კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეცვალა გელა დუმბაძემ ორწლიანი დეპრესიის დროს და როგორ დადო მან ზავი ცხოვრებასთან

ცოტა ხნის წინ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი  გელა დუმბაძე „პოსტიდან” გაუჩინარდა და ვეჯინის მამათა მონასტერში „დაბანაკდა”.  მის გაუჩინარებას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა: იმასაც ამბობდნენ, მინისტრი პოსტს ტოვებსო და იმასაც, სასულიერო ცხოვრების გაგრძელებას გეგმავსო. ასე იყო თუ ისე, მინისტრი, რომელიც  ყოველთვის გამოირჩევა არაორდინარულობითა და გულწრფელობით, ჩინოვნიკურ ცხოვრებას მაინც  დაუბრუნდა და  ვეჯინში გატარებული დღეების  შესახებ ჩვენც გვიამბობს.  

 

– ბატონო გელა, დიასპორის წარმატებული კონგრესის შემდეგ მოულოდნელად გაუჩინარდით  მამათა მონასტერში, რასაც ბევრი  მითქმა-მოთქმა მოჰყვა; იმასაც ამბობდნენ პოსტიდან გადადგაო.
– ჩვენს საზოგადოებას  ხშირად უყვარს ასეთი ინსინუაციები.  უარღესად  წარმატებული პირველი დიასპორული ფორუმი ჩავატარეთ, რომელიც სამი დღე  გაგრძელდა. ამ ფორუმს  ბევრი სასიკეთო ნიუანსი ახლდა, ბევრი სტუმარი ჩამოვიდა და გამოხმაურებაც საკმაოდ  კარგი მოჰყვა.  ფიზიკურად ძალიან დავიღალე, ჩემს სამსახურში ვთქვი, რომ ერთკვირიან შვებულებას ვიღებდი, რათა დამესვენა და აღმედგინა ძალები.  პრემიერთან ეს შეთანხმებული მქონდა. წავედი ისეთ ალაგას, სადაც ნაკლები შემწუხებელი იქნებოდა –  ეს არის ვეჯინის მონასტრის ლავრა. წლების განმავლობაში ვმეგობრობ მამა იოანე აბასაშვილთან, რომელიც ამ მონასტრის წინამძღვარია. თავის დროზე, როცა მე აზერბაიჯანის საელჩოში მრჩევლად ვმუშაობდი, მაშინ მამა იოანე კახ-ინგილოს ეკლესიიის წინამძღვარი იყო და ჩვენი მეგობრობა იქიდან დაიწყო. იმიტომაც ავირჩიე ეს მონასტერი, რომ იქ ჩემი მეგობრები არიან. ზუსტად ერთი კვირა გავატარე ვეჯინში, ვიყავი ტრაპეზარი.
– ასეთი გამოცდილი კულინარი ხართ, რომ ტრაპეზარობა განდეს?
– საკმაოდ გამოცდილი კულინარი ვარ, მაგრამ, საჭმელს ვამზადებ ძალიან იშვიათად,  როცა ხასიათზე ვარ, ან ჩემი ქალიშვილისთვის – სალომესთვის ვაკეთებ ექსკლუზიურ კერძებს, ვიცი და მეხერხება ეს საქმე. არაერთხელ მქონდა ცხოვრებაში პერიოდი, როცა საკუთარ თავზე ვიყავი დამოკიდებული და მაშინ დავოსტატდი კულინარიაში, ფანტაზიაც მეხმარება და ახალ  კერძებს ვიგონებ ხოლმე. სალომეს ბოლოს გავუკეთე  მრავალშრეობრივი ბოსტნეულის სალათა, რომელსაც დავარქვი „სამი კაკალი კონიკიასათვის”.  ვეჯინის მამათა ლავრაში, იმ მცირე საშუალებებით, რაც მქონდა, მაინც გავშალე ფანტაზია და შევეცადე, მაქსიმალურად მრავალფეროვნად წარმომედგინა მამაოებისთვის მენიუ. მე თვითონ დავდიოდი  ბაზარში, ვაცხობდი ღვეზელს ისე, რომ ცომსაც კი მე თვითონ ვზელდი. ვეჯინში პირველად გავაკეთე ბოსტნეულის ღვეზელი და, სხვათა შორის, კარგი გამომივიდა. ყოველ დილით ექვსის ნახევარზე ვდგებოდი და ბევრს ვმუშაობდი – ფიზიკურად არ  დამისვენია. მამაომაც იხუმრა, მე მეგონა, ჩამოხვდიდოდი, ცოტას წაიმუშავებდი და ამით დასრულდებოდა შენი შრომაო, თავიდან ბოლომდე  ჩავეფალი საქმეში.  მამაო შემოქმედი ადამიანია, აქვს სახელოსნო, სადაც მინანქარზე მუშაობენ და მეც ჩავერთე  მუშაობაში. მამაო დიდ ყურადღებას უთმობს  მონასტრის  განაშენიანებას, თანამედროვე სენაკების აშენებას. ტყეში რამდენიმე ხე ამოვთხარეთ და მონასტრის ეზოში გადმოვიტანეთ, ექსკავატორის ტარებაც ვისწავლე. არც ისე ძნელი ყოფილა – მე ხომ ომამადე ტანკისტი ვიყავი (იცინის).
–  მთვარობა არ „გეძებდათ” ვეჯინში გაუჩინარებულს?
– მთავრობამ იცოდა, რომ მე  ვისვენებდი.  წარმატებული ფორუმის შემდეგ დასვენების უფლება რომ აქვს ადამიანს, საბედნიეროდ, ეს მიდგომა მთავრობის ხელმძღვანელისთვის  გასაგებია.  ვეჯინში  ვის უნდა მოვეძებნე? ოჯახმა იცოდა, სადაც ვიყავი, ბოლოს, როცა იქიდან ვბრუნდებოდი, ჩამოვიდა ჩემი მეუღლე, ირინა, ვეჯინიდან ყვარელში წავედით და ორი დღე იქ დავისვენე. ეს იყო  დასვენება ჩემი შვებულების ხარჯზე.
– ვეჯინიდან ყვარელი?  გეოგრაფიულად კი არის ახლო, მაგრამ თემატურად – არც ისე.
– ვეჯინი და ყვარელი  ახლოსაა ერთმანეთთან, მაგრამ ვეჯინიდან ყველა სხვა ადგილი სხვა სამყაროა – ასეთია ეს ცხოვრება. არ შეიძლება ადამიანი მუდმივად რუტინულ ცხოვრებაში იყოს ჩართული, ხანდახან ის ამ რუტინისგან განზე უნდა გადგეს, მოიპოვოს თავისი მედიტაცია, დაუთმოს დრო ფიქრებს,  მოახდინოს საკუთარი პიროვნებისა და ცოდვათა ანალიზი, განერიდოს ხიბლს და ყოველივე ამქვეყნიურს – ეს აუცილებელია და მე ეს ვნახე 50 წლის ასაკში.  ჩემს საყვარელ მხატვარს აქვს  ნახატი, რომელსაც ჰქვია  „დაბრუნება იქიდან”. ძალიან რთულია მწვერვალისკენ მიმავალი გზა, მაგრამ, უფრო რთულია იქიდან დაბრუნება.  ვალდებულებები და დაუმთავრებელი საქმეები არაა იოლი, დაბრუნება კი უფრო რთულია, მით უმეტეს, იქიდან, სადაც   ერთი წუთითაც კი არ იგრძნობ  დისკომფორტს.  ვეჯინში  ისე ვიყავი, როგორც საკუთარ სახლში. 
– ხატვა ახსენეთ. ვიცი, რომ თქვენ თავადაც  ხატავთ, ვეჯინი მუზების ასპარეზადაც ხომ  არ გექცათ?
– ხატვა ძალიან მიყვარს,  ბოლოს   დავხატე  დილის 5 საათზე,  მომწონს ჩემი  „მსხლები”. ვეჯინში  მუზები ნაკლებად მომივიდა, არც მეცალა ხატვისთვის, ჩემს ფანტაზიას ტრაპეზის მრავალფეროვნებაში გამოვხატავდი. ჩემი წამოსვლის წინ მამაომ იხუმრა: მორჩა თქვენი ნებივრობა, გელა მიდისო.    ჩემმა მეგობარმა მამაოებმა მომიძღვნეს  შემოქმედებითი საჩუქარი – მათ ჩემს სახელზე გამოჭედეს მახვილი, რომელიც „მოსკვიჩის” რესორისგან გააკეთეს. უნიკალური მახვილი გამოვიდა, ტარი სხვა მამაომ გამოჭედა, ქარქაში ტყავისგან არის შეკერილი; წარწერაც აქვს ჩემს მახვილს. საოცარი საჩუქარია.  ასე „შეიარაღებული” დავბრუნდი ვეჯინიდან (იცინის). 
 – იმასაც ამბობდნენ, მინისტრს  დეპრესია აქვსო.
– არა, ასე არ ყოფილა. ცხოვრებაში ერთხელ მქონდა დეპრესია – ეს იყო  წლების წინ;   ერთხელ არ გამიღიმია ორი წლის განმავლობაში,  თუმცა, ისე გავიარე ეს პერიოდი,  ერთი ტაბლეტიც კი არ მიმიღია. ღმერთს ვთხოვე: თუ მომავალში ეს კიდევ მელის, ყველა დეპრესია ერთად დამმართე-მეთქი. 90-იანი წლები ხომ ყველასთვის მძიმე იყო – უფულობა, უგაზობა, უშუქობა – ყველაფერი ერთად დაგვატყდა თავს. პატარა ბავშვი მყავდა, ოჯახს მიხედვა სჭირდებოდა. სკოლის დირექტორი ვიყავი, მაგრამ კაპიკები იყო ჩემი შემოსავალი, არაფერში არ მყოფნიდა.  ჩემს ქალაქთან, ქვეყანასთან, ყველაზე რთული პერიოდები მაქვს გავლილი. ერთ დღეს ჩიტაძის ქუჩაზე მივდივარ. გავიხედე და ვხედავ წარწერას „დიპლომატიური აკადემია”. ვინ უნდა ისწავლოს აქ, თუ არა მე? – ვკითხე საკუთარ თავს და, იმ რთულ დროს, იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა, დავიწყე სწავლა. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო შემთხვევითი. ეს წარწერაც, ავტობუსში ვითომ შემთხვევით გაგონილი ხმაც, წარსულიდან ამა თუ იმ ადამიანთან შეხვედრა, – ყოველივე ამას ჩვენს  ცხოვრებაში  ხშირად ქვაკუთხედი მნიშვნელობა აქვს და ამ  იმპულსების სწორად „წაკითხვა” უნდა შეძლო. მე მივიღე ეს იმპულსი და,  თან ვსწავლობდი, თან სტაჟიორად  ვმუშაობდი  საგარეო საქმეთა სამინისტროში. ნელ-ნელა დაიწყო სხვა ცხოვრება, 16 წელი ვიყავი დიპლომატი, ოთხ საელჩოში  ვმუშაობდი; პრინციპში, დღესაც იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ძალიან მიყვარს.
– დღეს ჩვენს თანამემამულეებს რთული დღეები აქვთ ბევრ ქვეყნაში, მით უფრო – საბერძნეთში. როგორც  დიასპორის მინისტრი, რას ფიქრობთ,  დაბრუნდება ეს ხალხი საქართველოში? ან, თქვენ ხომ არ აპირებთ საბერძნეთში ჩასვლას და მათთან შეხვედრებს? 
– მე კარგად ვიცი, რა აწუხებს ამ ხალხს, ბევრჯერ შევხვედრივარ მათ.  დღეს ჩემი იქ ჩასვლა რამეს რომ ცვლიდეს, წავიდოდი და დავრჩებოდი საბერძნეთში, მაგრამ ეს რას შეცვლის?  დღეს  ისეთი რთული პროცესები მიდის, არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ყველაფერი.  ეს  გლობალური საკითხია, წყდება  მთელი ევროპის მომავალი,  რაც მთელ მსოფლიოზე აისახება. ამ ეტაპზე  ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ქართველების ბედი გვაწუხებს. მე მგონია, რომ მათი დიდი ნაწილი აღარ წამოვა საქართველოში – ეს ჩემი პირადი აზრია, – შესაძლოა, სხვა ქვეყნებში გადავიდნენ ან შეეგუონ იქ არსებულ მდგომარეობას და მაინც დარჩნენ, რადგან, ისინი იმის გამო ვერ ჩამოვლენ საქართველოში, რომ აქ სამუშაო ადგილების დეფიციტია. როცა დიასპორას ვხვდები, ზუსტად ვიგებ, რა აწუხებს ამ ხალხს. მე მათი პრობლემები არაერთხელ მაქვს დაყენებული მთავრობის სხდომაზე, სხვადასხვა კონფერენციაზე – ჩვენ ხომ ამ ხალხის აზრისა და სურვილების პროვაიდერები ვართ. თვითონ მაქვს გამოვლილი ბევრი სირთულე, რაც ახლავს უცხოეთში ცხოვრებას.
–  არაორდინარული  მინისტრი ხართ, თავისუფალი, გახსნილი, ჩინოვნიკურ, ოფიციალურ  უნარ-ჩვევებს არ „აღიარებთ”?
– დაბადების დღეზე მითხრა მეგობარმა, მეტი რა უნდა გადღეგრძელო, არ შეიცვალეო – ეს ყველაზე კარგი კომპლიმენტი იყო ჩემთვის. ჩემი ახლობლების თვალში თუ არ შევიცვალე, ეს კარგია – ისინი ხომ ყველაზე კარგად მიცნობენ.  მაქვს ხოლმე მომენტები, როცა ვფიქრობ: როდემდე შეიძლება, დილის 7 საათზე ადგე? ან, უფრო მეტად რომ მეცალოს ჩემი ნიკოლოზისთვის?  ოქროს კვეთას ვეძებ, ზავს  ვდებ ცხოვრებასთან იმის დაბალანსებაზე, რა მიწევს და მე რა გამიხარდებოდა. 
– მშობლიური გურიისკენ, სადაც  ნოდარ დუმბაძის ღვიძლი ბიძაშვილის რანგში დიდ  „მემკვიდრეობას” ფლობთ  და რომელთანაც ბევრი წელი გაკავშირებთ,  არ გაქვთ   ხოლმე ხშირად გეზი?
– სამწუხაროდ, ხშირად  ვერ ვახერხებ ჩასვლას. ბოლოს სამი თვის წინ ვიყავი – ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების პროტოტიპის, ილარიონის ქალიშვილი – ციალა გარდაიცვალა.  მას ძალიან ახლოს ვიცნობდი, ჩვენს მოპირდაპირე ეზოში ცხოვრობდა. როცა მე დავიბადე, ილარიონი უკვე გარდაცვლილი იყო,  გარდაცვლილი იყო ბებია ოლღაც – მამაჩემის დედა, თუმცა, მისი „კვალი” სულ იყო ჩვენს ეზოში და სახლში. მამაჩემი და ნოდარის მამა ძმები იყვნენ, ასე რომ, მისი ბებია ოლღა ჩემი ბებიაც იყო.  ყველას ჰგონია, რომ ნოდარი ჩემი ბიძა იყო; არა,  ჩვენ  ბიძაშვილები ვართ. კარგად მახსოვს, მე 14 წლის ვიყავი, როცა თავის 50 წლის იუბილეზე გურიაში გამოიპარა. ერთად გავატარეთ ერთი კვირა და კარგად მახსოვს ის პერიოდი. საათობით გვიკითხავდა მე და მამას „მარადისობის კანონს”. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ამ უნიკალურ ნაწარმოებს გაეცნო.  წერა ადრე დავიწყე – 14 წლის ვიყავი, როცა ჩემს   მამიდაშვილს, თამაზ ჩიგოგიძეს დავუნიძლავდი საფანტის ტყვიაზე, რომლისგანაც მე და ჩემი ძმა ჯვრებს ვადნობდით.  თამაზი კარგად წერდა და ერთ დღეს ვუთხარი: სულ წერ და წერ,  რა არის-მეთქი ამაში ძნელი. აბა, მიდი და დაწერეო, – მითხრა. 50 ცალ საფანტზე დავნიძლავდით. ორი მოთხრობა დავწერე, ერთი დედაჩემზე იყო. თამაზს ისე მოეწონა, ორმაგი „პორცია” მომცა – ასი საფანტის ტყვია მივიღე. ვნანობ, რომ ჩემი ნაწერები ნოდარს არ ჰქონდა ნანახი – მაშინ ის უკვე აღარც იყო ცოცხალი. ჯარში ვიყავი, როცა  ნოდარი  გარდაიცვალა, არ გამომიშვეს ჯარიდან და   ძალიან განვიცდიდი ამას. მე და ჩემს ძმას, დავითს, გვეუბნებოდა ხოლმე,  ჩემი ბოკვერი ბიძაშვილები ხართო. ისეთი სითბო ჰქონდა ჩვენ მიმართ, ისეთი სითბო, ამდენი წლის განმავლობაში რომ გამოგყვება. მთელი ბავშვობა იქ  მაქვს გატარებული, მამაჩემს ძალიან უყვარდა  იქ ყოფნა.  მახსოვს  გუბაზოულში  ღამეების გათენება ლამპის შუქზე, როცა თევზს  ვუსაფრდებოდით; მახსოვს  ტყეში ფეხშიშველი სიარული... სხვაგან არსად მინახავს ისეთი ლამაზი მზე, როგორიც  ჩვენს სოფელში  იყო. გურიამ შექმნა ჩემი ენერგეტიკის ნაწილი და პიროვნული სიძლიერე, რაც მთელი ცხოვრება გამომადგა.  ბევრი რამ ვისწავლე გურიაში: თოხი, ბარი, წალდი, დაშენებაც შემიძლია, კარგი „მალიარიც” ვარ. არსებობს ლეგენდა, რომ ბაბუაჩემ ქიშოს, ოლღა ბებიას ქმარს, ბაქოში სარესტორნო ბიზნესი ჰქონია. მერე მეზობელს გამოატანა ზანდუკი, რომელიც  სავსე იყო  ოქროთი. იმის მერე აღარც ის მეზობელი უნახავს ვინმეს და არც ის ზანდუკი, თუმცა,  არსებობდა  ვერსია, რომ ეს ზანდუკი სადღაც იქვე, სოფელში მიწაში  იყო ჩაფლული. მე და ჩემი ძმა ბავშვობიდან ვეძებდით ამ ზანდუკს: მიწას ვბელავდით, ვაფხვიერებდით. უფროსები ფიქრობდნენ, რა ყოჩაღი ბიჭები ვიყავით, მაგრამ ჩვენი მიზანი  სინამდვილეში ოქროთი სავსე ზანდუკი იყო (იცინის).

скачать dle 11.3