კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

რამდენ კითხვაზე არ გაქვს პასუხი? ალბათ, ძალიან ბევრზე და იმაშიც უნდა ვიყოთ გულახდილები, რომ ზოგჯერ პასუხი ჩვენს ცხვირწინაა, მაგრამ ვერ ვხედავთ... ან – არ ვხედავთ... იმიტომ, რომ მერე თავი გავიმართლოთ – რა მექნა, არ ვიცოდიო...
ირინკამ მალულად მიმოიხედა ოთახში. მობილური შეუმჩნევლად აიღო და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოიპარა. თავი სამშვიდობოს რომ დაიგულა, მობილური ყურთან მიიტანა და ხმა გაინაზა:
– ალო! ჰო... ვერ გპასუხობდი... აბა, მიხვდი, რატომ?.. ჰო... რას ნიშნავს „მერე რა”?.. პრობლემები არაფერში მჭირდება. სამსახურიდან რომ გამიშვან, გავგიჟდები... ისედაც, მგონი, დიდად არ ვეხატები გულზე... რომელს? არცერთს, საყვარელო, არცერთს... ნუ, ეს ისე ვთქვი... ვიცი, რომ ჩემი საყვარელი არ ხარ... რა არის ჩემზე დამოკიდებული? – ირინკამ გადაიკისკისა და ნელა გაემართა დერეფნის ბოლოსკენ – იქ შედარებით უსაფრთხოდ შეიძლებოდა ლაპარაკი, – მომისმინე, მართლა გინდა, რომ შევხვდეთ?.. აჰა, ანუ, მხოლოდ იმას გააკეთებ, რაც მე მინდა? საინტერესოა... მაშინ, მე ჯერ მარტო ის მინდა, რაც ახლა ხდება ჩვენ შორის... არა, არ გეთამაშები... ისე, რომ გეთამაშებოდე კიდეც, ამაში ცუდი რა არის? არა, ახლა არა... რა ვიცი, დამირეკე მერე... მერეეე... – ირინკამ ხმა მელოდიურად გაინაზა და კმაყოფილი იერით დაბრუნდა ოთახში.
სოფო უკმაყოფილო სახით მიეგება:
– სად იყავი?
– ტელეფონით ვსაუბრობდი.
– ორმოცი წუთი?
– ვაიმე, რა მოხდა ამისთანა? საქმე მქონდა და ვესაუბრებოდი, საათზე ხომ არ დავიწყებდი ყურებას, დაშავდა რამე?
– ანამ გიკითხა უკვე ორჯერ...
ირინკას ნირი წაუხდა:
– ჰოო? – იკითხა ჩამწყდარი ხმით.
– ჰო, შებრძანდი მასთან.
– არ იცი, რა უნდა?
– მე რატომ მეტყოდა? შედი და გაიგებ.
ირინკა წამოდგა და ფეხათრევით გაემართა ანას კაბინეტისკენ. ამ ქალის ცოტათი ეშინოდა თუ უბრალოდ ვერ იტანდა, ამაზე პასუხი არ ჰქონდა. ფაქტი იყო, რომ არ სიამოვნებდა მისი არც დანახვა, არც მასთან საუბარი...
– მეძებდით, ანა?
ანამ წარბშეკვრით ახედა:
– გეძებდი? უცნაური შეკითხვაა. საძებნი უნდა იყო? რატომ არ ხარ ადგილზე?
– იცით, საქმეზე ვესაუბრებოდი ერთ ადამიანს და...
ანამ ხელის აქნევით შეაჩერა:
– არ მაინტერესებს, ვისთან საუბრობდი და რაზე. ფაქტია, რომ ყველაზე გვიან მოდიხარ სამსახურში და ყველაზე ადრე მიდიხარ. შენი ქცევის მანერაც არ შეეფერება კლინიკის იმიჯს!
ირინკა გაშრა და ენის ბორძიკით შეეცადა თავის გამართლებას:
– კი მაგრამ, ანა...
– ქალბატონო ანა... – შეუსწორა ანამ მკაცრად.
ირინკა ერთიანად გაწითლდა ბრაზისგან, მაგრამ მაქსიმალურად მოთოკა თავი.
– ქალბატონო ანა, სულ ორჯერ დავაგვიანე და, არ ვიცოდი, ამით რამეს თუ ვაშავებდი.
– არ იცოდი, რამეს თუ აშავებდი? ირინა, თერთმეტ საათზეც კი არ ხარ ადგილზე, მაშინ, როცა ათზე აქ უნდა იყო. პატარა აღარ ხარ, რომ ეს არ გესმოდეს.
– გავითვალისწინებ, ქალბატონო ანა.
– ისიც გაითვალისწინე, რომ ჩაცმულობის სტილი გაქვს შესაცვლელი.
– რა მაქვს შესაცვლელი?! – გაოცება ვერ დამალა ირინკამ.
– ზედმეტად თამამი ჩაცმულობით შეგიძლია წახვიდე ბარში ან მეგობრებთან, მაგრამ არა კლინიკაში. გასაგებად ვამბობ?
– დიახ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ესე იგი, გავუგეთ ერთმანეთს. წადი და მიხედე საქმეს. ხვალ დილით წლის სარეკლამო ბიუჯეტი უნდა მედოს მაგიდაზე და შარშანდელი სარეკლამო ხარჯებიც.
– მე შარშან აქ არ ვმუშაობდი, – წყრომით ჩაილაპარაკა ირინკამ.
ანამ გაოცებით ასწია წარბები:
– ირინა, თუ მუშაობა არ შეგიძლია, დაწერე განცხადება და წადი. ხვალ დილით ორივე ანგარიში მაგიდაზე უნდა მედოს... მორჩა, თავისუფალი ხარ.
ირინკამ უსიტყვოდ დაუქნია თავი და კაბინეტიდან გამოვიდა.
***
... ანამ საკუთარი თავი იმაში გამოიჭირა, რომ წვიმიანი დღის ნაცნობზე ფიქრობდა. თითქოს ელოდა კიდეც მასთან შეხვედრას. ქუჩაში მიმავალი ყველა ნელა მოძრავ „ჯიპს” აკვირდებოდა და მერე ბრაზდებოდა ამაზე. გაუცნობიერებლად იმასაც ცდილობდა, მისი სახე აღედგინა მეხსიერებაში. მაგრამ, როგორც არ დაძაბა გონება, მხოლოდ თეთრად მოქათქათე კბილები უდგებოდა თვალწინ... კიდევ, ხმა ახსოვდა – რბილი და ალერსშეპარული ბარიტონი... მერე მის კარიერაში სერიოზული ცვლილებები დაიწყო და უცნობი ნაცნობის სახებაც გაფერმკრთალდა... ერთ საღამოს კი...
– ლამაზფეხებავ, როგორც იქნა, გიპოვე! – მოესმა ზურგსუკან და შემობრუნდა – მის წინ „ის“ იდგა და უღიმოდა – ქათქათა კბილები და სასიამოვნო, გულში ჩამწვდომი ბარიტონი. ანას ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ მამაკაცს ოდნავ განცვიფრებული მზერა მიაპყრო და მხრები აიჩეჩა:
– მე მომმართავთ?
– ოჰ, არ გინდა ახლა. ისე ნუ მიყურებ, თითქოს ვერ მიცანი. იმ საღამოს შემდეგ სულ შენზე ვფიქრობდი...
– ვინმეში ხომ არ გეშლებით? ვერ ვიხსენებ, რომელი საღამოს შემდეგ?
– ახლა მართლა გავბრაზდები. ლაშა ვარ... ძალიან წვიმდა და მანქანა გაგიჩერე...
– მერე? – მოგონილი სიმშვიდით ჰკითხა ანამ და მსხვილი, ლამაზი ტუჩები მაგრად მოკუმა.
– გინდა, გადამრიო? რას ნიშნავს – „მერე”? მერე ის, რომ მანქანაში ჩამიჯექი, მე კი ცოტა ხანს ვტკბებოდი შენი ფეხების სილამაზით.
ანამ მხრები აიჩეჩა:
– რა ვქნა, არ მახსოვს.
– მეღადავები, ხომ? შეუძლებელია, ეს ფეხები სხვისაში ამრეოდა. მთლად ასეც არ არის საქმე. გეყოფა. მოდი, სადმე დავსხდეთ და უკეთ გაგახსენებ თავს.
– რომ მეჩქარება?
– არა, უარს არ მივიღებ. ვერ წარმოიდგენ, როგორ ველოდებოდი შენთან შეხვედრას. მოლოდინს ნუ გამიცრუებ.
– ეგ თქვენი პრობლემაა.
ანა შებრუნდა და წასვლა დააპირა, მაგრამ კაცმა მაჯაში სტაცა ხელი და ამის საშუალება არ მისცა.
– არ გაგიშვებ, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს... ჯერ არცერთ ქალზე არ მიფიქრია ამდენი. მენატრებოდი... არ გაგიშვებ.
ანამ თვალები მოჭუტა და დამცინავად შეხედა:
– კიდევ კარგი, ქარაფშუტა არა ვარ, თორემ, ხომ დავიჯერებდი მაგ სიტყვებს.
– უნდა დაიჯერო. მე არ მითქვამს, რომ ქარაფშუტა ხარ. კარგადაც გამამასხრე, მაგრამ ახლა ყავა რომ არ დალიო ჩემთან ერთად, მართლა გადავირევი.
ანას გაეღიმა. კაცმა ეს თანხმობად მიიღო.
– ესე იგი, უარს არ მეუბნები...
– ვერ გეუბნები – არ მინდა, რომ გადაირიო. ოღონდ, სადმე ახლოს შევარჩიოთ კაფე. დრო ცოტა მაქვს – სამსახურიდან შესვენებაზე გამოვედი და უნდა დავბრუნდე.
– სად მუშაობ ამისთანა ადგილას, რომ შესვენების შემდეგ ეგრევე უკან ბრუნდები?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს?
– ის მნიშვნელობა აქვს, რომ დღეს მაშინდელივით იოლად ვეღარ შეგელევი. არ მინდა, ისევ დაგკარგო და ისევ გეძებო. ყველაფერი უნდა გავიგო შენ შესახებ.
– იქნებ მე არ მინდა?
– მე მინდა, მე! იცი, რომ ყოველ საღამოს დავდიოდი იმ ქუჩაზე, იმ იმედით, რომ ისევ შეგხვდებოდი?
ანას ლამის წამოსცდა, მეც ველოდი შენთან შეხვედრასო, მაგრამ დროზე შეიკავა თავი და ამის მაგივრად თქვა:
– ჩვენი ოფისი სხვა მისამართზე გადავიდა...
– უჰ, მე კიდევ, მეგონა, საერთოდ წახვედი ამ ქალაქიდან...
– ეს შენთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა? – ღიმილით ჰკითხა ანამ.
– დიდი, ისეთი დიდი, რომ ვერც კი წარმოიდგენ, – კაცმა მისი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა. ქალი არ გასძალიანებია.
***
ირინკა სლუკუნით შევარდა ოთახში და კარი გამეტებით მიიჯახუნა.
– ვერ მიტანს ეს ქალი! ვერ მიტანს და, რა გინდა, რომ ქნა? რა დავუშავე, ვერ ვხვდები. ეტყობა, შურს, ლამაზი და ახალგაზრდა რომ ვარ. კომპიუტერის მონიტორში „შემძვრალმა“ სოფომ თავი ასწია და გაოცებით იკითხა:
– ანაზე ამბობ ამას?
– დიახ, სწორედ ანაზე მოგახსენებ, შენს ძვირფას ქალბატონ ანაზე, ძალიან რომ გესიმპათიურება. ნამდვილი ურჩხულია, ბოღმიანი და უსამართლო!
– შენ ხომ არ გაგიჟდი? ანაზე ამას ვინ იტყვის?
– მე ვიტყვი და ბევრჯერაც ვიტყვი... საშინელი ვინმეა, აუტანელი! მე კი ვძულვარ.
– ამისთანა რა გითხრა?
– რა არ მითხრა, შენ ეს მკითხე. გამლანძღა. უსაქმური ხარო, შენი საქციელით და ჩაცმულობით კლინიკას არცხვენო... ერთი სიტყვით, არაფერი დამაკლო.
– ნუ გადამრევ. ვერ ვიჯერებ ანასგან ასეთ რაღაცას. ორ წელზე მეტია, ერთად ვმუშაობთ და ზედმეტი შენიშვნა არ მახსოვს მისგან.
–  ეტყობა, შენ მოსწონხარ.
– კარგი, რა, ეგ რა შუაშია!
– შუაში კი არა, თავშია. ვერ მიტანს, ვძულვარ. ისე მიყურებს, როგორც ვიღაც უტვინო და შტერ კახპას.
– გეყოფა, ნუ ლაპარაკობ ასეთ სისულელეებს. გიმეორებ: ანა არც უსამართლოა, არც ბოღმა. ნუ, ცოტათი უცნაური ხასიათი კი აქვს, მაგრამ, პირად შეურაცხყოფაზე ლაპარაკი ზედმეტია.
– მე მომაყენა შეურაცხყოფა, – სლუკუნებდა ირინკა და თან პატარა სარკეში მაკიაჟს ისწორებდა, თვალები არ დამესვაროსო.
– არ ამბობ, კონკრეტულად რა გითხრა? – ხელები გაშალა სოფომ.
– კონკრეტული ფრაზები გაინტერესებს?
– ჰო!
– ვულგარულად და კლინიკისთვის შეუფერებლად გაცვიაო... სამსახურში სულ აგვიანებ და სულ ადრე მიდიხარო... არაფრის მაქნისი არ ხარო...
– ისე, ცოტა ვულგარულად მართლაც იცვამ, – სოფომ კრიტიკული თვალით შეათვალიერა ირინკას უსაშველოდ მოკლე ქვედა კაბა და გამჭვირვალე ბლუზა.
– აუ, აბა, შავ, გრძელ ტომარას ხომ არ ჩამოვიცვამ და კალოშებით ხომ არ ვივლი? ვის მოვეწონები ასეთი? რომელ დაწესებულებას ჰყავს მახინჯი და საფრთხობელასავით გამოწყობილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი? – აღშფოთდა ირინკა, – პირიქით, სპეციალურად არჩევენ ხოლმე ლამაზებს.
– ჰო,  მაგრამ, მეტისმეტიც არ უნდა მოგივიდეს. საზოგადოება ზომიერების მომხრეა, – გაიცინა სოფომ.
– იცინე, რა გენაღვლება, მაგრამ, ჩემი დაცინვისა და შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ! – გაცხარდა ირინკა, – სულ რომ გაგიჟდეს, არც განცხადებას დავწერ წასვლაზე.
– გითხრა, განცხადება დაწერე და წადიო? მაშ, საქმე სერიოზულად ყოფილა...
– არც ისე, მაგას რომ ჰგონია. უპატრონო კი არ ვარ. ვნახოთ, როგორ გამაგდებს! – ამაყად ასწია თავი ირინკამ.
– ვაიმე, რად გინდა ასეთი დაპირისპირება? გააკეთე, რასაც გეუბნება და მორჩება ამით ყველაფერი.
– ვიღაც ანას ხუშტურზე ჩაცმულობის სტილს არ შევიცვლი, გამორიცხულია! – ჯიუტად თქვა ირინკამ, – ეგ კარგად არ მიცნობს. ყოველთვის იმას გავაკეთებ, რაც მომწონს და მსიამოვნებს.
– ვერ ვიტან, როცა სამსახურში ასეთი სიტუაციაა, – ამოიოხრა სოფომ, საათზე დაიხედა და წამოხტა: – უი, წავედი მე. ანას ბავშვისთვის საჩუქარი მაქვს საყიდელი და უნდა მივუსწრო, სანამ მაღაზია დაიკეტება.
– წადი, წადი, შენ რა გენაღვლება, ადრე წასვლაზე არავინ გისაყვედურებს. თავისი შვილის დაბადების დღეზეც კი გეპატიჟება....
– აუ, ნუ ენამწარობ, რა... შენ არ გყავს პატარა შვილი, თორემ, შენც დაგპატიჟებდა.
– კი, როგორ არა, – ჩაიღრინა ირინკამ და კოლოფიდან სიგარეტი გამოაძვრინა.
– აქ არ მოწიო, გოგო, – გააფრთხილა სოფომ, – შეიძლება, მოულოდნელად შემოვიდეს.
– შემოვიდეს და ერთი რამე მითხრას! – დაქადნებით ჩაილაპარაკა ირინკამ, გამომწვევად შემოიდო ფეხი ფეხზე და სიგარეტს მოუკიდა...
***
ანამ ორივე ხელი მოჰკიდა ვეებერთელა თაიგულს და ვარდები დაყნოსა.
– სუნი არა აქვს, იცი? – ჩაილაპარაკა გულდაწყვეტილმა, – მაგრამ, მაინც მადლობა... ლამაზია...
ლაშა გაიბადრა:
– მაინც კი არა, მთავარი სილამაზეა. კიდევ როდის ვხვდებით?
ანამ თავი გააქნია:
– არ ვიცი. საჭიროა კი, ისევ შევხვდეთ ერთმანეთს?
– ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რატომაც არ უნდა შევხვდეთ.
– მიზეზი ბევრია...
– ერთი მითხარი, – ჩააცივდა კაცი.
– არ გიცნობ, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ხარ, როგორი ხარ... იქნებ ცოლი გყავს, შვილები...
– ეგ მიზეზი არ არის. მკითხე, რა გაინტერესებს და გიპასუხებ.
– სიმართლეს მეტყვი?
– აბა, ხომ არ მოგატყუებ! მე ყოველთვის გულახდილი ვარ იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩემთვის ძვირფასები არიან.
– მაგით რისი თქმა გინდა, რომ ძვირფასი ვარ შენთვის?
– აქამდე ვერ მიხვდი?
– რითი უნდა მივმხვდარიყავი? ვარდების თაიგულით თუ იმ ფინჯანი ყავით, რომელიც დიდად არ მომეწონა?
– ჩემი გაბრაზება გინდა, – ამოიოხრა კაცმა, – ეტყობა ხვდები, ასე რომ უფრო მახელებ და აზარტში მაგდებ... მაგრამ, ისედაც ძალიან მომწონხარ, აგრესიული ღონისძიებები საჭირო აღარ არის.
– საიდან მოიტანე, რომ აგრესიულ ღონისძიებებს ვატარებ შენ წინააღმდეგ? პირიქით, გეუბნები, აღარ შევხვდეთ-მეთქი.
– ეგ დაივიწყე. სახლში მიგიყვან და ვნახავ, სად ცხოვრობ.
– მერე დაჯდები იქ და დამელოდები, როდის გამოვიჩენ შენ მიმართ ყურადღებას?
– ჰო, რა მოხდა მერე? დარწმუნებული ვარ, დიდხანს ლოდინი არ დამჭირდება, – გაიცინა ლაშამ, მერე ისე, რომ ანამ გონზე მოსვლა ვერ მოასწრო, ქალს წელზე მოხვია ხელი და ტუჩებში აკოცა...
***
სოფომ თანაგრძნობით დაადო ანას მხარზე ხელი და მორიდებით ჰკითხა:
– არ მოვიდა, ჰო?
ანამ თავი გააქნია:
– აღარც ველოდები... დიდი ხანია, ვიცი, რომ უსინდისოა, მაგრამ, თავის შვილსაც თუ ასე მოექცეოდა, ვერ წარმოვიდგენდი.
– ელაპარაკე?
– მესიჯი მივწერე. დრო და გასართობი ცენტრის ადგილი მივუთითე და შევახსენე, რომ დღეს იყო ბავშვის დაბადების დღე, მაგრამ, რა აზრი ჰქონდა? ყურიც არ შეიბერტყა... მძულს! ამას არ ვაპატიებ, არ შევარჩენ...
– რის გაკეთებას აპირებ?
– ჯერ არ ვიცი, მაგრამ, რაღაცას აუცილებლად მოვიფიქრებ, რომ გავამწარო...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3