რატომ მოკლა ქმრის დაჭრასა და გაძარცვაში ბრალდებულმა ქალმა საყვარელი და რა ალიბი შეიქმნა მან » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

რატომ მოკლა ქმრის დაჭრასა და გაძარცვაში ბრალდებულმა ქალმა საყვარელი და რა ალიბი შეიქმნა მან

49 წლის ლელა ფ-ია მეგობარი მამაკაცის მკვლელობისთვის დააკავეს.  ის წარსულში ძარცვისა და მამაკაცის დაჭრისთვის იყო ნასამართლევი. იმის მიუხედავად, რომ ქალი ჩადენილ ბრალს არ აღიარებდა და მამაკაცს, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, მისი მეუღლე იყო, თვითდაზიანებების მიყენებაში ადანაშაულებდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და  რვა წლით პატიმრობა შეუფარდა.  ციხიდან გათავისუფლებული ლელა ფ-ია ქმართან, რომელთანაც ორი შვილი ჰყავდა, აღარ დაბრუნებულა. მან შვილები მეუღლესთან დატოვა. მამაკაცი ძალიან ხშირად მიმართავდა პოლიციას დაზარალებულის ამპლუაში და აცხადებდა, რომ ყოფილი ცოლი მას ფიზიკურ დაზიანებებს აყენებდა და დაცვას საჭიროებდა. პოლიციის მხრიდან არაერთი  გაფრთხილების  შემდეგ,  ლელა ფ-ია ქმარს ოფიციალურად გაეყარა და ახალი ცხოვრება დაიწყო. ამჯერად მან  პარტნიორად 44 წლის ვლადიმერ ქ-შვილი აირჩია, რომელიც ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მისივე მსხვერპლი გახდა.

 გამოძიებისთვის მომხდარი დანაშაულის შესახებ ვლადიმერ ქ-შვილის მეზობლებისგან გახდა ცნობილი. მათ აღმოაჩინეს სახლში გარდაცვლილი მამაკაცი, რომელსაც ყელში დანით მიყენებული ორი ჭრილობა ჰქონდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება. წინასწარი მოკვლევით დადგინდა, რომ ვლადიმერ ქ-შვილი ნაქირავებ ბინაში მეგობარ ქალთან, ლელა ფ-იასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მამაკაცის ცხედრის აღმოჩენისას ბინაში არ იმყოფებოდა. ის  მოგვიანებით   დაუკავშირდა   მეზობელს, რომლისგანაც „შეიტყო” მომხდარის შესახებ და მას უთხრა, რომ საქმეებზე ბათუმში იყო წასული.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ლელა ფ-იასა და მის მეგობარ მამაკაცს შორის ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბული, კონფლიქტური სიტუაცია იყო. ქალი საყვარელს ისევე აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, როგორც ყოფილ ქმარს. უფრო მეტიც, მეზობლებისა და ვლადიმერ ქ-შვილის შვილის განცხადებით, ვლადიმერი წუხდა, რომ ქალი ძალიან შეიცვალა. ის მას სახლიდან აგდებდა, ეჭვიანობდა და ამის ნიადაგზე ეჩხუბებოდა.  გამოძიებისთვის ცნობილი გახდა საყვარლების დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი – გარდაცვლილის შვილის განცხადებით, ლელა ფ-ია  მამაკაცს გაყიდული აგარაკის ფულს სთხოვდა, რომ მაღაზია გაეხსნა. ვლადიმერ ქ-შვილისგან კი თანხმობას ვერ იღებდა. მამაკაცმა ფული – 6 ათასი დოლარი,  ქალიშვილს ჩააბარა დროებით, სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა მისი მკვლელობის ფაქტიც. 

 სამართალდამცველებმა დაკითხეს ლელა ფ-ია, რომელმაც განაცხადა, რომ ბათუმში მაღაზიის საქმეებზე იმ დღეს, ვლადიმერ ქ-შვილის მკვლელობამდე წავიდა. ჩვენების მიხედვით, მამაკაცი მან სახლში დატოვა. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ ლელა ფ-იას წინააღმდეგ მტკიცებულებების მოგროვება დაიწყო. მათთვის ცნობილი გახდა, რომ  ქალი სახლში ბათუმიდან კი არა, თბილისის სხვა უბნიდან დაბრუნდა და ბათუმში საერთოდ არც ყოფილა. ამას ამტკიცებდა ლელა ფ-იას ნაცნობი ქალბატონი, რომელიც მეზობელს ქუჩაში შემთხვევით გადაეყარა. ლელა ფ-იამ პირველ ჩვენებაში განაცხადა, რომ ვლადიმერ ქ-შვილს ემუქრებოდა მამაკაცი, რომლის ვინაობაც მისთვის  უცნობი იყო.  გარდაცვლილის ახლობლების დაკითხვის შემდეგ, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ ქ-შვილი წყნარი, მორიდებული და მშვიდი ადამიანი იყო. თავისთვის წყნარად ცხოვრობდა და მტრები არ ჰყავდა. საწინააღმდეგოს ამბობდნენ ლელა ფ-იას შესახებ. მისი ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, ქალს აფექტური, მძიმე ხასიათი ჰქონდა და მეზობლებთანაც  ხშირად  ჩხუბობდა. მას კონფლიქტი მოუვიდა სასურსათო მაღაზიის მეპატრონესთან, რომელსაც ფიზიკურადაც დაუპირისპირდა და მაღაზიაში ვიტრინები  ჩაამტვრია. დაზარალებულმა მეზობლების თხოვნით არ მიმართა პოლიციას, თან ქალიც დაჰპირდა, რომ ზარალს აუნაზღაურებდა და ფანჯრებს ჩაუსვავდა. გამოძიებამ ქალის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოიპოვა. მათ შორის ისიც, რომ ქალი კატეგორიულად თხოვდა საყვარელს ის ფული ესესხებინა, რომელიც აგარაკის გაყიდვით აიღო. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს ფული გახდა საყვარლების კონფლიქტის მიზეზი, რადგან ქალი  ნაქირავებ ბინაში ვლადიმერის კუთვნილ თანხას ვერ  პოულობდა.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სწორედ გარდაცვლილი მამაკაცის საყვარელი იყო. იმის მიუხედავად, რომ ის ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებდა, ერთმანეთის საპირისპირო ჩვენებებს იძლეოდა. ჯერ განაცხადა, რომ მკვლელობის დროს სახლში არ იმყოფებოდა. როცა დადგინდა, რომ ის ქალაქიდან არსად  წასულა, მან ჩვენება შეცვალა. განაცხადა, რომ ქალაქიდან აპირებდა გასვლას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ შეძლო და ღამით მეგობართან დარჩა, რომელმაც მართლაც დაადასტურა ეს ფაქტი. თუმცა, როგორც გამოძიებით დადგინდა, როცა ლელა ფ-ია მეგობართან მივიდა, ვლადიმერ ქ-შვილი უკვე გარდაცვლილი იყო.  გამოძიებას  ეჭვმიტანილთან შეკითხვები გაუჩნდა მის განაცხადთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ მამაკაცს მკვლელობამდე ერთი საათით ადრე ესაუბრა ტელეფონით, თუმცა, ვლადიმერ ქ-შვილის ტელეფონზე ლელა ფ-იას ზარი არ დაფიქსირებულა.  

დაკავებულმა ქალმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, მან გამოძიებას დეტალურად აღუწერა მკვლელობის ღამე. ლელა ფ-იას ჩვენების მიხედვით, მამაკაცი, რომელთან ერთადაც ერთი წელი ცხოვრობდა, ეჭვიანობის და იმ ექვსი ათასი დოლარის გამო მოკლა, რომლის სესხებასაც სთხოვდა: „ერთი წელი მე ვარჩინე. სულ მპირდებოდა, რომ აგარაკს გაყიდდა და ვალების გასტუმრებაში დამეხმარებოდა, მაგრამ აგარაკის ფული ქალიშვილს მისცა და მე დახმარებზაე უარი მითხრა. მე ის სახლიდან  გავაგდე და ვუთხარი, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნებულიყო, როცა ფულს მასესხებდა. იმ საღამოს სახლში ნასვამი დაბრუნდა. როცა ვკითხე, ფული მოიტანე-მეთქი, კატეგორიულად იუარა – ეს ფული ჩემს შვილს სჭირდება დროებით და ორ თვეში დაგვიბრუნებსო. ძალიან აღელვებულმა ჩხუბი დავუწყე. ის ხელით შემეხო. სამზარეულოში დანა დავინახე. ვლადიმერის მოკვლას არ ვაპირებდი, მაგრამ აღელვებულმა დანა ავიღე და ყელში ორჯერ ჩავარტყი. ამის შემდეგ სახლში მკვლელობის კვალი წავშალე – დანიდანაც და ლადოს ტანსაცმლიდანაც, მერე პატარა სამგზავრო ჩანთაში ჩემი ნივთები ჩავალაგე და სახლიდან ისე გავედი, რომ არავის შევემჩნიე. მეორე დღეს მეზობელს დავუკავშირდი, ლადოს ამბის გასაგებად და ისეთი სცენა გავითამაშე, რომ თითქოს მისი გარდაცვალების შესახებ მისგან გავიგე.”  

 ბრალდებულმა ლელა ფ-იამ სასმართლო პროცესზეც აღიარა ჩადენილი დანაშაული და სასჯელის შემსუბუქებაც მოითხოვა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო. თუმცა, სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და ქალს, რომელმაც საყვარელს  ყელი გამოსჭრა, 11 წლით პატიმრობა შეუფარდა.   

скачать dle 11.3