კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ნიშნავენ მედიკოსები საკვებ დანამატებს როგორც წამლებს და რა განსხვავებაა ექიმ „ცხვრებს“, „მგლებს“, „კურდღლებსა“ და „დრონტებს“, ანუ გადაშენებულ სახეობას შორის

ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვის ხარჯში ყველაზე დიდი წილი წამლებს უჭირავს, რაც, ერთი მხრივ, ნიშნავს, რომ წამლები ძვირი ღირს და, მეორე მხრივ, იმასაც, რომ მათ შესაძლოა, იმაზე მეტსაც გვინიშნავდნენ, ვიდრე გვჭირდება. ხოლო, რადგან ყველა დაავადებისთვის გაიდლაინი, ანუ მკურნალობის სქემა არ არსებობს, ფრიად გაურკვეველია, რას ეყრდნობიან ხოლმე ჩვენებური ექიმები დანიშნულების დანიშვნისას: საკუთარ გამოცდილებას, ვინმე სხვისას თუ უბრალოდ ინტუიციას?! ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ყველა წამალი, რომლებსაც ექიმები უნიშნავენ პაციენტებს, სულაც, არ არის წამალი, ისინი ჩვეულებრივი, უწყინარი საკვები დანამატებია, რა ფუნქციასაც სავსებით თავისუფლად შეასრულებდა არანაკლებ უწყინარი, ნატურალური პროდუქტები. ხანდახან კი ამ მისიის შესრულება უბრალო წყალსაც კი შესძლებია. შესაბამისად, იმას, რასაც ჩვენებური ექიმები „წამალს“ უწოდებენ და, როგორც წესი, საკმაოდ ძვირიც ღირს, სადაზღვევო კომპანიები არ ანაზღაურებენ. როგორ ხდება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების რეგისტრაცია, რა ღირს ამა თუ იმ პრეპარატის დარეგისტრირება და  რატომ არ ვართ დაცული ფარმაცევტული კომპანიების მიერ ექიმების გადაბირებისგან ამა თუ იმ მედიკამენტის სასარგებლოდ? ამ თემაზე ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე გვესაუბრება.

– ზოგადად, როგორია წამლის რეგისტრაციის წესი საქართველოში და რა ღირს ეს პროცედურა?

– საქართველოს კანონმდებლობა  განიხილავს ბაზარზე წამლის დაშვების ორ  რეჟიმს: ეგრეთ წოდებულ „ეროვნულ რეგისტრაციასა“ და „აღიარებით რეგისტრაციას“. ეროვნულის მეთოდოლოგია ითვალისწინებს დოსიეს დოკუმენტურ შესწავლას, ხოლო აღიარებითის დროს დოსიეს ნაცვლად ხდება რამდენიმე ტექნიკური დოკუმენტის წარმოდგენა, პროცედურა არ ითვალისწინებს დოკუმენტურ აუდიტს და ეფუძნება სხვა რეფერენს-მარეგულირებლის გადაწყვეტილებას. პროცედურები ვადაშიც შეზღუდულია: ეროვნულისთვის რეგლამენტებულია 3-თვიანი ვადა, აღიარებითისთვის – 7-დღიანი. თუ ადმინისტრირების ამ ვადაში აპლიკატს არ ეცნობა დასაბუთებული გადაწყვეტილება, მათ შორის, დაშვებაზე უარის შესახებ,  წამალი ბაზარზე დაშვებულად ითვლება. ეს ნონსენსიც არაა, ეს უფრო ბოროტებაა საკუთარი ხალხის მიმართ.

რაც შეეხება მოსაკრებლებს: აღიარებითი  რეგისტრაციის მოსაკრებელი 500  ლარია, ეროვნულის მოსაკრებელი სხვადასხვაა –  გენერიკისთვის და ინოვაციურისთვის და სხვადასხვა –  პირველადი და ეგრეთ წოდებული ხელახალი რეგისტრაციისთვის. კერძოდ,  ინოვაციის პირველადი რეგისტრაცია 2 500 ლარი ღირს, ხელახალი –  2 000 ლარი. გენერიკი, შესაბამისად, 500 და 200 ლარი.

– რა მცირე თანხებია.

–  ცხადია, ეს სიმბოლური თანხებია, პროცედურებიც და შედეგებიც ამ სიმბოლური თანხის შესაბამისია.

– რაღაც ტიპის წამლები აკრძალულია თუ შეზღუდულია აშშ-ში, მაგრამ დაშვებულია ევროპის ზონაში, ჩვენ რით ვხელმძღვანელობთ წამლების ავკარგიანობის შეფასებისას?

– მოთხოვნები სხვადასხვაა ინოვაციურისთვის და გენერიკისთვის, სხვაა კომპლემენტარულისთვის, მათ შორის, ბადებისთვის. ჩვენ გვაქვს სისტემა რომელმაც „დომენტოლს“ და „გაგენოლს“ მისცა წამლად პოზირების შესაძლებლობა, რომელიც ასკილისა და თაფლის ნაყენს ჩვენებად ეპილეფსიას და ფებრილურ გულყრებს უმტკიცებს, ეს სისტემა თავად ქმნის უკვე პრობლემას!

– რაღაც კატეგორიის წამლები, როგორც ზოგიერთმა ექიმმა მითხრა, არის წამალი, მაგრამ ჩვენთან არ არის რეგისტრირებული, როგორც წამალი, იგივე კუჭ-ნაწლავის ფლორის მოსაწესრიგებელი პრეპარატები. თუ წამალი არის, რატომ არ არის რეგისტრირებული წამლად და თუ არ არის, რატომ  ნიშნავენ ექიმები, როგორც წამალს? მათ არც სადაზღვევოები ანაზღაურებენ, მხოლოდ გამონაკლისი პაკეტის შემთხვევაში.

– სავარაუდოდ, საუბარია  ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებზე,  რომლებიც  ნაწლავების ფლორის მიკროორგანიზმების დარღვეული ბალანსის  ეგრეთ წოდებული დისბიოზის კორექციისათვის არის რეკომენდებული. ბადები წამლები არ არის,  მათი თერაპიული ღირებულება არ არის სათანადო კვლევებით დადასტურებული

– როგორც წესი, ჩემ მიერ წინა შეკითხვაში ნახსენები პრეპარატები ღირს ძვირი. რა განაპირობებს მათ ძვირად ღირებულებას, თუ ადგილობრივ ბაზარზეა წამატებული ფასები?

–  ბადების მაღალი ფასი მათი მარკეტინგული დიფერენციაციისა და პოზიციონირების ნაწილია და გათვლილია იმ ლოგიკაზე, რომ მომხმარებელს შეუქმნას, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი,  განწყობა, რომ  ეს პროდუქტი სხვას სჯობია.

– საუბრისას აღნიშნეთ, რომ პრეპარატები, რომლებსაც უნიშნავენ ექიმები პაციენტებს არის დანამატები და არა სამკურნალო საშუალებები, მაშინ რატომ უნიშნავენ ექიმები მათ და არა მედიკამენტებს, დისბაქტერიოზს მედიკამენტი ვერ კურნავს?

– დისბიოზი ნაწლავის ფლორის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებაა, რომელსაც ყოველთვის ჩარევა არ სჭირდება, ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავური ფლორა თვითრეგულირებადი სისტემაა და აქ პრობლემები თვითრეგულირებით იხსნება. დისბიოზს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, წამლების ხანგრძლივი მიღება –  ანტაციდები, ანტიბიოტიკები, ჰისტამინობლოკატორები და სხვა –   რომლებიც ცვლიან ფლორას ან კიდევ დაუბალანსებელი, არარაციონალური კვება, ეგრეთ წოდებული გასახდომი დიეტები და ასე შემდეგ. როგორც წესი, ეს პრობლემები თავისით გვარდება, თუმცა ზოგჯერ ამას ჩარევა და ზოგჯერ ხანგრძლივი სამკურნალო დიეტებიც  სჭირდება და პროცესების დაჩქარებისთვის ხდება საკვები დანამატების, ანუ ბადების გამოყენება. ამ შემთხვევაში მიმართავენ ბადებს, კერძოდ, ეგრეთ წოდებულ პრობიოტიკებს, იმავე ეუბიოტიკებსა და პრებიოტიკებს. პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც პერორალურად მიღების შემდეგ აღადგენენ ნაწლავის დარღვეულ ფლორას. რაც შეეხება პრებიოტიკებს: ისინი ადამიანის საკვების ის კომპონენტებია, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილებში არ იშლება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სასარგებლო მიკროფლორისთვის ნუტრიენტულ წყაროს წარმოადგენს. პრებიოტიკები ცოცხალ ბაქტერიებს არ შეიცავს, მაგრამ სასარგებლო ბაქტერიების სიცოცხლისა და განვითარებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. პრე და პრობიოტიკები შეიძლება მიიღოთ პრეპარატის სახითაც და სამკურნალო კვების სახითაც, ეს ყველაფერი დამხმარე თერაპიაა.

ბადების დაფინანსების მოთხოვნა იგივეა, რომ სადაზღვევო კომპანიებს, მაგალითად, ხიზილალის დაფინანსებაც მოვთხოვოთ, ის ხომ ფოლიუმის მჟავას, A, D, E ვიტამინებს შეიცავს, რამდენადაა ეს რაციონალური?! მედიკალიზაცია ჯანდაცვის ერთ-ერთი გამოწვევაა,  როცა ყოფითი დისკომფორტები დაავადებებად კვალიფიცირდება, შესაბამისად „დაავადებების  სამკურნალოდ“ ინდუსტრია მომხმარებელს სთავაზობს ბადებს, სამკურნალო საშუალებებს. ეს დისკუსიის საგანია, ცხადია ინდუსტრია მხარს უჭერს მედიკალიზაციას და მათი გავლენაც ექიმებზე ძალიან დიდია.

– რადგან ჩვენთან არ არსებობს გაიდლაინები, რის მიხედვით არჩევენ ექიმები მკურნალობას? თუ მკურნალობის სქემები ჩვენთან, ძირითადად, საექსპერიმენტოა? რის მიხედვით ნიშნავენ ექიმები პრეპარატებს? საკუთარი გამოცდილებით თუ მათი გასაღების მოთხოვნით შემომტანებისგან?

– გაიდლაინები არსებობს, უბრალოდ არა ყველა ნოზოლოგიისთვის, გაიდლაინების სარგებელი და რისკი ცალკე თემაა, ანუ გაიდლაინიც ზღუდავს  ექიმის კლინიკურ ავტონომიას, მაგრამ ეს აუცილებლობაა დანიშნულების რაციონალიზაციისთვის, რომ მინიმალური დანახარჯით იქნას სასურველი თერაპიული ეფექტი მიღწეული. რაც შეეხება ფარმაცევტული ინდუსტრიის გავლენას ექიმებზე: ეს, ცხადია, დიდი პრობლემაა და მათი მერკანტილური რომანის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. ამის შესახებ ბევრი იწერება. არის ასეთი ამერიკული  ჟურნალი „Scrip”, სადაც დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა სტატია „ექიმების მარკეტინგი –  ადამიანური ფაქტორი“. ავტორებმა გააკეთეს  ექიმების კლასიფიკაცია მათი ქცევების და მოტივაციების მიხედვით, კლასიფიცირება მოახდინეს 4 ჯგუფად: პირველი –   ცხვარი, მეორე –  მგელი, მესამე –  კურდღელი და მეოთხე –  დრონტი, გადაშენებული ბიოლოგიური სახეობა.

პირველი ჯგუფის, „ცხვრის“, წარმომადგენლები ბუნებით კონსერვატორები არიან და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზებული პროდუქტი იყოს ავტორიზებული და აღიარებული ავტორიტეტული სტრუქტურების მიერ, რომ ყოველთვის ჰქონდეთ რაიმეზე აპელირების საშუალება.

მეორე ჯგუფის, „მგლების“, წარმომადგენლები ბუნებით მეწარმეები არიან და მათი მთავარი საზრუნავია სარგებლის გამომუშავება, ამიტომ უყვართ საჩუქრები, მათთვის პოპულარულ კურორტებზე, კონფერენციების დაფინანსება, ფულიც. ეს საშუალებები უაღრესად წარმატებით არწმუნებთ მათ პროდუქტის „ეფექტიანობაში“. 

მესამე ჯგუფი, „კურდღლები“, პროგრესული სპეციალისტები არიან, გულწრფელად დაინტერესებულნი პაციენტებით, არაფერი ისე არ აძლევთ სტიმულს, როგორც მათი სწავლებების, სამეცნიერო პუბლიკაციების  დაფინანსება, რასაც ისევ პაციენტის სასარგებლოდ ხსნიან.

და მეოთხე კატეგორია, „დრონტები“, არიან დემოტივირებული ექიმები, რომლებიც მხოლოდ გადარჩენაზე ზრუნავენ, ისინი ყველაზე რთულ კონტიგენტად განიხილებიან, თუმცა მათთვისაც ეძებენ მოტივაციებს.

სარკაზმის მიუხედავად, ეს კლასიფიკაცია ეხმარება სამედიცინო წარმომადგენლებს ექიმებთან სამუშაო ენის შერჩევაში და საკუთარი რესურსის გადანაწილებაში.

– რა მეთოდებს იყენებენ ფარმაცევტული კომპანიები, რომ ექიმები დააინტერესონ მათ მიერ შემოტანილი წამლების გამოწერაში? დაჟინებით მოვითხოვ ექიმებისგან, არ გამომიწერონ ქართული ანტიბიოტიკები, მაგრამ მათი ნაწილი დაჟინებით მიმტკიცებს ხოლმე, რომ ქართული ანტიბიოტიკი სჯობს ნებისმიერ ევროპულს.

– სამედიცინო წარმომადგენლების წინაშე ფარმაცევტული კომპანიები აყენებენ სამ ამოცანას: ინფორმაციულობა, კომერციულობა და პოზიტიურობა, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცდილობენ, მიაწოდონ ექიმებს დიფერენცირებული ინფორმაცია პროდუქტზე; შეუქმნან კომერციული მოტივაცია მათ დანიშვნა-გამოწერაზე და განაწყონ ექიმი პროდუქტის, კომპანიისა და წარმომადგენლის მიმართ პოზიტიურად, რისთვისაც უამრავ რესურსს იყენებენ: საჩუქრებს, ძვირადღირებულ სადილებს, სპონსორობას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან ძვირი უჯდება ფარმაცევტულ კომპანიებს, მათ შორის, სამედიცინო წარმომადგენლების შენახვაც, რომლებიც ხელფასთან ერთად იღებენ ბონუსებს, წარმომადგენლობით დაფინანსებას, სამსახურებრივ ტრანსპორტს და ასე შემდეგ და, საბოლოო ჯამში, ყველა ეს ხარჯი  წამლის თვითღირებულებაში შედის!

–  დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებს, რომ ეს არის საექსპერიმენტო საშუალებები, არადა, მეორე მხრივ, თუ ადამიანი განწირულია, რას ჰკარგავს ექსპერიმენტის შემთხვევაშიც კი?

– წამალი მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში: დაწყებული შექმნიდან და ბაზარზე შესვლიდან ბაზრის დატოვებით დამთავრებული ექვემდებარება საწყის ეტაპზე –  კლინიკურ კვლევებს და შემდგომ –  ფარმაკოზედამხედველობას. არ არსებობს წამლის სასიცოცხლო ციკლის სეგმენტული  ტესტები, რომლებიც აბსოლუტური უსაფრთხოების  გარანტიას იძლეოდნენ, ამიტომ, ცხადია, ასეთი რისკი ყოველთვის ახლავს წამალს, მაგრამ  სოფოსბუვირი და მისი ლედიპასვირთან კომბინაცია  ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც პროდუქტისგან მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს. ეს ძალიან კარგი პროგრამაა და წარმატებები ვუსურვოთ საზოგადოებას ვისაც ის სჭირდება.

 

скачать dle 11.3