კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ლარის გაუფასურებაზე მნიშვნელოვანი კატასტროფა, რომ ქართულ ბანკებს თავიანთი დაბანდებული 13 მილიარდის ნახევარი გაცემული აქვთ იპოთეკებად და სამომხმარებლო სესხებად

ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ საგარეო ფაქტორები ამოიწურა, რომლებიც ლარზე ზემოქმედებდნენ და მის უსაზღვრო გაუფასურებას იწვევდნენ, შესაბამისად, თითქოს ახლა ლარზე საშინაო ფაქტორები ახდენს ზეგავლენას. მეორე მხრივ, რაკი ლარმა დოლართან მიმართებაში ყველა რეკორდი მოხსნა, ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა არის ის ნიშნული, რომლის აცდენაც შესაძლოა, კატასტროფული შედეგით დასრულდეს და არის თუ არა მოსალოდნელი მოვლენების ასე დრამატულად განვითარება? – თემას ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიასთან ერთად განვიხილავთ.

– რა წილი აქვს საგარეო და საშინაო ფაქტორებს ლარის გაუფასურებაში და რატომ ვერ მოხერხდა ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურება?

– უპირველესად, მინდა, ვთქვა, რომ აბსოლუტურად არასწორი და უპასუხისმგებლო განცხადებაა, რომ საგარეო ფაქტორები ამოიწურა. აპრილის თვეში ტრანსფერების რაოდენობა, რომლებსაც ქვეყანაში რიცხავენ უცხოეთში სამუშაოდ გასული ჩვენი თანამემამულეები,  24-პროცენტით შემცირდა. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ამიტომ მე არ მესმის, რას ნიშნავს, რომ საგარეო ფაქტორები გაქრა?! მეორე – ვერაფრით წამოიწია ფეხზე ექსპორტი, რომელიც ვალუტის წყაროა. რაც შეეხება ინვესტიციებს: ბოლო ხანებში ინვესტიციები არ განხორციელებულა იმ მოცულობით, რომ გავლენა მოეხდინა სავალუტო კურსზე. მეტიც, მეოთხე ფაქტორია კრედიტები და დახმარებები უცხოული დონორებისგან, სადაც ახალი არაფერია: თქვენ რომ ნახოთ ტენდერების სპეციალური ვებ-გვერდი, ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული არაფერზე. ეს ოთხივე, რაც ჩამოვთვალე, გარე ფაქტორია. რაც შეეხება შიგა ფაქტორებს…

– სანამ შიგა ფაქტორებზე გადავალთ, მინიშნება იყო იმაზე, რომ ჩვენ გარშემო, რეგიონში, სადაც, ასევე, შეინიშნებოდა მათი ეროვნული ვალუტების გაუფასურება, მათთან დასტაბილურდა ვითარება.

– თუ ევროს გულისხმობენ, ევრო 1,12-მდე ამოვიდა 1,08-დან, დოლარის ინდექსიც დაეცა, მაგრამ ეს უმნიშვნელო ცვლილება არ ახდენს ლარზე იმანენტურ ზემოქმედებას, იმიტომ რომ ლარი უფრო მძიმე, ნახევრად კონვერტირებადი ვალუტაა, ვიდრე ევრო და მყისიერი ზემოქმედება ლარის კურსზე წარმოუდგენელია. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და თურქეთს: იქ სიტუაცია, როგორიც იყო, ისეთია. რუსეთში ჩამოიწია რუბლის კურსი, სწორედ იმიტომ, რომ სანქციები შერბილდა და ეგრეთ წოდებული სტაბილიზაციის ფონდი გამოიყენეს ვალუტის გასამაგრებლად. რუსეთის ცენტრალური ბანკი ჩაერია რუბლის კურსში ინტერვენციების სახით. თან, აქ სხვა მომენტია, რუსეთის მსხვილი ბანკები, „ვი თი ბი“ და სხვა, სახელმწიფო ბანკებია და მათ თავიანთი ბერკეტები აამუშავეს. ასე რომ, გარე ფაქტორები არსებობს და არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. პირიქით, ჩვენს შემთხვევაში, საბიუჯეტო ნაწილში საბიუჯეტო შემოსავლები უფრო მეტია, ვიდრე მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის ვარდნით იყო მოსალოდნელი. ამიტომ, აქედან გამომდინარე, პრობლემატურად რჩება ყველა ის ფაქტორი, რომლებმაც განაპირობეს ლარის ვარდნა. აი, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამდენად, მე არ მაქვს მონაცემი, რომ რამე გაუმჯობესდა.

– შიდა ფაქტორები?

– რაც შეეხება შიდა ფაქტორებს: აქ ვდგავართ არჩევნის წინაშე ან –  ან. გაგვიხარდა, რომ იმპორტი შემცირდა, რადგან, როდესაც იმპორტი მცირდება, დოლარზე, ანუ ვალუტაზე მოთხოვნა მცირდება და ეს კარგ ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე გამყარების კუთხით, მაგრამ რას ნიშნავს იმპორტის შემცირება? რომ მოხმარება შემცირდა. რატომ? იმიტომ რომ ეკონომიკა შეგიმცირდა და აქ სასიხარულო არაფერია. ამიტომ ან ვამცირებთ ბიუჯეტის ხარჯებს, ანუ ვამცირებთ ეკონომიკას, რაც სხვა პრობლემებს იწვევს, ან არ ვიქცევით ასე. ასე რომ, უნდა ავირჩიოთ: ლარი გავამყაროთ და ეკონომიკის ზრდას მოვაკლოთ მაჩვენებელი თუ, პირიქით, ლარი დავტოვოთ, სადაც არის იმ წონასწორობაში და ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ?! საბოლოოდ, ეკონომიკის ზრდას არის ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა. მარტივად არ არის, რომ, თუ გამოვასწორებთ ერთ სიტუაციას, ამით ეშველება ყველაფერს.

– ბიუჯეტის შემცირების საკითხის დაყენებამ უსიამოვნო ასოციაცია გააჩინა: სეკვესტრებში არა ერთი ავბედითი წელი გაგვიტარებია. რა ტიპის საგანგაშო მოვლენაა ბიუჯეტის შემცირება ან არის თუ არა საგანგაშო მოვლენა?

– ჯერჯერობით ხერხდება საგადასახდო შემოსავლების მობილიზაცია. მაგრამ, საბოლოოდ, როდესაც ეკონომიკის ზრდის 5-პროცენტიანი მაჩვენებლიდან 2,5-მდე ჩამოხვალთ, რაც არის 2015 წლის პროგნოზი, ეს ამცირებს  დაბეგვრის ბაზას, ანუ მცირდება ეკონომიკა და მოგიწევთ ბიუჯეტის კორექტირება. მაგრამ, რადგან ამას ამ წუთისთვის არ ითხოვს ტენდენცია, რა საჩქაროა ციფრის კორექცია, არ მესმის. ისეთი სიტუაცია რომ ყოფილიყო, რომ ვერ გაგვეკეთებინა თანხების მობილიზება საგადასახადო ნაწილში, მაშინ დადგებოდა ბიუჯეტის შესაბამისობაში მოყვანის საკითხი. დამთავრდება მეორე კვარტალიც და გადავხედავთ, როგორი მაჩვენებლები გვექნება. თუნდაც, საგარეო ვალის ნაწილში მოხდება ბიუჯეტის კორექცია, იმიტომ რომ საგარეო ვალის გასტუმრება, თავის დროზე, დაგეგმილი იყო ერთი კურსით, ახლა კი სულ სხვა კურსითაა ანგარიშსწორება. ელემენტარული ბალანსური მომენტია: როდესაც ერთსა და იმავე ციფრს ვამრავლებთ სხვა მამრავლზე, ვიღებთ სხვა შედეგს.

– დიახ, სხვა ნამრავლია აშკარად.

– ამიტომ ბუნებრივია, რომ უნდა ჩასწორდეს, მაგრამ არც ესაა პანაცეა. მაგალითად, დაახლოებით, 700 000 ადამიანი გაქრა ჩვენი აღწერის შემდეგ, მაგრამ ამან შეცვალა რამე?! თუ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტი იყო 3 800 დოლარი, გახდა 4 400 დოლარი და რა მერე?! გაუმჯობესდა ამით  ჩვენი ცხოვრება?! არა, რა თქმა უნდა. მოხდება ბიუჯეტის კორექცია და რა?! გარდა იმისა, რომ ვიღაც იკიჟინებს, რა ცუდი ბიჭები ხართო?! ბიუჯეტის კორექტირება ჩვენ გვინახავს დეკემბრის თვეშიც და დახარჯული ფულის შემდგომაც. ამდენად, ეს არ გააუმჯობესებს ეკონომიკურ სიტუაციას. არის საკითხები, რომლებიც ეხება მოსახლეობასა და ქვეყანას და არის საკითხები, რომლებიც ეხება პოლიტიკოსებს და რიტორიკის თემაა.

– სავალუტო კრიზისები დიდწილად შეიქმნა ნავთობის ფასის ვარდნის გამო, რამაც არა მხოლოდ რუსეთი დააზარალა, ამჟამად ფასის ვარდნა შეჩერდა და ცოტა აიწია კიდეც. ეს რამე ზეგავლენას მოახდენს კრიზისულ ვითარებაზე?

– ნავთობის ფასის დაცემის გამო ჩვენთან პირიქით პროცესები მოხდა. აზერბაიჯანზე, მაგალითად, ცუდი მიმართულებით იმოქმედა. ამჟამად ნავთობის ფასი, დაახლოებით, 60 დოლარის ფარგლებშია და ეს ციფრიც საკმაოდ დაბალია. ის, რაც მოქმედებს აზერბაიჯანზე, ანუ რესურსიან ქვეყანაზე, საქართველო ზემოქმედებს სხვანაირად. იმიტომ რომ ჩვენს შემთხვევაში ნავთობი არის თვითღირებულების კომპონენტი, რომ საქონელი არ გაძვირდეს, ანუ საქონელი არ გაძვირდა იმდენჯერ, რამდენჯერაც შემცირდა ნავთობის ფასი. დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ, როდესაც ვალუტის გაცვლითი კურსი იცვლება, ყველაფერს, რაც იმპორტირებულია, ფასი ემატება. ამაზე დადებითად ზემოქმედებს ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ძირითად საიმპორტო საქონელზე  – ხორბალზე, ნავთობზე, ფასი ეცემოდა. ფასების ეს ვარდნა შეჩერებულია, მაგრამ არ შეიძლება, ცალსახად ვთქვათ, რომ ნავთობის ფასის ვადნა შეჩერდა და ეს გააუმჯობესებს ვითარებას. ბევრი კითხვაა პასუხგასაცემი. ბიუჯეტის კორექცია აუცილებელია და ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის: გარე ფაქტორები არსად წასულა, სადაც იყო, ისევ იქ არის.

– პრეტენზიაა ეროვნული ბანკის მიმართ და კონსტიტუციითაც, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი. მაგრამ ითქვა, რომ მას ყველა შემთხვევაში არ აქვს საშუალება, გააკონტროლოს, მართლაც, განხორციელდა თუ არა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია კერძო ბანკებს შორის, რაც საბოლოოდ აყალიბებს ვალუტის კურსს.

– ეროვნულ ბანკს ყველა ვარიანტში აქვს ყველაფრის კონტროლის უფლება, რაც ვალუტას შეეხება, რადგან ეროვნულ ბანკის თვალწინაა ყველა სავალუტო მოძრაობა და ის ხედავს ყველაფერს.

– რაოდენობაც ვიცით? ისიც ითქვა, რომ შესაძლოა, 1 000 დოლარის ყიდვა-გაყიდვის შედეგად დადგინდეს კურსი?

– ბლუმბერგის ტერმინალზე ვაჭრობისას ვიცით ზუსტად რაოდენობა, თუ რამდენი ვალუტა გაიყიდა, ჩვენ არ ვიცით, ვინ იყიდა კონკრეტულად, „საქართველოს ბანკმა“ თუ „რესპუბლიკამ“ და ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკურად შეიძლება, ჰქონდეს, მაგრამ ჩემთვის, პიროვნულად არ აქვს.

– ესე იგი, ერთადერთ გამოსავლად რჩება ინვესტიცია?

– ფულის სწრაფად ჩადება, ინვესტორების პრობლემის მოგვარება, ეს დიახაც რომ, გამოსავალია. ერთადერთი გამოსავალია მოკლევადიან პერიოდში ინვესტიციების მოზიდვა, სხვა ამ წუთას ვერაფერი გვიშველის. ჩვენ რომ ახლა ექსპორტზე ხელის შვერა დავიწყოთ, ეს მომავლის თემა. ვალუტის კურსი მყისიერად დასტაბილურდება, თუ ინვესტიცია იქნება მოზიდული. თორემ ფორუმების შემდეგ ასე არ ხდება ისე, რომ ორშაბათს მოვილაპარაკეთ და ხუთაშაბათს ფულს ჩავდებთ.

– მეც ამას გეკითხებით, შედეგს როდის გამოიღებს, თუნდაც, „იბიარდის“ დაპირებული პროექტები, რომ ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიას აძლევს 10 მილიონს, ბანკებსაც, რომ ქალთა საწარმოები დააფინანსონ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის იხდის ფულს. ეს 10, 20 თუ 50 მილიონი რამეს შეცვლის?

– ეს თანხა გამოიღებს შედეგს წლის ბოლოს, მომავალ წელს და იმის იქით. აქ გამოსავალი არის სწრაფი ინიექცია და ეს მხოლოდ „იბიარდზე“ ვერ იქნება დამოკიდებული. თან: თვითონ „იბიარდის“ მიერ  ჩადებულ ფულზე კი არ იყო ლაპარაკი, არამედ რეკლამაზე, საქართველოს ცნობადობაზე, ინვესტორებისთვის ღიაობაზე. ჩვენ კი გვინდა, ერთი სიტყვით გადავწყვიტოთ პრობლემა, მაგრამ ასე რომ წყდებოდეს პრობლემები?! ამ პრობლემის მოგვარებაზე დარდით მოკვდა მსოფლიო.

– საქართველოს ეკონომიკა, ჩვენი საბანკო სისტემაც, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მიმიღია პროფესიონალებთან საუბრისას, აბსოლუტურად ხელოვნური წარმონაქმნი მგონია. გასაგებია, რომ გარე გლობალური პროცესების ლოგიკა ახდენს გავლენას, მაგრამ, ამ ხელოვნურობიდან გამომდინარე, ჩარევის უფრო მეტი საშუალებაც ხომ არის? ვცდები?

– ყველა ეკონომიკაშია ჩარევის მეტი საშუალება. მეტიც, გეტყვით, რომ ნელ-ნელა მთელი მსოფლიო გამოირჩევა ჩარევის მაღალი ხარისხით, რადგან ეს უკავშირდება სტრატეგიულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ინტერესებს. ყველაზე მეტს ერევიან დიდი ქვეყნები, შემდეგ –  საშუალოები, შემდეგ –  პატარები, მაგრამ ეკონომიკას თავისი კანონები აქვს. რაღაცაში გაძლევს რეგულაციის საშუალებას, ოღონდ ყველაფერში  – არა. თქვენ შეგიძლიათ, შეცვალოთ მდინარის კალაპოტი, მაგრამ მდინარე თავის დინებას შეინარჩუნებს და თუ გადაეღობებით, წალეკავს ყველაფერს. 

– როგორია ლარის კურსის კარგი და ცუდი პროგნოზი? ვთქვათ, ერთი დოლარი რომ ან ორი ლარი გახდეს ან სამი ლარი?

– რთული სალაპარაკოა, იმიტომ რომ ლარის ძალიან გამყარება დამანგრეველია, რადგან იმპორტს გააიაფებს და გამოვა, რომ იმპორტის განვითარებას ვუწყობთ ხელს. გაიაფება ხელს უწყობს ექსპორტს, მაგრამ, საერთოდ, მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკაზე აისახება ერთი-ორი წლის შემდეგ, ამიტომ ის წონასწორობა უნდა დადგეს, რასაც ითხოვს ბაზარი. არც გადაფასებაა კარგი და არც ჩამოფასება. ის მონეტარული პოლიტიკის ზომები, რასაც ეროვნული ბანკი ატარებს, წელიწადის, წელიწად-ნახევრის შემდეგ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ორშაბათსა და სამშაბათზე ეს არ იმოქმედებს.

– ისეთ დღეში ვართ, რომ, თუ ერთი დოლარი ორი ლარი ეღირება, ეს უკვე ძალიან გამყარებაა?

– დიახ, მე ვფიქრობ, ეს დიდი გამყარებაა და ცუდ შედეგს მოიტანს.

– რა ნიშნულის აცდენაა ეკონომიკისთვის კატასტროფა?

– არც ერთ ვარიანტში არ დაიწყება კატასტროფა. კატასტროფა დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველოს ბანკებს თავიანთი დაბანდებული 13 მილიარდის ნახევარი დაბანდებული აქვს სამომხმარებლო და იპოთეკურ კრედიტებში, სოფლის მეურნეობაში კი –  მხოლოდ 200 000. ანუ რეალურ ეკონომიკურ სექტორს ქართული საბანკო სისტემა არ აფინანსებს, ის აფინანსებს სამომხმარებლო საქონელსა და იპოთეკას. ეს არის კატასტროფა და ლარის კურსი ამაზე ძალიან მტკივნეულად მოქმედებს, იმიტომ რომ, მოსახლეობას, რომელიც ემსახურება ბანკების ამ 6,5-მილიარდიან სესხს, უწევს იმ შემოსავლის, რაც აქვს, ბანკისკენ გაგზავნა, ამდენად, ბანკები სწრაფად მდიდრდებიან, მოსახლეობა კი –   სწრაფად ღარიბდება, საერთო ჯამში, ბაზარი მცირდება, ანუ ჩაცმა-დახურვა, ჭამა-სმა-დროსტარებაში მოსახლეობა ფულს ვერ ხარჯავს. მცირდება მთლიანი მოთხოვნა. აი, ეს არის პრობლემა.

– სულ იმას ვფიქრობ ამ ბოლო ხანს, ვინმე მადლიანმა ოფშორიდან რომ მილიარდი შემოიტანოს-მეთქი ინვესტიციის სახით.

скачать dle 11.3