კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცა ბეგი მამალაძისთვის სიხარული ტრაგედიად და რას იხსენებენ მისი ახლობლები

25 მაისს, დაახლოებით 17 საათზე, ნუცუბიძის მესამე პლატოს მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 წლის ბიჭი – ბეგი მამალაძე მოკლეს. არადა, ბიჭმა ახლახან დაამთავრა სკოლა, რამდენიმე დღის წინ საატესტატო გამოცდები ჩააბარა და ამ ამბით გამოწვეული უზომო სიხარული „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც გამოხატა. მისი ბოლო პოსტი სწორედ ამ ამბავს ეხება.

გაიოზ მამალაძე (ოჯახის ახლობელი): ბავშვობიდანვე გამორჩეული ბიჭი იყო, ძალიან თბილი. ძალადობასა და სიყალბეს ვერ იტანდა. ყველას მიმართ უდიდეს სითბოს ავლენდა. ზოგადად, ადამიანები უყვარდა ძალიან. როგორც ახლა ვხედავ, თვითონაც ძალიან ბევრს ჰყვარებია – უამრავი ადამიანი მოდის სამძიმარზე, უამრავი ახალგაზრდა. ძალიან განიცდიან. ბავშვები ბანკეტისთვის ემზადებოდნენ და ახლა შავები ჩაიცვეს. ახალგაზრდობა გაუმწარდათ.

ბეგი ძალიან კარგად ხატავდა, სხვადასხვა კონკურსში პრემიებიც ჰქონდა მიღებული. სიმღერებს წერდა და თვითონაც მღეროდა. ჩანახატებს აკეთებდა სხვადასხვა თემაზე. განსხვავებული ბავშვი იყო, განსაკუთრებული სულიერი სამყაროთი, მდიდარი ფანტაზიითა და გამორჩეული ლექსიკით. მისი ლექსებიც ორიგინალური იყო, ყველას მოსწონდა. ძირითადად სიყვარულზე წერდა. არ ვიცი, შეყვარებული ჰყავდა თუ არა, მაგრამ, ისეთი სიმღერა აქვს ამ თემაზე დაწერილი – „გოგონა, სახელად გაზაფხული“, რომელიც მის სულიერ მდგომარეობას, სიყვარულის მიმართ კრედოს ძალიან კარგად გამოხატავს.

ძალიან კარგ ოჯახში გაიზარდა: მამამისი ეროვნული მოძრაობის წევრი იყო, დედა – სკოლის პედაგოგი. მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა მამა ახლა სოფელში იყო წასული და ეს ამბავი იქ გააგებინეს.

ბავშვი ძალიან გახარებული იყო, რადგან, საატესტატო გამოცდები ჩააბარა. სწავლის გაგრძელებას აპირებდა. სიხარული „ფეისბუქზეც“ გამოხატა და მეორე დღეს მოკლეს.

– თქვენ და ოჯახმა როგორ გაიგეთ მომხდარის შესახებ?

– მკვლელებს დაურეკავთ ბეგისთვის. ეს მარტო გასულა. ძალიან ვაჟკაცი ბიჭი იყო, არაფრის ეშინოდა. გზაში დედას ელაპარაკებოდა ტელეფონზე. რომ მისულა, ისინი იქ არ ყოფილან. მერე,  როგორც ჩანს, უკნიდან მიეპარნენ. ამბობენ, ორნი იყვნენ და ნიღბები ეკეთათო. დაურტყამთ. მოტრიალებულა – რას შვრებითო და კიდევ დაურტყამთ. დედას ტელეფონზე ესმოდა, რაც ხდებოდა. უთქვამს, დამჭრესო. იქვე ექიმი ცხოვრობს, რომელსაც დაუნახავს და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანა, მაგრამ, ვეღარ გადაარჩინეს – სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა. ზუსტად არ ვიცი, მკვლელი ვინ არის, მაგრამ, როგორც ამბობენ, პრობაციონერი იყო. როგორც ვიცი, ორივე დაკავებულია. მათი ცხოვრებაც გაუბედურდა. ჯერ იმიტომ, რომ ადამიანის მკვლელები გახდნენ და, ალბათ, ბევრს მიუსჯიან. ცხოვრება დაინგრიეს.

– რაც მკვლელობის შესახებ მოყევით, გარდა იმისა, რომ დედას ესმოდა ხმა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმხილველებიც ჰყავდა. არა?!

– დიახ, ამ ამბავს თვითმხილველებიც ჰყავს. ქალბატონი მისულა დედამისთან – ფანჯრიდან დაუნახავს ეს ყველაფერი. საინფორმაციოებმაც აჩვენეს ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც ამ ამბავს ყვებოდა, ყველაფერი უცებ მომხდარა.

– არსებობს ინფორმაცია, რომ ბავშვს ემუქრებოდნენ და ოჯახი ქვეყნიდან წასვლას აპირებდა.

– არა, ასეთი რამ არ ყოფილა. უბრალოდ, წინა დღეს მოხდა კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის და მეორე დღეს მოადგნენ. ის ისეთი ბავშვი არ იყო, ვინმეს გაჰქცეოდა. ჭორი დადის, ვითომ ამისმა მეგობრებმა ადრე ჩაიდინეს რაღაც, მაგრამ, ტყუილია, ეგეთი რამ არ არსებობს. 

მიშიკო (მეგობარი): ბეგის ახლოს ვიცნობდი. ხშირი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ ერთმანეთთან მუდამ გულახდილები ვიყავით. ერთი საქმე – მუსიკა გვაკავშირებდა და ეს ჩვენთვის ყველაფერი იყო. სიმღერაც გვაქვს ერთად. იმ სიმღერის მოსმენა ძალიან რთულია ჩემთვის. ბეგი ხშირად მეუბნებოდა, რომ აღარ სურდა ქუჩის ცხოვრება და ხელოვნება იყო მისი ერთადერთი მომავალი. უკანასკნელად რომ ვნახე, მითხრა, თეატრალურში მინდა სწავლა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებო. დარწმუნებული ვარ, გააკეთებდა, რომ დასცლოდა, რომ ეცლიათ. მისი გული, მისი თვალები, აზრები სიკეთით იყო სავსე; უბრალოდ, ხშირად, გარემოებების გამო, უჭირდა ამ მხრივ საკუთარი თავის რეალიზება და სწორედ ამ გარემოებებმა იმსხვერპლა. მე ვერ წარმოვიდგენ, რა ხდება დედამისის გულში, მამამისის აზრებში, მაგრამ, ვიცი, რას ვგრძნობ და ვფიქრობ მე – ბეგის მკვლელობით სამყაროს კიდევ ერთი იმედი წაერთვა იმისა, რომ ოდესმე ყველაფერი უკეთ, თუნდაც მცირედით, იოტისოდენად უკეთ იქნება. არც კი მიცდია გამერკვია, რატომ და რისთვის მოკლეს ბეგი, ეს ჩემთვის აღარაფერს შეცვლის. მის სამძიმარზეც კი ვერ მივდივარ – უბრალოდ, არ შემიძლია, ის გარდაცვლილი ვნახო ან დედამისს შევხედო თვალებში. ბეგი ჩემთვის დაკარგული ადამიანის სახედ რჩება, რომელიც სინათლეზე გამოსასვლელად ეძებს გზას. დარწმუნებული ვარ, ახლა მან ის იპოვა და ჩვენზე ბევრად უკეთეს ადგილზეა. მე ის არ მეცოდება. ის გვიყურებს ჩვენ და მას ვეცოდებით, რადგან ასეთი სამყაროსთვის არ ვემეტებით.

ანი (მეგობარი): ბეგი ერთადერთი იყო და თვითონაც ამბობდა: ბეგი მარტო მე ვარო. სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო მეგობარი, რომლის იმედიც ყოველთვის ყველაფერში მქონდა – ყველაფერს გააკეთებდა მეგობრებისთვის. თბილი და ერთგული იყო. პირველად რომ მივდიოდი მის სანახავად, მიხაროდა და ჭკუაზე არ ვიყავი – ბეგი მამალაძე უნდა გავიცნო-მეთქი. გავიცანი და დღემდე ამაყი ვარ, რომ ვიცნობ – არ შემიძლია მასზე წარსულში საუბარი. არ დამავიწყდება მისი ნათქვამი: „კარგი ბავშვი ხარ“. რომ მეკითხებოდნენ, სად ცხოვრობო და ვპასუხობდი – პლატოზე-მეთქი, პირველი კითხვა იყო: „ბეგი მამალაძეს იცნობ?“ – და მეც ამაყად ვამბობდი, რომ ვიცნობ. ბევრს უყვარდა, ბევრს არა, მაგრამ, ახლა მისი მტერიც და მოყვარეც ერთად შეიყარა და ყველა ერთად განვიცდით მის წასვლას.

***

P.S. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე 208-ე მუხლით მიმდინარეობს.

скачать dle 11.3