კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მალავდა თუ არა თამარ მეფე თავის დაავადებას და რამ გამოიწვია დავით აღმაშენებლის უცაბედი სიკვდილი

თამარ მეფის გარდაცვალების შესახებ არა ერთი მოსაზრება გამოთქმულა, თუმცა ყველაზე ხმაურიანი მისი სიმსივნით გარდაცვალების ვერსია აღმოჩნდა. ბატონმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს ისტორიაში პირველმა წამოაყენა საკითხი თამარ მეფის სიმსივნით გარდაცვალების შესახებ და ასევე პირველმა შეძლო ჯერ კიდევ 90-იან წლებში ისტორიული მეცნიერებისა და მედიცინის გაერთიანება. მაშინ ბატონი ჯაბა 21 წლის იყო, უნივერისტეტის დამამთავრებელი კურისის სტუდენტი. მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ:  „1206 წლის ზაფხული იდგა. თამარი თავისი ამალით ნაჭარმაგევს ისვენებდა. იყო მხიარულება, განცხრომა, მაგრამ გარშემო მყოფნი თვალნათლივ ამჩნევდნენ, რომ მეფე შეუძლოდ იმყოფებოდა... ნათელი იყო, რომ მეფე რაღაც სენით იყო დაავადებული”... უფრო დაწვრილებით ამ თემაზე ინფორმაციას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

ჯაბა სამუშია: სტუდენტობის დროიდან დავინტერესდი ქართველ მეფეთა ნაკლებად ცნობილი ფაქტებით: თუ როგორი იყო მათი პირადი ცხოვრება, ტკივილი, სიყვარული, ემოციები, ახალგაზრდობა თუ სიბერე, გარეგნობა – მოკლედ, მეფეთა ყოველდღიურობა მათ შორის – რა ვითარებაში გარდაიცვალნენ და ასე შემდეგ. საერთოდ, ისტორიაში მეფეთა გარდაცვალების შესახებ მინიმალური ინფორმაციაა შემონახული, მხოლოდ თარიღებია მითითებული (უმრავლეს შემთხვევაში ისიც კი არ არის დაცული) და არა მიზეზები. ამიტომ, გადავწყვიტე ამ დეტალებში ჩაღრმავება. სხვათა შორის, კვლევა-ძიებისას ჩემი კონსულტანტები მედიცინის მუშაკები იყვნენ, რომლებთან ერთადაც ბევრ საინტერესო ცნობას გადავაწყდი, მაგალითად: ბაგრატ მეოთხე კუჭ-ნაწლავის დაავადებით გარდაცვლილა; დავით აღმაშენებლის უცაბედი სიკვდილი შეიძლება გულ-სისხლძარღვების დაავადებით ყოფილიყო გამოწვეული, ვინაიდან, სამედიცინო თვალსაზრისით ის „რისკის შემცველ” ასაკში იმყოფებოდა (რომელიც, დაახლოებით 45 წლიდან 55 წლამდე მერყეობს). გიორგი მეთორმეტეს ნევროზული დაავადებები ჰქონდა, რაც გამოიხატებოდა გადაჭარბებული ჭამისადმი მიდრეკილებასა და, განსაკუთრებით, სისუფთავისადმი დამოკიდებულებაში – ის ფულსაც კი არეცხვინებდა მოახლეებს, თუმცა ყოველივე ეს ჰიპოთეზურია და დადასტურებული არაა. ეტაპობრივმა კვლევებმა მიმიყვანა თამარ მეფის გარდაცვალების მიზეზებთან. თუმცა, ვიდრე ამ საკითხზე ვრცლად დავიწყებდე საუბარს, მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის უტყუარი მოსაზრება, მხოლოდ ვარაუდია, რომელსაც აქვს არსებობის უფლება. მე არ მიჭირავს ხელთ მე-13 საუკუნეში შედგენილი, თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვა – „სამედიცინო ისტორია”, რომ ზუსტად და დაბეჯითებით დაგისახელოთ დაავადება, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა თამარ მეფე.
– თუმცა, თქვენი კვლევა საკმაოდ ცნობილმა პროფესორებმა დაადასტურეს. რომელ წყაროებზე დაყრდნობით მიხვედით იმ აზრამდე, რომ თამარ მეფე სიმსივნით გარდაიცვალა?
– დიახ, კვლევას სამედიცინო დასკვნაც ახლავს, თუმცა, დაბეჯითებით მაინც ვერ ვიტყვით ამ ინფორმაციის უტყუარობას. 1993 წელს, როდესაც ამ თემაზე მუშაობა დავიწყე, უნივერსიტეტის სტუდნეტი ვიყავი. ზუსტი ცნობები თამარ მეფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამოვიწერე „ქართლის ცხოვრებიდან”, კონკრეტულად კი ამ კრებულში შესული ერთ-ერთი ნაწარმოებიდან – „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”. მოცემულ წყაროში დაწვრილებით წერია, თუ  როგორ წარიმართა თამარის ცხოვრების ბოლო რამდენიმე თვე. მემატიანის მონათხრობის მიხედვით, თამარის ავადმყოფობა შემდეგი სიმპტომებით ხასიათდებოდა: ჯერ კიდევ ნაჭარმაგევში ყოფნის ჟამს, მეფეს სერიოზულად უჭირდა სიარული და ცხენზე ჯდომა,  რის გამოც ის თბილისში ტახტრევნით წამოუყვანიათ. სენის გართულებას სხეულის საერთო მოდუნება-სისუსტე და სიგამხდრე გამოუწვევია და, იმავდროულად, თვალის სინათლეც დაჰკლებია. ცნობის მიხედვით, უფიქრიათ, რომ თამარს ნაჭარმაგევისა და თბილისის ჰაერმა აწყინაო და დასოდ წოდებულ ადგილზე წაუყვანიათ, თბილისის სანახებში, თუმცა მეფე მაინც ვერ გამოჯანმრთელებულა. თითოეული ეს პროცესი ცალ-ცალკე ჩამოვწერე, რამდენიმე ეგზემპლარად ამოვაბეჭდინე და დავურიგე ექიმებს. რამდენიმე სხვადასხვა დარგის ექიმმა თავიდანვე გამორიცხა თავისი მიმართულების ჩართვა ამ ექსპერიმენტში – მითხრეს, რომ მათი სფერო არ იყო. ეგრეთ წოდებულ „მიხაილოვის საავადმყოფოში” (დღეს ამ კლინიკას „წმიდა მიხეილის საავადმყოფო” ჰქვია) შესაბამის განყოფილებებს გადავეცი ჩემი კვლევა – მინდოდა სამედიცინო დასკვნაც მქონოდა თან. იქ მოღვაწე ონკოლოგმა, პროფესორმა კახიანმა მითხრა, რომ დამეტოვებინა ეს ფურცლები, გადახედავდა და დამიკავშირდებოდა. ერთი კვირის შემდეგ სახლის ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, რომ პროფესორი კახიანი მელოდებოდა. კაბინეტში 10-15 ძალიან ცნობილი სპეციალისტი დამხვდა, რომლებსაც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თავიანთი დასკვნები ჰქონდათ გამზადებული. გაიმართა მეტად საინტერესო სჯა-ბაასი და ბოლოს ექიმები შეთანხმდნენ, რომ ეს მართლაც სიმსივნური დაავადება იყო, თუმცა, გაურკვეველი კერით. გადმომცეს დასკვნები, რომლებიც დღესაც მაქვს შენახული და ჩემს წიგნშიც დაიბეჭდა. სამწუხაროა, რომ მათი საუბარი ვერ ჩავიწერე – მაშინ არ წამიღია ხმის ჩამწერი, ამ შეხვედრის გამეორება კი ახალგაზრდა კაცს მომერიდა, თუმცა, დღეს მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება არ იქნება ცუდი.
– მანამდე არ იყო მოსაზრება თამარ მეფის სიმსივნით გარდაცვალების შესახებ?
– თამარ მეფე სიმსივნით რომ იყო დაავადებული, ამას არ განიხილავდნენ. საერთოდ, თამარის გარდაცვალების საიდუმლოება კამათის საგანი, რა თქმა უნდა, იყო და, ჯერ კიდევ იოანე ბატონიშვილი საუბრობს ამაზე. ის აღნიშნავდა, რომ თამარ მეფე ტიფით იყო გარდაცვლილი. იგივე მოსაზრება ერთ მეცნიერსაც გამოუთქვამს მეოცე საუკუნის 50-იან წლებში. ერთ-ერთ ისტორიკოსს მიაჩნდა, რომ თამარი ქალური დაავადებით გარდაიცვალა. როგორც თამარ მეფის გარდაცვალების აღწერილობაშია ნათქვამი, ის მალავდა თავის დაავადებას, არ ამჟღავნებდა. აქედან გამომდინარე, იოანე ბატონიშვილის ცნობა სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს, ვინაიდან, ტიფს ვერ დამალავ, განსაკუთრებით – ბოლო სტადიაზე.
– ექიმები როგორ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თამარი სიმსივნით იყო დაავადებული, რას ჩაეჭიდნენ ყველაზე მეტად?
– სიმსივნეს ახასიათებს ის ნიშნები, რომელსაც თამარის შესახებ გვაწვდის წყარო: თვალის ჩინის დაკარგვა, სისუსტე, დაუძლურების ძალიან სწრაფი პროცესი. ასევე, ცნობებზე დაყრდნობით, ყოველივე ეს თამარს დაეწყო ზაფხულის მიწურულს და იანვარში გარდაიცვალა. რეალურად, თამარის დაავადებასთან ბრძოლის 5-6 თვე გამოდის. ყოველივე ამის საფუძველზე პროფესორებმა მიიჩნიეს, რომ ეს მართლაც შეიძლებოდა ყოფილიყო სიმსივნური დაავადება. სიმსივნე მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში რომ უკვე  ცნობილი იყო, ეს სამედიცინო წიგნებშიც დასტურდება. თამარ მეფის ნეშტის აღმოჩენის შემთხვევაში, დღესაც შეიძლება დადგინდეს მისი გარდაცვალების მიზეზი.
– დღეს რას ფიქრობენ სამედიცინო სფეროში ამ საკითხთან დაკავშირებით?
– ამის შემდეგ ეს საკითხი აღარ განმიხილავს, ამიტომ, არ ვიცი, რას ფიქრობენ. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებლად გასაგრძელებელი საქმეა. არა მხოლოდ თამარის, არამედ, ნებისმიერი მეფის ცხოვრების დეტალებში ბევრი უცნობი ფაქტია, რომელიც არ გასაჯაროებულა. ძალიან იშვიათია, ქართველ მეფეს 60 წელზე მეტი ეცოცხლოს, მათი ასაკი 50-დან 60 წლამდე მერყეობდა. ამ თვალსაზრისით, ბურთი და მოედანი მომავალი მკვლევრებისაა. ჩემი სურვილია, რომ ისტორია „გავაადამიანუროთ.” რაც დღეს ხელთ გვაქვს, ეს არის მხოლოდ ქრონიკები. მეფეებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ – ისინიც დადიოდნენ, მათაც სტკიოდათ, მათაც აწუხებდათ რაღაც. ცოცხალი ისტორიის შექმნა – ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა გააკეთონ ქართველმა ისტორიოგრაფებმა.

скачать dle 11.3