კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თაღლითი ქალი, მეტსახელად „სვანი ლია“, რომელმაც „კაგებეს“ 100 ათასი დოლარი აართვა

სვანი ლია
სვანეთის ერთ-ერთ სოფელში 1947 წელს დაბადებული ლია დადეშქელიანი პირველად 1972 წელს სოხუმში დააპატიმრა მილიციამ. 25 წლის ახალგაზრდა ქალი იმ დროს შეიპყრეს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, როდესაც ის პორტში, ერთ-ერთი უცხოური გემის კაპიტნისთვის კარატნახევრიანი ბრილიანტის ბეჭდის მიყიდვას ცდილობდა 3 ათას დოლარად. ბეჭედი მოპარული იყო და, როდესაც დადეშქელიანი დაკითხეს, მან ქურდი არ გასცა, დანაშაული საკუთარ თავზე აიღო და 8 წლით ციხეში გაამწესეს, თუმცა, სასჯელის მხოლოდ ნახევარი  მოიხადა და საპყრობილიდან 1976 წელს გათავისუფლდა.
ლია დადეშქელიანი ქალაქ სვერდლოვსკის ქალთა კოლონიაში იხდიდა სასჯელს. საპყრობილეში გატარებულმა წლებმა მას მდიდარი კრიმინალური გამოცდილება შესძინა. ზონაში კარგი ავტორიტეტი მოიპოვა პატიმრებს შორის, რომლებმაც მას მეტსახელად „სვანი ლია“ შეარქვეს. სასიამოვნო გარეგნობის ლიას უცხო ენათა ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, ინგლისურად აუქცენტოდ ლაპარაკობდა და საკმაოდ გონებაგახსნილი ადამიანი იყო. ციხიდან რომ გათავისუფლდა, ერთი წელი ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა ზემო სვანეთში. თუმცა, ვიღაცამ მას ანონიმურად უჩივლა განათლების სამინისტროში. წერილში ლიას ნასამართლეობის ფაქტი იყო მოყვანილი. ამიტომ, 29 წლის მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს და ის უმუშევარი დარჩა.
უსამსახუროდ დარჩენილმა ლიამ საბოლოოდ აიცრუა გული პატიოსან ცხოვრებაზე, თბილისში გაემგზავრა და კრიმინალურ საქმიანობას მიჰყო ხელი. საქართველოს დედაქალაქში სვანი ლია ძირითადად თაღლითობითა და სავალუტო ოპერაციებით იყო დაკავებული. რადგან ინგლისური იცოდა, უცხოელად ასაღებდა თავს და თავის მრავალრიცხოვან მსხვერპლს მაღალი ხარისხის დეფიციტურ უცხოურ საქონელს ჰპირდებოდა, წინასწარ ართმევდა მათ ფულს და უჩინარდებოდა. ლია დადეშქელიანი უცხოელ ტურისტებთანაც კონტაქტობდა – მათგან ვალუტას ყიდულობდა, შემდეგ კი ჰყიდდა. ერთ-ერთი ასეთი „ოპერაციის” დროს, 1979 წლის მაისში, სვანი ლია თბილისის ფუნიკულიორის პლატოზე „კაგებემ“ დააკავა. ჩხრეკისას მას ორი ათასი ამერიკული დოლარი და ოთხი ათასი მანეთი აღმოუჩინეს. დადეშქელიანი გაასამართლეს და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სვანი ლია კვლავ რუსეთში იხდიდა სასჯელს. კვლავ ნახევარი პატიმრობა მოიხადა და 1984 წელს გათავისუფლდა. იმავე წელს სვანი ლია ასევე ყოფილ პატიმარს, ჯონი ვიბლიანს გაჰყვა ცოლად. სწორედ ვიბლიანი იყო ის ქურდი, რომელიც ლიამ არ გათქვა და პირველი პატიმრობა მიიღო.
ოპერაცია „სათაგური“
სვანი ლია და ჯონი ვიბლიანი მხოლოდ ორი წელიწადი ცხოვრობდნენ ბედნიერად. მართალია, შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ ერთმანეთი უყვარდათ და რომანტიკულად ატარებდნენ დროს: მთელ ქვეყანაში მოგზაურობდნენ, სმა-ჭამასა და ჩაცმას არ იკლებდნენ. ბინა და მანქანა შეიძინეს და შვილზე ოცნებობდნენ. მაგრამ, 1986 წლის აგვისტოში ლენინგრადში მილიციასთან შეიარაღებული შეტაკების დროს ჯონი ვიბლიანი დაიღუპა., მისი ქონება კი კონფისკაციას დაექვემდებარა და ლია ქუჩაში აღმოჩნდა ყოველგვარი სახსრების გარეშე. ამიტომ ის იძულებული შეიქნა, კვლავ ძველ საქმიანობას დაბრუნებოდა და თაღლითობა და სავალუტო ოპერაციები განაახლა. გამოცდილი ლია შედარებით ფრთხილად მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, მან მხოლოდ ერთი წელი „იმუშავა”. 1987 წლის სექტემბერში კი სვანი ლია მოსკოვის ცენტრალური უნივერმაღის ტუალეტში იმ დროს დააკავა „კაგებემ“, როდესაც ის ერთი უცხოელისგან 300 ამერიკულ დოლარს ყიდულობდა. დაკავებული მოსკოვის „კრასნაია პრესნაიას“ „კაგებეს“ რაიონულ განყოფილებაში მიიყვანეს და პოდპოლკოვნიკმა ზაიცევმა მას უთხრა:
– გინდათ, არ დაგიჭიროთ?
– საამისოდ რა უნდა გავაკეთო? – კითხვა შეუბრუნა ლიამ, რადგან, კარგად იცოდა, რომ უშიშროებიდან ტყუილად მას არავინ გაუშვებდა.
– ჩვენზე უნდა იმუშაოთ.
– რა უნდა გავაკეთო?
– თქვენი საქმიანობა გააგრძელოთ, მაგრამ ამჯერად, მოსკოვში მცხოვრებ სტუდენტებს შორის. ჩვენ თვალს დავხუჭავთ თქვენს სავალუტო სპეკულაციებზე, სამაგიეროდ კი ნდობაში უნდა შეხვიდეთ მათთან და მათი განწყობილებების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ.
– ანუ, დამსმენი უნდა ვიყო?
– ეს დასმენა კი არა, პატრიოტიზმია.
– მაწყობს, – მიუგო ლიამ ზაიცევს. ქალს 300 დოლარი უკან დაუბრუნეს, მეორე დღეს ლუბიანკაზე გასასაუბრებლად დაიბარეს და გაუშვეს.
ლუბიანკაზე ლიას პოლკოვნიკი კარამაზოვი ესაუბრა. თანამშრომლობის ხელწერილი დაადებინა და, სანამ გამოუშვებდა, უთხრა:
– ჩვენ კუბელი სტუდენტების ერთი ჯგუფი გვაინტერესებს. მათ დაეკონტაქტებით და მათზე მოგვაწვდით ინფორმაციებს.
ორი დღის მერე ლია უკვე კუბელი სტუდენტების კამპანიაში გაერია, რომელსაც  დიპლომატიური ფაკულტეტის სტუდენტი, 23 წლის პაბლო მარტინესი ედგა სათავეში. მარტინესი მაშინდელი კუბელი ლიდერის, ფიდელ კასტროს ნათესავი იყო. „კაგებე“ კი იმიტომ დაინტერესდა ამ ჯგუფით, რომ ისინი „პერესტროიკის“ პოლიტიკას არ ეთანხმებოდნენ, გორბაჩოვსა და შევარდნაძეს კი ლანძღავდნენ.
კუბელებთან სამთვიანი ურთიერთობის შემდეგ ლიამ პოლკოვნიკ კარამაზოვთან შეხვედრა მოითხოვა და უთხრა:
– საქმე ბევრად უფრო სერიოზულადაა, ვიდრე თქვენ გგონიათ. კუბელები ნამდვილი შეთქმულები არიან და შევარდნაძის მოკვლას გეგმავენ, რადგან ის სოციალიზმის ნომერ პირველ მტრად მიაჩნიათ. თურმე, მათ პროფესიონალი მკვლელიც ჰყოლიათ შერჩეული, რომელსაც 300 ათასი დოლარი უნდა გადაუხადონ. თანხის მესამედის, ანუ 100 ათასი დოლარის შოვნას მე შევპირდი. ტერაქტი 1987 წლის 30 დეკემბერსაა დაგეგმილი. მკვლელმა შევარდნაძე ნაღმმტყორცნით უნდა ააფეთქოს მანქანაში, მისივე სახლის წინ, დილით. შემსრულებელი ვინმე ოსკარ ბარალესია, რომელიც მოსკოვში ჰავანიდან 28 დეკემბერს ჩამოფრინდება. ფული მას 29 დეკემბერს უნდა გადასცენ. ასე რომ, ფაქტი სახეზეა და მთელი ეს ჯგუფი შეგიძლიათ დღესვე აიყვანოთ – შეკრებაა და თორმეტივე ერთად იქნება, – ლიამ კარამაზოვს მისამართი უთხრა, სადაც კუბელი სტუდენტები იკრიბებოდნენ.
ლიას სიტყვებმა კარამაზოვზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მიუგო:
– ჩვენ ასე მოვიქცევით: დღეს 26 დეკემბერია, ხვალ თქვენ 100 ათასს მიიღებთ და თანხას პაბლო მარტინესს მიუტანთ. ჩვენ კი მოწვეულ მკვლელსა და შეთქმულებს კუდზე დავასხდებით და მათ 29-ში ოსკარ ბარალესთან ერთად მთელი თანხით ხელში ავიყვანთ.
– როგორც გენებოთ, – გულგრილად მიუგო ლიამ.
– აბა, აბა, არ მოდუნდეთ. ჩვენ ოპერაცია „სათაგურს“ ვატარებთ და ყველას ერთად გამოვამწყვდევთ შიგნით, თქვენ კი ამაში დაგვეხმარებით, – თქვა კარამაზოვმა.
მეორე დღეს, 1987 წლის 27 დეკემბერს, ლია დადეშქელიანი ჩკალოვის ქუჩა ¹38-ში მდებარე ხუთსართულიანი სახლის სადარბაზოში შევიდა. ხელში მას შავი ტყავის ჩანთა ეკავა, რომელშიც 100 ათასი ამერიკული დოლარი იდო. ირგვლივ „კაგებეს“ სათვალთვალო პოსტები იყო განლაგებული. ქალს თმის სამაგრში ჩამწერი მოწყობილობა ჰქონდა ჩამონტაჟებული, რომლითაც ფირზე უნდა ჩაეწერა ფულის მიტანის პროცესი და ეს ფირი უკან გამოსვლისას „კაგებესთვის“ გადაეცა... ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ, ლია რომ აღარ გამოჩნდა, ოპერჯგუფი კუბელების ბინაში შეიჭრა და, მართალია, იქ დადეშქელიანი ვერ იპოვეს, მაგრამ, სამაგიეროდ, კუბელი სტუდენტები დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს. მათ შორის იყო ჰავანიდან ჩამოფრენილი ოსკარ ბარალესიც, რომელიც მოსკოვში ახალი წლის გატარებას გეგმავდა და აზრადაც არ გაუვლია ვინმეს მოკვლა... გაირკვა, რომ მთელი ეს შეთქმულება თავიდან ბოლომდე სვანი ლიას მოფიქრებული ბლეფი იყო და „კაგებეს“ გაცურებას ისახავდა მიზნად, რაც მას ბრწყინვალედ გამოუვიდა.
P.S. სვანი ლია 100 ათასი დოლარით უკვალოდ გაქრა, პოლკოვნიკი კარამაზოვი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მართალია, კუბელი სტუდენტებიც გაუშვეს, მაგრამ, ანტისაბჭოთა განწყობილების გამო ისინი ქვეყნიდანაც გააძევეს.

скачать dle 11.3