კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა იმედები „გაუცრუა“ Biletebi.ge-ს მეპატრონემ მესის და რატომ შესთავაზა მას ცოლმა პირადი დაცვა

ქართველები რომ არაორდინარულები ვართ, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ – ის, რაც თბილისში სუპერთასის ფინალის  ბილეთების  გაყიდვას მოჰყვა, ყველაზე დიდი ფანტაზიის მქონე ხალხსაც კი გაუკვირდებოდა. ეს ამბავი Biletebi.ge-ით ისტორიით დაიწყო, რომელმაც „ესტაფეტა” ვაკის პარკის მრავალათასიან რიგებს გადასცა, თუმცა იმ დღეებში რიგში მდგომები ყველაზე ხშირად მაინც Biletebi.ge-ს დამფუძნებელს – გიორგი ჩხიკვიშვილს  კითხულობდნენ, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია და იმ პროცესების შესახებ გვიამბობს, რაც კადრს მიღმა დარჩა  

გიორგი ჩხიკვიშვილი:  ჩვენი ისტორია რუსთაველის თეატრის ბილეთების გაყიდვით დაიწყო, ეს იყო ექვსი წლის წინ. მაშინ არც მე და არც ჩემს მეგობარ დათო მიზანდარს, რომელიც ასევე ამ ფირმის დამფუძნებელია, ბიზნესის დიდი გამოცდილება არ გვქონდა. დათომ მოიფიქრა, გაგვეკეთებინა ინტერნეტ-საიტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ბილეთების ონლაინ-ყიდვა. ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რადგან საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობდა. ერთი წლის განმავლობაში  ძალიან ცოტა ბილეთის გაყიდვა შევძელით, რადგან ბევრმა არ იცოდა, რომ ამ გზით ბილეთების ყიდვა შეეძლო. მოგვიანებით არეალი გაფართოვდა: ორ წელიწადში საიტს დაემატა კინოთეატრებისა და  თეატრების ბილეთები, მერე მატარებლების  ბილეთების გაყიდვაც დავიწყეთ.  ძალიან მალე საიტი გახდა ორიენტირი მაყურებლისთვის, ანუ ინფორმაციის წყარო – სად რა სპექტაკლი და ფილმი გადის, სად ანშლაგია  და ასე შემდეგ. უამრავი მოქალაქისთვის Biletebi.ge აღმოჩნდა კომფორტული საიტი, სადაც პრობლემების გარეშე შეეძლო ნებისმიერი ბილეთის ყიდვა. კომპანიის მთავარი მიზანი იყო ჩვენი რეპუტაცია – არ მახსოვს, როდისმე მომდარიყო ბილეთების ჩუმად, „დახლქვეშიდან” გაყიდვა ან გადამყიდველებზე მიყიდვა.  ფინანსურად ფირმა მოგებაზე წელიწად-ნახევრის წინ გავიდა, მანამდე კი ეს იყო საინტერესო პროექტი, ახალი საქმე, რომელსაც ამ ქვეყანაში არავინ არ აკეთებდა და სწორედ ეს გახდა თავიდან ჩვენი ინტერესის  საგანი.
– პროფესიით ვინ ხართ?
– პროფესიით ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ვარ. კომაროვის სკოლის დამთავრების შემდეგ დავამთავრე  უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. ჩემი  პირველი სამსახური იყო სტაჟიორის პოზიცია ფიზიკის ინსტიტუტში,  ვმუშაობდი იზოტოპების ინსტიტუტშიც.  შემდეგ ჩემი სპეციალობით ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტში, მათ შორის იყო როგორც სამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტები. მე  და დათო მიზანდარმა  ერთმანეთი იმ დროს გავიცანით, როცა მე საქართველოს ელექტროკავშირში ვმუშაობდი. დათო იმ დროს ახალი ჩამოსული იყო  ამერიკიდან, სადაც ის სასწავლებლად იყო წასული.  მე ის პროგრამისტად ავიყვანე სამსახურში და მაშინ ჩემს დაქვემდებარებაში იყო, თუმცა, ამ პროექტის შემდეგ, ისე მოხდა, რომ უკვე დათო მაძლევდა ხოლმე შეკვეთებს, მერე კი ერთად გავაკეთეთ ეს კომპანია. წელს გაზაფხულზე დათო გადავიდა სოციალური მომსახურების სააგენტოში – ის წაიყვანეს, როგორც გამოცდილი და წარმატებული აიტი-მენეჯერი. სხვათა შორის, იმ პერიოდში ამ თემაზე ვიკამათეთ მე და დათომ, მაგრამ, მე მივხვდი, რომ მას უნდოდა საკუთარი ძალების მოსინჯვა ახალ საქმეში. დათო დარჩა დამფუძნებლად, თუმცა ყველა სხვა პროცედურა კანონის დაცვით გააფორმა.    
– იმ სკანდალის შემდეგ, რაშიც გაეხვიეთ, Biletebi.ge მოსახლეობისთვის „ოჩერედი.ჯი” გახდა.
– მე მესმის ამ ხალხის, მათი გაბრაზება არ იყო   უსაფუძვლო და ყველა სამართლიან შენიშვნას ვიღებ.  არც იმ დღეებში და არც მერე, არსად დავმალულვარ, ვარსკვლავივით სულ ტელეეკრანზე ვიყავი. იმ რთული დღეების შემდეგ, რაც გადავიტანეთ, ხანდახან  მე და ჩემი თანამშრომლები ვხალისობთ.  იმ დღეებში კი სახალისოდ ნამდვილად არ გვქონდა საქმე. იმდენი რამ იწერებოდა ფორუმებზე, იმდენი გვლანძღავს, აბა, რა ვთქვა?! იცოცხლე, რაც მე სოციალურ ქსელებში მიკურთხეს (იცინის). თანამშროლებს ავუკრძალე კიდეც  იმ კომენტარების კითხვა; ვუთხარი, ასე მუშაობის გაგრძელების საშუალება არ გვექნება-მეთქი.  მეუღლეს ისე ეშინოდა, რომ  რამდენიმე დღე ჩემთან ერთად დადიოდა,  მითხრა: შენთან ერთად ვივლი, ქალთან ერთად რომ გნახავენ, დაგინდობენ და  ინციდენტებში აღარ მოყვებიო (იცინის).
– პირადი მცველიც  გყოლიათ მეუღლის სახით.
– თუმცა, ერთ-ორ ინციდენტს  ქუჩაში მაინც ვერ ავარიდე თავი. სხვათა შორის, „ოჩერედი.ჯი-ზე“ გეტყვით, რომ იმ „ოჩერედმა,” პრინციპში, გაამართლა. წარმოიდგინეთ, რა მოხდა  იმ რიგებში, რაც იყო სალაროებთან;  ჩვენ კი მივეცით ხალხს საშუალება, სახლებში, სამსახურებში, უფრო კომფორტულ გარემოში ყოფილიყვნენ  დაკავებული იმ დიდ  რიგში. გეთანხმებით, რომ ეს იყო დიდი ფსიქოლოგიური სტრესი და, ბუნებრივია, იმდენი მსურველიდან, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა იყიდდა ბილეთებს. თბილისში ოჯახი არ იყო, რომ ამ თამაშზე მოხვედრა არ სდომოდათ და ყველა მაინც ხომ ვერ იყიდდა ამ ბილეთებს? ჩვენთვის მთავარი იყო, ბილეთების გაყიდვა მომხდარიყო სამართლიან გარემოში, მაგრამ, სამწუხაროდ,  გაჩნდა ტექნიკური პრობლემა – სერვერმა ვერ გაუძლო ასეთ დიდ შემოტევას.  ჩვენ ერთ-ერთი კომპანიისგან  ვითხოვეთ ძალიან მძლავრი სერვერი – 16-ბირთვიანი სერვერი იყო, 120 გეგაბაიტით. დილის 5 საათზე ჩავრთეთ, თუმცა, ვერც იმ სერვერმა გაუძლო დატვირთვას – 40 წუთში ზუსტად ის დაემართა, რაც ჩვენსას. ორი დღის განმავლობაში სერვერზე ათი მილიონი მოთხოვნა დაფიქსირდა, საიტზე, წამში ერთხელ, განახლების ღილაკით შემოვიდა იმაზე მეტი მოთხოვნა, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. რადგან თავიდან ლატარიის პრინციპით ხდებოდა ამორჩევა, ბევრმა ჩათვალა, რაც უფრო ხშირად დააჭერდა ღილაკს თითს, ლატარიაში გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა, რის გამოც პროცესმა ზვავის სახე მიიღო. ეს მოხდა მანამდე, სანამ რიგის სისტემას შემოვიღებდით. ყველამ ნახა, რომ  რიგში 160 ათასი კაცი იყო.
– წარმომიდგენია,  რა ზვავში მოყევით თქვენც, – ალბათ, რამდენი ახლობელი და ნაცნობი  გირეკავდათ, რომ ამ რიგის წინა პოზიციებზე მოხვედრილიყო, თუმცა,  პირველი ბილეთები ალბათ, თქვენ გერგოთ.
– სხვათა შორის, არ ყოფილა ასე. ყველა ჩემიანი მიხვდა, რა მძიმე დღეში ვიყავი და ამისთვის არ შევუწუხებივარ, მე თვითონაც რიგით ავიღე ბილეთი – მეხუთასე ვიყავი,  სულ ოთხი ბილეთი მაქვს, ჩემთვის, მამაჩემისთვის და ორიც – ოჯახის წევრებისთვის.  ჩვენ გვქონდა წვდომა სერვერებზე, მაგრამ  ამ  უპირატესობას ვერ გამოვიყენებდი ვერავისთვის, რადგან  პატივს ვცემ  ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს და მე თვითონაც  ძალიან მიყვარს ფეხბურთი.   კარგად მახსოვს „დინამოს” ოქროს ხანა;  ვთამაშობდი ფეხბურთს მეგობრებთან ერთად, გვქონდა მეგობრული გუნდები; დღესაც კი, როცა  ვახერხებთ, ფეხბურთს კიდევ ვთამაშობთ.
– მაინც იოლად აგიღიათ. ეს თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი  რიგი იყო? 
– სხვა რიგებიც მახსოვს.  ყველაზე დიდ რიგში 90-იან წლებში ვმდგარვარ – პურის რიგი მახსოვს ცუდად, მაგრამ იქ მაქსიმუმ ორმოცდამეათე თუ ვყოფილვარ, თუმცა ეს მართლაც უსაშველო რიგი იყო (იცინის).   
– უამრავი ხალისიანი ისტორიაც ახლდა თქვენს სკანდალს – ერთ-ერთმა მოქალაქემ, თურმე, ფეხბურთის ბილეთის ნაცვლად, Biletebi.ge-ის წყალობით  თბილისი-ხაშურის  მატარებლის ბილეთი შეიძინა.  
– ეს უკვე ხალისიანი ჭორები და ადამიანების ფანტაზიის შედეგია. ბოლო სამი კვირა ჩვენ სპეციალურად ვემზადებოდით და შევაჩერეთ მატარებლების ბილეთების გაყიდვა, ასე რომ, გამორიცხულია, ვინმეს თბილისი-ხაშურის მატარებლის ბილეთი ეყიდა ფეხბურთის ბილეთის ნაცვლად. 
  – შეკითხვები იმასთან დაკავშირებითაც იყო, როგორ მოიპოვეთ ბილეთების გაყიდვის  უფლება.
 – ამ მხრივ შეკითხვები ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო – „უეფამ” აირჩია ის კომპანია, ვისაც ყველაზე მეტი გამოცდილება ჰქონდა ბაზარზე.  ჩვენ პირველად არ შემოვსულვართ ამ სეგმენტში – ვთანამშრომლობდით „დინამოსთან” და გავყიდეთ საერთაშორისო მატჩების ბილეთები – ამ მხრივ გამოცდილება გვქონდა.  რაც შეეხება „უეფას” ფავორიტთა შორის მოხვედრას, ჩვენ დაგვიკავშირდნენ, ჩემი აზრით, „დინამოს” რეკომენდაციით, რადგან, ორი წელია, ჩვენი სისტემა „დინამოში” მუშაობს. ჩვენ  შევხვდით „უეფას” დელეგატს, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი კონცეფცია. მათგან იყო რამდენიმე შეკითხვა, მიიღეს პასუხები და ასე დაიწყო თანამშრომლობა.  როცა გაჩნდა პრობლემა „უეფამ” დაიწყო ტექნიკური კონსულტაციების მოცემა. მანამდე თვითონაც არ ეგონათ, რომ ასეთი დიდი აჟიოტაჟი იქნებოდა.  მონაკოში ნახევარი სტადიონიც კი ვერ შეივსო, პრაღაშიც იყო ბილეთების გაყიდვის პრობლემა. „უეფას” წარმომადგენელი  იმასაც  კი გვეუბნებოდა, ჯერ ის ადგილები გაყიდეთ, რომლებიც კამერების წინაა, რომ კამერამ ცარიელი ადგილები არ დააფიქსიროსო. ჩვენ  არ ველოდით, რომ  იქნებოდა განუსაზღვრელად დიდი ტრაფიკი. ეს იყო გაზრდილი არა ოცჯერ და ოცდაათჯერ, არამედ, ათასჯერ და მეტად. სულ სხვა ინტერესია, როცა „დინამო” თამაშობს  საკვალიფიკაციო თამაშს და, სულ სხვა ინტერესია, როცა  სუპერთასს თამაშობს „ბარსელონა” და ჩამოდის მესი.
– თუმცა, როგორც ამბობენ, შესაძლოა, მესი არც კი  ჩამოვიდეს. 
– ამასაც მე ნუ დამაბრალებენ. ეტყობა, ეწყინა, ბილეთები რომ ვერ გაიყიდა და აიცრუა გული. ახლა მეგობრები მეხუმრებიან – ისეთი გამოცდილება მიიღე, სამოთხის ბილეთებსაც გაყიდი, თუ იქიდან დაგიკავშირდა ვინმეო. კი ბატონო, თანახმა ვარ, ისე გავყიდი, საკომისიოსაც არ ავიღებ (იცინის). 
– ამბობენ, ფეხბურთის ფედერაციამაც  უარყოფითი როლი ითამაშა იმ პროცესში, რაც მოხდა.
– ფეხბურთის ფედერაციის როლზე ვერაფერს გეტყვით. სიმართლე გითხრათ, ფედერაცია ბევრს არაფერს წყვეტდა, „უეფა” იღებდა გადაწყვეტლებებს, ფედერაციის წარმომადგენლობა, უბრალოდ, ზომაზე მეტ კომენტარს აკეთებდა, ჩემი აზრით, რაც ნევროზულ გარემოს ქმნიდა გულშემატკივრებში.   
– სადამსჯელო  სანქციები  ხომ არ გატარდება თქვენი კომპანიის მიმართ?
– არანაირ სანქციებზე არაა საუბარი, უბრალოდ, სრულად ვერ მივიღებთ იმ თანხას, რაზეც იყო საუბარი – 45 ათას ევროს. კანონდარღვევა არ ყოფილა, შეფერხება არაა კანონდარღვევა. ჩვენ კვლავ ვართ ჩართული ბილეთების გაყიდვის პროცესში – ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ და ავიღებთ  იმ გასამრჯელოს  ნაწილს, რაზეც ახლა მიდის მოლაპარაკება. შემიძლია ვთქვა, რომ  ყველაზე მშვიდად ეს სკანდალი „უეფამ” მიიღო. პირველი დღის შემდეგ, როცა წამოვიდა ნეგატივი, მათ მივწერეთ, რომ ბილეთები სალაროში გაგვეყიდა – ეს ჩვენ თვითონ შევთავაზეთ, მაგრამ მათ  გვითხრეს: ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს,  ეს პრობლემა მოგვარებადიაო.  გვირჩიეს საერთაშორისო ბილეთების გაყიდვა, ამ სეგმენტში ბილეთები ბევრმა ადგილობრივმა გულშემატკივარმა შეიძინა, ბოლოს კი გაიმართა სისტემა, მაგრამ უკვე ფედერაციამ წაიღო უფლება, რომ სალაროებში გაყიდულიყო  ბილეთები.  კარგი იქნებოდა, არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა. ჩვენ გვქონდა და გვაქვს კიდეც გეგმები, პრობლემის გარეშე რომ ჩაევლო ამ ფაქტს: მეტ ჩართულობას ვფიქრობდით საერთაშორისო ღონისძიებებზე; შეგვეძლო, მეზობელ ქვეყნებშიც გაგვეყიდა ბილეთები და ამან შეაფერხა ჩვენი გეგმები, მაგრამ, რაც მოხდა, იმას ვეღარ შევცვლით, თუმცა, თავს იმით ვიიმედებთ, რომ მსგავსი ინციდენტები სხვაგანაც მომხდარა.

скачать dle 11.3