კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2017 (177)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)
მარტი 2017 (212)
თებერვალი 2017 (205)

ზნედაცემული ანგელოზები

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N9-20 (751)

ტატასთვის ნამდვილად არ იყო სულერთი, ბორა-ბორაზე მიშასთან ერთად გაემგზავრებოდა თუ ვიღაც სხვა მამაკაცთან ერთად. მით უმეტეს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში „ვიღაც სხვა“ საერთოდ არც არსებობდა. ამ ყველაფრის გამოგონება იმისთვის დასჭირდა, რომ მიშას ვნებების სიმძაფრე გამოეცადა – მისადმი ვნების, რა თქმა უნდა. კაცთან ბოლო მგზნებარე პაემანმა უფრო დაარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში. „ჩიტი“ მახეში მაგრად იყო გაბმული. ახლა შეეძლო, მანიპულაციის სხვა ხერხებისთვის მიემართა, თუმცა, ჯერ სიფრთხილეც საჭირო იყო... ტატამ გადაწყვიტა, ორი დღე ეცლია კაცისთვის და მერე დასამშვიდობებელი მესიჯი გაეგზავნა მისთვის...

***

დივანზე წამოწოლილი ტატაშკა ქლიბს მონოტონურად ისვამდა ფრჩხილებზე და ღიღინებდა, როცა ბინაში ლალიკო და დოდოშკა დაბრუნდნენ.

–  ერთი ამას უყურე, როგორ წამოწოლილა! – სიცილით „შეიცხადა“ დოდოშკამ, – რა ენაღვლება!.. ეტყობა, კარგად აქვს საქმე, ჩვენსავით არ პახაობს.

– პახაობას ეძახი ჩვენს სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობას?! – ყასიდად გაიოცა ტატამ, – რა ხდება, ასე რატომ მიყურებთ, არ გიხარიათ ჩემი ნახვა? მეგონა, მოგენატრებოდით.

– როგორ არა, ძალიან მოგვენატრე... ისე მოგვენატრე, რომ შენი სურათის ჩამოკიდებას ვაპირებდით ცენტრალურ კედელზე, გამოსაჩენ ადგილას... რატომ გამოგვეცხადე? – დადარაჯებულივით ჰკითხა დოდოშკამ და გამომცდელი მზერა მიაპყრო.

ტატაშკამ ღიმილით აიჩეჩა მხრები:

– საყვარელო, ეს ჩემი ბინაა, დაგავიწყდა? მომინდა და მოვედი.

– მოუნდა და მოვიდა, – გამოაჯავრა დოდოშკამ, თან ლალიკოს შეხედა.

– გესმის? ჩვენ ამ ბინას ვიყენებთ, რაშიც ფულსაც გიხდით. მგონი, ჯერ უნდა დაგერეკა, რომ შემთხვევით საქმიანობის პროცესში არ წამოგვდგომოდი თავზე. ასე არ არის?

– რატომ ნერვიულობ, დოდოშკა, საყვარელო?.. ისევ ნაწყენი ხარ ჩემზე? – დათაფლული ხმით ჰკითხა ტატამ.

– საიდან მოიტანე? უბრალოდ, შეთანხმების პირობებს არღვევ. ლალიკო, რას გაჩუმებულხარ, სიმართლეს არ ვამბობ?

ლალიკომ უხალისოდ დაუქნია თავი:

– კი, სიმართლეს ამბობ, მაგრამ კონფლიქტი რა საჭიროა? მოვიდა და ძალიან კარგი, რომ ჩვენც კლიენტი არ გვყავს. ახლავე ყავას მოვადუღებ და მშვიდად ვიჭორაოთ.

დოდოშკამ სამზარეულოსკენ მიმავალ ლალიკოს სიბრალულით სავსე მზერა გააყოლა და ტატაშკას მიუბრუნდა:

– ნუ სარგებლობ იმით, რომ ამ საცოდავს ასეთი რბილი და დამყოლი ხასიათი აქვს.

– მე ვსარგებლობ? რას ამბობ? ყავის მოდუღების სურვილი თავად გამოთქვა.

– ეგ არ მიგულისხმია. მშვენივრად მიხვდი, რისი თქმაც მინდოდა.

– დოდოშკა, რატომ იკბინები დაუკმაყოფილებელი ძუკნასავით? წესით, შენ ეგ პრობლემა არ უნდა გქონდეს.

– გეყოფა ჩემი დაცინვა, – გაცხარდა დოდოშკა, – ნერვებს მიზანმიმართულად მიშლი. რისი მიღწევა გინდა?

– მინდა, ერთმანეთს არ ვგესლავდეთ და სრულ თანხმობაში ვიარსებოთ, მით უმეტეს, რომ კაციც არ გვყავს გასაყოფი... უფრო სწორად, აღარ გვყავს.

დოდოშკამ ამოიოხრა.

– ეგ კაცი მესიჯს მესიჯზე მიგზავნის, დავიღალე უკვე...

– ჰო?! თურმე რატომ ყოფილხარ გაავებული. მერე, რას გწერს, რა მინდაო?

– შევხვდეთ, უნდა დაგელაპარაკოო.

– და ამაზე ნერვიულობ? როგორ ვერაფერი ისწავლე? შეხვდი და ტვინი „მოუხანი“, შენი რა მიდის?

დოდოშკამ წყრომით შეხედა:

– როგორ ადვილად ლაპარაკობ... მაინც, როგორ წარმოგიდგენია ეგ ამბავი?

– ძალიან მარტივად. სექსს თუ შემოგთავაზებს, ფულს გადაახდევინებ...

დოდოშკა გაწითლდა. ამასობაში ლალიკოც დაბრუნდა ყავის ფინჯნებით.

– აბა, კიდევ ჩხუბობთ თუ ამოწურულია კონფლიქტი?

– ჩხუბი? ჩვენ?! – გაიოცა ტატაშკამ, – მე სრულიად უკონფლიქტო ადამიანი ვარ. კონფლიქტს კარგი არაფერი მოაქვს. ლიბიდოს აქვეითებს და ნაოჭებს აჩენს. გვინდა ნაადრევი სიბერე?

– ყავაც ხომ არ დამიქვეითებს ლიბიდოს? – ირონიულად ჰკითხა დოდოშკამ და ყავა მოსვა.

– ეგ არ ვიცი... სამედიცინოზე შენ სწავლობდი, მგონი... მართალია, ოდესღაც, მაგრამ, ცოდნა ხომ მარადიულია... მე, მაგალითად, ორალური სექსისა და, ზოგადად, სექსის ტექნიკას კუბოშიც ჩავიტან.

– რას ლაპარაკობ, დაფიქრდი, – შეცბა ლალიკო და შეწუხებული სახით რამდენჯერმე გადაიწერა პირჯვარი.

ტატაშკა ახარხარდა.

– ჰო, „იქ“ ნამდვილად გამოგადგება ეგ ცოდნა, – ჩაიცინა დოდოშკამ, – მით უმეტეს, ჯოჯოხეთში თუ ამოყავი თავი. იქ ბორდელები ჰქონიათ ცოდვილთათვის.

– თუ, უცოდველთათვის? – შეუსწორა ტატაშკამ და ისევ გულიანად ახარხარდა.

დოდოშკამ გამანადგურებელი მზერით დაასაჩუქრა.

– როგორ შეგიძლია, ყველაფერი სამაიმუნოდ და სამასხროდ აქციო? – აღშფოთდა ლალიკოც, – მორჩით, რა, ღმერთზე, სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე ლაპარაკს.

– აუჰ, ლალიკოს უყურე, რა!.. თავს ისე იდებს, თითქოს კეთილშობილ ქალთა პანსიონში იყოს გაზრდილი და გახდილი კაცი არ ენახოს.

– ეგ საერთოდ რა შუაშია ამ ყველფერთან? ბოზი ვარ, გარყვნილი კი არა, – ლალიკო აშკარად ძალიან იყო ნაწყენი და ამას არც მალავდა. ტატაშკა მიხვდა, რომ სიტუაცია გასცდა ირონია-ხუმრობის ფარგლებს და ფეთქებადსაშიში გახდა, ამიტომ, უკან დახევა გადაწყვიტა – შემრიგებლურად გაიღიმა და გოგოებს მოშინაურებული მელაკუდასავით შეხედა:

– რა მოხდა, რას დამესიეთ? კარგ გუნებაზე ვიყავი და, ვიფიქრე, ცოტას თქვენც გაგახალისებდით... მჟავე სიფათებით ნუ მიყურებთ, თორემ, მეც გავბრაზდები და არ გეტყვით იმას, რისი თქმაც მინდოდა...

დოდოშკამ და ლალიკომ ერთმანეთს გადახედეს.

– ჯერ ნერვებს მოგიშლის, მერე კი ისე მიინაბება, თითქოს ფრთები ამოსდიოდეს ბეჭებზე... მე თუ არ მეზეიმებ-მემხიარულება, რა ვქნა? – თქვა დოდოშკამ.

– მოგიგვარებ მაგ პრობლემას, ასე რომ გაწუხებს, – დაჰპირდა ტატაშკა.

– აუჰ, სწორედ შენ მაკლდი ყოფილ ქმართან ურთიერთობის გარკვევაში! გეხვეწები, თავი დამანებე!

– ვერა, ვერ გიყურებ, როგორ ნერვიულობ იმ კრეტინის გამო.

– ვერაფერი გაიგე... იმ კრეტინის გამო კი არა, საკუთარი თავის გამო ვნერვიულობ, – თავი გადაიქნია დოდოშკამ, – ისეთ საშინელებებს მეუბნება და მწერს...

– აუ, ისეთს რას გეუბნება და გწერს, რაც თავადაც არ იცი? – ტუჩი აიბზუა ტატამ, – რაო, პროსტიტუტკა ხარო თუ მინეტს ცუდად აკეთებო?

– აუ, რა ძუკნა ხარ! – აღშფოთებით აღმოხდა დოდოშკას.

– არ უარვყოფ. ძუკნა ვარ, თანაც უძუკნესი... მეტსაც გეტყვი – ეს მე ძალიან მომწონს. ძუკნა რომ არ ვიყო, ბორა-ბორას თვალით ვერ ვნახავდი.

– ბორა-ბორა რა შუაშია? – გულუბრყვილოდ, საბავშვო ბაღის ბავშვივით იკითხა ლალიკომ და მორცხვად დაამატა: – ბორა-ბორა რა არის?

ტატაშკამ ხელები გაშალა:

– საწყალი ლალიკო, ტარიფი უნდა ასწიო, სასწრაფოდ, ცუდად არის საქმე.

– გეხვეწები, არ გინდა ეგ ირონია. დიდი ამბავი, თუ ბორა-ბორა არ ვიცი, რა არის, – ეწყინა ლალიკოს.

– ტატას სიამოვნებას ანიჭებს ჩვენი დაცინვა. ამით ცდილობს, თავისი უპირატესობა გვაჩვენოს. სუპერსექსმუშაკი ხარ, გავიგეთ უკვე.

– ჰო, აბა რა!.. მოკლედ, გოგოებო, მაგარი მოგზაურობა მელის და უნდა მოვემზადო.

– ანუ, სამოგზაუროდ მიდიხარ... დიდი ხნით?

– ალბათ, ათი დღით მაინც... ძალიან მიხარია... ბორა-ბორა ჩემი ოცნება იყო, – ტატაშკას თვალები აუციმციმდა.

– ვის წეწავ, ვის ქმარს ჩაავლე ამჯერად? – წარბი ასწია დოდოშკამ და ამოიოხრა, – ჩემს ქმარსაც ხომ მაგრად დააყრევინე ფულები...

– რა ჩემი ბრალია? ვემსახურებოდი და მიხდიდა. არც ამას ვაძალებ რამეს. ინიციატივა მისგან წამოვიდა.

– ვიცი, ვიცი როგორი „ინიციატივაც“ გაქვს, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა დოდოშკამ, მაგრამ ტატაშკას არაფრად ჩაუგდია მისი სიტყვები. ნებივრად გაიზმორა და კატასავით აკრუტუნდა.

– მმმ... რა კარგია, თაკარა მზის ქვეშ ნებივრობა... პალმების ჩრდილი, ყვითელი ქვიშა და ლურჯი ცა...

– ნუ გვახარბებ, – უთხრა ლალიკომ, – მეც წავალ ზაფხულში ბათუმში.

– ჯერ ერთი, ზაფხულამდე ორი თვეა და, მეორეც, ბათუმი და ბორა-ბორა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან... სუვენირებს ჩამოგიტანთ, არ ვიძუნწებ...

– თავი არ შეიწუხო, – დოდოშკამ არ შეიმჩნია ტატაშკას კეთილგანწყობილი ტონი.

– არ შევწუხდები, – აკისკისდა ტატაშკა, – აუ, გოგოებო, წინასწარ ვნეტარებ, ისეთი დრო უნდა გავატარო... აი, რომ ვფიქრობ, რა მაგარი იქნება, ეგრევე ორგაზმს განვიცდი.

– როგორც მივხვდი, ვიღაცასთან სერიოზული ურთიერთობა გქონია.

– სერიოზულ ურთიერთობაში თუ იმას გულისხმობ, სხვებზე ხშირად რომ ვარ მასთან და ძალიან ბევრს მიხდის, ტარიფზე გაცილებით მეტს, მაშინ, ეგ ყოფილა.

– ანუ, შეეშვები ამ ბიზნესში აქტიურად მოღვაწეობას? – დაეჭვებით იკითხა ლალიკომ.

– ვნახოთ, ჯერ არაფერს ვგეგმავ. ზოგადად კი რაღაც აუცილებლად შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში.

დოდოშკამ ლალიკოს გადახედა:

– ეს რომ გათხოვდეს, ჭკუიდან შევიშლები. ოღონდ მართლა!

– თუკი უნდა, გათხოვდეს, რა პრობლემაა, – მხრები აიჩეჩა ლალიკომ, – მე რას მიშლის.

– ო, შენ არაფერს, მე კი ოჯახი დამინგრია.

ტატაშკა ერთბაშად შეხტა, ქლიბი მოისროლა და დოდოშკას წინ დოინჯშემოყრილი გაუჩერდა.

– არ გრცხვენია? მითხარი, არ გრცხვენია?

დოდოშკამ თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა.

– მრცხვენია... ისე მრცხვენია, რომ წელს ქვემოთ გავწითლდი კიდეც. მაგრამ, შენ რა შეღავათი ამით? გგონია, იმ საქციელს გამართლებას მოუძებნი, რაც ჩაიდინე?

– ახლა გეყოფა! – უკვე სერიოზულად გაცხარდა ტატა, – ბოზი არ ანგრევს ოჯახს. მე რა შუაში ვარ, შენი ქმარი ყველგან „შესაყოფს“ რომ ეძებს და აღარ იცის, ვინ „გაჟიმოს“? ეჰ, დოდოშკა, როგორ გამიცრუე იმედი. არადა, თითქმის დავიჯერე, რომ ჭკუა ისწავლე.

– არაფერი მჭირდა ჭკუის სასწავლი. თუმცა, ზოგჯერ სინდისი მაწუხებს ხოლმე, შენგან განსხვავებით.

– მე რატომ უნდა მაწუხებდეს სინდისი? დოდოშკა, შენ ახლა დაიბოღმე, შეგშურდა ჩემი ბორა-ბორა და იმიტომ ცდილობ, დამგესლო.

– რა სისულელეა! რა-რა და, სწორედ ეგ არ მშურს. საიდან მოიტანე? დრო იყო, საუზმეს პარიზში მივირთმევდი, ვახშამს – რომში...

– ვიცი, რომელ დროზე ლაპარაკობ. მერე, ნუ მოუწყობდი შენს ქმარს ეჭვიანობის სცენებს და, მით უმეტეს, შვილის ტოლ საყვარელს ნუ გაიჩენდი. ეგეც ჩემი ბრალი ხომ არ არის?!

– აჰა, ესე იგი, თორნიკეს მაშინ დაუახლოვდი? – ლალიკო აქამდე ჩუმად იჯდა და მათ საუბარს მოღუშული უსმენდა.

დოდოშკამ ხელი აუქნია:

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ამას ჰგონია, – მიუთითა ტატაშკაზე, – როგორც თავად აქვს მშვიდი ნერვები, სხვაც ზუსტად ასეა. არასოდეს უღალატია შენთვის კაცს და იმიტომ.

– ვერც ვერასოდეს მიღალატებს. იმიტომ, რომ არცერთს არ დავარქმევ „ჩემს კაცს“. გაიგე?! ყველა ერთია ჩემთვის, ყველა. იმას უფრო მეტად ვასიამოვნებ, ვინც ბევრს გადამიხდის. ნუ მეჩხუბები, არ მინდა შენთან ჩხუბი, არ შედის ჩემს ინტერესებში.

– წადი, რა, წადი ბორა-ბორაზე და ზოგჯერ იმ ქალებზეც იფიქრე, რომლების ქმრებთანაც წვები, – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა დოდოშკამ.

– შენ ფიქრობ ხოლმე? – კითხვითვე მიუგო ტატაშკამ.

– შენ წარმოიდგინე, ვფიქრობ...

– და, მაინც წვები მათთან.

– ჰო, ვწვები, – დაეთანხმა დოდოშკა, – ახლა არ მკითხო, რატომო... იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაფერი სულერთია უკვე.

ლალიკომ მხარზე დაადო ხელი სიბრაზისგან აჭარხლებულ დოდოშკას და ტატაშკას წყრომით გახედა:

– მაინც მიაღწიე იმას, რომ ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანე.

– კარგი, რა... მშვენიერ გუნებაზე ვიყავი... ვიფიქრე, გაუხარდებათ ჩემი ახალი ამბავი-მეთქი, მაგრამ, ორივე დაიბოღმეთ. თუმცა, არ მიკვირს, ჩვენი პროფესიის ქალი ყველა ასეთია, – ფარული ბოღმა აწვალებთ და პერიოდულად გადმოანთხევენ ხოლმე. თუმცა, მე მაინც ჩამოგიტანთ სუვენირებს...

– ესე იგი, მართლა მიდიხარ... – ლალიკო დივანზე გვერდით ჩამოუჯდა ტატას.

– ოთხმოცდათვრამეტი პროცენტი. ხომ იცი, ასპროცენტიანი არაფერი არსებობს. ყველაზე ხარისხიანმა პრეზერვატივმაც კი შეიძლება გიმტყუნოს და სიურპრიზით დაგაჯილდოვოს.

– ისე, მოგზაურობა კარგია... მე არასდროს ვყოფილვარ სამოგზაუროდ, – გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა ლალიკომ.

– მერე, ფული ხომ გაქვს? სულაც არ ღირს ძვირი და, არც ის არის აუცილებელი, ბორა-ბორათი დაიწყო – ეგ ჩემნაირი აღვირახსნილებისთვის არის.

– პარიზია ჩემი ოცნება, – თვალები მილულა ლალიკომ, – უჰ, ერთხელ აუცილებლად წავალ პარიზში, მაგრამ, ჯერ ბინა უნდა ვიყიდო – ფულს ვაგროვებ. 

– ჰო, ჯერ ბინის ფულს მოაგროვებ, მერე რემონტისას, ფარდებისას, ჭურჭლისას, ავეჯისას, მანქანისას და ისე დაბერდები, ეგ ოცნება ოხრად დაგრჩება.

– როგორი ბოროტი ხარ, – ამოიოხრა ლალიკომ, – ოცნებასაც არ მაცლი.

 გოგო, ოცნება რა ჯანდაბად გინდა! კი არ უნდა იოცნებო, უფრო მაღალა უნდა ასწიო ფეხები და უფრო ფართოდ გაშალო – მაშინ პარიზშიც წახვალ და კოსმოსშიც... – ახარხარდა ტატა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3