კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი მოხსენიება არ შეიძლება პირად ლოცვებსა და ეკლესიაში და რატომ აღარ რჩება ზიარების შემდეგ ღმერთი ადამიანთან

თანამედროვე ქრისტიანებს დღეს ყველაზე მეტად სიყვარული და მოყვასისადმი თანადგომა გვაკლია. როგორია მოყვასისადმი სიყვარულის ათი მცნება, ამის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელოების ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების შემდეგ ერთი რამ გამოიკვეთა – ჩვენს ეკლესიაში, განსაკუთრებით სასულიერო პირებში, არსებობს ერთი პრობლემა: თეოძესის, ანუ ღვთისგამართლების. თეოძესია – ეს არის ღვთისმეტყველების დარგი, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანი ეკამათება არამართლმადიდებელს, წარმართს ან სექტანტს და ამართლებს ღმერთს – ღმერთმა იმიტომ აკრძალა, ღმერთმა იმიტომ დაუშვა, ასე იმიტომ გააკეთა... იცით, რომ არსებობს განგებულება, ნება და დაშვება, სამივე შემთხვევაში ღმერთი არის მართალი და შენ უნდა შეგეძლოს ღმერთის გამართლება და ამის ახსნა. მაგრამ, ჩვენ იმდენად არ გვესმის ღვთისმეტყველება, წმიდა წერილი (სასულიერო პირებს ვგულისხმობ), რომ გაგვიჭირდა იმ მოვლენების ახსნა-განმარტება, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა საქართველოში. საინტერესოა, ვიფიქროთ იმაზე, თუ რამდენ წუთს არის ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში, რამდენი წუთი რჩება ღმერთი ზიარების შემდეგ ჩვენთან.
– ეს როგორ უნდა გავიგოთ?
– დილით ავდგებით, რამდენიმე წუთით ვილოცებთ ან არ ვილოცებთ. შეიძლება ამ დროს ითქვას, რომ ღმერთი ჩვენთან არის? არა მგონია, ასე იყოს. შემდეგ მივდივართ სამსახურში, გავრბივართ-გამოვრბივართ, იქაც ჩხუბი, განკითხვა; საღამოს კი ჩქარა კითხულობთ ლოცვებს, რომ ფილმებს უყუროთ და ამ პერიოდში რამდენ წუთს შეიძლება იყოს ღმერთი თქვენთან? ზიარების შემდეგაც, გამოდიხარ ეკლესიიდან და – ისევ განკითხვაში ხარ, ჩხუბობ და შენთან აღარ არის ღმერთი. თუ ღმერთი შენთან ძალიან ცოტა ხანს არის, მაშინ, რატომ გაქვს პრეტენზია: ღმერთო, ასე რატომ; ღმერთო, ისე რატომ გააკეთეო! არადა, 24 საათის განმავლობაში ღმერთთან ურთიერთობას ხუთ წუთსაც კი არ უთმობ. ღმერთი ყველაფერს სიყვარულით აკეთებს, როგორც მზრუნველი მამა შვილებისთვის.
– დღეს ადამიანები ერთმანეთის მიმართ ძალიან ცუდ დამოკიდებულებას ავლენენ, ყველაფერზე ჩხუბობენ, ყვირიან. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენს საზოგადოებაში უსიყვარულობაა.
– მოყვასისადმი სიყვარულის კანონები, ათი მცნება ასეთია: პირველი – მოუსმინე ისე, რომ არ შეაწყვეტინო. წარმოიდგინეთ, რა ხდება, როდესაც ცოლი ქმარს ელეპარაკება, ან ქმარი ცოლს, ან მრევლი თავის მოძღვარს, ან თანამშრომელი თანამშრომელს – დღეს არავინ არავის უსმენს. როგორც კი ერთი დაიწყებს მოყოლას, მაშინევე აწყვეტინებ და შენ იწყებ საუბარს. მოსმენა დიდი სიბრძნეა. მოსმენა ვისწავლოთ, რადგან, არ იცი, ამ ადამიანმა რა უნდა გითხრას, რა უნდა, რა სჭირდება.
2. დაელაპარაკე ისე, რომ არ დაადანაშაულო. თანამედროვე ადამიანი ძალიან ამპარტავანია, უყვარს თავის გამართლება და სხვების დადანაშაულება. როგორც კი ეტყვი: შენი ბრალიაო, მაშინვე ბრაზდება. როცა ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს ელაპარაკები, ნუ დაადანაშულებ, მაგალითები მოიუყვანე, ესაუბრე. არადა, გვიყვარს იმის თქმა: არ შემიძლია სიმართლე რომ არ ვუთხრაო, ისეთი კარგი, კეთილი და მართალი ვარო, მაგრამ ამ დროს სიბრძნე უნდა გამოიჩინოთ და სწორად მოიქცეთ. 3. დაჰპირდი ისე, რომ არ დაივიწყო. განსაკუთრებით, პატარა ბავშვებს ჰპირდებით ხოლმე რაღაცეებს, ასევე, ეკლესიას, მოძღვარს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მაგრამ მერე არ ასრულებთ პირობას, გავიწყდებათ. ბიბლიაში წერია: ნუ დაჰპირდებით ნურავის ნურაფერს, რადგან ჩვენ ყოველგვარი სიტყვის მიცემისგან უღონო ვართ. განსაკუთრებით ღმერთთან ვიცით შეპირება: ეს გამიკეთე, ცხვარს დავკლავ, ამდენ სანთელს დაგინთებ... ღმერთს არ სჭირდება თქვენი დაპირებები, ცხვრები და ჭედილები. 4. უპასუხე ისე, რომ არ შეეკამათო. რა ძნელია, როგორ შეიძლება რამე გითხრან და შენ არ შეეპასუხო. უპასუხე მშვიდად, ბრძნულად, შენი ღირსება რომ არ შეილახოს. ცოლქმრულ ურთიერთობაშიც ნუ იკამათებთ. თქვენი მოვალეობა კარგად უნდა იცოდეთ, კამათში ნუ შედიხართ. როცა ადამიანს სიყვარულით ესაუბრები, მაშინ ყველაფერი კარგად მიდის. 5. დაეხმარე ისე, რომ არ დაამადლო. ამის გაკეთება, ალბათ, ბევრს უჭირს, რადგან თავს იწონებენ: „მე ამას ვეხმარები, მე მეზობელს ფული მივეცი, მაგრამ ვერავის დავანახვე სიკეთე...” – გამოდის, რომ სიკეთეს საკუთარი თავისთვის, სურვილისთვის კი არ აკეთებ, არამედ იმისთვის, რომ მერე შეგაქონ. რომ არ გაქებენ, ამაზე ბრაზდები, განკითხვაში ვარდები და აღარ გიჩნდება სიკეთის კეთების სურვილი. 6. დაეხმარე ისე, რომ არ იწუწუნო: მე თვითონ მიჭირს, მაგრამ გეხმარები; აღარ დამრჩა ფული, მაგრამ მაინც დაგეხმარეო. ამის მერე აღარ გინდა, მას რამე გამოართვა, ან სთხოვო. ასე იციან მშობლებმაც, როცა შვილს რაღაცას უყიდიან, მერე კი წუწუნებენ, ბავშვსაც აღარ უნდა იმ კაბის ან შარვლის ჩაცმა, რადგან ასეთ ნაყიდს ფასი აღარ აქვს. თუ ყველაფერს სიყვარულით აკეთებ, მაშინ აღარ წუწუნებ და აღარ ტირი. 7. გჯეროდეს ისე, რომ არ დააყვედრო. მაგალითად, ეუბნები: „მე შენი მჯერა”, მაგრამ თან აყვედრი: „არ ყოფილხარ ისეთი. კარგი, როგორიც მეგონე.” ამიტომ, სანამ ადამიანს კარგად გაიცნობ და დაუჯერებ, უნდა დაფიქრდე,  ისიც შენსავით მერყევი და ცვალებადი ადამიანი ხომ არ არის. ყველას დაჯერება არ შეიძლება; შესაძლოა, ის შეცდეს და შენც შეგაცდინოს. 8. მუდამ ილოცე მისთვის – ცოლისთვის, ქმრისთვის, შვილისთვის, მოყვასისთვის. ხშირად გვიყვარს თქმა – რომ ლოცვებში გიხსენიებ, შენზე ვლოცულობო. არ არის საჭირო ამის აფიშირება. ღმერთი გავალებს ამას, დილის ლოცვებში გიწერია, რომ უნდა მოიხსენიო ეს ადამიანები; უფრო მეტიც, ეს პირდაპირ გევალება, თან, არა მხოლოდ დილის ლოცვებში, არამედ მუდმივად. ლოცულობ რა სხვებისთვის, ის მადლი მერე შენ გიბრუნდება. 9. გაჩერდი და წარმოიდგინე ყველა, ვისზეც ლოცულობ. არ ჯობია, ათი კაცი მოიხსენიო გულით, ვიდრე ილოცო იმათთვისაც, ვისაც არ იცნობ?! ამხელა ტვირთს ვერ დაძრავ, არ გამოგივა. ყველასთვის შეიძლება ლოცვა, მაგრამ,  ჯობია, აზრიანად ვილოცოთ და ზუსტად ვიცოდეთ, ვისთვის ვლოცულობთ. ვისაც შენ წერ მოსახსენიებელში, იქნებ მას არ უნდა მოხსენიება? ან არ იცი, როგორ ცხოვრობს და შენ უფრო მძიმე ცოდვაში აგდებ. ამ დროს ბარძიმში ხდება მის სახელზე წმიდა ნაწილის ამოღება, ის კი ამ დროს სიძვაში, ღვთის გვემაშია... ვინც წვალობს, იოფლება, ეკლესიაში უნდა მოსვლა, ასეთი ხალხისთვის უნდა ილოცოთ და მოიხსენიოთ, დანარჩენი კი ზოგადად მოიხსენიეთ: „ჩემი მეზობლები, ნათესავები”: ხშირად ილოცეთ და, როცა პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა შეგიძლიათ. ამიტომ,  ვის იხსენიებთ,  მისი ცხოვრების წესი უნდა იცოდეთ. დღეს ასეთი წესი შემოვიდა საქართველოში: ნათლავენ ბავშვს, ნათლია კი ამერიკაშია ან ესპანეთში. როგორ შეიძლება ის ნათლია არ იყოს საქართველოში? შეგიძლია ის, უცხოეთში მყოფი მოიხსენიო ლოცვებში, საზღვარგარეთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, შენი ნათლია ან მეჯვარე იყოს. და, ბოლო – 10. სიყვარული რწმენის გამოვლინებაა და მცირედ მორწმუნეები დიდ სიყვარულს ვერ დაიტევენ. როცა ამბობ, რომ ღმერთი და მოყვასი გიყვარს ეს რწმენის გამოვლინებაა, რწმენა კი საქმეების გარეშე მკვდარია. ეს არის სიყვარულის ათი მცნება, რომელთა დაცვის შედეგად მეტი სიბრძნე, სიყვარული და თავდადება იქნება ჩვენს ქვეყანაში.

скачать dle 11.3