კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაძინებული ბებო, გულმავიწყი მძღოლი და აღშფოთებული მგზავრები

დიდუბის ავტოსადგურში, ოზურგეთის სამარშრუტო ტაქსიში ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მოხუცი ბებო მძღოლის უკან მდებარე სავარძელში ჩასვა, პატარა ჩანთა ფეხებთან ჩაუდგა და მოხუცს ხვევნა-კოცნით გამოემშვიდობა. მერე კაცმა მძღოლს სთხოვა, ახლა ამას ღრმად ჩაეძინება და, თუ ჩემი ძმა ხარ, არ დაგავიწყდეს, ზესტაფონში აუცილებლად გააღვიძეო.

რამდენიმე წუთში გაივსო „მარშრუტკა“ და გზას გაუდგა. მგზავრები ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, მერე კი ერთბაშად აყაყანდნენ. ზოგი ერთმანეთის ნაცნობი გამოდგა, ზოგიც – ნაცნობის ნაცნობი და გაიბა საუბარი ერთბაშად ყველა მგზავრს შორის. ატყდა ერთი გადაძახილ-გადმოძახილი, გურული ხუმრობების კორიანტელი და თავშეუკავებული სიცილ-ხარხარი. მგზავრების ნახევარს მძღოლიც იცნობდა, ისიც აქტიურად ჩაება მათ ხუმრობებში და თავისი ენაკვიმატობით ყველა გაამხიარულა. ამ სიცილ-კისკისში ისე მიუახლოვდნენ ოზურგეთს, მოხუცი ბებო არავის გახსენებია. ის კი იჯდა თავისთვის სავარძელში, თავი გვერდზე გადაეხარა და მშვიდად ფშვინავდა.

ის იყო, ოზურგეთის აბრა გამოჩნდა, რომ ოდნავ მიწყნარებულ-მიშოშმინებული მგზავრები სასოწარკვეთილმა შორისდებულმა დაზაფრა.

– ტიტუუ! – ქალივით იკივლა მძღოლმა, შუბლზე ხელი შემოირტყა მთელი ძალით და მანქანა ისე მკვეთრად დაამუხრუჭა, რომ დამფრთხალი მგზავრები წინა სავარძლებს შუბლებით შეასკდნენ.

– რაია, ნენა, რამ გადაგრია, რეიზა გვხოცავ? – ნატკენი შუბლის სრესით უსაყვედურა ერთ-ერთმა მგზავრმა.

– რაია და, ამ მოხუცის გაღვიძება დამავიწყდა ზესტაფონში! – ისევ იტკიცა ხელი მძღოლმა.

ყველამ ბებოსკენ გაიხედა, რომელსაც არც მგზავრების ხორხოცი გაუგია და არც მანქანის დამუხრუჭება. ისევ ტკბილად ეძინა და სახეზე ნეტარი ღიმილი გადაჰფენოდა.

– მერე, რას აპირობ ახლა? – დაეჭვებით ჰკითხა მეორე ქალმა და იმანაც შუბლი მოისრისა.

– უნდა დავბრუნდე ზესტაფონში. სიტყვა მივეცი იმ კაცს! – მტკიცედ თქვა მძღოლმა და მგზავრებს დამნაშავესავით გადახედა, – უნდა მაპატიოთ. წუთში ჩავქანდები ზესტაფონში და ამოვქანდები ისევლე.

ზესტაფონშიო?! – ატყდა ერთი წიოკი და უბედურება, მაგრამ სიტყვის პატრონმა მძღოლმა არც ხვეწნა-მუდარას მიაქცია ყურადღება – ჯერ ჩვენ მიგვიყვანე ოზურგეთში, ბარემ აქვე ვართო; არც წყევლა-შეჩვენებას და არც მუქარას; ღრჭიალით მოაბრუნა „მარშრუტკა“ და ისარივით გააქროლა ზესტაფონისკენ. აღელვებული და განაწყენებული მგზავრები ბედს შეეგუენ, თანდათან ჩაწყნარდნენ, მხოლოდ ხანდახან თუ გადახედავდნენ ჩაძინებულ ბებოს უკმაყოფილო სახით და სიბრაზეს გულში იკლავდნენ.

მძღოლმა პირობა შეასრულა – მართლაც ძალიან სწრაფად ჩავიდა ზესტაფონში და მოხუცს მიუბრუნდა:

– ბებო, გაიღვიძე, ჩამოვედით!

მაგრამ ბებოს ისე ღრმად ეძინა, არაფერი გაუგია. მძღოლი მარტო რომ ვერაფერს გახდა, მგზავრებიც დაეხმარნენ და, როგორც იქნა, მოხუცმა თვალი გაახილა.

– ზესტაფონში ვართ, ბებია, ზესტაფონში! – ყურში ჩასძახა მოთმინებადაკარგულმა ერთ-ერთმა მგზავრმა.

– უკვე ჩამევედით, ნენა? შენ გეიხარე, რომ გამაღვიძე. ჩემმა გოგომ მითხრა, აი, წამალი მაშინ უნდა დალიო, ზესტაფონში რომ ჩახვალო, – მოხუცმა ჯიბიდან რაღაც აბი ამოიღო, გადაყლაპა, წყალი მიაყოლა და მძღოლისკენ გადაიხარა: – ოზურგეთში მალე ჩავალთ, ნენა?!.

скачать dle 11.3