კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუგრძელა საბერძნეთმა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა და რატომ არიან ძველი ერები მიდრეკილნი მუქთახორობისა და ინფანტილიზმისკენ

საბერძნეთის ახალმა მთავრობამ დანაქადნი აასრულა და ქვეყანამ რეფერენდუმზე უარი უთხრა ევროზონას. ეს ფაქტი საბერძნეთის მოსახლეობამ ზარ-ზეიმით აღნიშნა. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საბერძნეთის ვალი ევროკავშირისადმი სამ ასეულ მილიარდ ევროზე მეტია, რის გადახდაც, წესითა და რიგით, მაინც მოუწევთ, გინდა, ევროზონის შიგნით იყვნენ და გინდა – მის გარეთ, სიხარულის საფუძველი ბუნდოვანია. მოგვიანებით, საბერძნეთის ხელმძღვანელმა ევროკავშირს შესთავაზა ვალის 30 პროცენტის ჩამოწერა და ახალი ვალის გაცემაც. იმის პარალელურად, რომ რუსეთთან თბილი ურთიერთობის გაბმასაც ცდილობს, ფულის მოზიდვისა და ევროკავშირის შანტაჟის სავარაუდო მიზნებით. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ევროპული კულტურა საბერძნეთის არსებობის შედეგია, რაც იმასაც გვაფიქრებინებს, რომ ძველ ერებს უცნაური ფსიქიკა აქვთ, დიდწილად ინფანტილიზმისა და მუქთახორობისკენ მიდრეკილი (ეს თვისებები არც ჩვენთვისაა უცხო ხილი). სოსო ცინცაძესთან ერთად ვისაუბრებთ ძველი ერების ქცევის თავისებურებებზე დღევანდელი საბერძნეთის მოქმედების ჭრილში.

 

– საბერძნეთის მოქმედებას როგორ შეაფასებდით თანამედროვე და ისტორიულ კონტექსტში?
– დღევანდელი ბერძნები ძალიან განსხვავდებიან თავიანთი წინაპრებისგან და ნამდვილად არ არიან მათი მემკვიდრეები. ეს სულ სხვა ხალხია. ისევე, როგორც დღევანდელ იტალიელებში არაფერია ძველი რომაელების. პოლიტკორექტულობის შენარჩუნება მინდა და ამიტომ ასე ვიტყვი, ძველი რომაელი რომ ააყენო, ამ ორმოცი საუკუნის წინანდელი და დღევანდელ იტალიელებზე უთხრა, შენი მემკვიდრეები არიანო, თავს მოიკლავს; ისევე, როგორც რომელიმე ფარაონი რომ გაცოცხლდეს, არ დაიჯერებს, რომ დღევანდელი ეგვიპტელები მისი შთამომავლები არიან; იცვლება დრო, იცვლება ხალხი. ალბათ, ჩვენი წინაპრებიც სულ სხვანაირები იყვნენ. უბრალოდ უფრო მეტი ლიტერატურა შემორჩა ძველ ბერძნებსა და რომაელებზე, ძველ ეგვიპტელებსა და ასირიელებზე, გნებავთ, ძველ ებრაელებზე. ასე რომ, რაც უფრო ძველია ერი, მით უფრო შეცვლილია, ათასი ჯურის დამპყრობელთან სისხლის აღრევის გამო. დღევანდელ იტალიელში წვეთი სისხლის მეასედიც აღარ არის ძველი რომაელის, ისევე, როგორც დღევანდელ ბერძენში. ხომ არის შემორჩენილი ძველი ქანდაკებები, თანამედროვე ბერძნები გარეგნულადაც კი არ ჰგვანან თავიანთ წინაპრებს.
– მაგრამ მენტალურად ხომ ატარებენ ძველების კულტურულ მემკვიდრეობას?
– ძველი ბერძნები ღირსების ხალხი იყო, აქ უკვე პოლიტკორექტულობას აღარ დავიცავ, დღევანდელი ბერძნების საქციელში კი ვერანაირ ღისრებას ვერ ვხედავ და როგორ ვთქვა, რომ ესენი დიდი ბერძნების შთამომავლები არიან?! ოთხი წლის წინათ ციპრასმა უსირცხვილოდ თქვა, დემოკრატიის სათავეებიდან მოვდივართო; მაგრამ რა დემოკრატიის სათავეებიდან მოდიან დღევანდელი ბერძნები, მუქთახორები, სხვის ხარჯზე მცხოვრებნი, რომლებსაც უნდათ, რომ ურცხვად აიღონ ევროპის ფული და თან მოუწყონ შანტაჟი, რომელიც ნამდვილად აღარ გაუვათ: ერთ დღეს რომ ბრიუსელში მიდის ციპრასი და სიყვარულს ეფიცება დასავლურ ფასეულობებსა და ღირებულებებს, დემოკარტიის პრინციპებს, მეორე დღეს პეტერბურგში ჩადის და პუტინს ეხვევა. რომელ ღირსებაზეა ლაპარაკი?! ამიტომ ამ თემაზე ბევრი არ ვილაპარაკოთ, თორემ შეიძლება, ბერძნებიც გადავიკიდოთ.
– მაგრამ ფაქტია, რომ საბერძნეთი აღმოჩნდა ევროკავშირის სუსტი რგოლი და ერთგვარი დასაყრდენი რუსეთისთვის ევროკავშირის სივრცეში. როგორ მოხდა ეს, თავისთავად თუ ბერძნების ინიციატივით?
– სიახლე არ არის ის, რასაც დღეს ციპრასის მთავრობა და ამ მთავრობას აყოლილი საბერძნეთის მოსახლეობის 99 პროცენტი აკეთებს. ასე ხდებოდა მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში: საბერძნეთი ცდილობდა, რუსეთისთვის დაეპირისპირებინა ევროპა და ევროპისთვის დაეპირისპირებინა რუსეთი და ამ ორ სკამზე ჯდომის ტაქტიკას დღესაც იყენებენ ბერძნები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ვერსალის ზავის დროს, საბერძნეთში ერთადერთი ნორმალური ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც დააპირა სწორი კურსის აღება, მაგრამ ისე მოხდა, რომ საბერძნეთის იმდროინდელი მეფე, ახალგაზრდა კაცი, თავისი სასახლის ეზოში თამაშობდა მაიმუნთან, რომელმაც უკბინა და რის შედეგადაც დაიღუპა, თორემ ვერსალში უკვე გადაწყვეტილი იყო თურქების გასახლება. და ამ ფაქტმა გადაარჩინა თურქეთი. ანუ ისინი ბერძნების წყალობით გადარჩნენ; მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა, დღევანდელ დღეს რომ დავუბრუნდეთ: ორ სკამზე ჯდომის მცდელობა ძვირად დაუჯდებათ ბერძნებს. მთელი უკანასკნელი წლების განმავლობაში უმთავრესად გერმანიის ხარჯზე მუქთახორულად ცხოვრობდნენ; გერმანიაა ევროკავშირის ეკონომიკური ლოკომოტივი. ბაზალეთის ადგილობრივი მოსახლე მიამბობდა, რომლის ცოლი და ცოლისდა საბერძნეთში მუშაობენ ათი წელია, რომ თითოეული ბერძენი ჩინოვნიკის ოჯახს ორ-ორი ქართველი მოსამსახურე ჰყავს. იმდენი სახელფასო შემოსავალი აქვს რიგით ინჟინერსა თუ ბუღალტერს, ოჯახში არაფერს აკეთებენო. ბერძენ დიასახლისს ცოცხს ვერ მოაკიდებინებდი ხელს, იყვნენ სახლში, თვეში ერთხელ იტალიაში მიდიოდნენ საყიდლებზეო. მაგრამ რის ხარჯზე?! ევროკომისიის ორი დასკვნა წავიკითხე ჯერ კიდევ შარშან და თვალებს არ ვუჯერებდი. წარმოგიდგენიათ, სახელმწიფო დაწესებულების კურიერი, რომელსაც 2 000 ევრო ჰქონდა თვეში ხელფასი, დანამატს იღებდა იმისთვის, რომ ერთი ოთახიდან მეორეში გაიტანდა დოკუმენტს. რამდენჯერაც თავის დროზე მივიდოდა სამსახურში საჯარო მოხელე, იმდენჯერ იღებდა დანამატს ევროკავშირის ხარჯზე. საბერძნეთს 70 მილიარდი ევრო ჩამოაწერეს ერთხელ.
– ახლაც, რეფერენდუმის შემდეგაც მოითხოვეს ვალის 30 პროცენტის ჩამოწერა.
– დიახ, ახლაც ითხოვენ ვალის ნაწილის, 100 მილიარდზე მეტი ევროს ჩამოწერას. ასეთი რამ 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია. ამიტომაც ყველაზე მკაცრად იქცევიან გერმანელები, როდესაც ბერძნებს მიუთითებენ, რომ უნდა შემოიჭირონ ქამრები. არანაირი პრემიები და დანამატები, არანაირი წამახალისებელი ფონდები და მართლაც რეალური რეფორმები. მაგრამ ხომ ნახეთ, რას აკეთებენ საპასუხოდ ბერძნები?! რუსეთში ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისიდან არის ასეთი გამონათქვამი: ეშმაკია, როგორც ბერძენი და თვით ჰიტლერმაც კი იწვნია ეს თავის თავზე. როდესაც გაირკვა, რომ 1944 წელს ბერძნული წარმოშობის ადმირალი კანაპისი შეთქმულებაში იღებდა მონაწილეობას. ჰიტლერმა პირდაპირ თქვა: ბერძენს როგორ ვანდობდი დაზვერვასო?! აი, ასეთი რეპუტაცია აქვთ ბერძნებს აგერ უკვე ორასი წელია. მართალია, მათ 5 ივლისს ევროზონას უარი უთხრეს, მაგრამ მეორე დღეს ციპრასმა თქვა, ეს არ არის ნიშანი იმისა, რომ ევროპიდან მივდივართ, ჩვენი არჩევანი ევროპაა, მაგრამ ეს ვალი უნდა ჩამოგვაჭრან და კიდევ უფრო მეტი დახმარება მოგვცენო. ეს ყველაფერი შეიძლება, ირონიულად აღვექვა, რომ არა ის, რომ ჩვენ დაგვიბრუნდება ძალიან ცუდად. ვინაიდან ხშირად კეთდება განცხადებები, რომ აჩქარდა ევროპა და მისი ბოლო გაფართოება ისე მოხდა, რომ ამ გაფართოებისთვის მოუმზადებელი ქვეყნები აღმოჩნდა ევროკავშირში და ამ მწარე გაკვეთილის შედეგი იქნება ის, რომ ასჯერ მეტი სიფრთხილითა და უნდობლობით მოეკიდებიან ახალი ქვეყნების პრეტენზიებსა და სურვილს, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ამ ქვეყნებში კი, უპირველესად, იგულისხმებიან უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. ბერძნებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გასავლელი გზა ათეულ ათასობით კილომეტრით გაგრძელებულიყო. ეს კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა ევროკავშირისთვის, მაგრამ მეორე საკითხია, რა გაკვეთილს გამოიტანს აქედან ჩვენი ხელისუფლება, რამდენად ადეკვატური იქნება.
– და რა გაკვეთილი უნდა გამოიტანოს?
– ის, რომ არ შეიძლება, მხოლოდ რიტორიკის დონეზე აღიარებდე ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებს; რომ ევროპელობა გეგონოს მხოლოდ გეი-აღლუმები; ევროპელობა მოუმზადებლად და შედეგების გაუთვალისწინებლად რეცეპტების სისტემის შემოტანა, რასაც მოჰყვა წამლების გაძვირება და კიდევ უამრავი სხვა რამ. როდესაც დღეს ეგრეთ წოდებული ექსპერტები აცხადებენ, რომ რეფერენდუმით ბერძნებმა აირჩიეს თავისუფლება, უარი თქვეს ევროპის დიქტატზე, ეს არის ან სრული უვიცობა, ან საზიზღარი დემაგოგია. ჩვენი საზოგადოება აი, ასეთი რეაგირებით, ცალკეული ექსპერტების, პოლიტიკოსებისა თუ ათასი უვიცის, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ძალიან შორს ვართ ნამდვილი ევროპისგან. ნუ გვგონია ევროპელობა ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაშვება, ისევე, როგორც გასული საუკუნის 20-ან წლებში ქართველ რევოლუციონერებს რევოლუციონრობა ეკლესიების ნგრევა ეგონათ. ევროპელობა დეკორაცია არ არის, ევროპელობა, უპირველესად, არის ისეთი ფასეულობები, რომლებიც, მაგალითად, გამორიცხავს ნეპოტიზმს. გახსოვთ ჩვენი პარლამენტის აგრესია ნეპოტიზმის წინააღმდეგ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. არადა, ევროპაში ვერ ნახავთ, რომ პარლამენტარის ოჯახის წევრი მას შემდეგ, რაც ის პარლამენტის წევრი გახდა, დანიშნულიყოს რამე თანამდებობაზე. მაგრამ ვინ არის ამ გაკვეთილის გამომტანი?! ამდენი ხანია, საბერძნეთის ეპოპეა მიმდინარეობს და ჩვენს პრესაში მეტნაკლებად ანალიტიკური წერილი არ წამიკითხავს საბერძნეთის მოვლენებზე. ეს იმას ჰგავს, როდესაც 2012 წლის არჩევნებში გააკეთეს არჩევანი იმ იმედით, რომ მუშაობა აღარავის დასჭირდებოდა, სტუდენტები აღარ ისწავლიდნენ, არავინ არაფერს გააკეთებდა და ივანიშვილი თავის ფულს დახარჯავდა. საბერძნეთიც ასე იყო: ევროკავშირში შევედით და ამიტომ მხოლოდ ევროკავშირის ფული უნდა ვხარჯოთ, სხვა არაფერი აღარ გვევალებაო. ამდენად, ქართველი საზოგადოება დიდად არ განსხვავდება დღევანდელი ბერძენი საზოგადოებისგან. ძალიან ბევრი საერთოა. ისინიც მამა-მარჩენლის შემყურენი იყვნენ, ოღონდ იქ მამა-მარჩენალი იყო არა ერთი პიროვნება, როგორც ჩვენთან, არამედ –  მთლიანად ევროკავშირი.
– თუმცა მეორე საკითხია, რომ ბერძნებს ასეთი მიდგომა გასდიოდათ ამდენი წელია და ესეც გაუვათ, ალბათ.
– ბერძნებს გასდით იმიტომ, რომ იარაღად აირჩიეს ისეთი უსინდისო ფაქტორი, როგორიცაა შანტაჟი. ბერძნებმა ევროპას უთხრეს, აი, რუსეთი, აი, ჩინეთი, ანუ ჩვენ არჩევანი გვაქვს და, თუ თქვენ არ მოგვცემთ ფულს, ფულს მოგვცემს პუტინი, ჩინეთი, მაგრამ ჩინეთი არაფერს მისცემს მათ.
– პუტინი საიდან მისცემს?
– პუტინი ცოტა ფულს მისცემს. ხომ იცით, როგორაა რუსეთი მოწყობილი: შიმშილი იყო საბჭოთა კავშირში, მაგრამ ანგოლას, ეთიოპიას, კუბასა და ვიეტნამს მილიარდებს აყრიდნენ. საბჭოთა კავშირს კუბა ყოველდღიურად 3 მილიონ დოლარამდე უჯდებოდა და ვიეტნამი კი ომის დროს, განსაკუთრებით მწვავე პერიოდში, 4 მილიონი უჯდებოდა ყოველდღე. პუტინიც ასეა: ოღონდ ერთი მოკავშირე იშოვოს რუსეთმა ევროპაში და გაიჭირვებს. რასაკვირველია, რუსეთში შიმშილი იქნება, მაგრამ ხომ ხედავთ, რას ამბობენ: უარესსაც ავიტანთო და, მართლაც, აიტანენ, მაგრამ რამდენიც სჭირდება საბერძნეთს, იმდენ ფულს ვერ მისცემს რუსეთი. შეიძლება, ერთი-ორი მილიარდი მისცენ უვადო და შეღავათიანი კრედიტი, მაგრამ დღეს საბერძნეთის ვალი ევროპისადმი 364 მილიარდი ევროა. ბერძნები ითხოვენ ამ ვალის 30 პროცენტის ჩამოწერას, თუმცა მერკელმა პირდაპირ თქვა, რომ ჩამოწერების დრო დამთავრდა, 70 მილიარდის ჩამოწერა იკმარეთ. ამიტომ, რატომღაც, იმედი მაქვს, რომ ეს შანტაჟი ციპრასს დღეს არ გაუვა და ის ცუდად დაამთავრებს. დაპირებები კარგია, მაგრამ დღეს უკვე თვითონ ევროპასაც ამოუვიდა ყელში შანტაჟი და ცინიზმი. ასე რომ, ბერძნები არსად წამსვლელები არ არიან და, ალბათ, ევროზონაშიც დარჩებიან. გამოინახება კომპრომისი. შეხვედრები შედგა, სადაც უნდა განიხილონ ბერძნების წინადადებები და ევროკავშირის კონტრწინადადებები, ოღონდ არ მგონია, ციპრასის შანტაჟს აჰყვეს მთელი ევროპა.
– შეიძლება, საბერძნეთმა ტროას ცხენის როლი შეასრულოს ევროკავშირისთვის რუსეთის სასარგებლოდ?
– არ მგონია, საბერძნეთის კრიზისი იმდენად ღრმაა. ეს რომ მომხდარიყო 5-6 წლის წინათ, მაშინ რუსეთი შეძლებდა საბერძნეთის თავის კმაყოფაზე აყვანას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ან იმ დონის დახმარების გაწევას, რომ ციპრასს ევროკავშირის შანტაჟისთვის უფრო მეტი რესურსი ჰქონოდა. მაგრამ ახლა ევროკავშირში მშვენივრად იციან, რომ, თუ ციპრასს გაუვა ეს შანტაჟი, იმავეს მოითხოვს პორტუგალიაც, ესპანეთიც და იტალიამაც შეიძლება, მოითხოვოს, მსურველთა რიგი გრძელია. სხვის ხარჯზე ცხოვრების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია ევროპაში, ძირითადი ეკონომიკური ტვირთი კი მოდის გერმანიასა და საბერძნეთზე. ინგლისი, ხედავთ, თავად იმუქრება რეფერენდუმით. მე ვფიქრობ, რომ ამ კრიზისიდან მოიგებს სწორედ ინგლისი და კემერონი შეძლებს თავისი მოთხოვნების გატანას რეფერენდუმის გარეშეც კი. იმიტომ რომ ბრიუსელი იძულებული გახდება, დათმობებზე წავიდეს ინგლისთან მიმართებაში, ვინაიდან საბერძნეთმა ძალიან ცუდი როლი შეასრულა. ამ ბერძნული დემარშის შედეგი უკიდურესად ღრმა იქნება და ამას, უპირველესად, საკუთარ თავზე იგრძნობენ ის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ მათ ხვალ-ზეგ ევროკავშირში მიიღებენ. იგივე სერბები, რომლებსაც ასეთი პირობა წაუყენეს: თუ სერბეთი აღიარებს კოსოვოს, სერბეთსაც და კოსოვოსაც მიიღებენ ევროკავშირში. როგორც ჩანს, ეს პროცესი შეფერხდება. ლაპარაკი აღარ არის უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე. თუმცა მოლდოვას რაღაც შანსი რჩება, უკრაინა და საქართველო  კი უფრო მძიმე დღეში არიან, ამიტომ ჩვენ უფრო მკაცრ რეფორმებს მოგვთხოვენ. ერთი მხრივ, შეიძლება, ეს კარგიც იყოს, რადგან რეალური რეფორმების გატარება იქნება აუცილებელი და იმედი მაქვს, რომ ამ რეალურ რეფორმებში ნეპოტიზმის აღმოფხვრაც მოხვდება.

скачать dle 11.3