კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ისახავდა მიზნად სტალინის მიერ მოფიქრებული საიდუმლო ოპერაცია „ბობი“

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ დიდი ბელადი ყველა მსხვილი საიდუმლო-სადაზვერვო ოპერაციის საქმის კურსში იყო, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეების კოორდინაციას პირადად ახორციელებდა. სტალინს ჯერ კიდევ ომამდე მოახსენეს, რომ ბირთვული ფიზიკის მეცნიერებათა მიღწევები  საშუალებას იძლეოდა, შექმნილიყო ისეთი ძლიერი იარაღი, რომლის მფლობელსაც, ფაქტობრივად, ნებისმიერი ომის მოგების შესაძლებლობა ეძლეოდა. რა თქმა უნდა, საუბარია ატომურ ბომბზე, რომლის დემონური ძალის შესახებ ბოლომდე წარმოდგენა მაშინ არავის ჰქონდა, მაგრამ სტალინმა მაინც მისცა ვიზა ამ ინფორმაციას. მან საბჭოთა მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ფიზიკის სფეროში მოღვაწეობდნენ, მნიშვნელოვნად გაუზარდა დაფინანსება, დაზვერვას კი დაავალა, რომ ამ კუთხით მუშაობა გაეძლიერებინა და მეცნიერებისთვის ნებისმიერი ინფორმაცია მიეწოდებინა. ამრიგად, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ომამდე მუშაობდა ატომური ბომბის შექმნის საკითხებზე, თუმცა, დიდი პრიორიტეტი ამ გამოკვლევებს არ ჰქონდა მინიჭებული და, მიაჩნდათ, რომ ზარბაზნებისა და შაშხანების წარმოების გაზრდა უფრო მნიშვნელოვანი საკითხი იყო, ვიდრე ფულის ამაო ხარჯვა ექსპერიმენტებში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1942 წლის 2 დეკემბერს სახელგანთქმულმა მეცნიერმა ენრიკო ფერმმა ქალაქ ჩიკაგოში ჯაჭვური რეაქციის განხორციელება მოახერხა ატომების გახლეჩის მეშვეობით, ბირთვული გამოკვლევები ნომერ პირველ მიმართულებად იქცა საბჭოთა მეცნიერებაში და ჩვენი დაზვერვაც სრული ძალით ჩაერთო ამ საქმეში. ფერმის წარმატების შესახებ სტალინს 4 დეკემბერს მოახსენეს და, თან,  მას პოპულარული ენით აუხსნეს, რომ ასეთი მეცნიერული მიღწევის შედეგად შექმნილი იარაღი დიდ უპირატესობას მიანიჭებდა მის მფლობელს. სტალინმა მშვიდად მოუსმინა მათ, შემდეგ კი მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მიღწევებს ფლოდნენ საბჭოთა მეცნიერები ამ სფეროში და, როდესაც დარწმუნდა, რომ ეს დარგი ჩამორჩენილი იყო, განრისხებულმა გასცა   ბრძანება: ყველა დამნაშავე, ვინც მე ორი წლის წინ არაკვალიფიციური ინფორმაცია მომაწოდა, დასაჯეთო. ბერიამ ოცდაათამდე მეცნიერი და კონსულტანტი დააპატიმრა, თუმცა, თითქმის ყველა მალევე გაათავისუფლეს და იგორ კურჩატოვს დაუქვემდებარეს, რომელიც საბჭოთა ატომური ბომბის საქმეს ხელმძღვანელობდა. სტალინმა ბერიასა და სუდოპლატოვს დაავალა, რომ „მანჰეტენის პროექტის“  (ასე ეწოდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ატომურ ბომბზე მუშაობის პროგრამას) ირგვლივ გაეძლიერებინათ მუშაობა და ამ საქმეზე არც ფინანსები დაეზოგათ და არც ადამიანური რესურსი. იმ დღიდან სტალინი პირადად ჩაერთო ამ ოპერაციაში და, გარდა იმისა, რომ გულმოდგინედ მუშაობდა მასზე, ჩვენ მიერ გადმობირებულ აგენტებსაც კი ხვდებოდა და პირადად უწევდა მათ ინსტრუქტაჟს. „მანჰეტენის პროექტის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ (ბობი) ოპენჰაიმერი. სტალინის ინიციატივით, საბჭოთა სადაზვერვო ოპერაციას კოდურ სახელწოდებად „ბობი“ ეწოდა. ამ ოპერაციის საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, ატომური ბომბის საიდუმლოების მოპოვება იყო, მაგრამ, პარალელურად, ჩვენს მზვერავებს შეძლებისდაგვარად უნდა შეეფერხებინათ ამერიკული ბომბის დამზადების პროცესი. უპირველესად, მზვერავებმა ოპენჰაიმერის დოსიე მოიპოვეს და მისი პიროვნება შეისწავლეს. აღსანიშნავია, რომ ოპენჰაიმერის დოსიეს სტალინიც სწავლობდა და სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა ოპერაცია „ბობი“. სტალინმა მითითებები მისცა სუდოპლატოვს: „ყველაზე სუსტი რგოლი – ქალების სიყვარული და კომუნიზმისადმი სიმპათიებია, ამიტომ, ამ კუთხით იმუშავეთ“. ოპენჰაიმერი თავის უამრავ თაყვანისმცემელს შორის ყველაზე მეტად ორ ქალს – ჯეინ ტეტლიკსა და ქეთრინ ჰარისონს სწყალობდა. ტეტლიკი კალიფორნიის უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის პროფესორის ქალიშვილი იყო, ხოლო ჰარისონი – ესპანეთში დაღუპული ექიმის ქვრივი, რომელიც თავის დროზე კომუნისტებს თანაუგრძნობდა. ერთი სიტყვით, ორივე ქალი ჩვენმა დაზვერვამ გადმოიბირა და მუშაობაც ახალი ძალებით გაჩაღდა. სხვათა შორის, ქეთრინ ჰარისონი უკვე ოპენჰაიმერის ცოლი იყო, როდესაც ეს უკანასკნელი ჩვენთან თანამშრომლობას დათანხმდა. რა თქმა უნდა, ოპენჰაიმერსა და მის ოჯახზე უმკაცრესი კონტროლი იყო დაწესებული და ამ საქმეს პირადად პოლკოვნიკი ბორის პაში კურირებდა. ეროვნებით რუსი პაში მართლმადიდებელი მიტროპოლიტის ვაჟიშვილი იყო და „მანჰეტენის პროექტის“ უშიშროების სამსახურს მეთაურობდა. ოპერაციის მიხედვით, ოპენჰაიმერის მეუღლეს, ქეთრინს, ნებისმიერი გზით უნდა მოეპოვებინა ქმრის სამსახურებრივი დოკუმენტები და ის საბჭოთა რეზიდენტისთვის გადმოეცა, ჯეინ ტეტლიკს კი სასიყვარულო კავშირები უნდა განეახლებინა ოპენჰაიმერთან. ეს ორი ქალბატონი ერთმანეთს არ იცნობდა და საბჭოთა დაზვერვის დავალებას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახორციელებდა – „ოპენჰაიმერის ქალების“ ვარიანტის მთავარი ჩანაფიქრი ის იყო, რომ, თუკი ჩვენები ატომური ბომბის დოკუმენტაციას ვერ მოიპოვებდნენ, ჯეინ ტეტლიკის მეშვეობით ოპენჰაიმერი ამ საქმიანობისთვის მაინც  უნდა ჩამოეშორებინათ. ორივე ქალბატონი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ერთი დღით მალულად ჩამოიყვანეს მოსკოვში. სტალინი მათ კუნცევოში ცალ-ცალკე შეხვდა და ამ ოპერაციაზე პირადად ესაუბრა. ჩვენმა დაზვერვამ მეორე დღესვე ორივე უკან დააბრუნა და ოპერაცია „ბობი“ გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ჰარისონმა ქმრის სამეცნიერო ჩანაწერების ფოტოასლები უკვე ორი კვირის შემდეგ გამოგზავნა მოსკოვში, რაც დაუყოვნებლივ მიაწოდეს კურჩატოვს, ჯეინ ტეტლიკმა კი კვლავ განაახლა რომანი ოპენჰაიმერთან. ოპენჰაიმერი ისე მონუსხა ძველმა საყვარელმა, რომ მასთან უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე თავის სამეცნიერო ლაბორატორიაში ან ოჯახთან. მეცნიერი ოჯახთან ერთად ლოს ალამოსში (ატომური ქალაქი) ცხოვრობდა და მუშაობდა, საიდანაც შეუმჩნევლად გამოსვლა და, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციის გამოტანა, დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ოპენჰაიმერი მაინც ახერხებდა მეუღლისგან მალულად საყვარელთან შესახვედრად გამოსვლას, ქეთრინი კი ყველა იმ ფოტომასალის გადმოცემას ახერხებდა, რასაც მეუღლის სამუშაო მაგიდაზე თუ უჯრებში მოიხელთებდა. როგორც ჩანს, უშიშროებამ რაღაც იყნოსა და ოპენჰაიმერს უეცრად ყოველგვარი ჩანაწერის გაკეთება აუკრძალეს. ქეთრინ ჰარისონის სადაზვერვო მისია ამით ამოიწურა. ჩვენს დაზვერვას ერთადერთი ვარიანტი დარჩა – როგორმე სამუშაოებისთვის ჩამოეშორებინა ოპენჰაიმერი და ჯეინ ტეტლიკმა მასთან სასიყვარულო ურთიერთობები განაგრძო. თუკი ადრე ოპენჰაიმერი მალულად ხვდებოდა საყვარელს, ახლა რამდენიმე დღით იკარგებოდა საყვარელთან ერთად. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ის, რომ პაშის დაჟინებული მოთხოვნით, რობერტ ოპენჰაიმერი „მანჰეტენის პროექტს“ მთელი სამი თვით ჩამოაშორეს. მეცნიერმა ოჯახი მიატოვა და ამერიკულ ატომურ პროექტს ხერხემალი გამოეცალა. ამასობაში საბჭოთა ფიზიკოსები მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ ბირთვული კვლევის საქმეში და თითქმის მიუახლოვდნენ ამერიკელების მიღწევებს. პენტაგონსა და თეთრ სახლში განგაშის ზარი ჩამოჰკრეს. საქმეში პირადად პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ჩაერია და ოპენჰაიმერი უკან დააბრუნეს. ის პირადად პრეზიდენტმა მიიღო და ესაუბრა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ოპენჰაიმერი კვლავ „მანჰეტენის პროექტის” ხელმძღვანელი იქნებოდა, თუმცა, ჯეინზე დაქორწინება მაინც ვერ მოახერხა, რადგან ქალი ვენებგადაჭრილი იპოვეს საკუთარ აბაზანაში და ეს ყოველივე თვითმკვლელობად შეფასდა, თუმცა ამ საქმეში პოლკოვნიკ ბორის პაშის ხელი ერია. ჯეინის ძალისხმევამ მაინც დიდი შედეგი გამოიღო – ოპენჰაიმერის დროებითმა ჩამოშორებამ დიდი ზარალი მიაყენა ამერიკული ატომური ბომბის შექმნის საქმეს. სტალინის ბრძანებით, ჯეინ ტეტლიკი „წითელი ვარსკვლავის ორდენით” დააჯილდოვეს სიკვდილის შემდეგ, ხოლო მისივე ბრძანებით, ოპენჰაიმერის მეუღლე ქეთრინ ჰარისონი დროებით „დააკონსერვეს“ და მასთან კავშირი საბჭოთა დაზვერვამ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ განაახლა.

 

მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით        

скачать dle 11.3