კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ტარდებოდა ძველად წყალკურთხევა მდინარე ვერეზე და რომელი ეკლესიის საფლავის ქვები გამოიყენეს სანაპიროს ბორდიურებისთვის

მე-20 საუკუნის დასაწყისში წყალკურთხევა მდინარე ვერეზე აღევლინებოდა. ბოლო წყალკურთხევა კი აღნიშნულ ტერიტორიაზე 1923 წლის 19 იანვარს შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს უნივერისტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ გამოაქვეყნა. ის გამოეხმაურა უწმიდესის ქადაგებას, რომლის მიხედვითაც ზოოპარკის კეთილმოწყობა 30-იან წლებში ეკლესიის ზარების გადადნობაში აღებული თანხით მოხდა. გამოთქმულმა აზრმა საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გამოიწვია. ბატონმა სერგომ სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა ის დოკუმენტები, რომლებიც ამ ინფორმაციის უტყუარობას ადასტურებს.
– ბატონო სერგო, როდიდან აღევლინებოდა მდინარე ვერეზე წყალკურთხევა?
–  საერთოდ, წყალკურთხევა მდინარე მტკვარზე სრულდებოდა, მაგრამ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, მტკვარი ძალიან დაბინძურებული იყო და ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მდინარე ვერეზე აღესრულებინათ ეს ცერემონიალი. როდესაც აღდგა საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, უწმიდესმა კირიონმა 1918 წლის 19 იანვარს პირველმა აღასრულა წყალკურთხევა მდინარე ვერეზე. შემდეგ, 1919, 1920 და 1921 წლებში კი – უწმიდესმა ლეონიდემ. ტერიტორიულად ცერემონიალი სრულდებოდა იქ, სადაც გზა იყოფა სამ ნაწილად: ვარაზისხევისკენ, ფილარმონიისკენ და ზოოპარკისკენ. 1922 წელს კათალიკოსი ამბროსი ხელაია გაგზავნილ იქნა გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც მან ამხილა საბჭოთა ხელისუფლება როგორც დამპყრობელი და ევროპის სახელმწიფოებისგან დახმარება ითხოვა. ამის გამო ის შინაპატიმრობაში აიყვანეს, რის გამოც, წყალკურთხევის ცერემონიალში მონაწილეობა ვერ მიიღო. აქედან გამომდინარე, 1923 წლის 19 იანვარს, უკანასკნელი წყალკურთხევა მდინარე ვერეზე ურბნელმა ეპისკოპოსმა, შემდგომ  კათოლიკოს-პატრიარქმა, ქრისტეფორე ციცქიშვილმა აღასრულა. ეს ფაქტი დაფიქსირებული აქვს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძეს, რომლის მემუარები ახლახან გამოქვეყნდა ლიტერატურის მუზეუმში. 1924 წელს ამბროსი ხელაია და საკათალიკოსოს საბჭოს წევრები გაასამართლეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. რის შემდეგაც მდინარე ვერეზე წყალკურთხევის ცერემონიალი აღარ შესრულებულა.
– საინტერესოა თქვენ მიერ გამოქვეყნებული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ზოოპარკის კეთილმოწყობა ეკლესიის ზარების გადადნობის შედეგად მიღებული თანხით მოხდა.
– უპირველეს ყოვლისა, 13 ივნისის ტრაგედიას მინდა შევეხო. ამ სტიქიურმა უბედურებამ რა შედეგიც მოგვიტანა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. იყო დიდი მსხვერპლი, რაზეც ყველანი ძალიან ვწუხვართ, თუმცა, დგება მომენტი, როცა რაღაც ფაქტები უნდა გავიხსენოთ ისტორიიდან. ეს წარსულის ფაქტები უშუალოდ ამ ტრაგედიასთან შეიძლება არ დააკავშიროთ, მაგრამ, ვერეს ხეობის ისტორიის ცოდნა აუცილებლობას წარმოადგენს, რათა სწორად იქნეს გაგებული უწმიდესის სიტყვები. უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 14 ივნისს მოგვიწოდებდა, რომ მხოლოდ მატერიალიზებურად, მიწიერად არ შეგვეხედა ყველაფრისთვის. ვაჟა-ფშაველას აქვს ასეთი გამონათქვამი – „ბუნება ბრძანებელია”. ჩვენ დავივიწყეთ ბუნების მბრძანებლობა და, მასთან თანაცხოვრების ნაცვლად, ჩვენი სურვილისამებრ მოვინდომეთ მისი წარმართვა, მაგალითად, მდინარის კალაპოტის შეცვლა. მის უწმიდესობას სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, თუმცა, ამ ყოველივემ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩვენი პატრიარქი 38 წელია, სათავეში უდგას საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიას; 52 წელია, მღვდელმთავარია; 60 წელზე მეტია, სასულიერო პირია და, როგორ ფიქრობთ, მას რამე შეეშლებოდა ამ საკითხთან მიმართებაში?! უწმიდესმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ ცოტა თავშეკავებულები უნდა ვიყოთ როგორც ბუნებასთან, ასევე უფლის ძალასთან. როდესაც მან ბრძანა, რომ ზოოპარკის კეთილმოწყობა 30-იან წლებში, მაშინდელი ათეისტური ხელისუფლების მიერ, ეკლესიიდან გამოტანილი ზარების გადადნობაში აღებული თანხიდან მოხდა, ბევრს ეგონა, რომ ამ სიტყვების უკან ისტორიული ჭეშმარიტება არ იდგა. არადა,  ეს ფაქტი რეალურია. 1921 წლის 25 თებერვალს, როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ საქართველოში, 15 აპრილის რევკომის დადგენილებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია იურიდიული პირის არმქონე ორგანიზაციად გამოაცხადეს, ანუ, კანონგარეშე ორგანიზაცია გახადეს. ამ დროს საეკლესიო ქონება სახელმწიფო საკუთრება გახდა. აქედან გამომდინარე, ეკლესია-მონასტრები და იქ დაცული სიწმინდეები, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და დაიწყო მათი დატაცება. საქართველოს მასშტაბით, არ დარჩენილა რაიონი, ქალაქი თუ სოფელი, სადაც არ დაანგრიეს და არ შეურაცხყვეს ეკლესია-მონასტრები და საეკელსიო სიწმინდეები. დანგრეული ეკლესიების სამშენებლო მასალებს სულ სხვა დანიშნულებისამებრ იყენებდნენ, მაგალითად, ქუთაისის მერია აშენებულია წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის ქვებით. გარდა ამისა, თბილისში, იქ, სადაც ახლანდელი პარლამენტის შენობაა, ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია იდგა. ახლანდელი ჭადრაკის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მდებარეობდა, რომელიც  30-იან წლებში დაანგრიეს და იქ არსებული საფლავის ქვები სანაპიროზე ბორდიურებისთვის გამოიყენეს. რამდენიმე წლის წინ, როცა ამ ადგილების რესტავრაცია მიდიოდა, აღმოჩნდა, რომ სამშენებლო მასალებად საფლავის ქვები იყო გამოყენებული. რაც შეეხება ზარებს, ის კეთილხმოვანი მაშინაა, თუ მასში გარკვეული რაოდენობის ოქრო და სპილენძია შერეული. შეასაბამისად, მისი გადადნობის დროს, ოქრო ცალკე გადაჰქონდათ, სპილენძი – ცალკე, დანარჩენს კი ჯართში აბარებდნენ და ყიდდნენ. სწორედ მსგავსი გადადნობის შედეგად მიღებული თანხა გამოიყენეს ზოოპარკის კეთილმოწყობისთვის. ყოველივე ეს დოკუმენტებშია დადასტურებული, რომელიც თბილისის ცენტრალურ საისტორიო არქივშია დაცული.

скачать dle 11.3