კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა გიორგი მეორე იმპერატორის მემკვიდრე და დასჯის ნაცვლად რატომ დააჯილდოვა მან განდგომილი აზნაურები

1068 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი შეიჭრა კახეთში და დაარბია. 

მალე ქართლში შეიჭრა თურქების ვასალი, განძის ამირა ფალდონი, რომლისთვისაც სულთანს რუსთავი და სხვა ქართული ტერიტორიები გადაეცა. ბაგრატ მეოთხემ ის სასტიკად დაამარცხა და გააძევა ქართლიდან. მერე მეფის ვაჟმა, გიორგი უფლისწულმა ილაშქრა განძაში და დაამარცხა ამირა ფალდონი. მას ეხმარებოდა დედამისის, დედოფალ ბორენას ძმა, ოსთა მეფე დორღოლელი თავისი ჯარით.

ალფ-არსლანის მერე, 1072 წელს, სულთანი გახდა მისი ვაჟი მელიქ შაჰი. 

1072 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა ბაგრატ მეოთხე. სულ მალე, 1073 წელს, მეფე გიორგი მეორეს ნიანია ქვაბულის ძე აუჯანყდა, ქუთათისი დაარბია და სამეფო საჭურჭლე დაიტაცა. ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაშმა კახელები მოირთო და ქსნის პირი დაიკავა. სვანთა ერისთავმა ვარდანმა საეგრო მოარბია. 

მეფემ მოახერხა და დაამარცხა განდგომილი დიდაზნაურები, თუმცა დასჯის მაგიერ დააჯილდოვა. ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაშს სამშვილდე გადასცა, მის ვაჟს, ლიპარიტს – ლოწობანი. რუსთავი კახელებს ხვდათ წილად. ნიანია ქვაბულის ძეს თმოგვი უბოძა და ძვირფასი საჩუქრები, სვანთა ერისთავს – ასკალანა...

1074 წელს ივანე ლიპარიტის ძე კვლავ აუჯანყდა მეფეს. ამჯერად გიორგი მეფემ მოიხმო კახეთის მეფე აღსართანი, ივანე ლიპარიტის ძე დაამარცხა და მის ვაჟს ლოწობანი წაართვა. თუმცა, მერე ისევ დაუზავდა ივანეს და ვასალობის პირობით კლდეკარისა და სამშვილდის ერისთავთ-ერისთავად გამოაცხადა. მაგრამ, ბაღუაშებმა არ მოიშალეს ვერაგობა...

1074 წელს აღმოსავლეთ საქართველოს თურქ–სელჩუკები შემოესივნენ, მელიქ შაჰ სულთნის მეთაურობით. თურქებმა აიღეს სამშვილდე და მოაოხრეს ქვემო ქართლი. სამშვილდეში სელჩუკიანთა გარნიზონი ჩადგა. შემდეგ სულთანი განძაში გადავიდა და იქ თავისი სამხედრო ნაწილები ჩააყენა, სარანგის მეთაურობით.

1074 წელსვე სარანგი თავისი სამხედრო ნაწილებითა და დვინისა და დმანისის ამირების სამხედრო ძალების დახმარებით, აპირებდა აღმოსავლეთ საქართველოს მთლიანად დაკავებას. გიორგი მეფემ და კახთა მეფე აღსართან პირველმა გაერთიანებული ჯარით სოფელ ფარცხისთან სასტიკად დაამარცხეს თურქ-სელჩუკები და ამჯერად, გადაარჩინეს საქართველო აოხრებისგან. 

გიორგი მეფემ ისარგებლა ბიზანტიის დასუსტებით, გადავიდა სამხრეთ საქართველოში და კონსტატინოპოლს ჩამოართვა ქართული პროვინციები – კლარჯეთი, შავშეთი, ჯავახეთი და არტაანი. იქაური ციხეებიდან განდევნა ბერძნული გარნიზონები. ასევე, ანაკოფია დაიკავა... თურქებიც გაეცალნენ სამხრეთ საზღვრებს.

ბიზანტიელები ძალიან უფრთხოდნენ თურქ-სელჩუკებს და გიორგი მეფესთან ყველა დათმობებზე მიდიოდა. განსაკუთრებით 1071 წელს მანასკერტთან განცდილი სასტიკი მარცხის შემდგომ. მანასკერტის გადამწყვეტ ბრძოლაში საიმპერატორო ტახტის კონკურენციის გამო, ერთ-ერთმა სარდალმა მიატოვა ბრძოლაში ჩაბმული ბიზანტიური ნაწილები. ბიზანტიელების მიერ დაქირავებული ოღუზები და პაჭანიკები თურქ-სელჩუკების მხარეს გადავიდნენ. სომხებიც გაიქცნენ ბრძოლის ველიდან. იმპერატორი რომანოზ მეოთხე დიოგენი ალყაში აღმოჩნდა და ტყვედ ჩავარდა... აღმოსავლეთი საზღვარი მოეშალა ბიზანტიას.

1076 წელს ბანაში მყოფ გიორგი მეორეს ეახლა ბიზანტიის სამსახურში მყოფი, ქართული წარმოშობის სარდალი, აღმოსავლეთის დიდი დომესტიკოსი, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის დამაარსებელი, გრიგოლ ბაკურიანის ძე და საქართველოს გადმოსცა კარი (ყარსი). გიორგიმ დაიკავა ასევე, ვანანდის სომხური სამეფოს ტერიტორიაც. 

მანამდე ამ მიწების გამო, ბიზანტიასა და საქართველოს შორის გააფთრებული ომი მიმდინარეობდა. ბიზანტიას უკვე უჭირდა აღმოსავლეთის პროვინციების შენარჩუნება. ბერძნებმა ეს გააკეთეს, თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირის ძებნის გამო, ასევე, გიორგი მეფის დიპლომატიური და მხედართმთავრული ნიჭის დამსახურებით. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გრიგოლ ბაკურიანის ძის მამულიშვილობასაც, რომელიც, ალბათ, ამ დათმობების ავტორი იყო, რადგან დიდი გავლენა ჰქონდა ბიზანტიის კეისარზე. 

ბიზანტიის კეისარმა გიორგი მეფეს მიანიჭა ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კესაროსის ტიტული, რაც, ფაქტობრივად, იმპერატორის მემკვიდრეს ნიშნავს. ანუ, მან აღიარა საქართველოს მეფის უდიდესი ავტორიტეტი.

თურქებმა ეშმაკური სამხედრო ტაქტიკა იხმარეს, შეუტიეს ყარს (კარს) და აიღეს. გიორგი მეფე ჯარს აგროვებდა. სელჩუკები ქრისტიანი მოღალატეების წყალობით, შეუმჩნევლად და სწრაფად შემოიჭრნენ, აჰმად ამირას მეთაურობით თავს დაესხნენ  ყველის ციხესთან დაბანაკებულ მეფეს და მოულოდნელობის ეფექტის წყალობით, დაამარცხეს. მეფე აჭარის გავლით აფხაზეთში გადავიდა. აჰმადს და მის ჯარს დიდძალი განძი ჩაუვარდათ ხელში.

უკან გაბრუნებული აჰმად ამირა, რომელიც სარდლობდა სპეცოპერაციას, გზად შეხვდა ბიზანტიის ტერიტორიების დასალაშქრავად მიმავალ ჯარს, ამირების – ისა ბარისა და ბუიაყუბის სარდლობით. მან ამირებს აცნობა, რომ მეფე დამარცხებულია, ჯარი დეზორგანიზებული და ქვეყანა კი სავსე უამრავი საგანძურით და რა საჭიროა ლაშქრობა შორს, როცა აქვეა დიდი სიმდიდრე.  

დიდი თურქული ჯარი შემოიჭრა საქართველოში და მოედვნენ ქვეყანას, როგორც მკალი. მოაოხრეს ასისფორი და კლარჯეთი ზღვამდე, სამცხე, ქართლი, სამოქალაქო და ჭყონდიდი. მოსრეს ან ტყვედ წაყვანეს უამრავი ადამიანი. დაწვეს ქუთათისი, არტანუჯი და კლარჯეთის მონასტრები. თურქები ივნისში შემოესივნენ ჩვენს ქვეყანას და ზამთრამდე ძარცვავდნენ. ზამთარი ძალიან ცივი დადგა და ხალხი, რომელიც მთასა და ციხესიმაგრეებში იყო შეხვეწილი, ყინვისგან, უსახლობისა და შიმშილისგან მოისრა. 

ეს მოხდა 1080 წელს. დაიწყო „დიდი თურქობა“, როგორც მას უწოდა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსმა.

გაზაფხულზე შემოდიოდნენ თურქნი თავისი საქონლითა და რემებით, საძოვრებად გადააქციეს ყანები და ბაღ-ვენახები.

აღარ იყო თესვა და მკა. მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გადაიქცა. ადამიანთა ნაცვლად მხეცები და ნადირები მომრავლდა ველებზე. ასეთი ჭირი არ ახსოვდა ქვეყანას.

ეკლესიები ცხენების სადგომად აქციეს. მღვდლებს ხოცავდნენ ეკლესიებში ან ტყვედ ყიდდნენ, ასევე – ჭაბუკებსა და ბავშვებს... წყლის ნაკადულების ნაცვლად, ქვეყანაში სისხლის მდინარეები დიოდა...

არავინ იყო მოკავშირე, წინ ვერავინ აღუდგა თურქებს. ბიზანტიელები ცლიდნენ ციხეებს წინა აზიასა და მცირე აზიის აღმოსავლეთში და დასავლეთისკენ ილტვოდნენ...

უიმედოდ დარჩენილმა, დიდი თურქობით გაწამებული ქვეყნის თავდადებულმა ხელმწიფემ, შეკრიბა დარბაზი და ამცნო მათ თავისი გადაწყვეტილება, გამგზავრებულიყო სელჩუკთა სასულთნოში, რათა მშვიდობა მოეპოვებინა სამეფოსთვის – „ესრეთ დადვა სული თვისი და სისხლი ქრისტიანეთა ხსნისთვის“.

1083 წელს ქართველი მეფე ეახლა მელიქ შაჰს ისპაჰანში და ხარკის გადახდის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა. მელიქ შაჰს გამაჰმადიანება არც მოუთხოვია ქრისტიანი მეფისთვის და მშვიდობაც ჩამოაგდო ხარკის ფასად, რა თქმა უნდა. ამ გონივრულ ნაბიჯში, მელიქ შაჰს, ალბათ, დაარწმუნებდა ნიზამ ალ მულკი. სულთანმა ჯარიც კი გამოატანა მეფე გიორგის კახეთ-ჰერეთის მისთვის დასაქვემდებარებლად, რადგან თუ კახეთ-ჰერეთი მეფე გიორგის დაემორჩლებოდა, სულთნის მორჩილი და მოხარკეც გახდებოდა... მაგრამ, ეს თურქებთან ერთად კახელების წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავდა. სულთანი და ნიზამ ალ მულკი გიორგი მეფის დახმარებით, კახეთ-ჰერეთის სამეფოს დაქვემდებარებას აპირებდნენ... ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა მამულიშვილი მეფე და ამიტომ, ნადირობის სურვილის მომიზეზებით, გაეცალა თურქებს... სუჯეთი და ივრის პირი მოაოხრეს სელჩუკებმა.

скачать dle 11.3