კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რთული პერიოდის გადატანა მოუწია ჯერ კიდევ პატარა ასაკში „X ფაქტორის“ მონაწილეს, რეზი ქარცივაძეს და რას არ აგრძნობინებდა დედა მას წლების განმავლობაში

პროექტ „X ფაქტორის“ 16 წლის მონაწილე, რეზი ქარცივაძე წარმოშობით სამეგრელოდანაა და ეს მხარე განსაკუთრებულად უყვარს. რეზიმ მაყურებელი არა მხოლოდ ხმით, არამედ თავისი გარეგნობითაც მოხიბლა. ამიტომ ბევრი გულშემატკივარი შეიძინა, განსაკუთრებით კი, თინეიჯერ გოგონებში. 

რეზი ქარცივაძე: სკოლაში დავდივარ. სწავლით არ გამოვირჩევი, ნორმალურად ვსწავლობ, როგორც ჩემს ასაკში ხდება ხოლმე. სცენა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის და სწორედ ამიტომ გამოვედი „X ფაქტორში“. წელს გამოცდებიც მაქვს სკოლაში და რა თქმა უნდა, ჩავაბარებ. 

– უკვე არჩეული გაქვს მომავალი პროფესია? 

– მსახიობობას ვაპირებ. დაახლოებით 8 წლის ასაკში შევედი თეატრალურ სტუდია „კამერტონში“, სულხან ცინცაძის სახელობის მეთექვსმეტე ხელოვნების სკოლაში. განყოფილება იყო – საესტრადო თეატრალური სტუდია. ექვსწლედი დავამთავრე. ეს გახლდათ მოსამზადებელი პერიოდი თეატრალურისთვის. 

– მონაწილეობდი სხვადასხვა სპექტაკლში? 

– კი. გვქონდა სპექტაკლები, თეატრებშიც გამოვდიოდით – ახმეტელში, დუმბაძეში და ასე შემდეგ.

– ძირითადად, როგორი როლები გქონდა? 

– რატომღაც, სულ ბოროტი როლები მქონდა – არ ვიცი, რატომ. შეფასებები კარგი იყო, რეჟისორსაც მოვწონდი და ალბათ, ნორმალურად ვთამაშობდი. თავიდანვე სპექტაკლებით არ დაგვიწყია. მიუზიკლებიდან პატარ-პატარა მონაკვეთებით დავიწყეთ, ნაწყვეტებს ვდგამდით და სკოლებს შორის შეჯიბრება ტარდებოდა. იქ გაგვქონდა და სულ პირველ ადგილს ვიღებდით.  ეს ძალიან მახარებდა. იმდენი დიპლომი და სიგელი მაქვს... ბოლო როლი მახსოვს კარგად – „პიტერ პენში“ ვითამაშე კაუჭა ჰუკის როლი. 

– ალბათ, მშობლები ყველანაირად გიწყობენ ხელს.

– კი. სამწუხაროდ, მამაჩემი რაღაც პერიოდი ჩვენთან ერთად არ იყო. 6 წელი პატიმრობაში გაატარა. ამიტომ, დედის და ბაბუას გაზრდილი ბიჭი ვარ. მამა ახლა თავისუფალია და ჩვენთან არის. 

– ის პერიოდი, როდესაც მამა არ იყო თქვენ გვერდით, ალბათ, ყველაზე რთულად გახსოვს. 

– ძალიან რთულად მახსოვს, თან დედაც ვერ იყო მაშინ კარგად. ერთმანეთს ყველანაირად ვუწყობდით ხელს, რომ რამე ცუდად არ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, დედა განსაკუთრებულად მედგა მხარში. ცდილობდა, არ მეგრძნო, რომ მამა გვერდით არ მყავდა. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მესწავლა, თეატრალურ სტუდიაში მევლო და გამოცდილება მიმეღო. ზოგადად, დედას მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მისი გაზრდილი ვარ. რა თქმა უნდა, მამამაც გამზარდა 7 წლამდე და მის მიმართაც ასე ვარ. 

– როდესაც მამა ციხიდან გამოვიდა, ალბათ, რაღაც პერიოდი მის მიმართ გაუცხოების გრძნობა გქონდა. 

– კი. სამი წელია, გამოსულია. პირველ წელს მქონდა გაუცხოების გრძნობა და ახლა – აღარ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მამა იქიდან სულ მგულშემატკივრობდა, დღეს კი, ორივეს ძალიან უხარია ჩემი წარმატება. 

–  დედმამიშვილებიც გყავს? 

– და მყავს, რომელიც 20 წლის ასაკში გათხოვდა. 2 კვირის წინ მეყოლა დისშვილი. ჯერ არ ვიცი, როგორი ბიძა ვიქნები, ძალიან პატარაა. როდესაც დაიბადა, სამი დღე არ მივსულვარ სანახავად, ისეთი გადატვირთული გრაფიკი მქონდა „X ფაქტორის“ გამო, საერთოდ არ მეცალა. მერე, როგორც იქნა, ვნახე და ძალიან გამიხარდა: საყვარელი ბავშვია. 

– როგორც ჩანს, ბავშვობიდან მღერი? 

– 3 წლის ასაკიდან ვმღერი. მერე, თეატრალურ სტუდიაში უფრო მეტად დავიხვეწე. დედაც კარგად მღერის, პროფესიონალურად არა, მაგრამ კარგი სმენა და ხმა აქვს. თეატრალურ სტუდიაში ვოკალის პედაგოგიც გვყავდა, ცეკვისაც და მეტყველებისაც. რა თქმა უნდა, მსახიობის ოსტატობასაც გვასწავლიდნენ. ვოკალის პედაგოგთანაც ნამუშევარი მაქვს. ეს იყო თამარ გვაზავა, უნიჭიერესია, ძალიან მიყვარს. ფაქტობრივად, მან და დედამ ერთად გამზარდეს. 

– როგორი ბავშვი იყავი?

– მშვიდი, ნორმალური. ხიფათიანიც არ ვყოფილვარ და არც მშობლები დაუბარებიათ ჩემ გამო სკოლაში. თუმცა, იყო სახლში დარეკვები. 

– ეს შენი პირველი კონკურსია. რატომ გადაწყვიტე მონაწილეობა? 

– სატელევიზიო კონკურსი პირველია. მეგობრებისა და დედას სურვილით გადავწყვიტე მონაწილეობა. ქასთინგზე მივედი ჩვეულებრივ, ვიცოდი, რომ გადავდიოდი, მაგრამ არ მეგონა, ათეულში თუ მოვხვდებოდი – მივედი, ვიმღერე და წამოვედი. რამდენიმე დღეში დამირეკეს: ათეულში ხარ და მოდიო, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ოთხეულში რომ მოვხვდი, კიდევ უფრო გამიხარდა და სამეულში ხომ – საერთოდ. სხვათა შორის, ქასთინგზე უფრო მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე სკამების ტურზე. ლაივზე კი ძალიან ვინერვიულე. სკამების ტურზე გულწრფელად ვამბობ, არ მინერვიულია.

– ჰქონდა შენთვის მნიშვნელობა იმას, ვინ იქნებოდა შენი მენტორი? 

– გიორგის არ ველოდით ბიჭები, ყველას გვინდოდა და გვეგონა თამთა. წინა წელს გაიმარჯვა, თან ლამაზია, კარგია. მაგრამ ახლა, სიტუაციას რომ ვუყურებ, ვრწმუნდები: გიორგი უნდა ყოფილიყო ჩვენთან და ძალიან მიხარია, რომ ჩემი მენტორია. 

– შენს გარეგნობას ხშირად უსვამენ ხაზს. ახლა, რომ გიყურებ, აშკარად განსხვავდები სცენაზე მდგარი რეზისგან. ძალიან კარგად მუშაობ კამერებთან, მაყურებელზე. ზუსტად იცი: როგორ გაიღიმო, როგორი მზერა გქონდეს.

– მაგაზეც მამუშავებენ „რუსთავი 2-ში“, ნამდვილი პროფესიონალები არიან. რა თქმა უნდა, როცა მეუბნებიან, რომ კარგი ვარ – ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ.  

– ფოტომოდელობაც ხომ არ გიფიქრია?

– არა. მე როგორ ვიქნები მოდელი – მსუქანი ვარ. 

– რომელია შენი საყვარელი მუსიკალური ჟანრი? 

– პოპი, ჯაზი და ბლუზი. მაგრამ ბლუზს, სამწუხაროდ, არ მღერიან „X ფაქტორში“. ძალიან მიხარია, რომ ხალხს მოსწონს ჩემი სტილი. იშვიათია ასეთი სტილი და ამ პროექტში, მგონი, პირველია. გიორგი გაბუნია რომ ამბობს, მელიზმებიო, ალბათ, მოსწონს ხალხს. ქასთინგი რომ გავიდა ეთერში, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი წერილი დამხვდა. უბედნიერესი ვიყავი. ვცდილობ, ყველას გავცე პასუხი. არ მინდა, ვინმე პასუხის გარეშე დარჩეს, თუმცა რთულია. 

– გოგონებიც აქტიურობენ, ალბათ? 

– თბილი დამოკიდებულება აქვთ ჩემ მიმართ, განსაკუთრებული არაფერი. ვიმეგობროთ – მწერენ და მეც, რა თქმა უნდა, კარგ ადამიანებთან სიამოვნებით ვმეგობრობ.

– როგორი გოგონები მოგწონს, გყავს შეყვარებული? 

– შეყვარებული ამ ეტაპზე არ მყავს, მაგრამ მეგობარი გოგონები მყავს. ჩვეულებრივი გოგონები მომწონს, გარეგნობასაც აქვს მნიშვნელობა და შინაგან სამყაროსაც, ორივე თუ კარგია – რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა. დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ საკითხში, მეგობარი გოგონები კი მყოლია ახლო ურთიერთობაში, მაგრამ სერიოზული სახე ამას არ ჰქონია, უფრო მოწონება ყოფილა. თუ მომწონს ვინმე, არც იმის პრობლემა მაქვს, მივიდე და ეს ვუთხრა.  

скачать dle 11.3