კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უცვლიან ეკლესიაში ქრისტიანებს სახელებს და რატომ არიან თანამედროვე ადამიანები „რაღაცის“ მსახურებაში

ადამიანის შინაგანი მდგომარეობა ხშირად გარეგნულისგან ძალიან განსხვავდება ან, პირიქით, გარეგნული კავშირში არ არის მის შინაგანთან. თუმცა, ხშირად ჩვენ ისიც კი არ ვიცით, როგორია ჩვენში არსებული შინაგანი ადამიანი, ეს კი მერე ბევრი რამის მიზეზი ხდება. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– როცა მოვიდა მაცხოვარი და განკაცდა, მან პირველად იმათ უქადაგა, რომლებსაც ეგონათ, ღმერთთან იყვნენ, ღმერთის მცნებებს იცავდნენ, ოღონდ გარეგნული ქმედებებით. სამწუხაროდ, დღესაც ასეა: ბევრი ქრისტიანი გარეგნულად მოწესრიგებული, ფორმაშია, ხან წვერი აქვს მოშვებული, ფსკვნილს ატარებს, შეიძლება, გულზე ხატებიც ეკიდოს, რამდენიმე ტაძარი მოილოცოს, მაგრამ შინაგანად არ იყოს განწმენდილი. ზუსტად ასეთი მდგომარეობა ამხილა იესო ქრისტემ. ჩვენს ქვეყანაშიც თითქოს არ არის სარწმუნოების პრობლემა, მაგრამ მაინც ამდენი დანევროზებული და მწუხარებით შეპყრობილია. წირვიდან მოდის ადამიანი და არ უხარია, არ იცინის, არ მიდის მეგობართან და არ უზიარებს თავის სიხარულს – სადღაც ეჩქარება, უფრო მეტ განკითხვაში და დამძიმებულ მდგომარეობაშია. რაც უფრო მეტი შემეცნება მიიღო უფლისგან, მით უფრო მეტად უნდა საზოგადოებისგან გაშორება: მე მეტი გავიგე, რაღაცას ვემსახურები. წარმართებმა იცოდნენ რაღაცის მსახურება და დღეს თანამედროვე ადამიანებიც ემსახურებიან ამ რაღაცას. კულტის მსახურებაში არიან და ბოლომდე არ იციან, ეს რის მსახურებაა. ნებისმიერ ნათლობას, ან ჯვრისწერას რომ დაესწროთ, იშვიათად ნახავთ გახარებულ ადამიანს. პავლე მოციქული ბრძანებს: „გიხაროდენ და კვლავაც გეტყვით: გიხაროდენ!” ამას მოციქული მაშინ ამბობს, როდესაც პირსისხლიანი ნერონი აწამებს. დღეს თითქოს არავინ გვდევნის, ამდენი ეპისკოპოსია, ეკლესიები სავსეა, მაგრამ ადამიანის არანაირი შინაგანი სიხარული არ არსებობს. მათ საკუთარ თავში შინაგანი ადამიანი უნდა დავანახვოთ და გარეგანი ადამიანი მაშინვე შეიცვლება, როგორც კი მისი შინაგანი ადამიანი დაიწყებს ზრდას, გამოსწორებასა და ფერისცვალებას. ამიტომ, ჩავიხედოთ არა მატერიალურ სარკეში, არამედ სულიერ სარკეში. წავიკითხოთ პავლე მოციქულის ეპისტოლეები, იოანე ოქროპირის განმარტებით  და მერე მივხვდებით, რომ ჩვენში შინაგანი ადამიანი არ არსებობს. იოანე კრონშტადტელი ამბობს: საბრალოა ის ქრისტიანი, ვინც არ იცის ქრისტიანობა. საბრალოა ის ადამიანი, ვინც არ იცის, რა არის სულიერი ცხოვრება, სულიერი ადამიანი, არ იყურება საკუთარ სულში, თუმცა სხვა ადამიანების სულში ყურება ძალიან უყვარს და შემდეგ მათი განკითხვა.

– რას ხედავს ადამიანი საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გააზრებისას?

– როგორც კი ის საკუთარ შინაგან მდგომარეობას ჩაუღრმავდება, მაშინვე უამრავ სნეულებას დაინახავს და გაუქრება სხვისი განკითხვის ყოველგვარი სურვილი. ერთი და იგივეს აღსარებაში ჩამოწერაც ხომ უნდა მობეზრდეს ადამიანს. ეს ყველაფერი სწორედ შინაგანი ადამიანის არდანახვით არის გამოწვეული. შინაგანი კაცი, ფაქტობრივად, ჩვენში დამალული, დაფარულია და არ გვაინტერესებს, მას რა უნდა. შინაგანი კაცი – ეს ზეციდან შობილებაა, რომელმაც უარი თქვა ძველ ადამიანზე და იწყებს ახალ ადამიანად დაბადებას. ასეთი იყო სავლე, რომელიც გახდა პავლე და ასეთი იყო ყველა დიდი მოციქული. მაცხოვარი ყველას უცვლის სახელს და ჩვენთანაც, როცა ადამიანი მოდის ეკლესიაში,  არ ჰქვია მას ეკლესიური სახელი, ვარქმევთ ეკლესიურ სახელს – ეს დიდი პასუხისმგებლობაა. დღეს რატომ ჰქვიათ ბავშვებს: გიორგი, ლუკა, საბა და ასე შემდეგ, მოდაშია? მოდაშიც არის, მაგრამ მხოლოდ მოდის გამო ხომ არ არქმევენ მათ მშობლები. ამიტომ, ბავშვს უნდა ავუხსნათ, ვისი სახელი ჰქვია. როგორი ადამიანი იყო ის და რომ უნდა მიბაძოს მას. ვისგან უნდა ისწავლოს ბავშვმა შინაგანი ადამიანი, ვისგან უნდა ისწავლოს ეს, რა თქმა უნდა, მშობლისგან. მრევლმა კი მოძღვარში უნდა დაინახოს შინაგანი ადამიანი, მოძღვარმა – წმიდა მამებში. თუ მოძღვარში არ არსებობს შინაგანი ადამიანი – არ იზრდება სულიერად, არ არის თავმდაბალი, მშვიდი, გაწონასწორებული, არც მისი მრევლი იქნება ასეთი. ჩვენ, რომ დავინახავთ, რამდენად უსუსურია ჩვენი შინაგანი ადამიანი – დაუბადებელია, ან დაბადებულია და ჩვილი, უნდა შევწუხდეთ, ჩავეჭიდოთ მაშინვე ეკლესიას, წმიდა მამებს, თუ რას მიაღწიეს, რამდენი დაითმინეს, რამდენს ლოცულობდნენ, ქადაგებდნენ, გალობდნენ. მათი ლოცვა მთელ საზოგადოებას მოეფინებოდა, მათი შინაგანი კაცი ხვდებოდა სხვა წმიდა მამის შინაგან კაცს და ასე მყარდებოდა მათ შორის სულიერი კავშირი. ამის მიხედვით ფასდებოდა ვინ იყო დიდი და ვინ – პატარა. დღეს კი როგორ ვაფასებთ ადამიანებს: ნახეთ, როგორი მამაოა, ამ ეკლესიის წინამძღვარია. ნახეთ, როგორი მანქანა ჰყავს, როგორ ცხოვრობს, როგორი სიტყვა აქვს, რამდენი სულიერი შვილი ჰყავს... დიდ მამებს ბევრი მრევლი ჰყავდათ, მაგრამ სულიერი შვილები – ერთი-ორი. ორზე მეტი სულიერი შვილი და მორჩილი არცერთ მამას არ ჰყოლია, რადგან ეს საკმაოდ რთულია. გარეგნულად ადვილია მეტანიების კეთება – ღმერთმა დაგლოცოს, ჩემო სიხარულო, ძვირფასო... მაგრამ ის, რომ დაემორჩილო მოძღვარს, მისი მითითებით იცხოვრო, გარეგანი კაცი დაპატარავდეს და შინაგანი გაიზარდოს, დღეს  ასეთი ადამიანები თითზე ჩამოსათვლელად არიან. 

– როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი შინაგანი ადამიანის დანახვა? 

– სასურველია, დავიწყოთ იმაზე ფიქრი, ვიცნობთ თუ არა საკუთარ თავს, – ცოცხალია კი ჩვენში შინაგანი კაცი, იზრდება თუ პატარავდება გარეგანი კაცი. მაგრამ 90 პროცენტი სწორედ გარეგანი ადამიანია, დანარჩენი კი – შინაგანი ადამიანი. თუმცა, ჩვენ გარეგან ადამიანსაც არ ვიცნობთ. მასაც შეიძლება, იმდენი პრობლემა აღმოაჩნდეს გარეგნული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა გარეგნული პრობლემა, სნეულება, სულიერი კაცისგან მოდის. როდესაც სულიერი კაცი დაჩაგრულია, ადამიანი დანევროზებულია, ამპარტავნებაშია, გემოთმოყვარეობაში, სულიერ აშლილობაში და მერე გარეგნულადაც სნეულდება. 

– როგორ უნდა მოქმედებდეს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა გარეგნულზე? 

– ადამიანის შინაგანი უნდა მოქმედებდეს გარეგნულზე. ადამიანი თუ შინაგანად მოწესრიგებულია, ის გარეგნულადაც მოწესრიგებული უნდა იყოს. ადამიანის ერთ-ერთი მოთხოვნილებაა, იყოს ეთიკური, ზნეობრივი, საზოგადოებრივი. დააკვირდით, ზიარების დროს ეკლესიებში როგორი ჩოჩქოლია, ელოგიის ანუ პურის დარიგების დროს, როგორ დარბიან სტიქაროსნები... უცხო ადამიანი მათ რომ დააკვირდება, ვერც მიხვდება, რომ ეს რელიგიური საზოგადოებაა. ერთმანეთს კი არ უთმობენ: მიდი, ძმაო, ეზიარე, არა, ყველას სადღაც ეჩქარება, ყველას უნდა, პირველი გაიქცეს. აღსარებაზე მოდის ადამიანი, უნდა, რომ გაიწმინდოს  და იმატებს ცოდვას. დაბოღმილი, შეწუხებული შემოდის აღსარების სათქმელად და თან, სხვა ადამიანს განიკითხავს. ხშირად სხვაგან უფრო უწყინარი სიტუაციაა, ვიდრე ეკლესიაში. სადაც, უწესრიგობაა, იქ ღმერთის კურთხევა როგორ იქნება? ყველა ადამიანშია ჩადებული ზნეობრივი კანონი. ამით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან. ის არის ზნეობრივი, სულიერი, უფალთან მოსაუბრე. ღმერთმა ზნეობრივი კანონი სინდისის სახით მოგვცა და ვინც სინდისგარეცხილია, მას სულაც არ აინტერესებს, სხვა რას იტყვის. ჰგონია, რომ ღმერთი ვერ ხედავს. იმ ადამის მდგომარეობაში არიან, რომელიც ბუჩქებს ეფარებოდა. ხანდახან დღესაც ასეა: მოძღვარი არ მხედავს, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, იქ წავალ, სადაც მინდა. დოსტოევსკის სიტყვებს მოვიყვან: თუ ღმერთი არ არსებობს, ესე იგი ჩვენთვის ყველაფერი ნებადართულიაო. თუ ღმერთი არსებობს, ის ყველგან არსებობს, მაგრამ თუ შენთვის მხოლოდ ტაძარში არსებობს ღმერთი, ესე იგი სხვაგან, ყველგან ყველაფერი ნებადართული ყოფილა შენთვის. თუ დააკვირდებით, დღევანდელი საზოგადოება ზუსტად ასე იქცევა. ასე რომ, ყველგან საჭიროა, ვიყოთ თავმდაბლები და წესიერები.

скачать dle 11.3