კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ არის საქართველოს „ნატოში“ მიღება დამოკიდებული თავად საქართველოსა და მის მიღწევებზე და რაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს აშშ და რუსეთი

სულ ახლახან სოჭში, მას შემდგ, რაც აშშ-ელ მაღალჩინოსან კერის უმასპინძლა, ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ამ უკანასკნელებმა აფხაზეთის მკვიდრთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭებაზე ისაუბრეს. ამის პარალელურად, რაულ ხაჯიმბამ უარი განაცხადა დონეცკისა და ლუგანსკის ეგრეთ წოდებული სახალხო რესპუბლიკების აღიარებაზე. რატომ „ითვითნება“ სეპარატისტმა პრეზიდენტმა და რა უთხრა ამ ჟესტებით რუსეთის პრეზიდენტმა დანარჩენ მსოფლიოს,  –  ამ კითხვებზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა გვიპასუხა.

– რატომ მოუხშირა პუტინმა ხაჯიმბასთან შეხვედრებს?

– ჩვენი აზრით, რამდენიმე მიზეზია. სავსებით ბუნებრივია რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის დაკონსერვებული კონფლიქტები და სტალინურ ავტონომიებთან ინტენსიური ურთიერთობა, მათი გამხნევება საქართველოს მოსახლეობის განწყობაზე ზემოქმედების მიზნით, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, მთავარი ეს არ არის. დღეს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამწუხაროდ, ამაზე არავინ საუბრობს, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და შეერთებული შტატების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

– რასაც უკავშირდებოდა კერის ჩასვლა სოჭში და საქართველოს „ნატოში“ მიღების საკითხის გააქტიურება, რაც მე პირადად სწორედ ამ კადრს მიღმა მოლაპარაკების ფონად მივიჩნიე.

– არავინ იცის, რა ინტენსიურობით მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები და რა დროის განმავლობაში გაგრძელდება, მათ შორის, არც ჩვენ, თემებით ის წინააღმდეგობა, რომელსაც ქმნის რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გლობალური პროცესების დინებაში და საერთო ინტერესები მსოფლიო წესრიგის აღსადგენად. ამ შემთხვევაში სამი ნიშნულია დღეს მოხაზული მსოფლიოში: ახლო აღმოსავლეთი, ისლამური სახალიფო და უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, სირია, იმიტომ რომ, სწორედ სირიის კონფლიქტის ბაზაზე წარმოიშვა სახალიფო; ევროპული სირია –  უკრაინა და კავკასია. თავიდან, დაახლოებით, ერთი და იმავე ხარისხით იყო ეს სამივე საკითხი დატვირთული მოლაპარაკებისას, მაგრამ სოჭში, ჩვენი აზრით, უფრო დაბალ ტონებში იყო საუბარი საქართვველოზე და არა მარტო საქართველოზე. კერისთან შეხვედრამდე ბორტნიკოვი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, მანამდე კი, პეკინში ლავროვმა და კერიმ „კბილი მოუსინჯეს“ ერთმანეთს, იყვნენ თუ არა მზად მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოსტსაბჭოური სივრცის სტალინური ავტონომიები, თვითგამოცხადებული რესპუბლიკები და დაკონსერვებული კონფლიქტებია ამ ორი დიდი სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში საჯილდაო ქვა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის. ასე რომ, არ გვიკვირს ეს შეხვედრები და არც ის გაგვიკვირდება, რომ მალე ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შეხვდეს პუტინი და კიდევ უფრო მალე  –  ეგრეთ წოდებული დონბასისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელებს.

– თავის ტერიტორიას ნიშნავს? თუ საკუთარი გავლენის სფეროებზე შეახსენებს კიდევ ერთხელ მსოფლიოს? უდავოდ, დიდი პატივია სეპარატისტი ხაჯიმბასთვის პუტინთან შეხვედრა.

– რა თქმა უნდა, ჯერ ერთი, მსოფლიოს აჩვენებს, რომ ეს მისი გავლენის ტერიტორიაა და მას შეუძლია ამ ტერიტორიაზე ისე წარმართოს პროცესები, როგორც შეთანხმებას დასჭირდება და მეორე –  თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას აფხიზლებს და ახსენებს, რომ იქ გადაწყვეტილების მიმღებია რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და რამე კერძო ინიციატივა არ გამოიჩინონ.

– ამის პარალელურად, ხაჯიმბამ უარი თქვა ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებაზე. არ მგონია, პუტინს მისთვის დაევალებინა აღიარება და ხაჯიმბას უარი ეთქვა. რას თამაშობენ?

– არა მარტო მოსკოვის გავლენაა, ჩვენ აფხაზეთს გარედან ვუყურებთ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებმაც არ იციან, რა წვენში იხარშება აფხაზეთი. აფხაზეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ აფხაზებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა.

– და მტკიცედ სწამთ, რომ ეს გააკეთეს თავისით, სხვების დაუხმარებლად.

– დიახ და რუსულ-ქართული ომის შემდეგ კი, 2008 წელს, მათ მოიპოვეს აღიარებაც. ეს არის მათი ლაიტმოტივი და ისინი, ბუნებრივია, დამოუკიდებლობასაც უფრთხილდებიან და სამომავლო ურთიერთობებსაც როგორც ქართველებთან, ისე დასავლეთთან. ამიტომ მათ არ სჭირდებათ აუღიარებელი, ომის მდგომარეობაში მყოფი წარმონაქმნების აღიარება, თუნდაც, იმიტომ რომ, ჯერ ამ ორი რეგიონის სტატუსი არ არის გარკვეული.

– თვით რუსეთსაც არ უღიარებია.

– და საერთაშორისო საზოგადოების თვალში ეს აღიარება აფხაზებისთვის იქნებოდა წელს ქვემოთ დარტყმა. მათ ამ უარით მოიგეს კრემლის გულიც და თავისი ავტორიტეტიც არ დაახურდავეს საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

– კრემლის გული რატომ მოიგეს, რას გულისხმობთ?

–  ისინი ხომ კრემლს ისე ელაპარაკებიან, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის ლიდერები?! და ამ აღიარების უარყოფით კრემლს მისცეს დასავლეთთან მოლაპარაკებების საშუალება. რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც, ჩვენი აზრით, საკმაოდ სერიოზულად მიმდინარეობს, არ აძლევს ხელს სპეკულირება თვითგამოცხადებული რეგიონების სტატუსით.

– ეს შეიძლება, განვიხილოთ მინიშნებად, არ ვაღიარებ ლუგანსკისა და დონეცკის წარმონაქმნებს ამა და ამის გამო?

– ეს პირდაპირი მინიშნებაა, მე შემიძლია, რომ არ ვაღიარო და რადგან შემიძლია, არ ვაღიარო, ესე იგი, შემიძლია, არ ვილაპარაკო მათ, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკების სტატუსზე, შემიძლია, ზეგავლენა მოვახდინო და ისინი ფედერაციული უკრაინის შემადგენლობაში მოიაზროთ ფედერაციის სუბიექტებად. 

– დასავლეთისთვის სულერთი არ არის, ლუგანსკი და დონეცკი ფედერაციულ უკრაინაში იქნება რუსული გავლენის ქვეშ თუ არ იქნება და დანარჩენი უკრაინა აღარ მოექცევა რუსული გავლენის ქვეშ?

– დასავლეთისთვის მისაღებია ნებისმიერი ფორმის მოლაპარაკება ძალისმიერი ზეწოლის, სისხლისღვრისა და ომის გარეშე. რაც შეეხება სტატუსს: ამას განსაზღვრავს საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გვგონია, რომ დონეცკსა და ლუგანსკს ის სტატუსი ექნება, რა სტატუსიც უნდა კრემლს. არსებობს საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრული კანონი ფედერაციისა და კონფედერაციის, ცენტრსა და რეგიონს შორის გამიჯნული ძალაუფლების შესახებ. ეს ყველაფერი არის მომავლის თემა, დიალოგის თემა, მოლაპარაკებების საგანი და როგორც ჩანს, კრემლს არ უნდა, რომ ეს მოლაპარაკებები ჩანასახშივე ჩაკლას ურაპატრიოტული ლოზუნგებით, განცხადებებითა და აღიარებებით.

– აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის გამარტივდება რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება. ეს აფხაზეთის რუსეთში ინტეგრაციისთვის ხდება თუ იმიტომაც, რომ იზოლირებულად არ იგრძნონ თავი მათ, ვისაც აფხაზეთში არ აქვს რუსეთის მოქალაქეობა?

– ესეც პოლიტიკური თამაშია. თუ სტრატეგიული პარტნიორები არიან და მათ ათი წლით გააფორმეს ასეთი ხელშეკრულება, სტრატეგიულ პარტნიორს არ უნდა ჰქონდეს შენს ტერიტორიაზე მოძრაობის პრობლემა და გარდა ამისა, რუსეთის რაც მეტი მოქალაქე იცხოვრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთს მით უფრო მეტი მოტივი ექნება სამომავლოდ, თუ დავუშვათ, დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკება არ შედგა.

– ანქვაბი იყო თითქოს სამკურნალოდ თბილისში, თუმცა ოფიციალური თბილისი უარყოფს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

– ვერ გეტყვით, არ დავინტერესებულვართ ამ ინფორმაციით. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, ვუთხრათ აფხაზებს ჩვენი მოსაზრება. თბილისი არის მათი დედაქალაქიც და საქართველო, როგორც სახელმწიფო, რომ შედგა ამაში ყველაზე დიდი როლი შეასრულა მართლმადიდებლობამ და შემდეგ – აფხაზებმა და კახელებმა. ამდენად, როდესაც უნდათ: ჩამოვლენ თავიანთ დედაქალაქში, თავიანთ ბიძაშვილებთან და უნდათ, სამკურნალოდ ჩამოვიდნენ, უნდათ – სავაჭროდ და უნდათ – პოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ამაში ვერც სკანდალს ვხედავთ და არც არაბუნებრივი გვგონია. ბუნებრივია, რომ იარონ და კონტაქტი იყოს, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა პოლიტიკური ურთიერთობა.

– სოციალური ქსელების აფხაზურ ჯგუფებში სულ „შიზოფრენიკები“ გვეძახეს, როდესაც C ჰეპატიტის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დავდე ინფორმაცია, რით ვერ ხვდებიან, რომ მათი არაფერი გვჭირდება, თავად იმკურნალონო. სხვა საკითხია, სად ნახავ „შიზოფრენიკს“, რომელიც მეორეს მკურნალობის ხარჯის დაფარვას სთავაზობს. ამ განსაკუთრებული აგრესიით თავს იმშვიდებენ თუ ერთმანეთს აწონებენ თავს ერთგულებით, რადგან ცნობილია, რომ მათი რაღაც ნაწილი სარგებლობს თბილისის მიერ შეთავაზებული სერვისებით.

– თქვენ მიერ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ყველაა: არის აგრესიაც, თავსაც იმშვიდებენ, გრძნობენ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლებს როგორც რუსეთზე, ისე აფხაზეთზე და ისიც არის, რომ ერთმანეთს აწონებენ თავს. მოგეხსენებათ, ვინც ომში ნამყოფი არ არის, ის უფრო აგრესიულია, მაგრამ ყველაფრის მკურნალია დრო და დროული გადაწყვეტილებები. ვინც საქართველოს გამთლიანებას და სამხრეთ კავკასიის ნორმალურ განვითარებას შეუშლის ხელს, ის შეუშლის ხელს თავის პოლიტიკას მთელ კავკასიაში.

– რუსეთი იმუქრება, რომ არ დაუშვებს საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებას, თუმცა იცის, რომ საქართველოსთვის მხოლოდ კარი იქნება ღია, ამის მიუხედავად, ხშირად ვიმეორებთ, რომ მივდივართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. შესაძლოა, ეს იყოს რუსეთთან ვაჭრობის სცენარი: აი, საქართველოს უნდა და რომ არ მივიღო, რას გაიღებ, რუსეთო, სანაცვლოდ?

– „ნატო“ დიდი ხანია, ვაჭრობის საგანია. ბოლო დროს რუსეთსა და საქართველოს შორის „ნატოზე“ საუბარი ნიშნის მოგებას ემსგავსება. „ნატოს“ წევრობას განსაკუთრებული მიდგომა და გადაწყვეტილება სჭირდება. ის 26 ქვეყნისგან შედგება და თითოეულს თავისი ინტერესი აქვს. საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ნელ-ნელა უახლოვდება ევროკავშირსაც და „ნატოსაც“. ორივეს სჭირდება საქართველო, როგორც პარტნიორი რეგიონში. თუ ამას დავამატებთ, რომ კავკასიაში რამდენიმე დაკონსერვებული კონფლიქტია და აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის შეიძლება, დაპირისპირება ახალი ფორმით გამოვლინდეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვისაც ხელსაყრელია დაწყნარებული და სტაბილური საქართველო. მაგრამ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცდომა ის არის, რომ, როდესაც ამბობს, საქართველო „ნატოში“ არ უნდა გაწევრიანდესო, არ ამბობს ალტერნატივას. მაშ, რა უნდა ქნას საქართველომ? ამ კითხვას ტოვებს უპასუხოდ და სწორედ ეს უპასუხოდ დაჩენილი კითხვა იძლევა ეჭვის საფუძველს, თორემ „ნატოში“ თუ გადაწყვეტენ, ისე მიგვიღებენ, ჩვენ თვითონ არ ვიქნებით აზრზე. სულაც შეიძლება, არ იყო „ნატოს“ წევრი ქვეყანა, მაგრამ მეზობელი დიდი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა. ეს საუბრის საგანია. მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსებსა და ამერიკელებს შორის მოლაპარკების საგანი იქნება რეგიონული უსაფრთხოება, აქ მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებაზე არ არის ლაპარაკი.

скачать dle 11.3