კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ალერგია მძვინვარებს დღეს მსოფლიოში და რას იწვევს ის

ალერგია ერთ-ერთია იმ სახიფათო დაავადებებს შორის, რომელიც ადამიანის გარდაცვალებას იწვევს. მდგომარეობას განსაკუთრებით ის გარემოება ამძიმებს, რომ ვითარდება ანაფილაქსიური შოკი და სიკვდილი უეცრად დგება. ალერგიის ეს ტიპი იშვიათობას არ წარმოადგენს. თუმცა, უფრო მეტად მაინც ალერგიის ის სახეობაა გავრცელებული, რომლის კონტროლიც, სათანადოდ მოპყრობის შემთხვევაში, შესაძლებელია. როგორ მიმდინარეობს ალერგია, რა გამოვლინებები აქვს მას და როგორ ხდება მისი პრევენცია, ამ თემებთან დაკავშირებით ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დავით თელია გვესაუბრა.

დავით თელია: ალერგია არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა სხვადასხვა ანტიგენური ბუნების ნივთიერებებისა და აგენტების მიმართ. ალერგიული ადამიანი გადაჭარბებით რეაგირებს ალერგენებზე. ის გენეტიკურად დეტერმინიზებული დაავადებაა და უფრო მეტად იმ ადამიანებს ემართებათ, ვისაც სისხლით ნათესავები – დედა, მამა, და ან ძმა ჰყავთ ალერგიულები. ალერგია იმუნოპათოლოგიური მდგომარეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესი ალერგიული დაავადებების განვითარებას საფუძვლად უდევს იმუნური სისტემის არაადეკვატური ან გადაჭარბებული აქტიურობა. იმუნოპათოლოგიებში ალერგიასთან ერთად შედის იმუნოდეფიციტები და ავტოიმუნური დაავადებები, როგორებიცაა: კრონის დაავადება, მრავლობითი სკლეროზი და სხვა. ალერგია შეიძლება განვითარდეს როგორც იმუნური სისტემის უშუალო მოქმედებით, ასევე, იმუნური სისტემის ჩართვის გარეშეც, როდესაც, ისეთივე გამოვლინებები, როგორიც ახასიათებს ეგრეთ წოდებულ ჭეშმარიტ ალერგიულ რეაქციებს, შეიძლება გამოვლინდეს რომელიმე ალერგენთან, რომელიმე გამღიზიანებელ ფაქტორთან კონტაქტის შედეგად. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ფაქტორი: სიცივე, სიცხე, ნერვიულობა, კანზე შეხება და სხვა. ბევრი ასეთი რეაქცია არსებობს და მათ ფსევდოალერგიულ ანუ ცრუ რეაქციებს უწოდებენ. ჭეშმარიტი და ფსევდოალერგიული რეაქციების ერთმანეთისგან განსხვავება კლინიკურად ძალიან რთულია, რადგან ერთნაირად მიმდინარეობს.
– ალერგენებიდან  რა არის ყველაზე მეტად გავრცელებული?
– გააჩია, რომელი ორგანოა დაზიანებული. ალერგიული რეაქციები სხვადასხვა სისტემასა და ორგანოებს აზიანებენ. ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე ხშირად ზიანდება – კანია. მისი გამოვლინებაა, მაგალითად, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, რომელსაც კვინკეს შეშუპებასაც ეძახიან. ჭინჭრის ციება – ესაა წითელი ან მოვარდისფრო შეფერილობის გამონაყარი კანზე, რომელსაც ამობურცული ფორმა აქვს. ის შეიძლება იყოს მთელ სხეულზე და მიმდინარეობდეს ქავილის თანხლებით, თუმცა, ზეწოლის შედეგად ქრება. ანგიოშეშუპება კი არის კანის უფრო ღრმა ფენების შეშუპება. ის უფრო ხშირად, თვალების, პირის, სახის გარშემო ჩნდება. კანის გარდა, ყველაზე ხშირად ზიანდება სასუნთქი სისტემა. სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები შეიძლება იყოს სეზონური, რომელიც ახლაც მძვინვარებს მთელ მსოფლიოში. ის გაზაფზულზე იწყება და ახასიათებს ცემინება, ცხვირის გაჭედვა, თვალების ქავილი, ცრემლდენა, ანუ, ზემო სასუნთქი გზების ალერგიები. ქვემო სასუნთქი გზების დაავადებებიდან ყველაზე ცნობილია ბრონქული ასთმა; ხოლო,  თუ საჭმლის მომნელებელი ტრაქტია დაზიანებული, მაშინ ლაპარაკია კვებით ალერგიაზე. ის უფრო ხშირად ემართებათ ადრეული ასაკის ბავშვებს – 0-დან 3 წლამდე. პირველი გამოვლინება ხელოვნური საკვების მიღების დროს ხდება, თუმცა, კვებითი ალერგია მოზრდილ ადამიანებსაც შეიძლება ჰქონდეთ. ამის მიზეზი ხშირად არის: თხილი, ნიგოზი, არაქისი და ზღვის პროდუქტები. თუმცა, შესაძლოა, სხვა ნებისმიერი პროდუქტიც იყოს.
ვისაუბრეთ კანის, სასუნთქი სისტემის, გასტროენტერალური სისტემის ალერგიებზე და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაზე მძიმე, საშინელი და საშიში გახლავთ ანაფილაქსიური შოკი. მას სისტემურ დაზიანებას ეძახიან, რადგან თითქმის მთელი ორგანიზმია ჩართული. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ალერგია მოიცავს უკვე დასახელებულ ყველა სისტემას და ამას კიდევ ემატება გულ-სისხლძარღვთა სისტემა; ვითარდება კოლაფსი და წნევა ნულამდე ეცემა. ასეთ დროს ადამიანი იღუპება, როგორც წესი, გულ-სისხძარღვთა უკმარისობის გამო. ანაფილაქსიური შოკი – ეს არის უნიკალური მდგომარეობა, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს სიკვდილს და რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ ექიმებს, განსაკუთრებით  კი – სტომატოლოგებსა და ქირურგებს, ვინაიდან, საკვებთან ერთად,  ის ყველაზე ხშირად ვითარდება მედიკამენტებზე, განსაკუთრებით – საანესთეზიო საშუალებებზე, მიორელაქსანტებზე, რომლებიც გამოიყენება ქირურგიული ოპერაციის დროს; ასევე, ისეთ ადგილობრივ საანეზთეზიო საშუალებებზე, როგორიცაა ლიდოკაინი, ნოვოკაინი, თუმცა, ყველაზე ხშირად პრობლემას მაინც პენიცილინისა და ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკები წარმოადგენენ.
– ანტიბიოტიკით გამოწვეული ალერგიის პრევენცია თუა შესაძლებელი და თუ ხდება?
– ასი პაციენტიდან ასივეს ვერ შეამოწმებ. მნიშვნელოვანია ამის აუცილებლობის განსაზღვრა. როცა ექიმი პაციენტს მკურნალობას უნიშნავს, ყოველთვის უნდა შეეკითხოს, არის თუ არა ალერგიული წამლის მიმართ ან ზოგადად. ამის ვალდებულება ყველას აქვს, განსაკუთრებით კი – სტომატოლოგს, ქირურგსა და თერაპევტს. მან წინასწარ უნდა დაადგინოს რისკის ალბათობა. თუ გამოკითხვის შედაგად გაჩნდა ეჭვი, უნდა ჩატარდეს გამოკვლევა. დღეისთვის ყველაზე პოპულარულია ეგრეთ წოდებული ინვივო ტესტები. ეს არის კანზე ჩატარებული სინჯი. თუ ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა, მაგრამ ეჭვი მაინც არსებობს,  ტარდება პროვოკაციული სინჯი. სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინას მედიკამენტის ზუსტი  გამოკვლევა არ შეუძლია. ოქროს სტანდარტი სწორედ, პროვოკაციული სინჯი გახლავთ. ამ დროს ეგრეთ წოდებულ „ეჭვმიტანილ“ წამალს ვყოფთ პატარა დოზებად და ვაძლევთ ყოველ ნახევარ საათში. მანამ, სანამ მთლიან დოზას არ მივაღებინებთ. მაგრამ, ამ სინჯის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი, ინტენსიური დახმარების გაწევის პირობებში  ხდება. ის უნდა ჩატარდეს კლინიკაში, პაციენტი უნდა იყოს მონიტორზე მიერთებული და უნდა ხდებოდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და წნევის კონტროლი. მედიკამენტური ალერგიის დიაგნოსტიკა ძალიან რთულია და, შესაბამისად, გარანტიების მიცემაც რთულია. ამას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ ზოგჯერ არა წამალი, არამედ მისი მეტაბოლიტი, ანუ მისი გადამუშავების პროდუქტი იძლევა რეაქციას.
– შესაძლებელია, რომ ალერგიამ გარკვეულ ასაკში შეგაწუხოს, როცა მანამდე არ აღგენიშნებოდა?
– ალერგია ნებისმიერ ასაკში არსებობს, თუმცა, უფრო ხშირად ადრეულ ასაკში იწყება. ატოპია არის გენეტიკურად ალერგიული ადამიანის მდგომარეობა და მას აქვს ამისთვის მზადყოფნა. თუმცა, ალერგია შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაიწყოს, მაგალითად – ასთმა. ალერგიული რეაქციებისკენ უფრო მეტად ქალები არიან მიდრეკილები, რადგან მათში დიდი რაოდენობითაა ესტროგენები. რაც უფრო მეტია ესტროგენი, მით უფრო დიდია ალერგიის განვითარების რისკი. გარდა ამისა, ქალებს უფრო ხშირად უხდებათ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებასთან შეხება, მათ შორის, სარეცხ, საწმენდ საშუალებებთან, პარფიუმერიასთან და სხვა. ამიტომ ქალებს მომატებული მგრძნობელობა აქვთ.
– შესაძლებელია, რომ ამ ტიპის ალერგიამ გარდაცვალება გამოიწვიოს?
– უეცარ სიკვდილს მხოლოდ ანაფილაქსიური ან ანაფილაკტოიდური შოკი იწვევს; ისინი ერთნაირად მიმდინარეობს. მეორე ყველაზე მძიმე შემთხვევა არის სტივენ ჯონსონისა და ეპიდერმონეკროლიზის შემთხვევები. ამ დროს კანი ტოტალურად ზიანდება და ადამიანი შეიძლება ბანანივით გაიფცქვნას. კიდევ, არსებობს ასთმის არაკონტროლირებადი შემთხვევები, რაც სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ ის უცებ არ კლავს. თუმცა, თუ მდგომარეობა დამძიმებულია, შეიძლება, გარდაცვალების მიზეზი გახდეს. დანარჩენ შემთხვევებში ალერგია სიცოცხლისთვის საშიში არაა.
– ამ სეზონზე რომელი ალერგიაა გავრცელებული?
– ეს არის პოლინოზი – სეზონური, მცენარეული მტვრით განპირობებული ალერგია. პირველ ყოვლისა, უნდა დაადგინო, რაზე გაქვს ალერგია, შემდეგ კი უნდა მოერიდო გამომწვევს, მაგრამ, მხოლოდ ამის იმედზე ვერ იქნები, ამიტომ მედიკამენტური მკურნალობა საჭიროა, მაგრამ მათი საშუალებით განკურნება არ ხდება. როცა ტარდება მკურნალობა განკურნებისთვის, ჯერ ადგენენ ალერგიის მიზეზს და შემდეგ იტარებენ ვაქცინაციას, თუმცა, ეს საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.

скачать dle 11.3