შეიკრას ჯგუფი და ქალის მუზეუმი გავაკეთოთ. ეს იქნება საქართველოს სავიზიტო ბარათი. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ; მხოლოდ ქართველებს გვყავდა ქალი მეფე და გვყავს უამრავი ნიჭიერი ქალი ნებისმიერ სფეროში. ყოველივე ამაში დიდი ბიზნესინტერესიც დევს. ყველაფერს მოკლედ ვერ იტყვი, ამიტომ, დაინტერესებულმა პირებმა მომმართეთ და ერთად განვახორციელოთ ეს იდეა.

скачать dle 11.3