კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-28(759) 

 

დიმკამ კარი გააღო, კაპიტანი კი „ვოლგით“ გავიდა ეზოდან და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა. ნუცა და გენერალი ფანჯრიდან უყურებდნენ ამ სურათს. ამ დროს ოთახში დიმკა შემოვიდა და თქვა:
– საუზმე მზადაა, წამოდით.
– ვასილ ანდრეევიჩ, ეს კაცი ვინაა და სად წავიდა?
– მილიციის კაპიტანი ვასო ჩხიკვაძეა, ჩვენი მასპინძელი, – მიუგო პოპოვმა და დაამატა: – სად წავიდა და იმ ნაძირალას ცხვირ-პირის დასალეწად. შენ არ ინერვიულო, შვილო, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ კი ჩავიდეთ და ვისაუზმოთ.
ნასაუზმევს სამივე სასტუმრო ოთახში დაბრუნდა. დიმკამ და გენერალმა გააბოლეს, ნუცამ კი უარი თქვა შემოთავაზებულ სიგარეტზე და მორცხვად მიუგო დიმკას:
– მე თითქმის არ ვეწევი, მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალიან ვნერვიულობ. წუხელ კი უკიდურესად შეშინებული და განერვიულებული ვიყავი.
– მართალი ხარ, შვილო, რად გინდა ეს შხამი, – გენერალმა  ნუცას გაუღიმა და ჰკითხა: – მამაშენი რა პროფესიის იყო?
– ექიმი. ქირურგი, – ამოიოხრა ნუცამ.
დიმკას გულში გაეცინა და გენერალს შეხედა. პოპოვმა კი თანაგრძნობით მიუგო ნუცას:
– ღმერთმა აცხონოს. რას იზამ, შვილო, ასეთია ეს უკუღმართი ცხოვრება,  წინასწარ არ ვიცით ვის რა და როდის მოგვივა. ის შენი დედინაცვალი კი დიდი ნაძირალა ყოფილა. ბინა როგორ გაგიყიდა და ქუჩაში როგორ დაგტოვა?
– თანაც, რა ბინა, რომ იცოდეთ, – ამოიოხრა ნუცამ, – დიდი, ნათელი, თან, ქალაქის ცენტრში...
– სად მდებარეობდა? – ჰკითხა პოპოვმა.
– ვაკეში, უნივერსიტეტთან.
დიმკას კვლავ გულში გაეცინა და პოპოვს ნიშნის მოგებით გახედა. გენერალმა კი ანიშნა, არ დაიწვაო და ნუცას უთხრა:
– არა უშავს, შვილო. მერწმუნე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. უკეთესი ბინაც გექნება, ფულიც და ბედნიერადაც იცხოვრებ.
– ბედნიერი მაშინ ვიყავი, დედ-მამა რომ ცოცხალი მყავდა და ყველანი ერთად ვცხოვრობდით. მერე კი ეს ყველაფერი უცებ დაინგრა, – თქვა ნუცამ და აცრემლებული თვალები თითებით მოიწმინდა.
– კარგი, კარგი, ნუ ტირი, თორემ, მეც ავტირდები, – უთხრა პოპოვმა გოგონას, შემდეგ მიაყურადა და თქვა: – მე მგონი, ვასო დაბრუნდა.
ნახევარი წუთის შემდეგ, ოთახში კაპიტანი შემოვიდა, იქ მყოფებს გაუღიმა და პოპოვს უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. ის ნაძირალა თავის ადგილზე ზის და ვეღარასოდეს გაბედავს მსგავს უმსგავსობას.
– მაინც, რა ქენი, როგორ მოაგვარე? – ჰკითხა გენერალმა.
– არაფორმალურად, როგორც ეს გვარდება ხოლმე, – ჩაეცინა კაპიტანს.
– დეტალებს ნუ მოყვები, ისედაც ვხვდები. უბრალოდ, შედეგი მითხარი ოდნავ დაწვრილებით, – თქვა გენერალმა.
– შედეგი ასეთია: – თქვა კაპიტანმა, – იმ ჯემალს სახეზე  რომ შეხედოთ, ვერ იტყვით, რომ ოდესღაც ადამიანის სახე ჰქონდა. გარდა ამისა, ცალი ხელი და ცალი ფეხი მოტეხილი აქვს. ტვინიც შეერყეოდა უეჭველად. ბავშვთა სახლის დირექტორმა მითხრა, რომ გამოჯანმრთელდება, ჩვენთან აღარ იმუშავებსო და ჩემ თვალწინ დაწერა მისი გათავისუფლების ბრძანება. მისი მეუღლე, როზა კი შემეხვეწა, საავადმყოფოში მკურნალობა აცადე და, როგორც კი სიარულს შეძლებს, მაშინვე რაიონში წავიყვან სამუდამოდ და თბილისში ფეხს არასოდეს ჩამოვდგამთო. მე მგონი, არა უშავს, ხომ?
– მშვენიერია, ასე ეკუთვნოდა იმ ნაძირალას, – თქვა პოპოვმა და თავის უმცროს კოლეგას თვალი ჩაუკრა.
– მასეთს გული უნდა ამოჰგლიჯო და არ უნდა შეგეცოდოს, – მიუგო გენერალს ვასომ, შემდეგ ქამრიდან „ტეტე“ ამოაცურა და პოპოვს მისცა, – აი, თქვენი იარაღი. ჩაიბარეთ, ვასილ ანდრეევიჩ.
გენერალმა პისტოლეტი კომოდში შეინახა და კაპიტანს უთხრა:
– რა მშვენიერი და განათლებული ცოლი გყოლია. გუშინ მთელი თბილისი მოგვატარა და საქართველოს ისტორია ზეპირად მოგვიყვა.
– ხვალ მცხეთაში გიპირებთ წაყვანას, – გაეცინა კაპიტანს.
– კი, შეთანხმებულები ვართ, – დაეთანხმა პოპოვი.
ვასომ საათს დახედა და თქვა:
– რა დრო გასულა! ხუთი წუთით შემოგირბინეთ და ორ საათზე მეტია, აქ ვარ. ბოდიში, მაგრამ, უნდა დაგტოვოთ, თორემ, ჩემი უფროსი გაგიჟდება. ჰო, მართლა, ხომ არაფერი გინდათ? რამე ხომ არ გჭირდებათ?
– არა, ვასო, არაფერი, – თქვა პოპოვმა.
– მაშინ, უნდა გავიქცე. დღეს ისევ რაიონში გავდივარ და ზეგამდე არ ვიქნები. ხვალ თინა მოგხედავთ, ზეგ კი ისევ ამოგივლით.
ვასო ჩხიკვაძე სავარძლიდან წამოდგა და წასვლას აპირებდა, რომ ნუცამ ჰკითხა:
– თბილისში ჩადიხართ?
– დიახ.
– შეგიძლიათ, ბაგებში დამტოვოთ?
– რა თქმა უნდა, სადაც მეტყვით, იქ მიგიყვანთ, – მიუგო ვასომ.
– მოიცა, მოიცა, ასე არ გამოვა, – ხელი გააქნია გენერალმა და ნუცას უთხრა: – მოდი, ჩვენი მასპინძელი სამსახურში გავუშვათ, შენ კი, შვილო, აქ დარჩი. რაც არ უნდა იყოს, სტრესი გადაიტანე და დასვენება არ გაწყენს ერთი-ორი დღე მაინც, თუ, რა თქმა უნდა, ვასო წინააღმდეგი არ იქნება.
– უხერხულია, – შეიშმუშნა გოგონა.
– ვასილი ანდრეევიჩი მართალია. რის წინააღმდეგი და რა უხერხული, – თქვა მასპინძელმა და ნუცას მიუბრუნდა: – დარჩი და დაისვენე, – შემდეგ გაიღიმა და ქართულად დაამატა, – ნახე, რა კარგი ბიჭია? ტოლები ხართ და საერთო ენას გამონახავთ.
ნუცა წამოწითლდა, დიმკას კი გულში გაეცინა, თან, მასპინძლის სიტყვები ესიამოვნა.
პოპოვს ეშმაკურად გაეღიმა და ვასოს ჰკითხა:
– ჩვენ რომ არ მოგვესმინა, ისეთი რამ უთხარი, ხომ, ჩვენს პრინცესას?
– ისეთი არაფერი, ვასილ ანდრეევიჩ, – კაპიტანმა თვალი ჩაუკრა გენერალს და ნუცას უთხრა: – მოკლედ, რჩები. თუ არ მოგეწონება აქ, ზეგ რომ ამოვალ, მითხარი და წაგიყვან.
– კარგი, დავრჩები, – მორცხვად თქვა ნუცამ.
მასპინძელი რომ გაემგზავრა, ნუცამ სუფრა აალაგა, ჭურჭელი დარეცხა და ყველაფერი მოაწესრიგა. მერე მეორე სართულზე დაბრუნდა და პოპოვს ჰკითხა:
– ვასილ ანდრეევიჩ, ფეხი სად მოიტეხეთ?
– ვასომ, ჩვენმა მასპინძელმა მომტეხა.
– ჩვენმა მასპინძელმა?
გენერალმა დაწვრილებით უამბო ნუცას ავარიის ამბავი და ბოლოს უთხრა:
– რა განსხვავებულები ხართ ქართველები. სად არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთ სტუმართმოყვარე ხალხს არსად შევხვედრივარ.
– თქვენს ვაჟს რა სჭირს თვალზე?
– ბავშვობის ტრავმაა. ბათუმში მივემგზავრებოდით – ასე გვირჩია ექიმმა.
– ჩემი მშობლებიც ექიმები იყვნენ: მამა – ქირურგი, დედა კი – სწორედ თვალის ექიმი, – თქვა ნუცამ და დაამატა, – ნატო მიქაძე ერქვა და მთელს საქართველოში იყო ცნობილი.
– ნატო... ლამაზი სახელია, – თქვა პოპოვმა და ნუცას ჰკითხა: – პირველ კურსზე სწავლობ, ხომ?
– დიახ.
– დასწრებულ ფაკულტეტზე?
– დიახ.
– სტიპნენდია რამდენი გაქვს?
– ფრიადოსნის სტიპენდია მაქვს, ასი მანეთი.
– სხვა შემოსავალი?
– მეტი არაფერი, – თქვა ნუცამ, – უდიპლომოდ და არასრულწლოვნობის გამო მაინც არსად მიმიღებდნენ. გუშინ კი გავხდი სრულწლოვანი, მაგრამ სამსახურში მოსაწყობად მაინც დიპლომია საჭირო. ისე კი, სად არ ვიყავი სამსახურის საძებნელად, მაგრამ არცერთი არ მომეწონა. ძირითადად ღამის კლუბებშია მიმტანის ადგილები, მაგრამ, არ მომწონს.
– ღამის კლუბში რა გინდა, შვილო, – თქვა გენერალმა და ნუცას გაუღიმა, – შენ ისეთი კარგი გოგო ხარ, ღმერთი არ გაგწირავს და კარგ ბედს შეხვდები.
– ხშირად დავდივარ ეკლესიაში და ღმერთს ვევედრები, რომ გადმომხედოს.
– გადმოგხედავს კიდეც, აუცილებლად გადმოგხედავს, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები და მერე გაიხსენე, – უთხრა პოპოვმა ნუცას, გაუღიმა და ჰკითხა, – შეყვარებული თუ გყავს?
– მე არავინ მიყვარს... ისე კი, რამდენიმე ბიჭს მოვწონვარ. ერთს, ალბათ, ვუყვარვარ კიდეც. ჩემი ჯგუფელია და ცდილობს, რომ სულ ჩემს გვერდით იყოს, მაგრამ, მორცხვია და ვერაფერს მეუბნება, – გაეღიმა ნუცას, – მამამისი ჩვენი საერთო საცხოვრებლის კომენდანტია და დიტოც სულ მასთანაა.
– დიტო ჰქვია იმ ბიჭს? – ჰკითხა გენერალმა.
– დიახ, დიტო კანდელაკი, – მიუგო ნუცამ და დაამატა: – თუ არაფერი გჭირდებათ, გავალ და ცოტას დავისვენებ, შეიძლება?
– რა თქმა უნდა, – მიუგო პოპოვმა.
– თუ რამე დაგჭირდათ, არ მოგერიდოთ და დამიძახეთ, – თქვა ნუცამ და ოთახიდან გავიდა, დიმკამ კი გენერალს გაუღიმა და უთხრა:
– ახლა რაღას იტყვი, მამიკო? ხომ დარწმუნდი, რომ ეს ის ნუცა მგელაძეა, ვისაც ვეძებდით?
– კი, ნამდვილად ასეა, შვილიკო, – მიუგო პოპოვმა, – შენ კი გირჩევ, ამ გოგონას მაგრად ჩაჰკიდო ხელი და არსად გაუშვა. ვხედავ, მოგწონს და, შენმა სეხნიამ, დიტო კანდელაკმა არ წაიყვანოს.
– ეგ მერე. შენ ის თქვი, ამ გოგოს რა ვუყოთ, როგორ დავეხმაროთ?
– რომ დავეხმაროთ, ჯერ მამამისის განძი უნდა ვიპოვოთ.
– ვიპოვით, – დამაჯერებლად თქვა დიმკამ.
– ჰოდა, როცა ვიპოვით, შეგვიძლია, სრული წილი მივცეთ ან მისი ღირებულების თანხა. მაგრამ, მე უფრო სხვა ვარიანტი მომწონს.
– რა ვარიანტი?
– ჯობია, უცხოეთში წაიყვანო, თუ რა თქმა უნდა, თავადაც ისურვებს, – თქვა გენერალმა და დაამატა: – ხოლო, რომ ისურვოს, ყველაფერი კარგად უნდა ავუხსნათ და დავაჯეროთ, რომ მისთვის ახლა ასე აჯობებს. შენ გგონია, ტყუილად ვკითხე შეყვარებულზე? თუ არავინ ჰყავს აქ და არაფერი აკავებს, გამგზავრებაზე ადვილად დაგვთანხმდება. მთავარია, გვენდოს და დაგვიჯეროს.
– დაგვიჯერებს კია?
– უნდა დავაჯეროთ.
– მაინც, რას აპირებ?
– ნელ-ნელა უნდა შევაპაროთ.
– როდის აპირებ ამას?
– დღესვე. ასე ვთქვათ, სანამ ცხელია, ფოლადი მანამ უნდა გამოვჭედოთ.
– რომ არ გამოვიდეს?
– გამოვა, – მტკიცედ თქვა პოპოვმა, – სადილის დროს ვქნათ ეს. თანაც, ნუცაც ჩავრთოთ ამ საქმეში: შენ და ის ამოთხრით განძს და გადამალავთ. მერე კი სამივე ერთად ჩავიტანთ მას ლენინგრადში.
– აბა, გარეთ არ გახვიდე, რომ არ „დაიწვაო”?!
– ნუცასთან ერთად შეიძლება. თანაც, თვალახვეული იქნები. რა, არ გაწყობს?
– მაწყობს.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ერთ საათში სადილი გააწყვეთ და საქმეს მივხედოთ.
– კარგი, – მიუგო პოპოვს დიმკამ და გააბოლა.
სადილობის დრო რომ მოვიდა, ნუცამ სუფრა გაშალა, კაცებს დაუძახა და თავადაც მიუჯდა მაგიდას.
– რა გემრიელი კერძების გაკეთება გცოდნია, შვილო, – უთხრა პოპოვმა გოგონას და გაუღიმა.
– დედამ მასწავლა, – ნაღვლიანად მიუგო ნუცამ.
– რას იზამ, შვილო, ასეთია ეს ცხოვრება. მშობლები მეც ადრე დამეღუპა და, შენი არ იყოს, სულ მარტო დავრჩი, მაგრამ, გული არ გამიტეხავს და ცხოვრება ავაწყვე: დავოჯახდი, შვილი შემეძინა... ერთი სიტყვით, სასოწარკვეთა დავძლიე და გამიმართლა, – თქვა გენერალმა და ნუცას გაუღიმა, – თანაც, მაშინ ძალიან მძიმე დრო იყო, უპატრონოდ თავის გატანა ჭირდა. ახლა ბევრად უფრო ფართო ასპარეზი გაქვთ ახალგაზრდებს, საზღვარგარეთაც კი შეგიძლიათ წასვლა სასწავლებლად.
– იცით, რამდენჯერ მიფიქრია აქედან წასვლაზე? – თქვა ნუცამ, – მაგრამ ამას ფული და პატრონი სჭირდება. მე კი არცერთი არ გამაჩნია.
– შანსი რომ გქონდეს, გაემგზავრებოდი?
– დიახ, დროებით მაინც.
– ნუციკო, შვილო, შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს, მაგრამ, არ ვიცი, როგორ გითხრა.
– თქვით, ვასილ ანდრეევიჩ, გისმენთ.
– ცოტა მძიმე თემაა, თანაც – საიდუმლო.
– საიდუმლოს შენახვა ვიცი, წამებითაც კი ვერავინ ამომგლეჯს სიტყვას. სიმძიმე კი ჩემს ცხოვრებას არ აკლია და, ისეთი რა უნდა მითხრათ, რომ განცდილი არ მქონდეს? – მტკიცედ თქვა ნუცამ, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ გენერლის სიტყვებმა ინტერესში ჩააგდო.
 – ძალიან მძიმე მოსასმენია და, ვშიშობ, ასეთ მოკლე დროში ასეთმა სტრესებმა დეპრესიაში არ ჩაგაგდოს.
– არ ჩამაგდებს. თქვით, გისმენთ.
– პირობას იძლევი?
– პირობას ვიძლევი.
– მაშ, კარგი. გეტყვი, – პოპოვმა დიმკას გადახედა, რომელიც უხმოდ აბოლებდა და ნუცას მიუბრუნდა: – დავიწყებ იმით, რომ სინამდვილეში შენ ნუცა მდივანი ხარ და არა მგელაძე. პეტრე შენი ნამდვილი მამა არ იყო და მან ეს არ იცოდა. მამაშენს ნოდარ მდივანი ერქვა. ის სამი თვის წინ გარდაიცვალა ციმბირის მკაცრი რეჟიმის ერთ-ერთ კოლონიაში.
ნუცა გაფითრდა. უკითხავად გააბოლა, ორიოდე ნაფაზი დაარტყა და გენერალს უთხრა:
– განაგრძეთ, ვასილ ანდრეევიჩ. ნუ გეშინიათ, არაფერი მომივა. ყველაფრისთვის მზად ვარ და მოცემულ სიტყვას არ დავარღვევ. არაფერი დამიმალოთ და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით.
– დედაშენი მგელაძეზე იყო გათხოვილი, როდესაც ნოდარისგან შენ შეეძინე. არა, დედაზე ცუდს ნურაფერს იფიქრებ. მათ დიდი ხნის განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი. შემდეგ ისე მოხდა, რომ დაშორდნენ და ნატო იძულებული გახდა, მგელაძეს გაჰყოლოდა ცოლად. ხოლო, ნოდარ მდივანი რომ გამოჩნდა, ნატომ ცდუნებას, უფრო სწორად კი, მამაშენის სიყვარულს ვერ სძლია და მასთან ურთიერთობა განაახლა. პეტრესგან წამოსვლა უნდოდა, მაგრამ, შენ გაჩნდი და ამიტომ შეიკავა თავი; შემდეგ კი ნოდარიც დააპატიმრეს და, ჩვილი ბავშვით, აბა, სად წავიდოდა?!
– მამაჩემი ბოროტმოქმედი იყო? – ჰკითხა ნუცამ გენერალს და სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა.
– არა, – თავი გააქნია პოპოვმა.
– ციხეში რის გამო იჯდა?
– ნოდარი ფულის მშოვნელი კაცი იყო, სხვადასხვა თანამდებობაზე ნამუშევარი და, როგორც ახლა იტყვიან, ფინანსურ დანაშაულზე დაიჭირეს, ამის გამო ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს და ციხეში გარდაიცვალა.
ნუცამ მეორე სიგარეტს მოუკიდა, გააბოლა და თვალცრემლიანმა თქვა:
– საბრალო დედა. ეტყობა, ნერვიულობამ დამართა კიბო. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაცას მიმალავდა და რაღაც დიდი სევდა ედო გულში, – ნუცამ ცრემლები მოიწმინდა და პოპოვს ჰკითხა: – ვასილი ანდრეევიჩ, მამაჩემს კარგად იცნობდით?
– მე საერთოდ არ ვიცნობდი, აი, ეს იცნობდა მამაშენს, – გენერალმა დიმასკენ გაიშვირა ხელი, რომელიც უხმოდ აბოლებდა სიგარეტს და ნუცას მისჩერებოდა.
ნუცა დიმკასკენ შეტრიალდა და უთხრა:
– ვალერკა, მომიყევი რამე მამაჩემზე. მითხარი, როგორი კაცი იყო.
დიმკამ სიგარეტი ჩააქრო და ნუცას ქართულად უთხრა:
– კარგი კაცი იყო, ძალიან კარგი კაცი.
ქართულ ენაზე ამეტყველებულმა ბიჭმა ნუცა უკიდურესად გააოცა. ის, რატომღაც, გენერალს მიუბრუნდა და ქართულად უთხრა:
– თქვენ რა, ქართველები ხართ, ქართულად რომ ლაპარაკობთ?
გენერალმა გაიღიმა და ნუცას რუსულად უთხრა:
– ქართული არ მესმის, შვილო.
ნუცამ დიმკას გახედა. შემდეგ კვლავ პოპოვს მიუბრუნდა და რუსულად უთხრა:
– თქვენმა შვილმა სად ისწავლა ქართული ენა?
– ნუცა, ეგ ჩემი შვილი არაა.
– აბა, ვინაა? – თქვა ნუცამ და დიმკას გახედა.
– მე დიტო კანდელაკი ვარ, – ქართულად თქვა დიმკამ და რუსულად დაამატა: – მოდი, ისევ რუსულ ენაზე ვილაპარაკოთ, რომ ვასილი ანდრეევიჩმაც გაიგოს.
– დიტო კანდელაკი? – გაიმეორა ნუცამ.
– დიმა, – თქვა დიმკამ, – ჩემი და შენი თაყვანისმცემლის სახელები ერთმანეთს დაემთხვა.
– ეგ გასაგებია, მაგრამ, მე ის მაინტერესებს, როგორ ხართ მამა-შვილი, როცა სხვადასხვა გვარს ატარებთ?
– ნუცა, შვილო, ჩვენ არ ვართ მამა-შვილი, – თქვა პოპოვმა, – დიმკა ციხიდან გაქცეული ძებნილია.
– ციხიდან გაქცეული ძებნილი?! – შეცბა ნუცა და დიმკას შეხედა.
– ჰო, მაგრამ, ნუ გეშინია, – თქვა პოპოვმა.
– იქნებ, არც თქვენ ხართ მილიციის გენერალი?
– მე ნამდვილად მილიციის გენერალი ვარ, – მიუგო გენერალმა ნუცას, – ნუ გეშინია. დამშვიდდი და ყურადღებით მოუსმინე დიმკას.
– არ მეშინია. მშვიდად ვარ და ვუსმენ, – მტკიცედ თქვა ნუცამ და დიმკას მიაჩერდა, თან უთხრა: – გისმენ, დიმკა. თქვი, რაც უნდა გეთქვა.
დიმკამ თავი დაუქნია გოგონას და თქვა:
– როგორც უკვე გითხარი, მამაშენი, ნოდარ მდივანი, ძალიან კარგი კაცი იყო. ჩვენ ერთად ვისხედით ციმბირის კოლონიაში და მან ჩემს ხელში დალია სული. სწორედ მისი წყალობით ვარ ახლა გარეთ. მან მომიხერხა გაქცევა და, იცი, რატომ? იმიტომ, რომ შენ მომეძებნე და, თუ რამე გიჭირდა, დაგხმარებოდი. ცხონებული ძია ნოდარის უკანასკნელი სიტყვები „ჩემი ნუციკო“ იყო,  – დიმკამ პაუზა გააკეთა. სიგარეტი გააბოლა და განაგრძო: – მე და ვასილი ანდრეევიჩი ტვინს ვიჭყლეტდით იმაზე ფიქრში, როგორ უნდა მოგვეძებნე ისე, რომ მილიციას არ ჩავვარდნოდით ხელში და, უცებ, შენ თვითონ მოხვედი აქ. მე თბილისელი ვარ, აქ თითქმის მთელი მილიცია მიცნობს. ჩემი სურათები მთელ საბჭოთა კავშირშია გაკრული და, ვინმემ რომ მიცნოს და დამიჭიროს, ისეთ ჯურღმულში გამომამწყვდევენ, დღის სინათლეს ვერ ვიხილავ, ისე ამომხდიან სულს.
– ამ აგარაკის მასპინძელი მართლა მილიციის კაპიტანია? – იკითხა ნუცამ.
– კი, ნამდვილად ასეა, – მიუგო დიმკამ.
– იცის, რომ ძებნილი ხარ?
– ეგ რომ იცოდეს, ახლა აქ არ ვიქნებოდი, – გაეცინა დიმკას, – რაც ვასილი ანდრეევიჩმა მოგიყვა ავარიის შესახებ, ყველაფერი სიმართლეა. მე პარიკი და გრიმი მაქვს გაკეთებული. თვალიც იმიტომ მაქვს ახვეული, რომ სახე დამიფაროს.
– გასაგებია, – თქვა ნუცამ, – ესე იგი, კაპიტანთან არაფერი  არ უნდა წამომცდეს თქვენზე.
– არც კაპიტანთან და არც არავისთან, – მიუგო დიმკამ, გენერალმა კი დაამატა:
– ნუცა, შვილო, რომ გავიშიფროთ, დიმკა ხომ დაიღუპება და, არც მე დამადგება კარგი დღე.
– დარდი ნუ გაქვთ, ვასილი ანდრეევიჩ. მოცემულ პირობას არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევ, სიტყვაც კი არ დამცდება ვინმესთან, – მიუგო ნუცამ პოპოვს. შემდეგ დიმკას მიუბრუნდა და ჰკითხა: – რით გარდაიცვალა მამაჩემი?
– ფანტანმა დაარტყა, – მიუგო დიმკამ.
– ეგ რას ნიშნავს?
– ჭლექი სჭირდა და სისხლი ამოაღებინა.
– საცოდავი, – თქვა ნუცამ და კვლავ სიგარეტი გააბოლა.
– ახლა კი ჩვენს მთავარ საიდუმლოს გაგანდობთ, შვილო, – უთხრა პოპოვმა გოგონას და დიმკას მიუბრუნდა: – დიმკა, უთხარი.
ნუცა დიმკას მიაჩერდა და ბიჭმა თქვა:
– ნოდარ მდივანმა, ანუ მამაშენმა, შენი მოძებნა და საჭიროების შემთხვევაში შენი დახმარება რომ მთხოვა, ერთი საიდუმლოც გამანდო. საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ მას ოქროს კუბოში დიდი სიმდიდრე აქვს შენახული და დამარხული. მან ამ განძის ადგილსამყოფელი მითხრა. მე და ვასილი ანდრეევიჩი ამ განძის წასაღებად ვართ აქ ჩამოსულები და, რომ არა ეს სულელური ავარია, ის ახლა უკვე ჩვენ გვექნებოდა. ამის მერე კი, უკვე შენს მოძებნას ვაპირებდით, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.
– განძი? – გაიმეორა ნუცამ.
– ჰო, განძი. რა, არ გჯერა? – თქვა დიმკამ.
– დაუჯერებელი კი არის, მაგრამ მჯერა, – თქვა ნუცამ და დაამატა, – ასეთი რამ წიგნებში წამიკითხავს და კინოში მინახავს.
– ახლა კი ცხადად ნახავ, ოღონდ, იმის ამოთხრაში უნდა დაეხმარო დიმკას, – უთხრა ნუცას პოპოვმა და ჰკითხა, – დაეხმარები?
– რა თქმა უნდა, დავეხმარები, – მიუგო ნუცამ და გაეღიმა.
– ნუცა, შვილო, როგორც კი განძის ამბავს მოვაგვარებთ, დიმკა და ჩვენი ორი მეგობარი საზღვარგარეთ აპირებენ გამგზავრებას. შენც მათთან ერთად ხომ არ გაემგზავრები? – ჰკითხა პოპოვმა.
– ისინი ვინ არიან?
– ერთ-ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ისიც დიმკასთან ერთადაა გაქცეული და მასაც მილიცია ეძებს. სხვათა შორის, ის მამაშენის მეგობარი იყო. მამაშენი მას დიდი ხნის წინათ დაეხმარა და სიკვდილს გადაარჩინა. კანონიერი ქურდია და სედოის ეძახიან.
– მეორე?
– მეორეც ამ სფეროს წარმომადგენელია.
– ისინიც საქართველოში არიან?
– არა, ლენინგრადში. ჩემს ბინაში ცხოვრობენ.
– რა ვიცი, ვასილი ანდრეევიჩ, – მხრები აიჩეჩა გოგონამ, – საერთოდ კი მინდა საზღვარგარეთ გამგზავრება, მაგრამ, ასე უცებ ვერ გადავწყვეტ ამ საკითხს, უნდა მოვიფიქრო.
– რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე და ისე მიიღე გადაწყვეტილება. ისე კი, იცოდე, რომ საიმედო ხალხია. მართალია, შავ სამყაროს წარმოადგენენ, მაგრამ შენ არავინ გაწყენინებს, პირიქით, – თქვა გენერალმა და დაამატა: – ერთი სიტყვით, თუ მათთან ერთად გადაწყვეტ საზღვარგარეთ გამგზავრებას, იცოდე, რომ საიმედო ხალხის გვერდით იქნები და არაფერი გაგიჭირდება. თუ არა და, შენ შენს წილს მიიღებ და როგორც საჭიროდ მიიჩნევ, ისე განკარგავ. მოკლედ, სიტყვა შენზეა. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე. სულელი გოგო არ ხარ და, დარწმუნებული ვარ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ.
– კარგი, ვიფიქრებ, – თქვა ნუცამ.
– მოდი, ჯერ ის მოვიფიქროთ, როდის და როგორ ამოვთხაროთ განძი, შემდეგ კი  – როგორ წამოვიღოთ, სად დავმალოთ და ლენინგრადში როგორ წავიღოთ, – თქვა დიმკამ.
– ერთი გეგმა მაქვს, მაგრამ ამისთვის სულ მცირე ორი რამაა საჭირო, – თქვა პოპოვმა.
– რა? – ჰკითხა დიმკამ.
– პირველი ის, რომ ჩვენმა ნუციკომ ავტომობილის მართვა უნდა იცოდეს.
– ვიცი, თანაც, საკმაოდ კარგად. მართვის უფლება ჯერ კიდევ ორი წლის წინ ავიღე. მართალია, მანქანით სიარულის უფლება სრულწლოვანებამდე არ მქონდა, მაგრამ გუშინ ხომ გავხდი თვრამეტი წლის და ეს უფლებაც მომენიჭა, – უთხრა ნუცამ გენერალს.
– მეორე პირობა? – ჰკითხა დიმკამ პოპოვს.
– მეორეც ნუცას ეხება და მასზეა დამოკიდებული, – თქვა გენერალმა.
– თქვით, ვასილი ანდრეევიჩ, რა პირობაა? – უთხრა ნუცამ.
– ჯერ ბათუმში უნდა წამოგვყვე რამდენიმე დღით, შემდეგ კი ლენინგრადში და ჩემი „ვოლგის“ საჭეს შენ უნდა მიუჯდე. შეიძლება, ბათუმში გამგზავრება არც კი დაგვჭირდეს და პირდაპირ ლენინგრადში გავემგზავროთ. ბათუმი ჩვენი მასპინძლის მოსატყუებლად გვჭირდება. გამორიცხული არაა, რომ მან ან მისმა მეუღლემ მოინდომოს ჩვენთან ერთად წამოსვლა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგვიწევს ბათუმში გამგზავრება. რას იტყვი, თანახმა ხარ?
– რა თქმა უნდა. ბათუმშიც წამოვალ და ლენინგრადშიც, – თქვა ნუცამ, დიმკამ კი გენერალს ჰკითხა:
– განძი?
– რას გულისხმობ? – კითხვითვე უპასუხა პოპოვმა.
– განძს როდის და როგორ ამოვთხრით და სად დავმალავთ გამგზავრებამდე?
პოპოვს გაეღიმა და დიმკას უთხრა:
– რამდენიმე დღეში ჩემი „ვოლგა“ მზად იქნება. მას ვასოს მოვაყვანინებ და ვეტყვი, რომ ნუცა ჯერ ბათუმში მიგვყავს დასასვენებლად, შემდეგ კი – ლენინგრადში სტუმრად და, საჭესაც ნუცა მიუჯდება. ბათუმში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენ სამნი, ვითომდა სასეირნოდ, „ვოლგით“ გავალთ ქალაქში. გვიან ღამით განძს ამოვთხრით და ისევ აქ დავბრუნდებით. განძს კი „ვოლგაში“ დავმალავთ. რას იტყვით, ცუდი გეგმაა?
– მე მგონი, კარგია, – თქვა ნუცამ.
– კი, მეც მომწონს, – დაამატა დიმკამ.
– ჰოდა, სამი-ოთხი დღე მოცდა მოგვიწევს. ნუცა კი ჩვენთან იცხოვრებს, აქ. არა მგონია, რომ ვასომ ამაზე უარი გვითხრას, – თქვა პოპოვმა, ნუცას თვალი ჩაუკრა და დაამატა: – ხომ გახსოვს, ამ დილით რომ გითხარი, – ღმერთი აუცილებლად გადმოგხედავს-მეთქი?
– დიახ, მახსოვს, – გაეღიმა ნუცას.
– ჰოდა, ჩემი სიტყვები სრულდება, – მიუგო ნუცას გენერალმა.
***
ოთხი დღის შემდეგ კაპიტანმა ვასო ჩხიკვაძემ აგარაკზე გენერლის „ვოლგა“ მიიყვანა და პოპოვს უთხრა:
– აი, ჩაიბარეთ, ვასილი ანდრეევიჩ.
გენერალმა მანქანა ყურადღებით დაათვალიერა და მასპინძელს გულწრფელად უთხრა:
– სიმართლე გითხრა, ჩემო ვასო, ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგს. მე მგონი, ეს მანქანა იმაზე უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მაშინ, როდესაც „ვაზიდან“ სულ ახალთახალი გამოვიყვანე.
– კი, კარგი ნამუშევარია. ძალიან მაგარი ხელოსანი მყავს და ჩემი „სამარაც“ საუცხოოდ შეაკეთა.
– მადლობის მეტი რა მეთქმის. პატივისცემა ჩემზე იყოს.
– რას ბრძანებთ, ვასილი ანდრეევიჩ, რა პატივისცემა? ამხელა ზარალი მოგაყენეთ, ფეხი მოგტეხეთ.
– არა უშავს, ყველაფერი ხდება. სამაგიეროდ, კარგი ადამიანი გაგიცანი და, იმედია, ჩვენი შეხვედრა ამით არ დასრულდება. ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა შენთვის, შენი მეუღლისთვის და შენი ახლობლებისთვის. შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს მესტუმროთ და, სანამ არ მოგბეზრდებათ, ჩემთან დარჩეთ.
– გმადლობთ.
– მადლობა მერე თქვი, ახლა კი მე გიხდი მადლობას ყველაფრისთვის, – თქვა პოპოვმა და იქვე მდგომ ნუცას უთხრა:
– ხომ მოგწონს, შვილო?
– დიახ, ვასილი ანდრეევიჩ, – მიუგო ნუცამ.
– დღეს ქალაქში გავისეირნოთ ჩემი მანქანით და საჭესთან შენ დაჯდები.
– კარგი, გავისეირნოთ, – თქვა ნუცამ.
– მანქანის ტარება იცი? – ჰკითხა კაპიტანმა გოგონას.
– დიახ, მართვის უფლებაც მაქვს, – მიუგო გოგონამ.
– ფრთხილად იმოძრავე. ხომ იცი, რა გიჟებივით დადიან თბილისში, – უთხრა კაპიტანმა გოგონას, შემდეგ კი გენერალს მიუბრუნდა: – თუ არაფერი გჭირდებათ, მაშინ, წავალ, სამსახურში უნდა გამოვცხადდე. მგონი, დღესაც რაიონში მომიწევს გასვლა და, როდის დავბრუნდები, ზუსტად არ ვიცი.
– რამე სერიოზული საქმეა? – ჰკითხა მასპინძელს გენერალმა.
– დიახ. ოპერაციას ვატარებთ.
– ფრთხილად, ვასო! აბა, შენ იცი, კარგად მოგეხსენება, რომ ჩვენს საქმეში ყველა წვრილმანს აქვს მნიშვნელობა და ყურადღებით იყავი.
– კარგი, ვასილი ანდრეევიჩ, ფრთხილად ვიქნები, – მიუგო ვასომ გენერალს, შემდეგ ეზოდან გავიდა და თავისი კოლეგის მანქანით გაემგზავრა, რომელიც ქუჩაში ელოდებოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3