კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აატირა ქეთი ქიტიაშვილმა თურქი მაყურებელი და გამხდარა თუ არა ის რეალურ ცხოვრებაში სხვისი ავანტიურის მსხვერპლი

მასების ფსიქოლოგი ლონდა ცოტნე ცოტაშვილის პარტიის ახალი წევრია, რომელიც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონში გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღება მალევე მიიქცია. ლონდას როლს უნიჭიერესი მსახიობი ქეთი ქიტიაშვილი ასრულებს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, საკუთარ გმირთან საერთო არაფერი აქვს. ვიხილავთ თუ არა ლონდას მომდევნო სერიებში, როგორია მსახიობის თეატრალური და პირადი ცხოვრების გზა, ამას მისგან შეიტყობთ.




ქეთი ქიტიაშვილი: 1989 წლიდან თეატრის სცენაზე ვდგავარ. 1990 წელს მიმიღო ნუკრი ქანთარიამ თავის ჯგუფში. ინსტიტუტში ქალბატონ ლილი იოსელიანთან ვსწავლობდი – ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მეამაყება. დიდხანს ვმუშაობდი ახმეტელის თეატრში, შემდეგ კი – ბატონ გოგი ოსეფაშვილთან, რომელიც ცნობილი „მიმია“. მასთან 16 წელი გავატარე პანტომიმის თეატრში. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურეთ და არასდროს დამავიწყდება უცხოელი მაყურებლის რეაქციები. მახსოვს, გერმანიაში, სპექტაკლის ნახვის შემდეგ ხალხი კიდევ ითხოვდა ბილეთებს. მათ შორის, იქ მაცხოვრებელი ქართველებიც იყვნენ. ეს იყო უსიტყვო, პლასტიკაზე აგებული სპექტაკლი, რომელსაც კიდევ სხვა ფასი აქვს. თურქეთში გასტროლისას კი, როდესაც სცენაზე ვთამაშობდით, დარბაზიდან მაყურებლის ტირილის ხმა მესმოდა. მათი ლაპარაკი არ გვესმოდა, მაგრამ საოცარ ემოციებს გამოხატავდნენ. ბოლოს მთელი დარბაზი მოთქვამდა – ეს გულწრფელი ემოცია იყო. როცა შესრულება ნამდვილია, მას ყველა ქვეყნის მაყურებელი ისე იგებს, როგორც საჭიროა. თუმცა პანტომიმას თავისი ასაკი აქვს და ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი დასრულდა. ახლა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლებში ვარ. გარდა ამისა, მარჯანიშვილის თეატრშიც მაქვს ერთი სპექტაკლი – „საზღვრები“.
– თეატრიდან სერიალში როგორ აღმოჩნდით?
– ქასტინგზე მივედი, თუმცა, სულ სხვა როლზე, რომელიც არ გამოვიდა. შემდეგ კიდევ დამირეკა ეკა მჟავანაძემ სხვა როლზე. ეს ჩემთვის საკმაოდ დიდი რისკი იყო, რადგან ქართველ თეატრის მსახიობებს კინოში თამაშის გამოცდილება ნაკლებად გვაქვს. პირველი სერიის გადაღებისას ძალიან ვღელავდი. ჩემი პერსონაჟის პრეზენტაცია იყო და განსაკუთრებულად ვემზადებოდი. გადაღებაზე წასვლამდე სიცხემ 40 გრადუსამდე ამიწია და საშინელი ვირუსის აბსოლუტურად ყველა სიმპტომი დამემართა. ყოველ ხუთ წუთში გული მიმდიოდა. პროდიუსერს ვუთხარი, ვეცემი-მეთქი. არა, რას ამბობთ, ქალბატონო ქეთი, გადაღებისთვის ყველაფერი მზადაა, ჩვენ მოვალთ, წამლებს მოგიტანთო. ეკა მჟავანაძემაც მითხრა, რომ სხვა გზა არ მქონდა, უნდა წავსულიყავი. სახლის კარში რომ დავდექი, მივხვდი, რომ ფეხის გადადგმაც არ შემეძლო. მაგრამ, ასეთ სიტუაციებში, ალბათ, ყველა არტისტს „რაღაც“ ერთვება. ყველაფერი დავივიწყე, ერთადერთი, მთელი გადაღების განმავლობაში თვალებში მიბნელდებოდა. ვერც კამერას ვხედავდი და ვერც პარტნიორს, არც ჩემი ხმა მესმოდა. გიორგი ლიფონავა მეკითხებოდა – რა ხდება, ნერვიულობო? არა, ცუდად ვარ-მეთქი. ფეხზე რომ ვიდექი და მაკიაჟი მეკეთა, ეტყობა, არ მემჩნეოდა. მოკლედ, ასეთ მდგომარეობაში მოხდა ლონდას პირველი სერიის გადაღება. მერე ყველაფერი დალაგდა და, ბოლო სერიას რომ ვუყურე, ძალიან დამწყდა გული – ვიფიქრე, ნუთუ, შეიძლება, რომ აღარ ვიყო-მეთქი?
– ეს მაყურებელსაც ძალიან აინტერესებს – იქნება ისევ თქვენი პერსონაჟი სერიალში?
– იცით, რა? მეც ვიკითხე ეს და მითხრეს, რომ ჯერ არ იციან. ვნახოთ, რას გადაწყვეტენ. როცა ლონდას პირველად გავეცანი, მეგონა, რომ მხოლოდ კარიერაზე ორიენტირებული ადამიანია. თუმცა, მერე გამოჩნდა, რომ ის ძალიან ბევრს მუშაობდა. ახლა მე ჩემი გმირის ადვოკატი გამოვდივარ (იცინის). ლონდა, ფაქტობრივად, კატას ავანტიურის მსხვერპლი გახდა. მართალია, საიდუმლო უნდა შეენახა, მაგრამ ამ სერიალის მთავარი ხიბლიც ისაა, რომ პერსონაჟები რეალურ ადამიანებს ჰგვანან. არ არიან სრულიად დადებითი ან უარყოფითი პერსონაჟები. ლონდასაც აღმოაჩნდა თავისი სისუსტე.
 – თქვენ თუ გამხდარხართ ცხოვრებაში ვინმეს ავანტიურის მსხვერპლი, მით უფრო, რომ თეატრალური სამყარო ცნობილია მსგავსი დამოკიდებულებებით?
– მე სხვისი საიდუმლო არასდროს გამიმხელია. რაც შეეხება ავანტიურას, მსგავსი რამ არ დამმართნია. ზოგისგან რაღაც დამოკიდებულებები მიგრძნია. მსახიობიც ხომ თავისებურად ფსიქოლოგია – აბა, სხვანაირად როგორ მოირგებს სხვადასხვა ხასიათს და, შესაბამისად, ამ დამოკიდებულებების მიხვედრა რთული არაა. მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ჩემ მიმართ გამოკვეთილი მტრობა ჰქონდა და მე ამისგან დავზარალდი. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მსახიობი, ყოველთვის რეალიზებული ვიყავი, გული მწყდება იმის გამო, რომ დრო გავიდა და მე ვერ ვითამაშე ყველაფერი ის, რაც მინდოდა. თუმცა, იმედი კიდევ მაქვს. სხვათა შორის, ბევრ ფილმზე მითქვამს უარი დროის ნაკლებობის გამო, რასაც ახლა ვნანობ. სერიალს და კინოს ცნობადობა და პოპულარობა მოაქვს და ვცდებოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ეს არაფერში მჭირდებოდა. ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, თუმცა, კომენტარების წაკითხვას ვერიდები ხოლმე. უარყოფითი შეფასება რომ ვნახო, იმდენად ემოციური ვარ, შეიძლება ვიტირო. ისე, ბევრი ადამიანი პერსონაჟთან გაიგივებს. მქონდა შემთხვევა, და არაერთი, რომ ჩემს „ფეისბუქზე“ მწერდნენ არა მე, არამედ ლონდას და ფსიქოლოგიურ რჩევებს მთხოვდნენ. როცა ავუხსენი, რომ ფსიქოლოგი არ ვარ, ძალიან ეწყინათ. თუმცა ეს, ალბათ, კარგიცაა – ესე იგი, ჩემი მისია კარგად შევასრულე. ძალიან ბევრს ეგონა, რომ სერიალში ფსიქოლოგი მოიყვანეს. არადა, ის აბსოლუტურად განსხვავებულია ჩემგან. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ლონდა გავმხდარიყავი – აბსოლუტურად არაფერი გვაქვს საერთო.
– როგორც ვიცი, ქალიშვილი გყავთ. მოსწონს თქვენი როლი?
– ჩემი შვილი მიჩვეულია საჯარო ადგილებში  ჩემს ნახვას. ბავშვობიდან სულ თან დამყავდა და ეს მისთვის უცხო არაა, თუმცა, ეკრანზე რომ მნახა, ძალიან გაუხარდა და მოეწონა. ის ახლა სტუდენტია და მომავალში თქვენი კოლეგა იქნება. სულ მაბრაზებს – მგონია, რომ ისე არ მეცადინეობს, როგორც საჭიროა. მსახიობობაც ძალიან უნდოდა, მაგრამ მეც და მამამისიც ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდით, რადგან, ვიცით, რა რთული და სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა ეს.
– სერიალში ლონდას პირადი ცხოვრების ხაზი არ ჩანს. რა ხდება თქვენს რეალურ ცხოვრებაში?
– ჩემი მარიამის მამასთან უკვე დიდი ხანია, აღარ ვცხოვრობ. გაშორებულები ვართ, თუმცა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს – ახლო მეგობრები ვართ. თავიდან ეს არ გამოდიოდა – ეტყობა, გრძნობა კიდევ იყო დარჩენილი და ამიტომ. როდესაც ორივემ გავაცნობიერეთ რეალობა, მივხვდით, რომ საერთო შვილზე უნდა გვეზრუნა და ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. თუმცა ჩხუბით და სკანდალებით არც დავშორებულვართ. სერიოზული მიზეზი არც გვქონია, რაღაც უმნიშვნელო ყოფითი წვრილმანების გამო მოხდა ეს, თუმცა კომპრომისზე არცერთი არ წავედით; არადა, ეს ოჯახისთვის აუცილებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. სხვათა შორის, სერიალში ისიც თამაშობდა, მაკას მოადგილე იყო – ირაკლი. ერთმანეთს ძალიან ვგულშემატკივრობთ. ახლაც, სპექტაკლი რომ მქონდა, მოვიდა და მომილოცა. მინდა, რომ ძალიან კარგად იყოს. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომ ჩემი გოგონა მეუბნებოდა: როგორ გიყვართ ერთმანეთი და რატომ არ ხართ ერთადო.
– და, რატომ არ ხართ?
– მას უკვე ოჯახი აქვს. წლები გავიდა და ყველაფერი შეიცვალა – ცხოვრებაში ასე ხდება ხოლმე.

скачать dle 11.3