კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი მეწყრული უბანი, ღვარცოფსაშიში მდინარე და ხევია დედაქალაქში და რეალურად რა საფრთხის წინაშეა თბილისი

გეოლოგები თბილისში არსებულ იმ ადგილებს ასახელებენ, რომლებიც სტიქიის დროს რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მათი განცხადებით, მეწყერსაშიში ზონებია მთაწმინდის ფერდობები, რომელიც ვაკისკენ, მთაწმინდის რაიონისა და სოლოლაკისკენ ჩამოდის. მეწყერსაშიში ზონაა მახათას მთის და ლოტკინის მხარესაც და ასევე, გლდანისკენ, სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ. მთელი ფერდობი მოძრავი ფენებისგან შედგება. გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის ზევით ახალი სასაფლაოა, რომელიც ასევე, მეწყერსაშიში ზონაა. მეწყერსაშიში ზონაა მუხათგვერდისკენ არსებული ფერდობებიც, რომელიც სულ იმეწყრება. მეწყერის საშიშროება წვიმაზეა დამოკიდებული. სპეციალისტების განცხადებით, ნალექი თუ 1 საათში 30 მილიმეტრზე მეტი მოდის, ის უკვე კატასტროფულად მიიჩნევა. რაც შეეხება მდინარე ვერეს – გეოლოგების განცხადებით, მდინარის ადიდება, ხეობის სივიწროვეს უკავშირდება. რაც შეეხება მეწყერის პრევენციას, როდესაც მეწყერი უკვე დაძრულია, მისი შეჩერება ძალიან ძნელია, მაგრამ მეწყერსაშიში ფერდობების გამაგრება შესაძლებელია. აუცილებელია, ასეთი ფერდობების დაფიქსირება და მუდმივი კონტროლი.

თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. რეალურად, არსებობს თუ არა წყალდიდობის საფრთხე, არის თუ არა თბილისში მეწყერსაშიში ზონები და რამდენად ვართ მისგან დაცული. თბილისში დატრიალებულ ტრაგედიასა და საქართველოში მშენებლობის სფეროში არსებულ პრობლემებზე კომენტარი ვთხოვეთ ურბანისტ ნიკო კახეთელიძეს: 

– ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე არ მოხდა იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომელმაც ასეთი სავალალო შედეგები მოგვიტანა, წყალდიდობის დროს. ვგულისხმობ ხეობის გეოლოგიას, პროექტის არასრულობას, გარემოზე ზემოქმედების შეუფასებლობას, გზების კონსტრუქციას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უგულებელყოფილი იყო და უმოკლეს ვადებში აშენდა. ამიტომ, მივიღეთ ეს სავალალო შედეგი. ნებისმიერი მშენებლობა, გარკვეულ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს. ამის გარეშე, ძალიან რთულია მშენებლობასა და არქიტექტურაზე საუბარი. მშენებლობაში დერეგულაციამ ამ სფეროში ძალიან ბევრი წუნი და ხარვეზი გამოიწვია. რეალურად, ყველაფერი ამის ბრალია. თუ პროექტს ვნახავთ, იქ კარგად ჩანს, ვინ დააპროექტა, ვინ მოიწონა, ნებართვა ვინ გასცა, სამუშაოები ვინ შეასრულა. ამ მასალების შესწავლისას ვნახავთ, რომ ამ ხეობის არანაირი გეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა. ნებისმიერ შენობას რომ ვაშენებთ, მშენებლობის ადგილის გეოლოგია კარგად უნდა გვქონდეს შესწავლილი. ვერეს მდინარის ადიდების შემთხვევაში, მანამდე მოხდა უზარმაზარ ხეობაში შეჭრა, ტყის ნაწილის ჩამოჭრა, არასაიმედო გრუნტზე გზის გაჭრა. უამრავი სამშენებლო ოპერაცია ჩატარდა ხეობის გეოლოგიის არცოდნის პირობებში. ამგვარი რამ მშენებლობაში ყოვლად წარმოუდგენელია. აუცილებელია, ქალაქის განვითარების გეგმა შეიქმნას, და ამის მერე, ვიღაცას რომ მოეპრიანება, სადმე 20-40-სართულიანი სახლის აშენება, ვეღარ აშენდება. გეგმის არარსებობის პირობებში, ქაოტურ მშენებლობებზე ნებართვის გაცემა უფრო მარტივია. ხელისუფლებამ სამშენებლო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები უნდა შეიტანოს. თუ მშენებლობის უკვე გაცემული ლიცენზიები სერიოზულად არ გადაიხედა, დედაქალაქი უმძიმეს დღეში აღმოჩნდება.

– როგორც გეოლოგები ამბობენ, დედაქალაქში 60 მეწყერსაშიში უბანი აღირიცხება, და ამ მხრივ, თბილისი საშიშ ზონადაა დასახელებული.

– დიახ, როგორიც ვიცი, თბილისში, 60 მეწყრული უბანი და ასევე,  50-ზე მეტი ღვარცოფსაშიში მდინარე და ხევია. მაგალითად, ნაძალადევი, მთაწმინდა, მტკვრის მარცხენა სანაპირო, სამგორი, ვარკეთილი, მუხათგვერდის სასაფლაო – მეწყერსაშიში ზონებია. თბილისი 2002 წლის მიწისძვრის შემდეგ, მიწისძვრის რისკის ზონაშიც მოექცა. მეწყერსაშიში ის უბნებია, სადაც არასწორადაა გაკეთებული კომუნიკაციები. ბევრ უბანში არის ნაყარი მასალაც. მოკლედ, თბილისში არის არა მხოლოდ დამეწყრილი უბნები, ასევეა ღვარცოფსაშიში ტერიტორიებიც. ინტენსიური წვიმების შედეგად, ძველ უბნებში სანიაღვრე სისტემები ვერ ატარებს წყალს, რაც დიდი ტერიტორიების დატბორვას იწვევს. მაგალითად, ორთაჭალაში, ფონიჭალაში, სადაც დაბლობი ადგილებია და ვაკე რელიეფი, ფერდობიდან ჩამოტანილი წყალი დიდ სიმაღლეზე გროვდება და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. თბილისში ერთსაათიანი ინტენსიური წვიმის შედეგად, შესაძლოა, დიდი ტერიტორიები დაიტბოროს, რასაც დიდი ზარალი მოაქვს. იმის გამო, რომ თბილისი ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და ასათვისებელი ფართობებიც ცოტა რჩებოდა, დასახლება ისეთ ადგილებზეც ხდებოდა, რაც საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით, საცხოვრებლად საშიშია. მაგალითად, მამადავითი, ნუცუბიძის პლატო, მახათის მთა, ნაძალადევი – გეოლოგიურად არამდგრადი ფერდობებია. 2012 წელს კი, ორთაჭალაში რომ მოხდა წყალდიდობა, მაშინ მოვიდა საათში 60 მილიმეტრი ნალექი, წვიმა გრძელდებოდა 3 საათს, ანუ სამ საათში 180 მილიმეტრი, რამაც საკმაოდ ცუდი შედეგი გამოიწვია და ხუთი ადამიანი დაიღუპა.  13 ივნისის წყალდიდობის დროს, აქ გაცილებით დიდი იყო ნალექის რაოდენობა, თან ამას დაუმატეთ ისიც, რომ მდინარე ვერეს აქვს ძალიან დიდი წყალშემკრები აუზი და ამ აუზში შემავალმა წყლებმაც დაიწყო მატება. წვიმდა 4 საათის განმავლობაში და წამოვიდა წყლის უზარმაზარი მასა. მდინარე ვერეს ხეობა არის ვიწრო, არ ხდება გაშლა,  ამიტომაც მოდიოდა დიდი სისწრაფით და დიდი რაოდენობით, თამარაშვილის ქუჩაზე არსებულმა გვირაბმა ვეღარ გაატარა წყალი, გადმოვიდა ზევიდან და მოხდა ის, რაც მოხდა.

– სულ რამდენი საშიში ხევია თბილისში?

– თბილისში არის დაახლოეიბით 9-10 ხევი, შესაბამისად, ყველა ხევს ახასიათევბს გარკვეული საშიშროება. ამიტომ ქალაქის სამსახურებმა, რეგულარულად უნდა გაწმინდონ ეს ხევები და მონიტორინგიც აწარმოონ. განსაკუთრებით კი გაზაფხულზე, როცა ნალექების დიდი რაოდენობა ჩაედინება მათში. წელიწადში 2-ჯერ ეს ხევები უნდა გაიწმინდოს, რომ გამტარუნარიანი იყოს. ამ პატარა ღელეებსა და ხევებთან ახლოს, დასახლებას თავისი ნორმები აქვს. ვერეს ხეობაში არ შეიძლებოდა სახლების ჩადგმა, თუმცა წინა ხელისუფლებამ ეს დაუშვა და ნახეთ, ამის შედეგი, რაც მოხდა. სვანიძის ქუჩის ტერიტორიაზე საერთოდ არ შეიძლებოდა დასახლება. თუმცა, როცა აკანონებდნენ მიწებს და წამოიწყეს მშენებლობა, გეოლოგებისთვის და ურბანისტებისთვის, სამწუხაროდ, აზრი არავის უკითხავს. მშენებლობებში არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული, რათა მსგავსი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. ვერეს ხეობა, საერთოდ აკრძალული ზონაა დასახლების კუთხით. იქ ესტაკადის აშენებამ კი საერთოდ დაამძიმა სიტუაცია. არ შეიძლება, მდინარის კალაპოტში გაიყვანო გზა, ეს დაუშვებელია. თუ ხიმინჯებზე დაიკიდებოდა გზა, ეს გაცილებით უსაფრთხო იქნებოდა ანუ გადასულიყო მდინარე ვერეს კალაპოტზე. ზოგადად, როცა წყალდიდობა ხდება, მდინარე თავის ბუნებრივ კალაპოტს ეძებს და იქიდანაც კი გადმოდის. მდინარე ვერე კი მილში შეუშვეს, თავის ბუნებრივ მოძრაობის ტრაექტორიას ასცდა, წყალდიდობის დროს კი ისევ „ჩახტა“ თავის კალაპოტში და სადაც გზა იყო მთლიანად წაიღო და დატბორა. მე ამ პრობლემისა და საშიშროების შესახებ ჯერ კიდევ 2012 წელს ვისაუბრე.  სტიქიას წინ ვერავინ დაუდგება, ბუნება რა სიურპრიზს გვიმზადებს, ამის გათვლა წინასწარ შეუძლებელია, მაგრამ პრევენციული სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ასე რომ, თბილისში ბევრი მეწყერსაშიში ზონა, პატარა ხევი და მდინარეა, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, რათა შემდგომში, საკმაოდ დიდ სტიქიურ უბედურებას ავარიდოთ თავი.

скачать dle 11.3