კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთისმშობლის ხატი „მაყვალი შეუწველი“

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის – ხატი „მაყვალი შეუწველი“, რუსეთის ქალაქ მოსკოვში, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. ზეციური დედუფალი უძველესი დროიდან იწოდებოდა „შეუწველ მაყვლად“ და მას არცთუ იშვიათად ცეცხლოვანი ალის შარავანდედით გამოსახავდნენ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინასახედ მიჩნეული მაყვლის ცეცხლოვანი ბუჩქი, მოსე წინასწარმეტყველმა ხორების მთაზე იხილა. მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ იგი არ იწვოდა. ისევე, როგორც ქალწულმა მარიამმა შვა მხსნელი სოფლისა და კვლავაც უბიწო ქალწულად დარჩა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „მაყვალი შეუწველი“ რვაქიმიანი ვარსკვლავის სახით გამოისახება, რომელიც ორი წაგრძელებული და მოხრილბოლოებიანი ოთხკუთხედების მეშვეობით არის აგებული. ოთხკუთხედების წაგრძელებული ბოლოები სიმბოლურად ცეცხლის ალს გამოსახავს. ერთი ოთხკუთხედი წითელია, რომელიც წინასწარმეტყველ მოსეს მიერ მაყვლოვანში ხილულ ცეცხლის ალს გვაგონებს, ხოლო მეორე ოთხკუთხედი კი – მწვანეა და მაყვლის ბუჩქის ბუნებრივ ფერს წარმოაჩენს, რომელიც ცეცხლოვან რტოებს უცვლელად ჰქონდა შენარჩუნებული. რვაკუთხა ვარსკვლავის შუაგულში თითქოს სასწაულებრივად აალებულ მაყვლოვანში, ღვთაებრივი ყრმით ხელში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედაა გამოსახული. წითელი ოთხკუთხედის წვეროებში ჩანს ადამიანის, ლომის, ხარისა და არწივის სხეულები, როგორც ოთხი მახარებლის ხილული ნიშანი, რომლებიც თავის ღვთივსულიერ ქმნილებებში გადმოგვცემს სწავლებას იმ არამიწიერი და არანივთიერი წმიდა ცეცხლის შესახებ, რომელიც მარადქალწულმა მარიამმა თავის წიაღში შეუწველად მიიღო.
მოსკოვში „მაყვალი შეუწველის“ სახელობის ეკლესიაში, ამავე სახელწოდების ღვთისმშობლის ორი სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც შედარებით დიდი ზომისაა, მაღალმხატვრული სტილითაა დაწერილი. ამ ხატის წარმომავლობის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: რუსეთის მეფე, თევდორე ალექსანდრეს ძის ჯილავდარი და სამეფო თავლის მდიდარი მეჯინიბე, დიმიტრი კოლოშინი იქ შესვლისას თუ გამოსვლისას ზეციური დედუფლის წინაშე ყოველთვის მხურვალე ლოცვას აღავლენდნენ. ერთხელ კოლოშინს მეფე უმიზეზოდ განურისხდა. უდანაშაულო ჯილავდარმა თავის გამართლებაც კი ვერ შესძლო. მაშინ იგი „მაყვალი შეუწველის“ წინაშე მუხლებზე დაემხო და გაჭირვებულთა შემწეს გამოსარჩლება შესთხოვა. კოლოშინის ლოცვა შესმენილ იქნა. იმავე ღამეს მეფეს ძილში ზეციური დედუფალი გამოეცხადა და კარისკაცის უდანაშაულობა ამცნო. მეორე დღეს მეფემ ყოველივე წვრილად გამოიძია და ჯილავდარის სიმართლეში თავად დარწმუნდა, რის შემდეგაც შერისხულ ჯარისკაცს თავისი ძველი უფლებები აუდგინა. მადლიერებით აღვსილმა კოლოშინმა მეფისგან სასწაულთმოქმედი ხატი გამოითხოვა და საგანგებოდ მისთვის ეკლესია ააგო, რომელსაც მახარებელ მარკოზის სახელობის ეკვდერიც მიაშენა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეორე ხატი, ასევე სახელად „მაყვალი შეუწველი“, რომელიც ხსენებულ ტაძარშია დაბრძანებული, ბიზანტიური ხატწერით არის შესრულებული. მასზე უბიწო ქალწული ყრმა მაცხოვართან ერთადაა გამოსახული, ხოლო ღვთისმშობლის ფერხთით, მუხლებზე დაცემლი მლოცველი კაცი ჩანს. ეს ხატი ტაძრისთვის 1835 წელს შეუწირავთ და ისიც სასწაულთმოქმედად არის ცნობილი.
სასწაულთმოქმედი ხატის – „მაყვალი შეუწველის“ დღესასწაულად 4 სექტემბერია დაწესებული. ძველი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველის – მოსეს ხსენების დღე, რომელიც მაყვლის ბუჩქში ღვთაებრივი ცეცხლის ხილვის ღირსი შეიქნა და რომელმაც უნივთო ცეცხლში აალებულ მაყვლოვანში მაცხოვრის მიერ კაცთა მოდგმის მომავალი გამოხსნა განჭვრიტა. ამ ხატის დღესასწაული აღდგომიდან მე-6 კვირასაც აღინიშნება, რადგან კოლოშინის მიერ აგებულ ეკლესიაში ხატი სწორედ აღდგომიდან მე-6 კვირას გადაასვენეს და ტაძარიც ამ დღეს აკურთხეს.

скачать dle 11.3