კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაათავისუფლებინა სტალინმა ბერიას ციხიდან ქართველი მღვდელი

ყველა იმ თვისებასთან ერთად, რითაც სტალინი იყო დაჯილდოებული და რაც მას რევოლუციურ მოღვაწეობაში უწყობდა ხელს, დიდი ბელადი კონსპირაციის განსაკუთრებული უნარითაც გამოირჩეოდა. ლენინი მას „დიდ კონსპირატორს“ უწოდებდა, ხოლო გრიგოლ რობაქიძე ამბობდა, რომ სტალინს გააჩნდა უნიკალური თვისება, თავისი ენერგეტიკული ძალების ისეთი მობილიზება მოეხდინა, რომ ირგვლივ მყოფთათვის თითქმის უჩინარი ხდებოდა და „ოხრანკას“ ყოველთვის უჭირდა მისი მოხელთება.
1904 წლის აპრილში 24 წლის სტალინი ციმბირის მორიგი კატორღიდან გაიქცა და ხანგრძლივი მოგზაურობის მერე თბილისში ჩამოვიდა. აქ მან ძველი კავშირები აღადგინა, ბობოქარ რევოლუციურ საქმიანობაში ჩაება და კავკასიის არალეგალური ორგანიზაციის გაფართოებას შეუდგა. კობა (მაშინ ამ ფსევდონიმს ატარებდა სოსო ჯუღაშვილი) მთაწმინდაზე თავისი ძველი მეგობრის, დიმიტრი გოგოლაძის კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდა. გოგოლაძე 28 წლის მარტოხელა კაცი იყო, ორთქლმავლის დეპოში მუშად მუშაობდა და სტალინის დიდი ნდობით სარგებლობდა. მოგვიანებით გოგოლაძე ასე იხსენებს სტალინის იმ პერიოდის არალეგალური ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელიც მას თავად სტალინმა მოუყვა:
„მიუხედავად იმისა, რომ კობა მტკიცე ნებისყოფის პიროვნება იყო და შეეძლო, თვალის დაუხამხამებლად გაეცამტვერებინა იდეური მტრები, პირად ცხოვრებაში ძალიან მოკრძალებული და მორიდებული ადამიანი გახლდათ. ჭამა-სმა ზომიერი იცოდა და ზოგჯერ დაჟინებული თხოვნაც კი მიწევდა, რომ ორი-სამი დღის მშიერს ორიოდე ლუკმა შეეჭამა ჩემი მუშური სადილიდან. ეს იმ დროს, როდესაც მას ყოველთვის ჰქონდა ფული. მაგრამ ეს ფული მარქსისტების საერთო სალაროს ეკუთვნოდა, რომელსაც კობა განაგებდა და იქიდან ერთ კაპიკსაც კი არ მოაკლებდა პირადი საჭიროებისთვის. ამ ფულს ის პროკლამაციების დამზადება-გავრცელებას, იარაღის შესყიდვასა და გაჭირვებული თანამებრძოლების ოჯახების დახმარებაზე ხარჯავდა. მრავალ გამოჩენილ რევოლუციონერს გაუფლანგავს საერთო სალარო, კობასთვის კი ასეთი რამ უცხო ხილი იყო.
აპრილის ერთ მშვენიერ, მზიან დღეს ჩვენთან ძველი ბოლშევიკი და სტალინის თანამებრძოლი, ფილიპე მახარაძე მოვიდა და კობას უთხრა, პროკლამაციები მზადაა, სტამბაში უნდა წავიდეთ და წამოვიღოთო.
სტალინმა და ფილიპემ მაუზერები ჩაიდეს, ჩაიცვეს და წავიდნენ მეიდანში, სადაც იმ დროს მარქსისტების არალეგალური სტამბა იყო განთავსებული. მათ პროკლამაციები ტომარაში ჩაალაგეს და უკან დაბრუნებას აპირებდნენ, როდესაც „ოხრანკის“ საიდუმლო აგენტებსა და შეიარაღებულ კაზაკებს გადაეყარნენ. გამოცდილმა კონსპირატორებმა, რომლებიც ძველი თბილისის ქუჩებს მშვენივრად იცნობდნენ, დევნისგან თავის დაღწევა მოახერხეს, მაგრამ ის რაიონი ალყაშემორტყმული იყო და კაზაკები მეთოდურ ჩხრეკას შეუდგნენ. ისინი თითოეულ სახლში შედიოდნენ, ტომრიან გლეხებს ეძებდნენ, თუმცა, არ იცოდნენ, რომ ეს „გლეხები” ფილიპე მახარაძე და კატორღიდან გაქცეული კობა იყვნენ.
კობა და ფილიპე ანჩისხატის ეკლესიასთან იმყოფებოდნენ, როდესაც მახარაძემ უთხრა, მოდი, ეს ტომარა მტკვარში ჩავაგდოთ და ასე ვცადოთ კაზაკებისგან თავის დაღწევაო, რაზეც სტალინს მკაცრად უპასუხია:
– რას ამბობ, პროკლამაციების გადაყრა როგორ შეიძლება! ეს ტომარა მტკვრის ნაპირზე, ქვებში დავმალოთ, იარაღიც იქვე დავაწყოთ და ეკლესიას შევაფაროთ თავი.
– იარაღი თან ვიქონოით, – უთხრა ფილიპემ, – კაზაკები რომ  შემოვიდნენ ეკლესიაში და დაჭერა დაგვიპირონ, თავი როგორ დავიცვათ?
სტალინმა თავი გააქნია და ფილიპეს უპასუხა, ეკლესიაში ღმერთი დაგვიცავს, იარაღით იქ შესვლა მკრეხელობააო.
ერთი სიტყვით, კობამ და ფილიპემ მაუზერები და პროკლამაციებით გატენილი ტომარა ქვებში დამალეს და ანჩისხატს მიაშურეს. იმ პერიოდში ანჩისხატის წინამძღვარი მამა ექვთიმე იყო, რომელიც სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა და ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან იცნობდა კობას. მამა ექვთიმე მარქსისტებსაც თანაუგრძნობდა, რადგან ისინი ცარიზმს ებრძოდნენ, მამა ექვთიმეს კი ცარიზმი საქართველოს ნომერ პირველ მტრად მიაჩნდა (მოგვიანებით ბერიამ მამა ექვთიმე ციხეში გამოამწყვდია და ღვაწლმოსილი მღვდელი პირადად სტალინის ბრძანებით გაათავისუფლეს).
სტალინი და მახარძე ეკლესიის ეზოში შევიდნენ. კობამ წინამძღვრის სენაკს მიაშურა, ხელზე ემთხვია მას და სთხოვა:
– კაზაკები მოგვდევენ, მამაო და, თუ შეგიძლია, დაგვეხმარე.
მამა ექვთიმემ კობას და ფილიპეს ანაფორები მისცა და უთხრა.
– შეიმოსეთ, ახლა წირვა გვაქვს და დამეხმარებით.
ფილიპე შეიშმუშნა და მღვდელს მიუგო:
– მე ამ საქმის არაფერი გამეგება და როგორ მოგეხმარებით?
– მონათლული თუ ხარ, შვილო? – მშვიდად ჰკითხა მღვდელმა ფილიპეს. უარყოფითი პასუხი რომ მიიღო, კობას მიუბრუნდა:
– წამოდი, შენი მეგობარი მოვნათლოთ – ამით ღვთიურ საქმესაც ვიზამთ და კაზაკებსაც ავიცილებთ თავიდან.
მამა ექვთიმე, დიაკვნის ანაფორაჩაცმული სტალინი და თეთრ სამოსში გამოწყობილი მოსანათლავი ფილიპე მახარაძე ტაძარში შევიდნენ და ნათლობაც დაიწყო.
შუა ნათლობისას ტაძარში „ოხრანკის“ აგენტები შევიდნენ და იქაურობის თვალიერება დაიწყეს, გარეთ კი მათ შეიარაღებული კაზაკები ელოდნენ. აგენტებს ყურადღებაც კი არ მიუქცევიათ ნათლობის რიტუალისთვის, რადგან, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სწორედ მათ შორის იყო ორი ძებნილი „გლეხი“, რომლებსაც არალეგალური პროკლამაციები ჰქონდათ წამოღებული გაშიფრული სტამბიდან.
ნათლობა რომ დასრულდა, კაზაკები და „ოხრანკის“ აგენტები უკვე წასულები იყვნენ. მამა ექვთიმემ სტალინს უთხრა:
– ამიერიდან შენ ფილიმონის (ასეთი ნათლობის სახელი შეარქვა მღვდელმა ფილიპეს) ნათლია ხარ და მასზე, მის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა გევალებაო.
გამომშვიდობებისას მღვდელმა რევოლუციონერები დალოცა და მშვიდობით გაისტუმრა.
სტალინმა და მახარაძემ დამალული ტომარა და იარაღები აიღეს, ფაეტონში ჩასხდნენ და მთაწმინდაზე დაბრუნდნენ.
იმავე საღამოს პატარა სუფრა გავშალეთ და ფილიპეს ნათლობა აღვნიშნეთ. ნათლია სხვადასხვა იგავს უყვებოდა ნათლულს სახარებიდან, მოძღვრავდა და უფლის ლოცვას ასწავლიდა...“

скачать dle 11.3