კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (102)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

როგორ დაემშვიდობა კარპო ენუქიძე გარდაცვალებამდე ოჯახს, დედის რა ოცნების ასრულება უნდოდა მარიამ ქუთელიას და როგორ იხსნა დედამ შვილი სიკვდილისგან

13 ივნისს თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მდინარე ვერეს ადიდებით გამოწვეულმა ღვარცოფმა ხეობა წალეკა და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს წერტილი დაუსვა. გარდა ამისა, უსახლკაროდ დატოვა მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლები, დატბორა ზოოპარკი და ცხოველთა უმეტესობის სიცოცხლეც შეიწირა.

განსაკუთრებით დაზარალდა ქუჩა, რომელიც აკადემიკოს გივი სვანიძის სახელს ატარებს. ეს ამბავი მართლაც ბედის ირონიას ჰგავს, რადგან, გივი სვანიძის მთელი მოღვაწეობა იმ პრობლემატიკას ეხება, რაც ამ ტრაგედიის მიზეზი გახდა – იგი სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისმა გამოკვლევებმა დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში.

სტიქიამ იმსხვერპლა, დებ ზარანდიების – 25 წლის ლიზის და 22 წლის ინდირას სიცოცხლე. მათთან ერთად იმყოფებოდა სერგო კაპანაძე, რომელიც, სავარაუდოდ, ლიზის შეყვარებული იყო. ახალგაზრდები სახლში ტაქსით მიდიოდნენ და გმირთა მოედანზე მათთან კონტაქტი გაწყდა. გოგონების ცხედრები  იპოვეს, კაპანაძისა და ტაქსის მძღოლის ჯერჯერობით – ვერა.

 

ნათია ბერაძე (ინდირა ზარანდიას ახლო მეგობარი): ინდი ორი წლის წინ „ილიაუნში“ გავიცანი – პოლონურის ჯგუფში ერთად ვიყავით.  ინდირა პოლიტოლოგიას სწავლობდა. პირველივე დღიდან გამოირჩეოდა. „უნიფუდში“ ჩავედით და იმ დღესვე მოგვიყვა თავისი ცხოვრების ისტორიები ბავშვობის რთული პერიოდების შესახებ. სევდიან ამბებს გვიყვებოდა, მაგრამ, იმდენად მხიარულად და ხალისიანად, რომ ჩვენც გადმოგვდო ეს განწყობა. ინდირას მოწყენილს ვერასდროს ნახავდით. ფეხზე რაღაც პრობლემები ჰქონია და რამდენიმე ოპერაცია გაუკეთებია. აბიტურიენტობის დროს, თურმე, საერთოდ ვერ დადიოდა. მასწავლებლებთან არ მომზადებულა, სულ თავისით ჩააბარა. ძალიან ჭკვიანი იყო. საკუთარ თავზე სევდიან ამბებს რომ გვიყვებოდა და ჩვენს ნაღვლიან სახეებს დაინახავდა, გვეუბნებოდა – კარგი ახლა, მეც არ ამატიროთო. მესამე წელია, რაც ვიცნობ და მოწყენილი ერთხელაც არ მინახავს. პოლონეთში ერთად წასვლას ვგეგმავდით, თუმცა, ინდიმ ვერ მოახერხა. ერევანში ვიყავით გასაუბრებაზე და იქ პოლონელებს მოუყვა – სახელი ინდირა განდის პატივსაცემად დამარქვესო. ყველგან ამას ამბობდა და სულ იმეორებდა: აი, ნახავთ, ერთ დღეს მეც გავხდები ცნობილი და პოპულარულიო. ახლა, როცა ვხედავ, რომ ყველა მასზე ლაპარაკობს და მისი ფოტოებითაა ინტერნეტი სავსე, სულ ეს სიტყვები მახსენდება. გახდა ცნობილი, მაგრამ, რის ფასად?! ყველასგან გამორჩეული იყო, საოცრად ენერგიული. სწავლობდა, ორგან მუშაობდა. იცით, ალბათ, რადიო „საქართველოს ხმაში“ მუშაობდა. ერთი საათი რომ მაქვს შესვენება, მაშინ ვფიქრობ, რა გავაკეთო, რომ გული არ გამისკდესო. იმდენად აქტიური იყო, გაჩერება და ტყუილად ყოფნა არ შეეძლო.

იმ დღეს ზოლებიანი კომბინეზონი ეცვა და იმით ვიცანი ცხედარი. ინდის 4 ივლისს აქვს  დაბადების დღე, მე – 5-ში. შარშან გვინდოდა, ერთად აღგვენიშნა, მაგრამ, ჩაიშალა ეს გეგმა – ირაკლიმ (ინდირას შეყვარებულმა) სიურპრიზი მოუწყო: მთაწმინდაზე აიყვანა და იქაურობა ლამაზად გაუფორმა. ახლაც მოუთმენლად ელოდა ამ დღეს. გიჟდებოდა, ისე უყვარდა საკუთარი დაბადების დღე. რატომ გიყვარს-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა: მე კი არა, ჩემი დაბადების დღე მთელ მსოფლიოს უნდა უყვარდეს, ასეთი რომ ვყავარო. საჩუქრებზე გიჟდებოდა, გვაფრთხილებდა – ჩუქება არ დაგავიწყდეთო. ყველას უყვარდა, მათაც კი, ვისაც ერთხელ ჰყავდა ნანახი. თვითონაც ყველა უყვარდა, ირაკლი – განსაკუთრებით. მახსოვს, ინსტიტუტში რომ მოვიდა ემოციებით სავსე. ხელებით (ჟესტებით) ლაპარაკობდა და თავის ულამაზეს თმას ყოველ წუთას უკან იწევდა – ეს ჩვევად ჰქონდა. შემოფარფატდა და გვითხრა: ბავშვებო, რაღაც უნდა მოგიყვეთო და ირაკლის შესახებ გვიამბო. მაშინ ახალი დაწყებული იყო მათი ურთიერთობა და, ამბობდა, კარგი ბიჭი ჩანსო. ახლა უკვე დიდი გეგმები ჰქონდათ. ირაკლი ხშირად აკითხავდა სამსახურში. ერთად აგროვებდნენ ფულს – ბინის ყიდვა უნდოდათ და მერე დაქორწინებას აპირებდნენ. ახლა ორივე მაგისტრატურაში აპირებდა ჩაბარებას. ათასი გეგმა ჰქონდათ. ინდის დას შორიდან ვიცნობდი. ერთხელ ინდი მეტროში შემხვდა, და-ძმა ახლდა თან – მთელი ოჯახი კინოში ვიყავითო. განსხვავებული დაძმობა ჰქონდათ. ინდის და ლიზას ლუკა განსაკუთრებით ჰყავდათ განებივრებული – პატარაა, 13 წლის. ლიზა სტომატოლოგი იყო. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. ლიზა წყნარი, დინჯი და უთქმელი გოგო იყო; ინდი – პირიქით, ქარიშხალივით იყო, სულ ბორგავდა. პატარა ძმას, ლუკას სულ ამაიმუნებდა, ფოტოებს უდებდა ხოლმე. ერევანში რომ ვიყავით, მისთვის უამრავ საჩუქარს არჩევდა. ძალიან გამხდარი იყო და სულ ამბობდა, ახლა ბევრი უნდა ვჭამო, რომ წონაში ცოტა მოვიმატოო. ერთადერთი, რაც შეიძლება დამიწუნონ, სიგამხდრეაო. მასთან გატარებული ყოველი წამი კურიოზი იყო, თან, სულ ანეკდოტებს ყვებოდა. ჩვენ რომ რამეზე ვწუწუნებდით, ის დაგვცინოდა. თვითონ არასდროს არაფერზე ჩიოდა, სულ ლაღი იყო. სულ ლაპარაკობდა... სულ სადღაც ეჩქარებოდა...

დღეს დილით, 6 საათზე (ინტერვიუ ჩაწერილია 18 ივნისს), მისი დის – ლიზას ცხედარი იპოვეს ზოოპარკის ტერიტორიაზე. იმდენად დასახიჩრებული იყო, რომ საათით ამოიცნეს. საკუთარ სახლში გადაასვენეს და ორივე დას შაბათს დაკრძალავენ. ასეთ დროს, ალბათ, ადამიანებს რაღაც ძალა ეძლევათ და მაგრდებიან. წარმოიდგინეთ, ახლა, მათი დედა რა მდგომარეობაშია – ორი შვილი, ორი გოგონა უწევს წინ... ორივე გარდაცვლილი.

სტიქიის მსხვერპლი გახდა 24 წლის ივლიტა ჯიბუტი, რომელიც 5 თვის ფეხმძიმე იყო. ის მღვდლის, მამა გიორგის ქალიშვილია. გოგონა ვერეს ხეობაში მეუღლესთან, დავით სიხარულიძესთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედიის ღამეს მასთან მეგობარი, მარიამ ქუთელია იმყოფებოდა – გოგონები ერთად ემზადებოდნენ გამოცდებისთვის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალდიდობისგან თავის დასაღწევად სამივე ასულა სახლის სახურავზე. დავითი გოგონებს იჭერდა, მაგრამ სტიქიამ იმძლავრა და გოგონები ხელიდან გამოსტაცა. სამივენი წყალში ჩაცვივდნენ. ბიჭი გადარჩა, გოგონები – ვერა. მათი ცხედრები რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს.

ირმა გეგეჭკორი (მარიამ ქუთელიას ნათლია): იმ დღეს, როცა ეს უბედურება მოხდა, მარიამის დის დაბადების დღე იყო. მარიამმა დას ბოდიში მოუხადა – ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს და მეგობართან უნდა წავიდეო. ივლიტა ჯიბუტთან წავიდა. ერთი კვირით ადრე აფრთხილებდა თურმე, შაბათ-კვირას უამრავი სამეცადინო მაქვს, და შენს დაბადების დღეზე დიდხანს ვერ დავრჩები და, გთხოვ, არ გეწყინოსო. მეგობრიდან დედამისს ელაპარაკა ტელეფონით. დედამ თქვა, ძალიან მხიარული ხმა ჰქონდაო („ვუთხარი: დედიკო, ორი კვირა დარჩა და მერე ჩიტივით თავისუფალი იქნები-მეთქი,” – იხსენებდა დედა). სულ მეცადინეობდა, ღამეები არ ეძინა. სკოლა წარჩინებით დაამთავრა. უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი გრანტით მოეწყო. პრეზიდენტის ოთხგზის სტიპენდიანტი იყო. თსუ-ში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და, იმდენად წარმატებული იყო, მეორე კურსიდან სემინარებს უტარებდა ბავშვებს. უნივერსიტეტის 10 საუკეთესო სტუდენტს შორის იყო. მაგისტრატურაში ეკონომიკის განხრით განაგრძო სწავლა და იქაც სულ საუკეთესოთა ათეულში იყო. მაგისტრატურაშიც უფასოდ სწავლობდა.

მარიამი ობლობაში გაზრდილი ბავშვი იყო – მამა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, უმცროსი და 1 წლის ჰყავდა. დედამ გოგონები მარტომ გაზარდა და თავდაუზოგავად შრომობდა, რომ შვილებისთვის განათლება მიეცა. ბავშვიც უკვე პიკზე იყო: მაგისტრატურას ამთავრებდა, სამსახური გარანტირებული ჰქონდა. ჩეხეთში წასასვლელად დაფინანსებაც მოიპოვა. ორი კვირაღა აშორებდა წარმატებულ ფინიშამდე. 5 ივლისს ბანკეტი ჰქონდათ დანიშნული და უცებ ეს ტრაგედია მოხდა. სახურავზე ივლიტასთან და მის მეუღლესთან ერთად მდგარა. ბიჭი ბოლომდე იბრძოდა მათ გადასარჩენად, 45 წუთი ითხოვდა შველას: მაშველებთან რეკავდა, კიოდა, ტიროდა, ახლობლებს ურეკავდა, ყველაფერი სცადა, მაგრამ... ასე საშინლად დასრულდა ლამაზი სიცოცხლე.

მას მთელი ქვეყანა უყვარდა. ზერელე გრძნობები არ ახასიათებდა. ცაც უყვარდა და მიწაც. სიცოცხლეს ეტრფოდა. ძალიან თავმდაბალი იყო. უამრავი წარმატების მიუხედავად, საკუთარ თავზე ლაპარაკი ეუხერხულებოდა. დიდი სამეგობრო ჰყავდა და ყველასთან საოცარი ურთიერთობა ჰქონდა. ყოველთვის ღიმილიანი და ხალისიანი იყო. 

არაჩვეულებრივ ლექსებს წერდა. საოცარი ლექსი აქვს გარდაცვლილ მამაზე დაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ, ალბათ, კარგად არც კი ახსოვდა – მაშინ ხომ 4 წლის იყო. მამამისი 33 წლის გარდაიცვალა. მხატვარი იყო – დათო ქუთელია, არაჩვეულებრივი ადამიანი. ზუგდიდში სამხატვრო სკოლის დირექტორი იყო. ავადმყოფობამ აჯობა და ლიმფური ჯირკვლების ანთებით გარდაიცვალა. როცა ცუდად იყო, მახსოვს, ძალიან პატარა მარიამი ხატებთან იჯდა და მათ შესთხოვდა – ღმერთო, მამიკო გადამირჩინეო, მაგრამ, ვერც მაშინ გადაარჩინა ღმერთმა მამამისი და ვერც ახლა – თვითონ მარიამი. ყველაფერში გამორჩეული, ალბათ, სიკვდილმაც გამოარჩია და წაიყვანა. ის საოცარი გოგო იყო ბუნებით თუ განათლებით. ოცნებობდა, უბედური ცხოვრებით გამწარებული მარტოხელა დედა გაეღიმებინა. ჩემი ოცნებაა, დედა გავახარო და მის თვალებში ბედნიერების სხივი დავინახოო, – ამბობდა ხოლმე, მაგრამ, ყველაფერი პირიქით მოხდა. თბილისში სტუდქალაქში ცხოვრობდა დასთან ერთად. დედა ზუგდიდში იყო. გოგონა არაჩვეულებრივად ცეკვავდა, მღეროდა და ხატავდა. ერთი ნახატი აქვს, თითქოს სიკვდილს გადმოსცემსო: ერთ მხარეს შავით შემოსილი ქალი და აქეთ – ნათელში მყოფი გოგონა. სულის შემძვრელი ნახატია. არ ვიცი, თავის თავს გულისხმობდა თუ...  ოჯახის შექმნას არ ჩქარობდა. მამიდამისიც აღნიშნავდა, რომ სწავლა მისთვის სიამოვნება იყო და არა მოვალეობა. 

1990 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. უბის წიგნაკში მიწერია ეს თარიღი და ახლახან მივწერე: მარიამ, შენ რომ დაიბადე, ჩემს წიგნაკში ჩანაწერი გაჩნდა – 1990 წლის 10 სექტემბერს დაიბადა ჩემი პირველი სიხარული – მარიამი-მეთქი და ძალიან გაუხარდა. ძალიან მგრძნობიარე გოგონა იყო. 

გვამი რომ იპოვეს, იდენტიფიკაცია მალე ვერ მოხერხდა. იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ მონიტორზე დამ და ბიცოლამ ვერ იცნეს. მერე დნმ-ის ანალიზი უნდა ჩატარებულიყო და ამ შემთხვევაში ხუთი დღე ვერ მოხერხდებოდა მისი წამოსვენება. ისევ დედამ გაბედა და შევიდა. შევიდა და ფეხის ფრჩხილებით იცნო თავისი შვილი. 

განსაკუთრებული დედაშვილობა ჰქონდათ. დედამისი მიყვებოდა: მის ხმას რომ გავიგონებდი, ვხვდებოდი, როგორ ხასიათზეც იყოო. დღეში ათჯერ-ოცჯერ ვურეკავდი და სულ მეუბნებოდა: დედა, არ მცალია, ვმეცადინეობო, მაგრამ მე მაინც ვერ ვისვენებდი. იმ საღამოს კი იმდენად კარგად დამელაპარაკა, მშვიდად დამეძინაო. ამას სასწაულად განიცდის – ჩემს შვილს უჭირდა, შველას ითხოვდა, მე კი ვერაფერი ვიგრძენიო. ახლა მისი მდგომარეობის აღწერა შეუძლებელია. სათაყვანებელი შვილი, რომელსაც ყველა ფიქრსა და ოცნებას უკავშირებდა, დღეს აღარ ჰყავს. მისი იმედები წყალმა წაიღო. ამბობდა, ასაფრენად არის მზადო და, სწორედ ამ დროს, ასე ტრაგიკულად შეწყდა მისი სიცოცხლე.

თამუნა ჯაბუა (მარიამ ქუთელიას მამიდაშვილი): „მარიამმა ბიძაშვილს დაურეკა, მაშინ, როცა სახურავზე იდგა და გადარჩენას ცდილობდა ივლიტა ჯიბუტთან და მის მეუღლესთან ერთად. ბიძაშვილი ამ დროს ქალაქგარეთ იმყოფებოდა, თბილისში მისი ძმა იყო და მას სთხოვა, მარისთვის ეშველა. ორი-სამი წუთის შემდეგ მარი ხაზზე აღარ იყო – ეს უბედურება უკვე მომხდარიყო. მთელი ქვეყანა ფეხზე იდგა და მის ცხედარს ეძებდნენ. იპოვეს კიდეც და შაბათს მიწას მიაბარეს. ის მე ცნობიერების ჩამოყალიბების პირველი წლებიდან მახსოვს. ერთ მუცელში არ ვყოფილვართ, მაგრამ, დებივით ვიყავით. მასზე ცუდის თქმა არავის შეუძლია. დიდი მიზნები ჰქონდა და მის მისაღწევად ძალიან ბევრს მეცადინეობდა. ობლობაში იყო გაზრდილი და, უნდოდა, დედის გული გაეხარებინა. მისით ქუთელიების გვარი ამაყობდა. რომ ვეტყოდი – მარი, შენ ქუთელიების სიამაყე ხარ-მეთქი, თავს დახრიდა და მეტყოდა: თამუნა, ნუ მაწითლებო. ძალიან თავმდაბალი იყო.

გარდაცვლილ ადამიანთა შორისაა ზოოპარკის სამი თანამშრომელი. ერთ-ერთი მათგანია გულიკო ჭიტაძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ვეფხვმა მიაყენა ზიანი. ის საავადმყოფოდან რამდენიმე დღის გამოსული იყო და სტიქიის დროს მეუღლესთან ერთად ზოოპარკის ტერიტორიაზე გარდაიცვალა. მესამე გარდაცვლილი კი გივი დვალია, რომელსაც, არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, გურამ დოჩანაშვილმა მოთხრობა „გივიზე“ უძღვნა.

ფატი ენუქიძე (გარდაცვლილი კარპო ენუქიძის შვილი): მე ზესტაფონიდან ვარ, მაგრამ ახლა ბავშვი იყო ცუდად და ბოლო პერიოდში აქ ვიყავი. ჩემი ოჯახი წყნეთის ხევში იყო, როცა ეს უბედურება მოხდა. ყველანი იქ ვიყავით. როგორც იცით, ამ ტერიტორიაზე სტიქია ცოტა ხნის წინათაც დაგვატყდა თავს და მაშინ ჩვენი სახლის პირველი სართული დაიტბორა. მთავრობამ გამოგვიყვანა და ნაქირავებ ბინაში გადავედით. იმ სახლში კი მშენებლობა გვქონდა და შიგნით მასალებს ვინახავდით, ამიტომ, ვდარაჯობდით. იმ დღესაც ამიტომ იყო მამაჩემი იმ სახლში. ოჯახში 13 სული ვიყავით, მათ შორის – 7 ბავშვი: ჩემი და და ჩემი დედმამიშვილების შვილები. იმ დღეს მოხდა ყველაფერი. როცა წყალი შემოვარდა, მამიკო ჩვენს სახლში ჩარჩა, ჩვენ კი ნაქირავებში ვიყავით. ჩემმა მეუღლემ სასწრაფოდ გამოგვიყვანა და გადაგვარჩინა, მაგრამ მამიკოს ამოყვანა ვეღარ მოასწრო – ძალიან ძლიერი ნაკადი მოვარდა და ვეღარ შეძლო. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ მოწყვიტა წყალმა ჩვენი სახლი და წაიღო. მამიკოც თან გაიყოლა. მას ხელში ბატარეა ეჭირა და ვხედავდი, როგორ მიჰქონდა წყალს. ძალიან მიჭირს ამის გახსენება, ენით აუწერელია ეს ტკივილი. მე, ჩემი მეუღლე და ჩემი ძმა დავედევნეთ, მაგრამ ვერ დავეწიეთ და ვერც დავეხმარეთ. სამი შვილი და შვილიშვილები დატოვა. 58 წლის იყო. როცა წყლის ნაკადმა იმატა, ვეხვეწებოდით – მამიკო, გამოდიო. არა, ძალიან არ მოიმატებს წყალი, აქ დავრჩებიო. როცა წყლის დონემ ძალიან იმატა, დედიკოს დაურეკა და უთხრა: ანიკო, ყველას გემშვიდობებით, ბავშვებს და შვილიშვილებს მიმიხედეო. დედა კიოდა – რომ გეუბნებოდით, რატომ არ გამოხვედი... ხომ გეხვეწებოდით, რატომ არ გამოჰყევი ხალხსო. მამამ უთხრა: ყველას მიმიხედეთ, არ მეგონა, თუ ასე მოდიდდებოდა წყალი, გემშვიდობებითო და აქ შეწყდა კავშირი. მერე უკვე ვხედავდით, როგორ მიჰქონდა სახლი წყალს, როგორ ტრიალებდა ყველაფერი და როგორ ყვიროდა მამიკო, მიშველეთო, მაგრამ, ირგვლივ ყველაფერი ისე მძვინვარებდა, მშველელი არავინ იყო, არავის შეეძლო მისი გადარჩენა. ცხედარი მესამე დღეს, სამშაბათ საღამოს იპოვეს მზიურთან ახლოს და კვირას დავკრძალეთ.

გოდერძი ფილიშვილი (გარდაცვლილი ნინა ფილიშვილის მეუღლე): მე ოჯახთან ერთად სვანიძის ქუჩაზე ვცხოვრობდი. როცა ეს ტრაგიკული მოვლენები დაიწყო, სამსახურიდან მოვდიოდი. მეტროდან პირველის თხუთმეტ წუთზე ამოვედი. ზემოთ უკვე ცუდი მდგომარეობა იყო. სახლში გადავრეკე და ჩემმა პატარა ბიჭმა მიპასუხა. ნიკო, რა ხდება-მეთქი, ვკითხე. მითხრა, წყალი შემოგვივიდაო. სახლში ცოლი და ცოლისდა იყვნენ და ტელეფონში მათი კივილის ხმა გავიგონე. მოვდივარ-მეთქი, – ჩავყვირე ყურმილში, თუმცა, ისეთი სიტუაცია იყო, ვერ მივდიოდი. საკუთარი ოჯახის შველა არ შემეძლო. მერე როგორღაც მოვახერხე იქამდე მიღწევა, მანამდე კი მთელი გზა ვცდილობდი ოჯახთან დაკავშირებას, თუმცა, ამაოდ – არავინ მპასუხობდა. იქ მისულს საშინელ სურათი დამხვდა – ყველაფერი წყალს მიჰქონდა: სახლები, მანქანები, ხეები, ადამიანები... როგორი განცდა იქნებოდა, თავად წარმოიდგინეთ. ვიფიქრე, დამთავრდა ყველაფერი-მეთქი. ჩემი სახლის სახურავიც კი აღარ ჩანდა. გამწარებულმა ბავშვის ძებნა დავიწყე. ვიღაცამ მითხრა, ნუ გეშინია, ბავშვი ცოცხალიაო. დავინახე, რომ საცვლების ამარა, გაწუწული იჯდა მანქანაში. მივხვდი, რომ მეუღლე აღარ იყო – სახლში ჩარჩენილა. შესვლას აზრიც აღარ ჰქონდა და შეუძლებელიც იყო. მერე მაშველებიც მოვიდნენ. მეზობლის ბავშვები სახურავზე იდგნენ და წყლის დონეს ერთი-ორი სანტიმეტრი აშორებდათ. მათი გადარჩენა ძლივს მოახერხეს. ჩემი შვილი ალეკოს და მიშას (ცოლის დისშვილი) გამოუყვანიათ. მერე ისე სწრაფად მომხდარა ყველაფერი... წყალს უცებ მოუმატია და კარი ჩახერგილა. ჩემს მეუღლეს ბავშვი გამოუწოდებია ფანჯრიდან და,  მგონი, დასთან შებრუნებულა, თუმცა, ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის.

– მიშა ახსენეთ. ეს ის ბიჭია, რომელმაც ამ ამბის შემდეგ თავშესაფრის უამრავი ძაღლი გადაარჩინა?

– მე ეგ მაშინ არ ვიცოდი. მერე გავიგე, რომ წასულა და გადაურჩენია ძაღლები. სამწუხაროდ, ვერც ჩემი მეუღლე – ნინა ფილიშვილი და ვერც ჩემი ცოლისდა – ჟანა ეგიზაროვა, რომელიც მიშას დედა იყო, ვერ გადაურჩნენ სტიქიას. ნინა 43 წლის იყო, ჟანა – 47-ის. ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობდით: მე, ჩემი მეუღლე, ჩვენი პატარა ნიკუშა, ცოლისდა და მიშა. გეფიცებით, საოცარი ოჯახი გვქონდა. ჩემი მეუღლე ხუთი წუთი ვერ ძლებდა ბავშვის გარეშე. ნიკუშა ერთ წუთს გარეთ რომ იყო, მეორე წუთში უკვე დედას ჰყავდა კალთაში ჩახუტებული. ერთი წუთი რომ მოეფარებოდა თვალს, მაშინვე ეძახდა – ნიკუშა, სად ხარო. ერთ ამბავში იყო. გადაარჩინა კიდეც თავისი პატარა ნიკუშა – ალეკოს მიაწოდა, თავისი ბიძაშვილის ქმარს. ღმერთო, ორივე ბიჭი, ნიკუშაც და მიშაც, მაგან გადამირჩინა. ნიკუშა 11 წლისაა, მიშა – 15-ის. ბავშვები ძალიან განიცდიან ამ ყველაფერს. ნიკუშა გვიყვება: დედიკომ ხელში ამიყვანა და გარეთ გამომიყვანა, მერე ჟანასთან მიბრუნდა, მაგრამ ვეღარ გამოვიდაო. აღარაფერი გამაჩნია. ოჯახის წევრების გარდა, სახლ-კარიც დავკარგე. ყველაფერი განადგურებულია. საუბედუროდ, სახლში დროზე მისვლა ვერ მოვასწარი. ფეხი მაქვს მოტეხილი და ხელს ესეც მიშლიდა.

скачать dle 11.3