კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აღმოაჩინეს თბილისში გერმანელების მიერ დაარსებული ლუდის ქარხნის ერთ-ერთი პირველი სარეკლამო ფოტო და რა კავშირი აქვს მას ფიროსმანთან

ისტორიკოსი მანანა ხომერიკი წლების განმავლობაში იკვლევს ფიროსმანის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს. თვეების წინ მან მეუღლის ბაბუის მიერ დანატოვარი უნიკალური ფოტო აღმოაჩინა, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. 

 

მანანა ხომერიკი: 70-იან წლებში, ერთ დღეს, მე და ჩემი მეუღლე, თენგიზ მაღლაკელიძე, ეგრეთ წოდებული „ბნელი ხიდიდან” კონსტიტუციის ქუჩაზე გამოვედით. ჩემმა მეუღლემ მარჯვნივ ერთ-ერთი შენობისკენ მიმითითა და მითხრა, რომ ამ ადგილას 1910-იან წლებში იყო გერმანელი კაპიტალისტის მიერ დაარსებული ლუდის ქარხანა, რომელსაც თავისი წარმოების ხელმძღვანელად დაუნიშნავს მისი ბაბუა, ნესტორ მაღლაკელიძე (ჩემი შვილების – საშკა და ლადო მაღლაკელიძეების დიდი ბაბუა).  მოგვიანებით ამ გერმანელმა, რომელიც ნესტორის მუშაობით კმაყოფილი იყო, მას ასესხა საკმაოდ მოზრდილი თანხა სახლის ასაშენებლად. მართლაც, ნესტორ მაღლაკელიძემ, დამტკიცებული გეგმის მიხედვით და არა თვითნებურად, როგორც მაშინ ხდებოდა, ააშენა სახლი, რომლის 18 ოთახიც 1929 წელს ჩამოართვეს და გახადეს ეგრეთ წოდებული „შავსიელი”, ანუ, ხმის უფლება ჩამოართვეს იმის გამო, რომ მან ააშენა სახლი და შიგნით ოჯახები შეასახლა. სხვათა შორის, როდესაც ნესტორმა სახლი ააშენა,  ლუდის საწარმოს გერმანელმა მეპატრონემ უთხრა: დღეიდან შენ ჩემთან ერთად ვეღარ იმუშავებ, რადგან შენ უკვე კაპიტალისტი ხარ და ორი კაპიტალისტის ერთ საწარმოში მუშაობა არ შეიძლებაო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ, ჩემმა მეუღლემ მითხრა, როგორც მას სმენია, ამ ლუდის ქარხანაში ფიროსმანი დადიოდა.

– თქვენ არ გადაგიმოწმებიათ ეს ისტორია? 

– მას მერე დიდ დრო გავიდა და ეს ისტორია გადამავიწყდა კიდეც, რადგან, არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ მქონია. ჩვენ ნესტორის აშენებულ სახლში არ ვცხოვრობდით, თუმცა ეს იყო ოთხოთახიანი ბინა ჩემი შვილის სახელზე. მაგრამ 2008 წელს მოგვიხდა ამ ბინის გაყიდვა და ამ თემაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, რადგან, არ მინდა, თქვენი ჟურნალი პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოვიყენო. დიდი იმედი მაქვს, ამის საშუალება სხვა ადგილას მომეცემა, თუმცა, ბედის ირონიაა: ნესტორს სახლის აშენებაში გერმანელი დაეხმარა, წლების შემდეგ კი მისი შრომის შედეგით უსინდისო ადამიანებმა, თან, სამწუხაროდ, ქართველებმა ისარგებლეს... ბინა რომ გავყიდეთ, ნივთები ჩვენს ბინაში გადმოვიტანეთ. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩავუჯექი ძველ ფოტოებს. აღმოვაჩინე ნესტორის ფოტო და, რაც ყველაზე საინტერესოა საზოგადოებისთვის, ასევე, ვნახე ფოტო, სადაც ნესტორი გადაღებულია საწარმოს მეპატრონეებთან და თანამშრომლებთან ერთად. ეს ფოტო იმითაც არის საინტერესო, რომ ის წარმოადგენს ლუდის რეკლამას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არსებობდა ლუდის ტრადიცია, მაგრამ ეს ძირითადად მთაში იყო. რაც შეეხება თბილისს, აქ ჩვენ ლუდის კულტურის გავრცელებას უნდა ვუმადლოდეთ გერმანელ კოლონისტებს, რომლებიც სწორედ იმ მიდამოებში ცხოვრობდნენ, რომელსაც „კუკია” ჰქვია (ვგულისხმობ არა კუკიის სასაფლაოს ტეროტიორიას, არამედ, უფრო ქვემოთ, ასევე დიდუბის ტერიტორიას). ამ ფოტოზე კარგად ჩანს გერმანელი მეპატრონის ოჯახი, ბავშვი, დამახასიათებელი ჩაცმულობით და, ასევე, ნესტორი, რომლის უკანაც დგას კაცი, რომელიც, გარეგნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იმერელი უნდა იყოს. სურათზე ასევე გამოსახულია ხუთი ბოთლი და აქედან ოთხზე დატანილია ეტიკეტი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სარეკლამო ფოტო. 

– რომელიც ერთ-ერთი პირველია იმდროინდელ თბილისში? 

– იმ პერიოდის ხუთამდე ლუდის ქარხანაა ცნობილი, ასევე, რამდენიმე მეწარმის გვარიც, თუმცა, ეს საწარმო მათში არ შედის. მის შესახებ არანაირი ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ ფოტო არის უტყუარი მასალა იმისა, რომ მაშინდელ თბილისში ასეთი ქარხანა არსებობდა. თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ, როდესაც ამ ფოტოს ვუყურებ, მასზე გამოსახული ადამიანები თითქოს გვეცნობა, გვეცნობა ფიროსმანის ნახატებიდან. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და, არ ვიცი, სხვა რა აზრს გამოიტანს. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ მე ვარ ფიროსმანის მკვლევარი სხვა კუთხით – მაინტერესებს მის დაბადებასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია, ამაზე ვმუშაობ და არასდროს ვაძლევ თავს უფლებას, მის შემოქმედებას შევეხო, რადგან ჩვენ გვყავს შესანიშნავი ხელოვნებათმცოდნეები. 

– ფიროსმანის შემოქმედებაში გვხვდება ლუდის თემა? 

– შეიძლება ითქვას, რომ ფიროსმანის შემოქმედებაში ლუდის თემა გვხვდება. თუნდაც, გავიხსენოთ ქალი ლუდის კათხით ხელში; გარდა ამისა, მას აქვს სხვა ნამუშევრებიც, სადაც ლუდის თემა აქტუალურია. 

– თუ იპოვეთ ეს შენობა და თუ მიაგენით ლუდის ქარხნის კვალს? 

– რამდენიმე თვის წინ, როდესაც ეს ფოტო ვნახე, იმ ტერიოტრიაზე გავიარე, მაგრამ ვერცერთი შენობა ვერ მივამსგავსე ქარხანას. ცოტა ხნის წინ თავში მომვიდა აზრი, ამეღო ფოტო და ისე მომეძებნა. საბოლოოდ სწორედ იმ სახლის ეზოში შევედი, რომლისკენაც ჩემმა მეუღლემ მიმითითა. შევედი და მაშინვე ვიცანი ფოტოზე ასახული შენობა. ისეთი დიდი სიხარული ვიგრძენი, თითქოს ფიროსმანის ნაკვალევს მივადექი. იქ მობინადრეებმა ძალიან კარგად მიმიღეს. მე ვუთხარი ჩემი მისვლის მიზეზი, მაგრამ მათ ლუდის ქარხნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ, რადგან დიდი დრო გავიდა. თუმცა, როდესაც მე ეს უტყუარი საბუთი – ფოტო ვაჩვენე, არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ ეს სწორედ ის შენობაა, უბრალოდ, გარკვეული ცვლილება განიცადა: შეცვლილია სახურავი, საკვამურები აღარ არის, ღია აივნის ნახევარი კი ამოშენებულია. შენობა ორ ბინად არის გაყოფილი. როგორც მითხრეს, ერთ-ერთი ბინის იატაკიდან მუდმივად ამოდიოდა უსიამოვნო სუნი, ამიტომ, იძულებული გახდნენ, იატაკი აეყარათ და იქ აღმოჩნდა კასრების ჩასაყრელი სპეციალური ორმოები, სადაც, ალბათ, ნესტი ჩნდებოდა. მეორე ბინაში სხვები ცხოვრობენ, გვარად ივანიშვილები და მათ მითხრეს, ჩვენთანაც ამოდის კედლიდან ნესტის უსიამოვნო სუნი და ჩვენ არ გვაქვს საშუალება, იატაკი ავყაროთ, მაგრამ, თუ თქვენ აყრით და შემდეგ დააგებთ, ჩვენ წინააღმდეგობას არ გაგიწევთო – მათ ეგონათ, რომ მერიასთან მქონდა შეხება, მე მათ ავუხსენი, რომ ვარ თავისუფალი ისტორიკოსი. 

ამ ეზოში კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია დამხვდა: არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, ამ ეზოში არსებულ სარდაფში გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა ფიროსმანი. მთავარი ის არის, თუ გამოჰყვებით ფიროსმანის ქუჩას, სადაც ფიროსმანი ცხოვრობდა, პირველი ქუჩა, რომელიც მას კვეთს, არის კონსტიტუციის ქუჩა, სადაც დგას სახლი ¹23.

– ანუ, ის ფაქტი, რომ ფიროსმანი ამ ქარხანაში დადიოდა, გარკვეულწილად, მართლდება. 

– თითქოს მართლდება – მეზობლებმა ეს გადმოცემა მისი ამ სარდაფში ცხოვრების შესახებ დაადასტურეს. 

 

скачать dle 11.3