კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზნედაცემული ანგელოზები

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N9-23(754)

 

ქალები არ იღლებიან თავიანთი ბედნიერების ძიებაში, თანაც, ნებისმიერ ასაკში... სხვათა შორის, დიდი და ჭეშმარიტი სიყვარულისაც სჯერათ და ესეც ნებისმიერ ასაკში ხდება. სასწაულების მოლოდინიც ქალების მოგონილია და ის ნაპერწკალიც, რომლიდანაც უცაბედად ალი იფეთქებს ხოლმე... და, არანაირი გამოცდილება, არანაირი წარსულისგან მიღებული გაკვეთილები... ყველაფერი ამაოა... ვერაფერი აიძულებს ჭეშმარიტ ქალს, შეწყვიტოს  თავისი ოცნების მამაკაცის ძიება... მერე კიდევ იტყვიან, ქალი ჯიუტი არსება არ არისო... 

ლალიკომ ერთბაშად გააცნობიერა, რომ 37 წლის გახდა. გააცნობიერა და გუნება წაუხდა – ისევ მარტო იყო და ისევ არაფერი ჰქონდა ზურგს უკან – არც ქმარი, არც ოჯახი, არც შვილი... რომ ეთქვა ვინმეს, ქმარი იმიტომ არ გყავს, რომ შენი ცხოვრების იდეალი ჯერ ვერ იპოვეო, გაიცინებდა, მაგრამ, რეალურად მართლაც იყო ძიების პროცესში. საკუთარ თავს არ უტყდებოდა, რომ ჯერ კიდევ ფიქრობდა იმ ტიპზე, რომელსაც შემთხვევით შეხვდა ქუჩაში... იქნებ, ამიტომაც მიუწევდა გული სასეირნოდ...

კარი გაიღო და ერთიანად გალუმპული ლალიკო ოთახში შემოვიდა. თმიდან და ტანსაცმლიდან წურწურით ჩამოსდიოდა წყალი. დოდოშკამ მისკენ გაიხედა და გაოცების შეძახილი აღმოხდა:

– რას ჰგავხარ, ვერსად შეეფარე? საშინლად სველი ხარ... ლალიკო, სად იყავი?

– ვსეირნობდი, – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ლალიკომ და გაიცინა.

დოდოშკამ კომპიუტერს თავი ანება, წამოდგა და მასთან მივიდა.

– კარგად ხარ? – ჰკითხა თანაგრძნობით და მხარზე დაადო ხელი.

– ჰო. რატომ მეკითხები?

– იმიტომ, რომ კარგად არ გამოიყურები. მეგონა, ვინმესთან ერთად იყავი.

– ვინმესთან ერთად? ჰო, ჯერ ვიყავი, მერე კი წვიმაში სეირნობა მომინდა... რატომ მიყურებ გაკვირვებული?

– იმიტომ, რომ საკუთარ თავს არ ჰგავხარ. დასველება გინდოდა?

– მინდოდა... – ამოიოხრა ლალიკომ, – და არ დამიწყო ახლა შეგონებები. ზოგჯერ სისველე შველაა, წვიმა კი – შვება. ხედავ, როგორ პოეტურად გამომივიდა?!

დოდოშკამ თავი გადააქნია:

– ეჰ, მგონი, ორივეს თავგზა გვაქვს არეული... მე კი ჩემს ყოფილს შევხვდი.

– მართლა? რატომ არ მითხარი?

– რატომ უნდა მეთქვა? ეს ჩემი საქმე და ჩემი პრობლემაა.

– შენც მძიმე დღე გქონია.

ლალიკომ კარადიდან პირსახოცი გამოიღო და თმის შემშრალება დაიწყო.

– ჰო, არა უშავდა. სველი ტანსაცმელი გაიხადე, თორემ, გაცივდები. დღეს, ალბათ, ტატაშკა შემოგვივლის...

– გაუგე რამე? – ცნობისმოყვარედ ჰკითხა ლალიკომ და სველი კაბის ღილები შეიხსნა.

– ჰო, რაღაც გავიგე...

– გამოუვა?

– დარწმუნებული არ ვარ. ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ლალიკომ შიშველ სხეულზე ფუმფულა პირსახოცი შემოიხვია და დივანზე მოკალათდა.

– ინტერნეტში რას ეძებდი?

– ჩემს კითხვებზე პასუხს... ჩაი ხომ არ დაგველია? მერე ტატაშკაც მოვა.

– დავლიოთ, – დაეთანხმა ლალიკო, – გავალ სამზარეულოში და ჩაიდანს დავდგამ.

– კარგი. მე მანამდე ამ სვეტს ბოლომდე ჩავიკითხავ, – თავი დაუქნია დოდოშკამ...

ჩაის რომ სვამდნენ, დოდოშკა ჩაფიქრებული იჯდა. ლალიკოც ლამბაქზე იყო მიშტერებული.

– მაინც ვერ ვხვდები, რა უნდა ტატაშკას, – თქვა უცებ ლალიკომ. 

დოდოშკამ მაშინვე არ უპასუხა, ჩაი მოხვრიპა და მხრები აიჩეჩა.

– უკვე ხომ თქვა – შვილი უნდა.

– ჰო, მაგრამ, ასე უცნაური ფორმით რატომ?

– რა გითხრა. ყველას თავისი არჩევანი აქვს. ჩვენ ან დავუდგებით მხარში, ან არა. ესეც ჩვენი არჩევანი იქნება, რასაკვირველია...

– მართლა კრიმინალია, რის გაკეთებასაც აპირებს?

– წარმოდგენა არ მაქვს. რაღაც, არ მსმენია, სექსმუშაკი პარტნიორის სპერმის მოპარვისთვის დაეჭიროთ, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ქურდობა დასჯადი არ არის.

– უფრო კონკრეტულად რომ გავიგოთ?

– რანაირად? მე იურისტი კი არ ვარ. სისხლის სამართლის კოდექსს ნუ შემასწავლით ახლა... მედიცინას რომ ჩავუღრმავდი, ესეც მეყოფა... რა ქენი, გაშრი და გათბი?

– არც მციოდა... მგონი, ტატაშკა მოვიდა.

ტატა გაბრწყინებული სახით შემოვიდა ოთახში. ხელში თეთრი მუყაოს მოზრდილი ყუთი ეჭირა.

– კარგია, ორივე რომ აქ ხართ. ფრანგულ საკონდიტროში გამოვიარე და ნამცხვარი მოგიტანეთ. მოგეწონებათ, მე უკვე მივირთვი...

– ჰმ, მარტო იყავი ნამცხვრის საჭმელად? – დაეჭვებით ჰკითხა დოდოშკამ.

– არა, დამპატიჟეს. თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? – შეიჭმუხნა ტატაშკა და კაფეში საყვარელთან საუბარი გაახსენდა... ერთხანს თვალებმოჭუტულმა უყურა კაცს, ნაძალადევად რომ უღიმოდა, მერე ჰკითხა:

– ახლა არ გეშინია, რომ ვინმე დაგვინახავს?

– არა, – მოუჭრა კაცმა და სახე მოეღრუბლა.

– ხომ შეიძლება, ვინმემ ისეთმა დაგვინახოს, რომ... ან, თუნდაც, შენმა ცოლმა...

– არ შეიძლება. ჩემი ცოლი ისეთ ადგილას არის, ნამდვილად ვერ დამინახავს. რაც შეეხება იმას, ვიღაცა თვალს შეგვავლებს თუ არა, ნაკლებად მადარდებს. არაფერს ვაკეთებთ განსაკუთრებულს –  ვსვამთ ყავას და ვჭამთ ნამცხვარს. რა მოხდა?

ტატაშკამ მხრები აიჩეჩა:

– არაფერი. მე ვამბობ, რომ რამე მოხდა? პირიქით, არ მინდა, რომ რამე მოხდეს და იმიტომაც გკითხე.

– ტატაშკა, საყვარელო, ხომ ხედავ, შენ მიმართ როგორი დამოკიდებულება მაქვს? არაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც დისკომფორტს შეგიქმნის.

– მართლა? – თვალები მოჭუტა ტატაშკამ.

– ჰო, მართლა. სანაცვლოდ კი არაფერს ვითხოვ, გარდა ერთისა... – კაცი გაჩუმდა და ქალს დაჟინებით მიაშტერდა.

– ვიცი, რაც უნდა მითხრა. ხომ ხედავ, რომ შენ გვერდით ვარ და ტელეფონის ზარებსაც კი არ ვპასუხობ. მეტი რა ვქნა?

– ჰო, ეგ შევნიშნე და კარგია. მიხარია, მაგრამ, აქედან სად წახვალ, ეს რომ არ ვიცი?

ტატაშკამ ხელები გაშალა:

– მეტისმეტსაც ნუ მოინდომებ. ვერ ვიტან ეჭვიან კაცებს. ვინმე როცა მაკონტროლებს, ვგიჟდები და საპირისპიროს გაკეთების სურვილი მიჩნდება.

– ვხვდები, მეტ-ნაკლებად უკვე გაგიცანი. თუმცა, სიურპრიზებით სავსე ხარ.

– რა თქმა უნდა, მე ერთი დიდი სიურპრიზი ვარ... – აკისკისდა ტატაშკა და ერთბაშად მოლბა, – კარგი, არ გაეჭვიანებ. აქედან ჩემს მეგობრებთან მივდივარ. ქალები არიან. კმაყოფილი ხარ?

კაცმა ალერსით მიუთათუნა ხელზე ხელი:

– ბინა როდის გიქირავო?

– რისთვის?

– რას ჰქვია, რისთვის? ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ.

– სასტუმროებშიც მშვენიერი სექსი გვაქვს, ბინა რა საჭიროა? მით უმეტეს, რომ მე კომფორტი მიყვარს.

– კომფორტულ ბინას გიქირავებ, ძალიან კომფორტულს.

ტატაშკამ თავი გადააქნია:

– არ შემიძლია. არ მჭირდება არაფერში...

– მე მჭირდება, – გაცხარდა კაცი, – რატომ არ გინდა, რომ გამიგო? გაცილებით მშვიდად და უსაფრთხოდ ვიქნებით. შენ მე უბრალო სასტუმროში ვერ წაგიყვან... ძვირფასი სასტუმროების მომსახურე პერსონალი კი ძალიან კარგად მიცნობს, თითქმის ყველგან.

ტატაშკამ მხრები აიჩეჩა:

– აჰა, ესე იგი, იმის გამო, რომ შენ ბოზებს დაათრევდი სასტუმროდან სასტუმროში, მე ნაქირავებ ბინაში უნდა გამოვიკეტო და მოთმინებით დაგელოდო, როდის ინებებ მობრძანებას? ძალიან ბევრს ხომ არ მოითხოვ?

– ჩემი ნათქვამის ინტერპრეტაციას ნუ აკეთებ... სასტუმროებსაც არ მოგაკლებ, უცხოეთშიც ვივლით... ხშირად არა, რა თქმა უნდა, მაგრამ, რაც შემეძლება, თავს არ დავზოგავ...

– ანუ, ვერ შემელევი...

კაცი შეცბა:

– ამას რატომ მეკითხები?

– ისე... მაინტერესებს, რამდენად ძვირფასი ვარ შენთვის.

– ვერ ხვდები?

– რა ვიცი... გამოცდილებამ დამანახვა, რომ მამაკაცის სიტყვების არ უნდა გჯეროდეს, მით უმეტეს – ლამაზი სიტყვების...

– მე სხვა კაცებს არ ვგავარ, – მოიღუშა და ისე უპასუხა ტატას ნათქვამით გაღიზიანებულმა.

– ვნახოთ... – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ტატაშკამ.

.***

ლალიკომ ნამცხვრის მოზრდილი ნაჭერი პირისკენ გააქანა და თვალები სიამოვნებით მილულა.

– მმმ... არაჩვეულებრივია... დიდი სიამოვნებაა ჭამა.

– ჰო, აბა რა! – ირონიულად გაიღიმა დოდოშკამ, – პირში ნამცხვრის ჩადება აშკარად სჯობს იმას, რასაც აკეთებ ხოლმე...

– ეგ რომ არ გეთქვა, არ შეიძლებოდა? – გამოტენილი პირით ძლივს გასცა პასუხი ლალიკომ და ფიქრებში წასულ ტატაშკას მიუბრუნდა, – გაიგონე, რა მითხრა? ტატაშკა, არ მისმენ?

– ჰო, რაო? – ტატაშკამ ისე შეხედა ლალის, თითქოს პირველად დაინახა.

– აუჰ, ეს, მგონი, მართლა შეყვარებულია! – შეიცხადა ლალიკომ.

– ნუ ბოდავ... აბა, რა გაარკვიე?

დოდოშკამ ამოიოხრა:

– მოკლედ, რაღაც-რაღაცეები გადავამოწმე და თეორიულად ეს ნამდვილად შესაძლებელია.

ტატა გაიბადრა:

– გადასარევია! ანუ, შევუდგე საქმეს?

– მოიცადე, ასე ჩქარა არ გამოვა. თეორიულად რომ შესაძლებელია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკაშიც განვახორციელებთ.

– გამაგიჟებ, რა! აბა, ამდენ ხანს რას არკვევდი?

– წავიკითხე და გავიგე, რომ უცხოეთში ერთმა ქალმა ასე გააჩინა შვილი... როგორ უნდა მოიქცე, ხომ უნდა ვიცოდეთ? პროცესის დეტალურ აღწერილობას ვგულისხმობ. თანაც, ინ ვიტრო-კლინიკების პოზიციაც ხომ უნდა გავითვალისწინოთ?

– რას გულისხმობ?

– ქალო, წარმოიდგინე, ნახმარი პრეზერვატივით რომ მიხვალ კლინიკაში, როგორი რეაქცია ექნებათ. შეიძლება, ეგრევე პოლიციაში დარეკონ.

ტატაშკამ უდარდელად აიქნია ხელი:

– ეგ უკვე მოვიფიქრე, სანერვიულო არაფერი გვაქვს. წინასწარ მივალ და ვეტყვი, რომ ჩემი პარტნიორი ცნობილი ადამიანია და ინკოგნიტოდ დარჩენა მოისურვა.

დოდომ დაეჭვებით გადააქნია თავი:

– ეგ იმუშავებს?

– ვითომ რატომ არ იმუშავებს? პირიქით, ისე დელიკატური და კდემამოსილი ვიქნები, დამიჯერებენ.

– ანუ, ეტყვი, რომ დონორმა, პოტენციურმა მამამ, ამის შესახებ არაფერი იცის?

– აუ, დოდოშკა, რა გჭირს? უკუღმა რატომ გესიმის ჩემი ლაპარაკი?! ადამიანურად ავუხსნი, რომ მე და ჩემს პარტნიორს გვინდა საერთო შვილი, მაგრამ ის იმდენად ცნობილია, რომ საჯაროდ ვერ გამოჩნდება.

– შენ იცი. მაშინ, შეგიძლია დაიწყო პროცედურები.

– რა პროცედურები?

– ვაიმე, ასე ადვილი არ არის დაფეხმძიმება – შეგიშხაპუნებენ და, მორჩა, დაორსულდები. უნდა მოემზადო, საყვარელო... რამდენი აბორტი გაქვს გაკეთებული?

ტატაშკამ ტუჩები უკმაყოფილოდ მობრიცა:

– დავითვალო?

– მოგიწევს. ეს მნიშვნელოვანია. ამას გარდა, გამოკვლევები და მკურნალობის კურსი უნდა ჩაიტარო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაინერგო... ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ხშირად პირველივე ცდაზე არ გამოდის.

ტატა გაშრა:

– რა?! მოიცა, ეგ როგორ?

– როგორ  და, შეიძლება, სპერმა ერთხელ კი არა, ორჯერ და სამჯერ გაგიხდეს მოსაპარი.

– დამცინი? გინდა, ნერვები მომიშალო?

– არა, სერიოზულად გეუბნები. ინტერნეტში წერია ამაზე. იმ კლინიკაშიც გეტყვიან.

– მე პირველივე ცდაზე დავორსულდები, – მტკიცედ და გადაჭრით თქვა ტატაშკამ.

– ნეტავი ასე იყოს, მხოლოდ გამიხარდება.

– შეიძლება, რაღაც გკითხოთ? – ლალიკომ ნამცხვრის კიდევ ერთ ნაჭერს მოუღო ბოლო და სიგარეტს მოუკიდა.

– რამე სისულელე არ დააბრეხვო, – გააფრთხილა ტატაშკამ.

– როგორ აპირებ, ბავშვის მამას გაუმხილო საიდუმლო? თუ აპირებ საერთოდ...

– სანამ ბავშვი ერთი წლის არ გახდება, არაფრის თქმას არ ვაპირებ, რადგან, ვიცი, აუცილებლად გაბრაზდება. ყველაზე იდეალური კაციც კი ეგოისტია.

– ჰმ, სპერმას ჰპარავ და კიდევ ის არის ეგოისტი? – გაეღიმა დოდოშკას.

– შენ დიდი ხანია, კაცების ინტერესებს იცავ? – იფეთქა ტატაშკამ,  – ბოლოს და ბოლოს მითხარი, ვის მხარეზე ხარ.

– შენ მხარეზე ვარ, დამშვიდდი... მომავალი დედა ხარ, შენი ნერვიულობა აღარ შეიძლება.

– ესეც დაცინვაა, სხვათა შორის...

– ვაიმე, არ დაგცინი, ვიხუმრე...

– მეორედ ასე აღარ იხუმრო, თორემ, აღარ დაგელაპარაკები... მოკლედ, არ მექნება ორსულს და ახლად ნამშობიარევს გაწევ-გამოწევის თავი. გამორიცხული არ არის, „დეენემის“ ანალიზის გაკეთებაც მომთხოვოს... ამიტომ, პირველ ხანებში მე და ჩემს შვილს მშვიდი გარემო დაგვჭირდება.

– და – ფულიც... ინ ვიტრო განაყოფიერება ძვირი სიამოვნებაა. ბავშვსაც არ დასჭირდება ცოტა... ორსულიც ვეღარ იმუშავებ და ამაზეც იფიქრე... შემოსავალი ხომ გინდა?

– მართალი ხარ და ვიფიქრე კიდეც ამაზე... თქვენ ხომ იმუშავებთ და გადამიხდით ქირას? იმასაც გამოვართმევ ხოლმე ფულს, ცოტა მოგროვილიც მაქვს – მანქანის გამოცვლას ვაპირებდი, მაგრამ, არ დამჭირდება. მერე კი უზრუნველად ვიცხოვრებ...

დოდოშკამ ლალიკოს გადახედა და ამოიოხრა – ტატა ისეთი ბედნიერი ჩანდა, რომ გაჩუმება ამჯობინა...

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3