კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ხდება ონკანის წყალი ადამიანისთვის მომაკვდინებელი და როგორ მივხვდეთ, რამდენი ლიტრი სითხის მიღებაა საჭირო ჩვენი ორგანიზმისთვის

ბოლო დროს ბევრისგან მსმენია: დილით, ახალგაღვიძებული, უზმოზე, 2 ჭიქა ონკანის წყალს ვსვამ და ეს ჯანმრთელობისთვის კარგია, დღის განმავლობაში კი 3 ლიტრი წყალი აუცილებლად უნდა მივიღო, ასე გვირჩევენ ინტერნეტ-საიტებზეო. მართალია, წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის და, ზოგადად სიცოცხლისთვის აუცილებელია, მაგრამ რიგ შემთხვევაში შესაძლოა, ის მომაკვდინებელიც კი აღმოჩნდეს. ამიტომ, აუცილებელია ზომიერების დაცვა და იმ წესების გათვალისწინება, რასაც გამოცდილი სპეციალისტები გვირჩევენ. ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ თერაპევტ-დიეტოლოგ ასმათ კევლიშვილს:

– წყალი ჩვენი ორგანიზმის 70 პროცენტს, ხოლო სისხლის 95 პროცენტს შეადგენს. ზოგადად, წყალს აქვს ინფორმაციის შენახვის, ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლის უნარი, და დიდი აიაზმის დროს კი ნაკურთხი წყალი ნამდვილ სასწაულებს ახდენს. ვერც კი წარმოიდგენთ, ამ დღეს აღებული წყალი რა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.  1 ჩაის კოვზი ნაკურთხი წყალი გააზავეთ 1 ბოთლ ჩვეულებრივ წყალში და, დარწმუნებული იყავით, ის თქვენს ჯანმრთელობას ძალიან წაადგება. ბევრი მეუბნება: სწორად ვიკვებები, ჯანსაღ საკვებს ვიღებ, მაგრამ მაინც ხშირად ვხდები ავადო. სწორი კვება ნამდვილად არ გიშველით, თუ არ ისწავლეთ ორგანიზმისთვის წყლის სწორად მიწოდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ონკანიდან სუფთა წყალს იღებს, ძალიან ცდება, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა ქლორი. მართალია, ბაქტეოროლოგიურად არ არის საშიში, მაგრამ, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ქლორი შთანთქავს ადამიანის ორგანიზმში ისედაც მცირე რაოდენობის იოდს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია.
– ეს მხოლოდ ონკანის წყალს ეხება თუ ჭის წყალსაც?
– ეზოში მიწის გაბურღვა და ჭის დადგმა, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ, აუცილებელია ჩატარდეს ბაქტერიოლოგიური კვლევა, თუ რა მინერალურ მარილებს შეიცავს ეს წყალი. შესაძლოა, ჭის წყალში კალციუმის მარილების  ისეთი რაოდენობა იყოს, რომ ორგანიზმში ნაღველ და შარდკენჭოვანი დაავადება გამოიწვიოს. თუ ჭის წყალში დიდი რაოდენობით ნატრიუმია, ესეც საშიშია. ამიტომ, ჭის გაჭრის დროს აუცილებელია წყლის ვარგისიანობის შემოწმება.
– სოფლებში რომ გამოედინება მთიდან წყლები, ანუ, როგორც მათ უწოდებენ – ბინულის წყლები, ისინი თუა უსაფრთხო?
– ჩვენ არ ვიცით, რა მინერალებს შეიცავს ეს წყაროები. თუ სათავიდან მოდის, ბაქტერიოლოგიურად სუფთაა, მაგრამ, მისი შემადგენლობა? კალციუმის, იოდის, ორგანული მარილების აუცილებელი ნორმის არსებობას მასში ვინ საზღვრავს?
– არაერთი ადამიანი ვიცი, დილით, უზმოზე, ერთ ან ორ ჭიქა წყალს სვამს და ამბობს, ეს ორგანიზმისთვის აუცილებელია, მთელი რიგი დაავადებები და ბაქტერიებისგან გამოწვეული უსიამოვნებები რომ ავიცილო თავიდან და კანის დაბერების პროცესსაც მნიშვნელოვნად აჩერებსო. ეს სწორი მოსაზრებაა? ან, თუნდაც, დღეში 2-3 ლიტრი წყლის მიღება თუა რეკომენდებული და აუცილებელი, რათა ორგანიზმი არ გამოშრეს ანუ გაუწყლოება არ განვითარდეს?
– ონკანის წყლის ასეთი დიდი რაოდენობით მიღება სავალალო შედგებს უფრო გამოიღებს, ვიდრე სასარგებლოს. აუცილებლად უნდა დავიცვათ ზომიერების ფარგლები. ქართველებს არასრულფასოვნების კომპლექსი გვახასიათებს და, თუ სადმე „გაღმა ქვეყანაში” რამე ითქვა და დაიწერა, ყოველგვარი კვლევისა და დაკვირვების გარეშე, საკუთარ თავს ვუტარებთ ექსპერიმენტებს – ეს ეხება უზმოზე ან მთელი დღის განმავლობაში, გარკვეული რაოდენობის წყლის დალევასაც. ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. კი ბატონო, აუცილებელია სითხის მიღება, მით უმეტეს – პაპანაქება სიცხეში, რათა ორგანიზმი არ გამოშრეს, მაგრამ, ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რა მდგომარეობაშია გული, თირკმელები, არტერიული წნევა და ასე შემდეგ? სითხეს ორგანიზმიდან გამოაქვს მთელი ორგანული ან მინერალური მარილები, ტოქსინები, მაგრამ, ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ ის კონკრეტული დაავადებები, რაც გაწუხებთ. ასე ცალსახა რეკომენდაციით არ შეიძლება სითხის მიღება. რასაკვირველია, უზმოზე კარგია წყლის დალევა, მაგრამ აქაც გარკვეული რაოდენობაა საჭირო. მაგალითად, უზმოზე ორი ჭიქა წყლის მიღება გულს ტვირთავს, ანეიტრალებს კუჭის მჟავიანობას და აფერხებს  საჭმლის გადამუშავებას. ამიტომ, თუ არ ვიცით, კუჭის მჟავიანობა დაბალი გვაქვს თუ მაღალი, უზმოზე ორი ჭიქა წყლის დალევა მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოგვიტანს.
– მაინც, რა რაოდენობის წყლის მიღებაა რეკომენდებული უზმოზე, რომ საფრთხე არ შეგვექმნას?
– იმდენი, რამდენსაც თქვენი კუჭი მიიღებს კომფორტულად, რამდენსაც თქვენი სისხლძარღვები მოითხოვს და არ გამოიწვევს წნევის მატებას. არ შეიძლება ბევრი სითხის მიღება დღის განმავლობაში, თუკი მას თირკმელები ვერ გამოყოფს და შეინიშნება შეკავება ან აღინიშნება წნევის მატება. ამიტომ, დოგმა, რომ დღეში აუცილებლად უნდა დალიოთ სამი ლიტრი წყალი, არასწორია. ეს გამოწვევს კიდურების შეშუპებას და დისკომფორტს. ძილის დროს ორგანიზმიდან ხდება გარკვეული სითხის აორთქლება, ამიტომ, დილით მიიღეთ თუნდაც ყავის ჭიქით, ყლუპ-ყლუპობით; გავა რაღაც დრო და ისევ მიიღეთ სითხე, რომ ორგანიზმს მისცეთ მისი ათვისების საშუალება. ბევრი ვიცი, ვინც სადღაც ამოიკითხა, რომ კარგია ზაფხულის სიცხეში სამი ლიტრი წყლის დალევა და, უნდა თუ არა ეს მის ორგანიზმს, მაინც სვამს. სამი ლიტრის ოდენობით წყლის სმა დღის განმავლობაში არ არის კანონი, რადგან, ვიღაცისთვის ლიტრია ნორმა, ვიღაცისთვის – ორი ლიტრი და ვიღაცისთვის – ერთი ჭიქა. რაოდენობის დადგენა იდეაფიქსის მიხედვით არანორმალურია.
– როგორ განვსაზღვროთ, რამდენი ლიტრი წყალი სჭირდება ჩვენს ორგანიზმს დღის განმავლობაში?
– დაუგდეთ ყური თქვენს ორგანიზმს, კერძოდ, რამდენი ენერგია დახარჯეთ დღის განმავლობაში, გაქვთ თუ არა თავის ტკივილები, პირის სიმშრალე – ანუ, ორგანიზმი თავად გვაძლევს მინიშნებას. ზოგადად, დღეში ლიტრ-ნახევარი სუფთა წყლის მიღება სრულიად საკმარისია, მით უმეტეს, რომ წყლის მარაგს ხილით, ბოსტნეულით, წვნიანებით, ჩაითა და ყავითაც იღებს ორგანიზმი. სეზონურ ხილს ბუნებრივად აქვს შარდმდენი თვისება და ეს უკეთ წმენდს ორგანიზმს.
– სეზონური ხილი ახსენეთ და, არ შემიძლია, არ გკითხოთ: მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ საზამთროს მიღებით ორგანიზმი იწმინდება?
– კატეგორიულად მიუღებელია საზამთროთი განტვირთვის დღის მოწყობა. ამით, ორგანიზმს და, კერძოდ პანკრეასს, დიდ დარტყმას აყენებთ. არანაირი სეზონური ხილით არ შეიძლება განტვირთვის დღის მოწყობა.
– ჭამამდე უკეთესია წყლის დალევა თუ ჭამის შემდეგ?
– თუ კუჭის მჟავიანობა მაღალი გაქვთ, ჭამამდე ჯობია წყლის დალევა, რომ მჟავიანობა გაანეიტრალოთ; თუ დაბალი – ჭამის შემდეგ. თუ კუჭის მჟავიანობა ნორმალურია და პრობლემა არ გაქვთ, შეგიძლიათ, ჭამიდან ჭამამდე, ნებისმიერ დროს მიიღოთ სითხე, მაგრამ, არა ერთბაშად, არამედ, გადანაწილებით. ასე რომ, როცა მოგწყურდებათ, მაშინ უნდა დალიოთ, მაგრამ, თუ არ გწყურდებათ, მაინც აუცილებლად უნდა დალიოთ დღეში ლიტრ-ნახევარი წყალი, ოღონდ, ყლუპ-ყლუპით და სვენებ-სვენებით. თუმცა, ეს ყველაფერი არ ეხება ონკანის წყალს, თუნდაც გადადუღებულს; უნდა სვათ ბოთლის წყალი, რადგან, ის ყველა იმ მინერალურ მარილებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს სჭირდება. აქვე გასწავლით, როგორ „გავაცოცხლოთ”  ონკანის „მკვდარი” წყალი და შევძინოთ მას სამკურნალო თვისებები სახლის პირობებში: ჩვეულებრივ ონკანზე დაამაგრეთ გამფილტრავი აპარატი, შემდეგ კი ეს გაფილტრული წყალი ჩაასხით ფართო ჯამში და შედგით საყინულეში. როგორც კი ზემოდან ყინულის აპკს გაიკეთებს, ფრთხილად მოხსენით და გადააგდეთ, დარჩენილი წყალი კი ისევ შედგით საყინულეში. დაელოდეთ, სანამ წყლის სამი მეოთხედი გაიყინება, დანარჩენი ერთი მეოთხედი წყალი კი გადაღვარეთ. შემდეგ ყინული გაალღვეთ და ეს არის სამკურნალო წყალი. თუ გაწუხებთ ძვალ-სახსრები ან გულ-სისხლძარღვთა სისტემა; თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები ან შარდსასქესო ორგანოების დაავადებები, ასეთ შემთხვევაში, თქვენივე ხელით „გაცოცხლებული” უბრალო წყალი ნამდვილად უნიკალური წამალია. დღის განმავლობაში ერთი ლიტრიც რომ დალიოთ, ნამდვილად უშველით თქვენს ორგანიზმს.

скачать dle 11.3