კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტბიუროს კიდევ რომელმა წევრმა იცოდა ქართული, ბერიასა და სტალინის გარდა

1949 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართა. საქართველოდან ჩამოსული ოთხასკაციანი დელეგაცია, ძირითადად, მუსიკოსების, არტისტების, პოეტებისა და ხელოვნების სხვა დარგის მუშაკებისაგან შედგებოდა. სტუმრები მოსკოველებსა და დედაქალაქის სტუმრებს თავიანთ ხელოვნებას უჩვენებდნენ და დიდ მოწონებას იმსახურებდნენ. 20 სექტემბერს დიდი თეატრის სცენაზე დასკვნითი საღამო უნდა გამართულიყო, სადაც დიდ ბელადსაც ელოდნენ. ისე დაემთხვა, რომ იმავე დღეს მოსკოვის „დინამოს“ ცენტრალურ სტადიონზე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩი იმართებოდა „ცედეკასა“ (სამხედროების გუნდი) და თბილისის „დინამოს“ შორის. სამხედროების სტადიონზე რემონტი მიმდინარეობდა და „დინამოზე“ იმიტომ დაინიშნა თამაში. „ცედეკა“ იმჟამინდელი ფეხბურთის ლიდერი და თავდაცვის სამინისტროს სიამაყე იყო. მას პირადად თავდაცვის მინისტრი კურირებდა, მაგრამ, ეს კიდევ არაფერი – ამ გუნდზე ვასილი სტალინი იყო გადაყოლილი, რომელიც ფეხბურთზე ფანატიკურად იყო შეყვარებული და მოსკოველ არმიელებს საუკეთესო პირობებს უქმნიდა. ხშირად ვასილის  მოქმედება ეთიკის ყოველგვარ ნორმებს სცილდებოდა – ახალგაზრდა გენერალი პირადად ხვდებოდა სხვა გუნდების წამყვან მოთამაშეებს და ცდილობდა, „ცედეკაში“ გადაებირებინა, რის შედეგადაც, მოსკოველ არმიელთა გუნდი, ფაქტობრივად, საუკეთესო ფეხბურთელების ნაკრები იყო და მასთან თამაში ყველას უჭირდა. ვასილი თამაშს არ ტოვებდა და გუნდთან ერთად საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში მოგზაურობდა. შვილისგან განსხვავებით, დიდ ბელადს მაინცდამაინც არ იტაცებდა ფეხბურთი.

19 სექტემბერს ვასილ სტალინი კუნცევოში ესტუმრა მამას, სადაც დიდი ბელადის უახლოესი გარემოცვა შეკრებილიყო ვახშამზე. ტრადიციულად, სუფრას ლავრენტი ბერია თამადობდა. სტალინი თამადის გვერდით იჯდა. ვასილი მამის წინ დაჯდა, ბერიასგან ხელმარცხნივ. სტუმრები მშვენიერ ქართულ წითელ ღვინოს სვამდნენ და საუბრობდნენ. მოულოდნელად სიტყვა ქართული კულტურის დღეებზე ჩამოვარდა. საუბარი ბერიამ წამოიწყო და მანვე შესვა ქართული კულტურის სადღეგრძელო და ქართველების დადებით თვისებებზე ალაპარაკდა. სტალინს კომენტარი არ გაუკეთებია, სამაგიეროდ, ვასილი უწევდა ოპონირებას. „ლავრენტი პავლოვიჩ, – მიმართა მან თამადას, – ხვალ „დინამოზე“  ქართველები „ცედეკასთან“ თამაშობენ, მობრძანდით და თავად იხილეთ ქართველების სიმაგრე“. ბერიას ხმა არ ამოუღია, რადგან ისედაც აპირებდა თამაშზე დასწრებას, მაგრამ უეცრად დიდი ბელადი ალაპარაკდა: აუცილებლად დავესწრებით ამ თამაშს მე და ლავრენტი პავლოვიჩი და შენი სანაქებო „ცედეკას“ თამაშს ვიხილავთო.

20 სექტემბერს „დინამოს“ სტადიონის სამთავრობო ლოჟაში სტალინი და ბერია 10 წუთის დაგვიანებით შევიდნენ. ტაბლოზე უკვე 2:0 იყო „ცედეკას“ სასარგებლოდ. ვასილი იქ დახვდათ და ბერიას დანახვაზე ირონიულად გაეღიმა. პირველი ტაიმი ასე დამთავრდა.  ვასილი მეცხრე ცაზე იყო, ბერიას ნიშნისმოგებით ელაპარაკებოდა და თან ფორთოხლის წვენს  წრუპავდა. შესვენების დროს ბერიამ მოიბოდიშა, ლოჟა დატოვა და მხოლოდ ათი წუთის შემდეგ დაბრუნდა უკან. მეორე ტაიმი რომ დაიწყო, „ცედეკამ“ მესამე გოლი შეაგდო. ვასილმა თავი ვეღარ შეიკავა, ფეხზე წამოხტა და სიხარულით აყვირდა. ბერია გაქვავებული იჯდა და ხმას არ იღებდა. უეცრად სასწაული მოხდა – რამდენიმე წუთში თბილისელმა ფეხბურთელებმა ოთხი ბურთი გაუტანეს მეტოქეს, თამაში შემოაბრუნეს და გამარჯვებით დაასრულეს კიდეც. ბერიას სახე გაებადრა, დიდ ბელადს კი სიცილი აუტყდა და თავის ვაჟიშვილს მიუგო: „რაო, ვასკა, არ გაამართლეს შენმა არწივმა არმიელებმა? ნუ დაემდურები, მართლაც კარგად ითამაშეს, მაგრამ, რას იზამ, ხომ გაგიგონია: „ძალა აღმართს ხნავსო“.  აკი გითხრა ლავრენტი პავლოვიჩმა, მაგრები არიან ქართველებიო, შენ კი არ დაიჯერე. ზოგჯერ უფროსებსაც უნდა დაუგდო ყური“. ვასილი თავჩაღუნული ტოვებდა სამთავრობო ლოჟას, დიდი ბელადი კი ბერიას მიუბრუნდა: „ლავრენტი, გამოტყდი, შესვენებისას ფეხბურთელებთან ჩახვედი და, ალბათ, დახვრეტით დაემუქრე, თუ არ მოიგებდნენ, არა?!“ ბერიას გაეცინა: „ამხანაგო სტალინ, მე ისინი, უბრალოდ, გავამხნევე, ვთხოვე, თავი არ შეერცხვინათ და შინ დასაბრუნებელი პირი ჰქონოდათ“. სტალინს კვლავ გაეღიმა და ვასილს მიაძახა: „დღეს საღამოს დიდ თეატრში გელოდები, ქართული კულტურის დღეების დასკვნითი კონცერტია და, მინდა, დაესწრო“. ვასილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა მამას და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ლოჟიდან.

საღამოს დიდი თეატრის სამთავრობო ლოჟაში საბჭოთა მთავრობის წევრები მოვიდნენ. მალე სტალინიც გამოჩნდა. დარბაზმა მას მქუხარე ოვაცია მოუწყო. კონცერტზე ვასილი მამის გვერდით იჯდა, ხელმარცხნივ კი ბერია მოთავსდა. იმ საღამოს ქართველმა ხელოვანებმა ისეთი ქარიშხალი დაატრიალეს, დარბაზი ემოციებს ვერ იკავებდა, განსაკუთრებული მოწონება კი ქართულმა ცეკვებმა გამოიწვია. „ხანჯლურით“ ოთხჯერ გამოვიდნენ მოცეკვავეები „ბისზე”. ვასილი პირდაღებული უყურებდა ამას და აშკარად ეტყობოდა, რომ გაოცებული და აღფრთოვანებული იყო. კონცერტის შემდეგ კი დიდმა ბელადმა უთხრა: „აბა, როგორ მოგეწონა შენი თანამემამულეების გამოსვლა, განა სადმე მსგავსი რამ გინახავს?! ნუთუ მართლა გეგონა, რომ ასეთ ტემპერამენტსა და ცეცხლს რამე გაუძლებს? შენ კი აიჩემე, „ცედეკაო“!... განა ქართველი ფეხბურთელები ნაკლები ცეცხლით უტევდნენ, ვიდრე მოცეკვავეები ცეკვავდნენ?!“ ვასილს თავი აღარ ჩაუღუნავს, გაეღიმა და ბერიას გადახედა, რომელიც გაბადრული უმზერდა მამა-შვილს. სტალინი კულისებში მსახიობებისკენ გაემართა და მიულოცა ბრწყინვალე გამოსვლა, შემდეგ კი რამდენიმე მათგანი თავის აგარაკზე, კუნცევოში დაპატიჟა სავახშმოდ. „ვასკა, შენც აუცილებლად მოდი ამაღამ“, – უთხრა შვილს.

კუნცევოში ღამის პირველ საათზე ჩავედით. სასადილოში უკვე გაეშალათ სუფრა. სტალინი სუფრის თავში დაჯდა. მოწვეული ქართველების ვინაობა უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მაინც დამამახსოვრდა – იგი ჩემი სათაყვანო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე იყო. მაშინ არათუ პირადად მას, მის პოეზიასაც არ ვიცნობდი და გამართული  ქართულით ლაპარაკიც კი მიჭირდა, თუმცა, ყველაფერი მესმოდა. როგორც მოგვიანებით  გაირკვა, სტალინი და გალაკტიონი ერთმანეთის ძველი ნაცნობები იყვნენ და რაღაც-რაღაცეებიც კი გაიხსენეს. სტალინმა თამადად ამჯერადაც ბერია დანიშნა და მას სუფრის მეორე თავში დაჯდომა უბრძანა. პოლიტბიუროს წევრთაგან ვახშამზე ვოროშილოვი, მოლოტოვი, კალინინი, მიქოიანი, კაგანოვიჩი და ჟდანოვი იმყოფებოდნენ; აქ იყო ხრუშჩოვიც. თავიდან საკმაოდ თავშეკავებული და ოდნავ დაძაბული სიტუაციაც კი იყო, მაგრამ სტალინის უშუალობამ და ბერიას ხუმრობებმა სულ მალე გამოაცოცხლა სუფრა. რუსულ ენაზე საუბრობდნენ, თუმცა, ბერია დროგამოშვებით თითო-ოროლა ქართულ სიტყვასაც გადაუკრავდა ხოლმე ქართველებს. პოლიტბიუროს წევრებიდან სტალინისა და ბერიას გარდა ქართული კარგად იცოდა მიქოიანმა. ბერიამ ერთ-ერთი სადღეგრძელოს წარმოთქმისას ჭიქა ასწია და თქვა: „ქართველებმა დღეს მოსკოვი დაიპყრეს: ჯერ იყო და, მათ ჩვენი სახელოვანი „არმიელები” დაამარცხეს, შემდეგ კი ჭეშმარიტი ხელოვნების ზეიმი მოგვიწყვეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ, დიდ რუსებთან ერთად, უდიდესი კულტურისა და ტრადიციების ხალხი ვართ“. ეს „ვართ“ ბერიამ ხაზგასმით წარმოთქვა, რადგან ის თავს ქართველად მიიჩნევდა და ყოველთვის ცდილობდა ამის ხაზგასმას. სტალინს ხმა არ ამოუღია. ქართველ ხელოვანებს აშკარად ესიამოვნათ სადღეგრძელო და სასმისები გამოცალეს. შემდეგ ერთ-ერთმა ქართველმა სტუმარმა „გაფრინდი, შავო მერცხალო“ წამოიწყო, მას სხვებიც აჰყვნენ. მხიარულებამ დილამდე გასტანა. სტუმრები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, გალაკტიონ ტაბიძემ რამდენიმე ლექსი წაიკითხა; მისი ლექსი წაიკითხა ბერიამაც, თანაც, ისეთი ოსტატობით, რომ მსახიობსაც კი შეშურდებოდა. ვასილ სტალინი მათ გაოცებული უმზერდა, სიტყვაც კი არ დაუძრავს. ბოლოს სტალინმა სურათი გადაიღო ქართველ სტუმრებთან ერთად და დილის შვიდ საათზე ყველა წავიდ-წამოვიდა. დარჩა მხოლოდ ვასილი, რომელიც მამასთან ერთად აგარაკის ეზოში გამოვიდა ჰაერზე სასეირნოდ. უცებ დიდმა ბელადმა ვასილს მარცხენა ხელზე შეავლო ხელი, შეაჩერა და უთხრა: „ვასკა, რატომ არ იცი ქართული, შენ ხომ ქართველი ხარ?!“ ვასილს ხმა არ ამოუღია.

 

მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით      

скачать dle 11.3