კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა ვიცნოთ შხამიანი გველი და რა უნდა გავაკეთოთ მისი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად

დათბობასთან ერთად, როგორც ყოველთვის, წელსაც შეგვახსენეს გველებმა თავიანთი არსებობა და მხოლოდ თბილისში მისი ნახვის უკვე საკმაოდ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. ასეა საქართველოს სხვა ქალაქსა თუ რაიონში. ამ დროს მნიშვნელოვანია იმის შეხსენება, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გველს გადააწყდებით და როგორ აირიდოთ მისი თავდასხმა. რა უნდა გავაკეთოთ კბენის შემთხვევაში და როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან შხამიანი და უშხამო გველი. ამ კითხვებზე ზოოპარკის ეგზოტარიუმის მომვლელმა თეკლა კვაჭაძემ გვიპასუხა.

– გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში, დათბობასთან ერთად გველები მძინარე მდგომარეობიდან გამოდიან და მოსახლეობას აწუხებენ. ის თბილისის თითქმის ყველა უბანში შეინიშნება. გარდა გველისა, ჩვენ შეიძლება შევხვდეთ გველხოკერას, რომელიც გველი ჰგონიათ – სინამდვილეში კი, უფეხებო, გრძელი ხვლიკია, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია და არც იკბინება. უბრალოდ, გველის ფორმა აქვს. გვხვდება დიდი რაოდენობით ანკარა, რომელიც ასევე არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს, რადგან მას შხამი არ აქვს. საერთოდ, თბილისში, როგორც ასეთი, შხამიანი გველები არ არიან. ერთადერთი, რუსთავის გზაზე, ორთაჭალას რომ გასცდებით, შეიძლება, შეგხვდეთ გიურზა, რომელიც შხამიანია. 

– ბუნებრივია, თუ გველს იქ შევხვდებით, სადაც ბალახი და ანტისანიტარიაა, მაგრამ საცხოვრებელ კორპუსშიც დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა. ასეთ ადგილას საიდან შეიძლება, აღმოჩნდეს ის?

– კი, ასეთი შემთხვევებიც არის. შესაძლებელია, გველი ბარგს აჰყვეს. მარტივად შეიძლება, რაიონიდან მომავალ ადამიანს გარკვეულ მომენტში, ბარგში შეუძვრეს და მან, მისდა უნებურად, გველი თბილისში ჩამოიყვანოს. ყველაფერი ხდება. ისე, გველს სიმაღლეებზე ასვლა არ შეუძლია. თუმცა, იყო შემთხვევა, როცა საკმაოდ მაღალ სართულზე ლიფტს აჰყვა. იქ მცხოვრებმა ლიფტი გამოიძახა და როცა კარი გაიღო, დაინახა, რომ იქედან გველი გამოძვრა.

– თუა შესაძლებელი, შხამიანი გველის უშხამოსგან გარჩევა გარეგნული ნიშნების მიხედვით, ნებისმიერი ადამიანისთვის?

– რაიმე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი არ არსებობს. მაგრამ, ერთს გეტყვით, მაგალითად, გიურზას, რომელიც ყველაზე შხამიანი გველია, აქვს კისრისგან მკვეთრად გამოყოფილი, სამკუთხა ფორმის თავი. გარდა ამისა, მისი შეფერილობა არის მუქი რუხიდან ღია რუხამდე და საკმაოდ მსხვილი გველია. მისი ნაკბენი სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ დაზარალებულს ერთი ან ორი საათი აქვს დრო, რომ ექიმს მიმართოს. შხამიანი იყო თუ არა გველი, ამის გაგება ნაკბენის საშუალებითაც შესაძლებელია. შხამიანი გველის შემთხვევაში, ნაკბენ ადგილას არის ორი, პატარა ნასვრეტი. არაშხამიანის შემთხვევაში, იქნება ეს ანკარა, მცურავი თუ სხვა, ნაკბენს აქვს ოვალური ფორმა და ბევრი კბილის კვალი ჩანს. უმჯობესია, ორივე ვარიანტში, მაინც საქმის სპეციალისტს მიმართოთ. 

– გველის თავდასხმის თავიდან აცილება თუა შესაძლებელი და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ის არ გავაღიზიანოთ?

– საერთოდ, გველი ადამიანს თავს მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის მიზნით ესხმის. ის არ მოგსდევს და არ გისაფრთება. ხშირად გავიგონებთ: წინა წელს წიწილა მოვუკალი და ახლა ჩემზე შური იძიაო. ეს სისულელეა. ჯერ ერთი, გველებს დედობრივი ინსტინქტი არ გააჩნიათ და მეორე, არანაირი შურისძიება არ ხდება. უბრალოდ, როცა ადამინი მის ტერიტორიაზე შედის, ის თავს იცავს. როცა გველთან ახლოს დგახარ, ის სისინით გატყობინებს ამის შესახებ. უბრალოდ, უკან უნდა დაიხიო, მეტი არაფრის გაკეთება არაა საჭირო. ნუ გააღიზიანებ და თავს არ დაგესხმება. ტროპიკულ სარტყლებში არიან აგრესიული გველები, რომლებიც რამდენიმე მეტრის მანძილზე შეიძლება დაედევნონ ადამიანს, მაგრამ ჩვენთან ასეთი სახეობები არ ბინადრობენ. 

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გველი საკბენად ემზადება?

– როცა გველს ზამბარისებული ფორმა აქვს და მზადააა, თავი გამოიტყორცნოს, ზუსტად ამ დროს ის კბენისთვის ემზადება. ამ და სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, რომ მას მოერიდოთ. როცა არ შეგიძლია ერთმანეთისგან განასხვავო შხამიანი და უშხამო გველი, უბრალოდ, უკან დაიხიე და გამოიძახე – 112. არ არის საჭირო ჯოხით წვალება და ქვების სროლა. 

– გამიგონია, რომ არ შეიძლება გველის მოკვლა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან ოჯახისთვისაა ცუდი. რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია?

– ეს უფრო ცრურწმენაა. გველებს ბევრი ასეთი ამბავი უკავშირდება. ზოგადად კი, საერთოდ რატომ უნდა მოკლა? თუ გინდა, რომ არ გიკბინოს, უბრალოდ, მოერიდე და ცოტა უკან დაიხიე. 

– კბენის შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ?

– შეიძლება, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ უპირველესად, უნდა დავწყნარდეთ. დავჯდეთ, უკეთესია, თუ დავწვებით, რათა ორგანიზმი დამშვიდდეს. გამოვიძახოთ ექიმი. შხამიანი გველის ნაკბენის შემთხვევაში, ჭრილობა შეშუპებას დაიწყებს. ნაკბენის გაჭრა, დასერვა და შხამის ამოწოვა არ შეიძლება. შხამის ამოწოვა მხოლოდ მაშინაა დასაშვები, როცა 100 %-ით დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი პირის ღრუ არის მოწესრიგებული. კარიესიც კი არ უნდა გქონდეთ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, შხამი გავრცელდეს.

– ლახტის გადაჭერა თუა შედეგიანი?

– შეიძლება, მაგრამ შენ ზუსტად არ იცი, შხამი რა დონეზე წავიდა. ასე რომ, ნაკლებ ეფექტურია. 

– რამე მედიკამენტი თუ არსებობს, რომელიც შეიძლება, იქონიო საფრთხის შემცველ ადგილებში?

– შხამიანი გველის კბენის შემთხვევაში, დაზარალებულს ანტიგიურზინს უკეთებენ, რომელიც საქართველოს ნებისმიერ საავადმყოფოში აქვთ. თუმცა ანტიგიურზინი არ იყიდება და რომც იყიდებოდეს, შენ არ იცი, შხამიანმა გველამა გიკბინა თუ არა. უშხამოს ნაკბენზე გაკეთებულმა ანტიგიურზინმა კი შეიძლება მოგკლას. 

– შხამიანი გველის კბენის შემთხვევაში, რა დრო გვაქვს?

– ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია. ზოგი მეტად ალერგიულია, ზოგს კი ძლიერი იმუნიტეტი აქვს. ზრდასრულ ადამიანს, საშუალოდ, ერთი ან ორი საათი ყოველთვის აქვს. ბავშვის შემთხვევაში, ეს დრო 30-40 წუთამდე მცირდება. ნაკბენი, ძირითადად, კიდურებზე აქვთ ხოლმე. ყველაზე საშიში თავის არეა, მაგრამ თავზე როგორ უნდა გიკბინოს გიურზამ?!

– ბევრი გველია ზღვაზე. მართალია, დამკვიდრებული შეხედულება, რომ წყალში გველს შხამი არ აქვს და მისი ნაკბენი უსაფრთხოა?

 – წყალში ჩასული გველი შხამს ქვაზე არ ტოვებს. ესეც ერთ-ერთი ცრურწმენაა. წყალშიც ისევე იკბინება, როგორც ხმელეთზე. 

– ხშირ შემთხვევაში, გოგირდს და რეზინს წვავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მათი სუნი გველს აფრთხობს. ესეც მითია?

– დახურულ სივრცეში, სადაც არაა ვენტილაცია, გოგირდის დაწვის შემთხვევაში, გველი ორი-სამი დღე არ გამოჩნდება, რადგან მისი სუნი მართლა აღიზიანებს. მაგრამ, რაც შეეხება ეზოს, სადაც ღია პერიმეტრია და სუნი ორ-სამ საათში განიავდება, ამის გაკეთებას აზრი არ აქვს. ყოველ სამ საათში ხომ ვერ დავწვავთ გოგირდს. ასე რომ, იმ დღეს თუ არა, მეორე დღეს ისევ შეიძლება, შეამჩნიოთ იმ ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ამის გაკეთებას აზრი არ აქვს. თუ გვინდა, გარკვეულ ტერიტორიაზე მის არსებობას შევუშალოთ ხელი, უნდა დავიცვათ გარკვეული ნორმები. თბილისში მაღალი ბალახიცაა და ბევრი ნაგავიც. ნაგავსაყრელი იქნება ეს, ბუნკერები თუ საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორია. სადაც ნაგავია, იქ ცხოვრობს თაგვი და ვირთხა. გველი კი მათით იკვებება. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, გველი სწორედ ასეთ ადგილებში შეიმჩნევა. ამიტომ ჯობია, ბალახი გავთიბოთ, რადგან მაღალი ბალახი მისთვის კარგი თავშესაფარია, რომელშიც იოლად იმალება. დაბალ ბალახში კი დისკომფორტი ექმნება და ნაკლებად ჩერდება. ასევე, მნიშვნელოვანია სანიტარული ნორმების დაცვა და სისუფთავის შენარჩუნება. 

скачать dle 11.3