კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის რუსეთისთვის ხელსაყრელი ირანის ენერგომატარებლების სომხეთისა და საქართველოს გავლით ევროპისთვის მიწოდება და რა დახმარებას ელის ირანი საქართველოსგან

ირანის ენერგომატარებლებისთვის ემბარგოს მოხსნას არა მხოლოდ ირანის მოსახლეობა ელოდება, არამედ – ბევრი სხვაც. ამის პარალელურად, პოლიტიკური ინტერესებიც მძაფრდება. მათ შორის, ირანზე გავლენის მოსაპოვებლად, რადგან მისი გამოჩენა, უდავოდ, შეცვლის ძალთა ბალანსს არა მხოლოდ რეგიონში. საქართველოს, ამ მხრივ, თავის გამოჩენაც შეუძლია და ვითარების სათავისოდ გამოყენებაც. შეასრულებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ირანსა და დასავლეთს შორის შუამავლის როლს და რა პერსპექტივას უქმნის ის ჩვენს უსაფრთხოებას, – ამ თემაზე სანდრო თვალჭრელიძესთან ვისაუბრებთ, რომელიც სულ ახლახან დაბრუნდა ირანიდან.

–  დავიწყოთ იმით, თუ რას უკავშირდებოდა ირანში თქვენი ჩასვლა?
–  სხვათა შორის, ქართული კომპანიები ინვესტიციებს ახორციელებენ ირანის წიაღში, ვინაიდან საქართველოში ამის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არ არის და რამდენიმე საბადოს ექსპერტიზა ჩავატარე. ზოგი ვურჩიე დასაზვერად, ზოგი –  არა.
– რის საბადოების?
– ოქრო, სპილენძი, ტყვია, თუთია. თუმცა ენერგომატარებლების პროექტებიც არის, რადგან, თეორიულად, შესაძლებელია, რომ ირანის გაზს ჩაენაცვლოს რუსული გაზი ევროპისთვის.
– ყველაზე საინტერესო თემაა მარშრუტები?
– ბევრი მარშრუტია, მაგრამ ყველაზე საინტერესოა „ელ ენ ჟე“ პროექტი, ანუ გათხევადებული გაზის ტერმინალის მშენებლობა ირანში. ეს ნიშნავს, რომ გათხევადდება გაზი, სპეციალურ ტანკერზე დაიტვირთება და გავა რომელიღაც ქვეყანაში, სადაც ისევ გაგაზდება, გაეშვება მილსადენებში და გავა ევროპაში.
– გათხევადებული გაზის ტრანსპორტირების რა მარშრუტები განიხილება?
– სპარსეთის ყურეში უნდა დადგეს ტერმინალი და რომელი ტანკერიც მოვა, ვისთანაც ექნებათ კონტრაქტი, იქ გავა ეს გათხევადებული ირანული გაზი.
– ანუ გათხევადებული გაზის პროექტში ჩვენ არ ვიგულისხმებით, როგორც გზა?
– ჩვენ, როგორც გზა, არ ვიგულისხმებით, მაგრამ ჩვენ ვიგულისხმებით, როგორც ქვეყანა, რომელმაც შეიძლება, ამ პროექტის მონტაჟი გააკეთოს.
– რატომ ჩვენ?
– იმიტომ რომ ირანს სანქციები აქვს დაწესებული. ამიტომ ქართველებს შეუძლიათ პროექტში ჩასართველად სხვა ქვეყნის სპეციალისტების მოწვევა, ირანელებს კი –  არა, ამ ემბარგოს გამო. ძალიან წინ არ მინდა, გავუსწროთ მოვლენებს, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
– კეთილი, ჩვეულებრივ გაზსა და ნავთობზე ვისაუბროთ. მათი ტრანსპორტირების რა მარშრუტები განიხილება მილსადენებისთვის?
– საუკეთესოა, თუ ირანული ენერგომატარებლები რაღაც მონაკვეთზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს შეუერთდება. ჩვენთვის ყველაზე სარფიანია, რომ წამოვიდეს ან აზერბაიჯანიდან, ან სომხეთიდან, მაგრამ არსებობს ვარიანტი, რომ თურქეთიდანაც გადაიზიდოს ირანული გაზი და ნავთობი. თუმცა ირანისა და თურქეთის შიდა ქსელები ასეთ ნაკადს ვერ გაუძლებს. ისინი მოძველებულია ტექნოლოგიურად.
– ახლის აშენება ტექნიკურად რთული იქნება?
– ძალიან მცირე, 400-კილომეტრიანი მონაკვეთია ასაშენებელი. აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. ყველაზე კარგი მარშრუტია ირანი-სომხეთი და შემდეგ ბაქო-თბილისი-არზრუმის გაზსადენთან მისი მიერთება, იმიტომ რომ, ირანი ისედაც აწვდის სომხეთს გაზს. მაგრამ აქ ის სირთულეა, დათანხმდება თუ არა აზერბაიჯანი ამ პროექტს.
– აზერბაიჯანს შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს ირანის სურვილს?
– რასაკვირველია, აზერბაიჯანია ამ გაზსადენის ერთ-ერთი მფლობელი. თუ სომხეთიდან შემოვიდა ირანული გაზი და საქართველოში მივეურთეთ ბაქო-თბილისი-არზრუმის გაზსადენს, აზერბაიჯანს შეუძლია, ვეტო დაადოს ამ პროექტს და ის ვერ განხორციელდება. არადა, ეს გაზსადენი ვერ ივსება. მისი ტევადობა 40 მილიარდი კუბური მეტრია  და 16 მილიარდამდეც ვერ ტვირთავენ.
– მხოლოდ აზერბაიჯანული გაზი გადის, არა, ამ გაზსადენში ამჟამად?
– დიახ და შაჰ-დენიზის საბადოზეა პრობლემები, ამიტომ მილსადენი ბოლომდე არ არის დატვირთული.
– რუსი ექსპერტები ძალიან მშვიდად უყურებენ სომხეთის გავლით ირანული გაზის ტრანსპორტირებას ევროპისთვის. დაინტერესებულები ვართ სომხეთის კეთილდღეობითო, რისიც მე არ მჯერა. თქვენ?
– რუსი ექსპერტებისთვის სომხეთის ჩართვა ამ პროექტში დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ, რუსეთი ვერ აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც უნდა. მოაწერეს ხელი თურქეთთან „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობას, მაგრამ მისი ავსება ძალიან რთული იქნება. მეორეც –  ზღვაში, ასეთ სიღრმეზე გამავალი მილსადენი ვერ გაუძლებს ისეთ წნევებს, რაც ასეთ შემთხვევებშია საჭირო: 50-60 ატმოსფერო და სულ ავარიული იქნება. ამდენად, ეს პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერილია, განუხორციელებელია.
– რუსეთი რატომ უნდა იყოს დაინტერესებული სომხეთის ჩართვის ევროპულ ენერგოპროექტში?
– სომხეთი მათი სატელიტია და ისე მოიქცევა, როგორც რუსეთი უბრძანებს და გადაკეტავს იმ გაზს, ანუ რუსეთს კვლავ ხელში ეჭირება გასაღები.
– სომხეთის არეულობა შეიძლება, უკავშირდებოდეს ირანის შემოსვლას მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე?
– ის, რაც სომხეთში ხდება, ჩემი აზრით, ნამდვილად დემოკრატიული მოძრაობაა. ის უკავშირდება იმას, რომ რუსეთმა ასწია ტარიფები ელექტროენერგიაზე მოულოდნელად და ცინიკურად. სომხეთი რუსეთის სატელიტია, მის საზღვარსაც კი რუსული ჯარი იცავს და „რაოს“ მიერ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებამ გამოიწვია მღელვარება. მობეზრდა სომხეთის საღ ნაწილს; ურჩევნიათ, ყარაბაღი დაუბრუნონ აზერბაიჯანს და ქვეყანას მომავალი ჰქონდეს. სომხეთის მომავალი ძალიან სათუოა, თუ პუტინის პოლიტიკა გაგრძელდა, რადგან ასეთ პირობებში რუსეთი დაიშლება. დასავლეთის სანქციები არ გაუქმდება, სრულ ეკონომიკურ კოლაფსში მოაქცევენ. ეს ნაცადი ხერხია: ასე დაშალა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირი. ძალიან არ უნდა ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ, თუ გადატრიალება არ მოხდა რუსეთში ან სერიოზული პოლიტიკური ცვლილება, მაშინ რუსეთს სტრატეგიული მომავალი არ აქვს და ამას ხედავენ სომხეთში.
– აზერბაიჯანსა და ირანს შორის პოლიტიკურ შეთანხმებას გამორიცხავთ?
– აზერბაიჯანსა და ირანს შორის სერიოზული პოლიტიკური პრობლემებია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ირანში 38 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, აზერბაიჯანში კი –  8 მილიონი და აზერბაიჯანს ამის საკმაოდ ეშინია. მაგრამ, ჩემი აზრით, მათი შიში აბსოლუტურად საფუძველსაა მოკლებული.
– რეალური გგონიათ ირანის დასავლეთისკენ მიტრიალება?
– როგორც ჩვენ ვიყავით 1985-1986 წლებში „პერესტროიკის“ პერიოდში, ასეთივე მდგომარეობაშია დღეს ირანი. როგორც კომუნისტური პარტია გვძულდა, ასევე სძულს მთელ მოსახლეობას თავისი ისლამისტური ელიტა. თეირანში ან ირანის ნებისმიერ სხვა ქალაქში აიათოლას ტაქსს არავინ უჩერებს.
– სამოქალაქო პროტესტია?
– დიახ, იმდენად სძულთ, რომ ტაქსიში არ სვამენ. ზუსტად „პერესტროიკის“ პერიოდია. პრივატიზაცია იწყება. საკმაოდ დემოკრატიული პრეზიდენტი და მთავრობა ჰყავთ და უნდათ დასავლეთისკენ. აი, ის უზარმაზარი იდეოლოგიური ზვავი, რომელიც კისერზე აწევს ირანს, რაღაც მომენტში ჩამოვარდება და ირანი ძალიან სწრაფად განვითარდება სწორი მიმართულებით. რაც მთავარია, ცვლილებებისთვის მზადაა მოსახლეობა. ამდენად, საკმაოდ რეალურია, რომ ირანში პოზიტიური ძვრები განხორციელდეს.
– ჩვენ რა ხეირს მივიღებთ ირანში განხორციელებული პოზიტიური ძვრებით?
– ჩვენ გვეყოლება ძალიან კარგი მეგობარი ქვეყანა, სანქციების დროს მხოლოდ ქართველების აქტიურობა ჩანდა ირანში. ძალიან ბევრი სასიცოცხლო პროდუქტი ირანში საქართველოს გავლით შევიდა და ჩვენმა კომპანიებმა 30-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს ირანის წიაღში და ეს ერთადერთი უცხოური ინვესტიციაა. ჩვენ საკმაოდ დიდ პატივს გვცემენ. ირანის უმაღლესი ეშელონების ჩათვლით მიღებულები ვართ ირანში. ჩვენ ბევრი რამით შეგვიძლია, დავეხმაროთ ირანს. ჯერ ერთი, ჩვენ გამოცდილება გვაქვს, ვიცით, როგორ უნდა მუშაობა დასავლელ სანავთობო კომპანიებთან, ვაშენებდით მათთან ერთად მილსადენებს და ძალიან კარგად ვიცით ლაპარაკი ამერიკულ და ევროპულ კომპანიებთან; მეორე –  ვიცით საერთაშორისო პროექტების მონტაჟი, ვიცით დაფინასების გზების მოძიება, რაც ირანელებმა არ იციან. მათ მხოლოდ ნავთობი და გაზი აქვთ და მეტი არაფერი. ამაში მათ ძალიან სერიოზული დახმარება სჭირდებათ და ჩვენ შეგვიძლია, მათ ეს დახმარება გავუწიოთ. ამ პროექტების კორპორატიული მონტაჟი გავუკეთოთ.
– ეს ირიბი ჩართულობაა, კერძო სექტორი იმუშავებს ამ მიმართულებით. უშუალოდ ჩვენს სახელმწიფოს რა პერსპექტივა აქვს სახეიროდ?
– ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ირანს სარწყავი წყლის პრობლემა აქვს. შრება ურუმიეს ტბა, რაც კატასტროფაა მათთვის. ბოლოს და ბოლოს, უდაბნოა ირანი. სხვა რომ არაფერი, საკუთარი არტეზიული აუზები არ შეუსწავლიათ კარგად. ამ მხრივაც შეიძლება, მივეხმაროთ.
– თუ ენერგოპროექტებს შეიძლება, ხელი შეეშალოს, საქართველოდან ირანში წყლის ტრანსპორტირებას რამ უნდა შეუშალოს ხელი?
– აუცილებლად განხორციელდება ენერგოპროექტებიც, რადგან ტანკერებით ამდენი ნავთობისა და გაზის გატანა შეუძლებელი იქნება. დღეს, ხვალ, ზეგ თუ ათი წლის შემდეგ, ეს პროექტები განხორციელდება და საქართველო იქნება მათში ჩართული.
რესურსის მობილიზაციაა საჭირო, სასმელი წყალი კი არ უნდათ, არამედ –  სარწყავი. ეს უზარმაზარი რაოდენობაა და ჩვენ უნდა დავითვალოთ, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მდინარეები. და მე არ ვიცი, დარჩა თუ არა ამის რესურსი საქართველოში. გეოლოგიური სამსახური დაქსაქსულია და მე არ მაქვს ინფორმაცია, არის თუ არა საქართველოში ინტელექტუალური რესურსი ძალიან სერიოზული გათვლებისთვის, რომ საქართველო არ დავაზარალოთ.
– ჩვენი არტეზიული წყლების მონიტორინგისთვის ჩეხები ჩამოიყვანეს.
– ჩეხებმა საერთოდ არაფერი იციან არტეზიული წყლების შესახებ. მაპატიონ, მაგრამ ჩეხებს ჩვენ ვუკეთებდით ამას თავის დროზე. ბევრი მეგობარი მყავს ჩეხეთის გეოლოგიურ სამსახურში და პირადად მე, ვუწევდი სერიოზულ პროფესიულ კონსულტაციას. ჩვენი ჰიდროგეოლოგები მუშაობდნენ ჩეხეთში. ჩეხეთი არ არის ის ქვეყანა, რომელმაც კარგად იცის წყლის მართვა. ეს არ არის საფრანგეთი.
– რამ შეიძლება, შეუშალოს ხელი ჩვენი და ირანის თანამშრომლობას, რაც საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიაც იქნება?
– ხელი შეიძლება, შეუშალოს ჩვენი მთავრობის არაპროფესიონალურმა ქმედებებმა, არასწორმა დიპლომატიურმა და ტექნიკურმა ნაბიჯებმა. ჩვენ, ფაქტობრივად, სამართებლის პირზე უნდა გავიართო და, თუ კარგი ეკველიბრისტი არ ხარ, შეიძლება, შუაზე გაიპო. ამდენად, დილეტანტიზმი სრულიად გამორიცხული უნდა იყოს. უმაღლესი დონის პროფესიონალებმა უნდა მართონ პროცესი. მტრები კი არ უნდა ვეძებოთ და დასასჯელები, არამედ ძალიან სწორი გეოპოლიტიკური ანალიზი უნდა გაკეთდეს. მაგალითს მოგიტანთ: თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა აქტიურად იმოქმედა იმიტომ, რომ მას ჰქონდა გეოპოლიტიკური დასკვნა, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების გაჩაღებას. ამას ძალიან ცნობილმა ქართველმა გეოპოლიტიკოსებმა მოაწერეს ხელი და ახლა არ რცხვენიათ და დადიან თბილისის ქუჩებში. თუ ასეთივე არასწორი გეოპოლიტიკური ანალიზი იქნება ამ შემთხვევაშიც, ჩვენ შეიძლება, ძალიან სერიოზულ ჩიხში შევიდეთ. ძალიან მყიფე წონასწორობის შენარჩუნებაა აუცილებელი. შენ რომ ირანთან, თურქეთთან, დასავლეთთან ლაპარაკობ რაღაც პროექტებზე, ამავე დროს რუსებსაც უნდა ელაპარაკო, არა კარასინი-აბაშიძის დონეზე, არამედ ცოტა უფრო ფართო პროფესიული წრეები უნდა იყოს ჩართული. მე ვნახე, რა პროფესიული წრეებიცაა ჩართული და ძალიან უკმაყოფილო ვარ.

скачать dle 11.3