კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ სჯეროდა სერგო კაპანაძის ოჯახს მისი დაკარგვა და რა სიურპრიზი მოუწყო მან დას ქორწილის დღეს


13 ივნისის სტიქიას ბევრი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მათი ძირითადი ნაწილის ცხედრების აღმოჩენა მოხერხდა, თუმცა, არის რამდენიმე ადამიანი, რომელთა პოვნა დღემდე, ამ ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგაც კი, ვერ მოხერხდა. მათ შორის ერთ-ერთია 27 წლის სერგო კაპანაძე, რომელიც ტრაგედიის ღამეს დებ ზარანდიებთან ერთად იმყოფებოდა.


დეა კაპანაძე (სერგო კაპანაძის და): 13 ივნისის საღამოს მე და ჩემი მეუღლე ბავშვთან ერთად ჩემს დედამთილთან ვიყავით გასულები. სერგომ დამირეკა და მითხრა – ამ წვიმაში სად ხართ, აღარ მოდიხართო? ვუპასუხე: აი, უკვე წამოვედით-მეთქი. ცოტა ხანში კიდევ დამირეკა: მალე მოხვალთო? კი, გზაში ვართ-მეთქი. რომ მოხვალთ, გიო მარჯანიშვილზე გამიყვანსო? (გიო ჩემს მეუღლეს ჰქვია). რად უნდა კითხვა, რომ მოვალთ, გაგიყვანს-მეთქი, ვუთხარი და, კარგიო. სახლში რომ მოვედით, გამზადებული იჯდა. როგორც კი შემოვედით, წამოდგა – წავედითო? ჩემმა მეუღლემ უთხრა: ჩვენ გვეუბნები, ამ წვიმაში სად დადიხართო და შენ თვითონ სად მიდიხარო. საქმე მაქვს, წავიდეთო, უთხრა სერგომ და სახლიდან გავიდნენ. 11 საათი იქნებოდა დაწყებული. ჩემმა მეუღლემ მითხრა: იპოდრომთან რომ ჩავედით, წყალი მანქანას უკვე ფარებამდე სწვდებოდაო. ჭებიდანაც ამოდიოდა და სერგო ტელეფონით იღებდა – ეს რა ხდებაო. მარჯანიშვილზე დაუტოვებია, ზუსტად არ ვიცი, სად; თუ არ ვცდები, სახინკლეში მიდიოდნენო. კარგად ვერ დავინახეო. მითხრა: მგონი, დღეს არ მოვალ და არ დამელოდოთ, თუ რამეა, გასაღები მაქვსო. რადგან ასე თქვა, იმ ღამეს არ ველოდით. მეორე დილით ტაძარში წავედით. სახლში რომ დავბრუნდით, ჩემი მეორე ძმა მეუბნება: ლაშამ (სერგოს ძმაკაცმა) დამირეკა და მითხრა, მგონი, სერგო დაიკარგაო. მე და ჩემს ქმარს გაგვეცინა – ვიფიქრეთ, რომ ძმაკაცებთან ერთად იყო, დალია და რომელიმესთან დარჩა... ტელეფონი ხშირად უჯდებოდა ხოლმე და, იმ მომენტშიც გათიშული რომ ჰქონდა, არაფერი გვიეჭვია – ვიფიქრეთ, ტექნიკური პრობლემა იყო. მოგვიანებით ტელევიზორში მოვისმინეთ, რომ დებ ზარანდიებთან ერთად დაიკარგა ვინმე სერგო – მეტი არაფერი უთქვამთ. მაშინვე სერგოს ძმაკაცს დავურეკე და ვკითხე, ამ გოგონების შესახებ რამე თუ იცოდა. მე მათზე არაფერი ვიცოდი. კი, მათთან ერთად იყო და გოგონები სახლში არ მისულანო. ჩემმა უმცროსმა ძმამ ინდირა ზარანდიას შეყვარებულს დაურეკა, შემდეგ მის ყველა ძმაკაცთან მოვძებნეთ, მაგრამ, ამაოდ. ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა, ორივე და იპოვეს, თუმცა სერგო – ვერა. ახლაც, ყოველ დილით, ჩემს მეუღლეს მამაჩემი და ჩემი ძმა მიჰყავს და, ხან სად ეძებენ, ხან – სად. პირველად რომ გადაკეტეს ჰესი, ყველგან ეძებდნენ. ამჟამად ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე ეძებენ, სადაც 13 მეტრამდე ლაფია დაგროვილი.
– გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი ძმა ლიზა ზარანდიას შეყვარებული იყო, არა?
– ვიცოდი, რომ სერგოს ვიღაც გოგო მოსწონდა, მაგრამ სერიოზული ურთიერთობის შესახებ არ უთქვამს ჩვენთვის. ბევრს მოსწონდა და ამასაც ბევრი მოსწონდა, მაგრამ ბოლო დროს სულ ტელეფონთან და კომპიუტერთან იყო და ჩემმა მეუღლემ ჰკითხა, ვინმე ხომ არ გყავსო. კი, არის ერთიო. თუმცა, დანამდვილებით იმის თქმა, ლიზი იყო თუ არა ის ერთი, არ შემიძლია.
– როგორც ვიცი, 27 წლის იყო. რით იყო დაკავებული?
– 27 წლის გახდა 24 მაისს. ჩვენთან იყო სახლში, არსად წასულა და ერთად მოვამზადეთ ყველაფერი. ბიჭები მოვიდნენ და დილამდე აღნიშნავდნენ. სულ ცოტა ხნის წინ საბურთალოს ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში ბარმენად დაიწყო მუშაობა. ამბობდა: დიდი არაფერია, მაგრამ, იქნებ რამე ვისწავლო და სხვა რამ გავაკეთოო.
მამაჩემი საქართველოში არ იყო, რუსეთში მუშაობდა. ბოლო დროს ხშირად საუბრობდნენ და ერთად აპირებდნენ საქმის დაწყებას. სერგოს საკუთარ გეგმებზე ლაპარაკი არ უყვარდა და არც მამაჩემს უყვარს ეს, მაგრამ ერთი-ორჯერ წამოსცდათ, რომ თუ მამა აქ ჩამოვიდოდა, იქნებ ერთად გაგვეკეთებინა რამეო.
პირველ დღეს, სანამ დაღამდებოდა, სერგოს გამოჩენის იმედი გვქონდა, ამიტომ მამას არ ვეუბნებოდით. როცა ვერსად ვიპოვეთ, მაშინ ვუთხარით და მეორე დღესვე წამოვიდა. ვერ აგიხსნით, როგორ მდგომარეობაში იყო, როცა აეროპორტში შევხვდით. საშინელება იყო. მას შემდეგ ყოველდღე დადიან საძებნელად.  სერგოს ყოველთვის უნდოდა, მაქსიმალურად რეალიზებული ყოფილიყო. ხშირად დადიოდა მარტო ან მეგობრებთან ერთად ხან ქუთაისში, ხან თურქეთში და ჩვენთვის მეორე დღეს შეუტყობინებია. ასეთი რამ სჩვევია, მაგრამ, ამდენი ხნის განმავლობაში რომ კონტაქტზე არ გამოსულიყო, ასე არასდროს მოქცეულა.
ჩვენ ორი და და ორი ძმა ვართ. სერგო მამაჩემს პირველი ცოლისგან ჰყავს. დედამისი გარდაცვლილია. სკოლის ასაკში დედის ნათესავებთან იზრდებოდა. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ ჩვენთან მოვიდა და გადაწყვიტა, და-ძმასთან ერთად ეცხოვრა. დედაჩემთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ერთად ძალიან კარგად ვიყავით. მე მასზე ექვსი წლით უმცროსი ვარ. რომ გავთხოვდი, სერგო თბილისში არ იყო და, ეს ამბავი რომ გაიგო, შოკში ჩავარდა. ზუსტად ჩემი ქორწილის დღისთვის ჩამოვიდა. იმ დღეს პირველად ვნახე ცრემლიანი თვალებით. ძალიან უხაროდა, მე რომ ასეთ ბედნიერს მხედავდა. მშობიარობა რომ დამეწყო, საავადმყოფოში ჩემზე ადრე ის მივიდა და იქ დამხვდა. ბევრი ამბობდა, რომ ჩემი შვილი სერგოს ჰგავდა და, ეს რომ გაიგო, სიხარულისგან გაგიჟდა. ჩემს შვილს სერგოს გარდა ვერავინ ვერ აძინებდა და დღემდე ასეა. მეგობრებთან ერთად გართობა და სიარული ძალიან უყვარდა და სახლში ხშირად არ იყო, მაგრამ, ბავშვი რომ მეყოლა, სერგო 24 საათის განმავლობაში ჩემთან ერთად იყო სახლში და ჩემი შვილი ხელიდან არ გაუშვია. ამ ამბის შემდეგ, პირველი პერიოდი ძალიან მიჭირდა. ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს და ნერვიულობის ნიადაგზე რძე შემიმცირდა. ბავშვს რომ ვხედავდი, სულ სერგო მახსენდებოდა, რადგან, როცა ტიროდა, ის აჩუმებდა ხოლმე. ყველა მეუბნებოდა, ბავშვს მიხედეო, მაგრამ, ძალიან მიჭირდა მასთან ურთიერთობა და მოფერება, იმიტომ, რომ სულ სერგო მახსენდებოდა და ცუდად ვხდებოდი.
ჩემი ძმა, ტატო, საშინელ მდგომარეობაში იყო. ვინმეს ცხედარს რომ იპოვიდნენ ის და ჩემი მეუღლე დადიოდნენ ამოსაცნობად, სანამ მამაჩემი ჩამოვიდოდა. სახლში სახეწაშლილები ბრუნდებოდნენ. ყოველ ჯერზე გაყინული სახეებით მიდიოდნენ ხოლმე. ამ ყველაფრის გაძლება ძალიან რთულია.
სერგოს სურათებს დღემდე არ ვბეჭდავთ. სანამ ფაქტის წინაშე არ დადგები, რთულია, დაიჯერო ის, რისი დაჯერებაც არ გინდა. ძნელია, მოკლა იმედი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, რადგან ცხედარი არ გვიპოვია.

скачать dle 11.3