კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განსხვავებაა სრულად და არასრულად დასაქმებულებს შორის, რატომ არ ნიშნავს უმუშევრობის შემცირება სიღარიბის შემცირებას და რის მიხედვით ითვლება საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 83 პროცენტი დასაქმებულად

„საქსტატის” მონაცემებით, შარშან, 2014 წელს  უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა, იმდენადაც კი, რომ 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. კერძოდ, 2013 წელთან შედარებით 2014-ში დასაქმებულთა რაოდენობა 2,2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელმა, სულ რაღაც, 12,4 პროცენტი შეადგინა. დასაქმების დონე 1,6 პროცენტული პუნქტით სოფლადაც გაზრდილა და ქალაქადაც. ჩვეულებისამებრ, თვითდასაქმებულები დაქირავებით დასაქმებულებს სჭარბობენ. თანაფარდობა კი ასეთია: 2013 წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 5,2 პროცენტით გაზრდილა, ხოლო თვითდასაქმებულთა – 0,2-ით. ამ მონაცემებმა აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია და ვნებათაღელვაც, თუმცა, თუ დასაქმების ჩვენში აღიარებულ კრიტერიუმს გავიხსენებთ – დასაქმებულად ითვლება პირი, ვინც გამოკითხვის წინა 7-დღიან პერიოდში, თუნდაც, ერთი საათით მაინც იყო დასაქმებული ფულადი ან ნატურალური შემოსავლის მიღების მიზნით – მონაცემები გასაკვირი არ არის. ერთი ისაა, რომ გულდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. დასაქმების შუქ-ჩრდილოვან მხარეებზე სტატისტიკოს ნოდარ კაპანაძეს გავესაუბრეთ.

– ზოგადად, „დასაქმებულის“ როგორი განმარტებები არსებობს, რომელი ვარიანტებია მიღებული ცივილიზებულ სამყაროში?

– არსებობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება ყველა, ვინც გამოკითხვის წინა 7-დღიან პერიოდში თუნდაც ერთი საათით მაინც იყო დასაქმებული ფულადი ან ნატურალური შემოსავლის მიღების მიზნით. უმუშევრად ითვლება ის, ვინც გამოკითხვის წინა 7 დღის განმავლობაში ერთი საათითაც არ ყოფილა დასაქმებული ფულადი ან ნატურალური შემოსავლის მიღების მიზნით, მზად იყო მუშაობისთვის და ბოლო 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამუშაოს.

შემდეგ მოდის იმავე ორგანიზაციის შერბილებული კრიტერიუმი: დასაქმების განმარტება იგივეა, ხოლო უმუშევრების კატეგორიას ემატებიან ისინი, ვინც არ ეძებდა სამუშაოს, ვინაიდან არ ჰქონდა მისი პოვნის იმედი.

– თქვენს პოსტში მითითებული გქონდათ, რომ უმუშევრობის დონის გამოქვეყნებული მონაცემები, რის მიხედვითაც საქართველოში დასაქმება შემცირდა, ანალიზის მხოლოდ პირველი დონეა და მეორე დონეა არასრული დასაქმების შეფასება. რას ნიშნავს არასრული დასაქმება და რა დონის ინფორმაციას გვაწვდის ანალიზის ეს მეორე დონე?

– არის კიდევ უფრო რთული კრიტერიუმები, რომლებიც დასაქმების სტატუსს აზუსტებს და ეს კრიტერიუმები ეკონომიკური სტატუსის ანალიზის მეორე საფეხურია. ამ შემთხვევაში დასაქმებულები იყოფიან ორ ნაწილად: სრულად დასაქმებულებად და არასრულად დასაქმებულებად. არასრული დასაქმების განმარტება სხვადასხვანაირია. ყველაზე გავრცელებული განმარტება ასეთია: არასრულად დასაქმებულად ითვლება ის, ვინც გამოკითხვის წინა შვიდი დღის განმავლობაში დასაქმებული იყო, მაგრამ დასაქმებული იყო არასრული სამუშაო დროით, ეძებდა სამუშაოს სრული სამუშაო დროით და მისი პოვნის შემთხვევაში, მზად იყო, ემუშავა. ის რომ უმუშევრობის დონე შემცირდა ეს სრულიად გასაგები მოვლენაა და მისი ახსნა შეიძლება. კიდევ ვიმეორებ, აუცილებელია მაჩვენებელთა მთელი სპექტრის გაანგარიშება. მხოლოდ ამ ერთი მაჩვენებლის მიხედვით საბოლოო დასკვნის გაკეთება და მით უმეტეს გადაწყვეტილებების მიღება, არ შეიძლება. საჭიროა უფრო სიღრმისეული ანალიზი.

ამის შემდეგ მოდის ანალიზის მესამე საფეხური, სადაც შემოდის ფარული უმუშევრობის ცნება, რომლის მიხედვითაც არასრულად დასაქმებულად ითვლება ის, ვინც გამოკითხვის წინა შვიდის დღის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ ეძებდა სხვა სამუშაოსაც და მისი პოვნის შემთხვევაში, მზად იყო შესდგომოდა მუშაობას. 

– და რა ინფორმაციას გვაწვდის ფარული უმუშევრობის შეფასება?

– განმარტება გითხარით. შეფასებებისთვის კი მონაცემთა ბაზა მჭირდება. ზეპირად ასეთ შეფასებებს ვერ გავაკეთებ. მონაცემთა ბაზები „საქსტატის” ვებ-გვერდზე არ დადებულა ჯერ. წესით, უახლოეს დღეებში უნდა დაიდოს. თუ დროს გამოვძებნი, გადავამუშავებ მონაცემებს და ვნახავ, რა როგორაა. ვინაიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი კითხვა დამისვეს და არავინ დღემდე ამით არ დაინტერესებულა.

ამის შემდეგ მოდის ანალიზის მეოთხე საფეხური, სადაც დასაქმებულად ითვლება მხოლოდ ის, ვინც დასაქმებულია თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად. 

– სამუშაო ძალად ჩვენთან ითვლება 15 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა. ეს ადეკვატური ნიშნულია?

– შეთანხმების საკითხია სამუშაო ძალის განმარტებაც. პოტენციალურ სამუშაო ძალად, შრომის საერთაშორისო კრიტერიუმით, მიიჩნევა 15 და უფროსი ასაკის მთელი მოსახლეობა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სამუშაო ძალა იყოფა ეკონომიკურად აქტიურ და არააქტიურ მოსახლეობად. უმუშევრობის მაჩვენებლები ითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობიდან. არის მოსაზრებები, რომლის თანახმადაც, პოტენციალურ სამუშაო ძალად 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე მოსახლეობა ითვლება.

მოკლედ მთავარი ისაა, რომ ყველა ეს კრიტერიუმი ეფუძნება გამოკითხვას. გამოკითხვისთვის შემუშავებულია სპეციალური კითხვარი, საიდანაც შესაძლებელია ყველა ამ კრიტერიუმის შესაბამისად მაჩვენებლების გაანგარიშება. საქართველოს სტატისტიკის სამსახურში 1996 წლიდან დღემდე უწყვეტად მიდის შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევა, საიდანაც ამ მაჩვენებლების გაანგარიშება შესაძლებელია. 2002 წლიდან შესაძლებელია მაჩვენებელთა სრული სპექტრის გაანგარიშება. აქვე, ყველას საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ დაუშვებელია ამ ინფორმაციული სისტემის დაუფიქრებელი ,,რეფორმირება“. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მსგავსი მცდელობები იყო და მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ,,ნიჭიერი“ ისევ აპირებს ამას. თუ მონაცემთა მასივის გამოყენება თვითონ არ იციან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფორმაციული მასივი არ ვარგა.

– იქნებ მოვიყვანოთ მაგალითები, როგორ ითვლიან უმუშევრობას აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში?

– ზუსტად თქმა გამიჭირდება, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ბენილუქსის ქვეყნებში იყენებენ კვალიფიკაციასთან შესაბამისობის კრიტერიუმს, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ არის ინფორმაციული მასივი და შესაძლებელია შეფასებათა სრული სპექტრის გენერირება. არის მაგალითად მიდგომა, როდესაც უმუშევრად მხოლოდ რეგისტრირებული უმუშევარი ითვლება და უმუშევრობის დონის შეფასებაც ამ და სამეწარმეო სტატისტიკის მიხედვით მიღებულ დასაქმების მაჩვენებელს ეყრდნობა. მაგრამ ამ შემთხვევაში არარეგისტრირებული უმუშევრები, არარეგისტრირებული თვითდასაქმებულები არ იღებენ მონაწილეობას შეფასებაში.

– როგორც ვიცი, დასავლეთში უმუშევრად ითვლება ადამიანი, თუ ის არ არის დასაქმებული თავისი კვალიფიკაციის მიხედვით, რაც საქართველოში წარმოუდგენელი ფუფუნებაა. ეს ანალიზის მეოთხე დონე ყოფილა –  კვალიფიკაციის შესაბამისი დასაქმება.  ჩვენთან როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ და როგორი მდგომარეობაა, მაგალითად, ევროკავშირში?

– ზუსტი მონაცემები არ მაქვს. მაგალითად, ესპანეთში 25 პროცენტია უმუშევრობის დონე, საბერძნეთში –  27, ავსტრიასა და გერმანიაში –  5 პროცენტი. ანუ სხვაობა ძალიან დიდია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მხოლოდ უმუშევრობის დონე არაა საკმარისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის. ამისთვის მაჩვენებელთა მთელი რიგია საჭირო…

– ერთია უმუშევრობის დონე, რომელიც, დავუშვათ, რომ მართლაც შემცირდა და, ალბათ, შემცირდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ ნიშნავს სიღარიბის შემცირებას. ანუ ეს მონაცემი ვერ ასახავს რეალურ ვითარებას, ხოლო, თუ ვერ ასახავს, გამოსავალი როგორ უნდა იპოვოს ხელისუფლებამ, რომ მართებული პოლიტიკა შეიმუშაოს სიღარიბის დასაძლევად?

– უმუშევრომის შემცირება არ ნიშნავს სიღარიბის შემცირებას. სიღარიბის შემცირებაც არ ნიშნავს უმუშევრობის შემცირებას. ავტომატურად არ ნიშნავს, თუმცა ეს ორი მაჩვენებელი, როგორც წესი, მაღალ კორელაციაშია ერთმანეთთან. ანუ სავსებით რეალურია, რომ სიღარიბეც შემცირებული იყოს. ეგ „საქსტატს” ჰკითხეთ. მაგრამ საკითხავი სხვა რამეა. რომელი სიღარიბე შემცირდა? თუ „ფეისბუქით“ იმსჯელებ, მაშინ გაუმჯობესებაზე საუბარი უბრალოდ აღარ მოგინდება. მოდი, ეს ყველაფერი ლიტერატურულ მაგალითზე განვიხილოთ. სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი სიღარიბის დიაგნოსტიკისა და ანალიზის თვალსაზრისით ქრესტომათიული ნაწარმოებია. სოლომონ ისაკიჩი თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე უკმაყოფილო იყო. თავიდან იმით, რომ შემოსავალი არ ჰქონდა იმდენი, რამდენიც უნდოდა. შემდეგ, როდესაც მიხვდა, რომ კეთილდღეობა მხოლოდ შემოსავალი არ იყო და დიეტა გაიუმჯობესა, აღმოაჩინა, რომ შესაფერისი ჩაცმულობა არ ჰქონდა; ამის შემდეგ აღმოაჩინა, რომ საზოგადოებაში არ იყო გამოსული და ბოლოს უკმაყოფილო იმით იყო, რომ მის გვარში, რატომღაც „ჯღანი“ ერია. ანუ მთელი ამ ევოლუციის ყველა ეტაპზე, სოლომონ ისაკიჩისთვის რომ გეკითხათ, ის აუცილებლად უკმაყოფილო იქნებოდა, მაგრამ ობიექტურად მისი კეთილდღეობა იზრდებოდა. ამდენად, სიღარიბის ზრდა და შემცირება ეს ის საკითხია, რომლის განვრცობასაც აქ არ შევუდგები, მაგრამ ეს ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია.

გამოსავალი ერთია: აუცილებელია სიღარიბის შემცირების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება.  მე ამის კონცეფცია მომზადებული მაქვს, მაგრამ ამას მარტო ერთი სპეციალისტი ვერ გააკეთებს. ეს მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა.

– თუ არის შესაძლებელი იმის დათვლა, რა რაოდენობის შემოსავალს უმალავენ მოქალაქეები სახელმწიფოს, სხვადასხვა მიზეზით, რომ არ გადაიხადონ გადასახადები, რომ არ დაკარგონ შემწეობა? რას შეჰმატებდა ეს სახელმწიფოს და რას აკარგვინებს? 

– ამის დაახლოებით შეფასება შესაძლებელია გარკვეული ირიბი შეფასებების გზით. არის სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც საშუალებას იძლევა, შევაფასოთ ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ეკონომიკა. ეს კარგა ხანია, არ გაკეთებულა, თუმცა, ჩემი აზრით, ასეთი შემოსავლების დონე საქართველოში მაინცდამაინც დიდი არ უნდა იყოს. 

– რა საჭიროა დამაიმედებელი სტატისტიკა, თუ ის რეალობაზე არ აისახება? ანუ როდის იგრძნობს მოსახლეობა საკუთარ თავზე, რომ დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა და რა პარამეტრებში აისახება ის?

– და ვინმე ამბობს, რომ საჭიროა?! არაა საჭირო „სასიამოვნო“ სტატისტიკა; არაა საჭირო „უსიამოვნო“ სტატისტიკა,  საჭიროა მხოლოდ  და მხოლოდ „ობიექტური“ სტატისტიკა. რას ნიშნავს, რეალობაზე არ აისახება? დარწმუნებული ბრძანდებით, რომ რეალობის შესახებ თქვენ უფრო ზუსტი წარმოდგენა გაქვთ?!

– ყოველ შემთხვევაში, არ ჰგავს ეს ქვეყანა ისეთს, სადაც უმუშევარი მხოლოდ 12 პროენტია.

–  სტატისტიკა აუცილებელია და აუცილებელია, რომ ამ მაჩვენებელს განმარტებები მოაყოლოს. აუცილებელია, რომ იყოს მეტი ინფორმაცია, მეტი ანალიტიკა, მეტი შეფასება, მაგრამ სტატისტიკის სამსახურის დღევანდელი შემადგენლობა, მე ამის არანაირ იმედს არ მაძლევს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სტატისტიკა არაა საჭირო. სტატისტიკა აუცილებელია და აუცილებელია კვალიფიციური სტატისტიკა, რისგანაც სტატისტიკის სამსახურის დღევანდელი ვერსია ძალიან შორსაა. მარტივ მაგალითს მოვიტან: დავუშვათ, მაჩუქეს მსოფლიოში საუკეთესო როიალი; ცნობისთვის: როიალზე დაკვრაზე წარმოდგენა არ მაქვს და დავიწყე დაკვრა –  არავის ვუსურვებ ამ საშინელების მოსმენას, რასაკვირველია, გამოვა კაკაფონია. რამდენად მართალი იქნება დასკვნა, რომ როიალი არ ვარგა? ჩემთვის „მომგებიანი“ იქნება, თუ რიხტერობას ან ჰიზეკინგობას ვჩემულობ, მაგრამ სინამდვილეში ხომ ასე არ იქნება?! როიალი რა შუაშია, როცა დაკვრა არ იცი?! 

скачать dle 11.3