კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი ეშინოდა გიორგი მესამეს და რატომ დასაჯა აჯანყებული უფლისწული – დემნა განსაკუთრებული სასჯელით

მეფე დემეტრე პირველსა და მის უფროს ვაჟს, დავითს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. უფლისწული დავითი აპირებდა მამის გადაყენებას და ტახტზე ასვლას. დემეტრე მეფეს უფრო ჰყვარებია უმცროსი შვილი გიორგი და შესაძლოა, მის გამეფებას აპირებდა. თუმცა, ეს ცოტაა. ალბათ, რაიმე პოლიტიკური დაპირისპირებაც არსებობდა მამა-შვილს შორის, მაგალითად, ქვეყნის მართვის საკითხებთან დაკავშირებით. უფლისწულ დავითისა და მისი თანაშეთქმულების პირველი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. დემეტრემ აპატია ვაჟს, თუმცა, მისი თანაშეთქმულები დასაჯა.

დავით ბატონიშვილმა არ მოისვენა და მაინც მიაღწია მიზანს. 1155 წელს მან და მისმა მომხრეებმა მეფე დიმიტრი აიძულეს, მეფობა დაეთმო და მონასტერში ბერად აღკვეცილიყო. ტახტზე ავიდა დავით მეხუთე. ამ ვითარებას ბევრი ისტორიკოსი უწოდებს შიდაკლასობრივ დაპირისპირებას, ანუ დიდებულები ცდილობდნენ, თავიანთი კანდიდატის გამეფებით, საკუთარი ინტერესების რეალიზებას. თუ დავაზუსტებთ, ეს უფრო სხვადასხვა პოლიტიკური დასის დაპირისპირება უნდა იყოს, შესაძლოა, სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმების. მაგალითად, 1089 წელსაც მოხდა გადატრიალება და სასულიერო და საერო დიდებულების ერთმა წრემ, გიორგი მეორე აიძულა, თავის 16 წლის ვაჟი დავითი მეფედ გამოეცხადებინა, თვითონ კი უკანა პლანზე გადასულიყო. დავით აღმაშენებლის ამგვარად გამეფებას ვერაფრისდიდებით ვერ დავარქმევთ შიდაკლასობრივ დაპირისპირებას. ეს იყო პოლიტიკური პლატფორმის ცვლა. ახალი, უფრო ქმედითი პოლიტიკური ფიგურა, დავით მეოთხე და მისი გუნდი მოვიდა ხელისუფლების სათავეში და შედეგმაც გაამართლა – შეიქმნა დიდი საქართველოს სახელმწიფო – კავკასიური იმპერია.

გამეფებიდან 6 თვეში, მეფე დავით მეხუთე მოულოდნელად გარდაიცვალა. სომხური წყაროების ცნობით, მეფე სუმბათ და ივანე ორბელებმა მოკლეს, ალბათ, გიორგის დავალებით და მის მხარდასაჭერად. ამის მტკიცება შეუძლებელია და არც იქნება გამართლებული. თუმცა, მეფე დავითის, საკმაოდ ახალგაზრდა კაცის ასე მალე გარდაცვალება, საეჭვოდ ჩანს.

ერთი სომხური წყაროს მიხედვით, სიკვდილის წინ მეფე დავითმა თავისთან იხმო კათალიკოსი, დიდებულები და თავის ძმა, გიორგი. დააფიცა ისინი თავის მცირეწლოვანი ვაჟის – დემეტრეს (დემნას) ერთგულებაზე და ანდერძად დაუბარა ძმას, ემეფა მანამ, სანამ დემნა სრულწლოვანებას მიაღწევდა, მერე კი დემნასთვის დაეთმო ტახტი. თუ ეს ცნობა მართალია, მაშასადამე, გიორგი დემეტრეს ძე გამოდიოდა რეგენტი. ვინაიდან რეგენტის ცნება საქართველოში არ არსებობდა, შეიძლება უფრო დაზუსტებით ვუწოდოთ დროებითი მეფე (როგორც შემდგომში უნდა ყოფილიყო რუსუდანი).

მაგრამ, დავითის სიკვდილის შემდეგ დემეტრე პირველი, აწ უკვე ბერი დამიანე, დაბრუნდა ტახტზე და თანამეფედ გამოაცხადა უმცროსი, საყვარელი შვილი გიორგი. 

ტახტზე დაბრუნებული ბერი-მეფე დემეტრე-დამიანეც მალე, რამდენიმე თვეში გარდაიცვალა და დიდი საქართველოს ერთპიროვნული, თვითმპყრობელი მეფეთ-მეფე გახდა გიორგი მესამე.  მან მრავალი ბრძოლა მოიგო და დიდი წარმატებები მოუტანა სამშობლოს. მის დროს ქართველები ვერ ძლებდნენ „თვინიერ რბევისა” უცხო მხარეთა.  მაგრამ, გავიდა დრო და დემნა წამოიზარდა. გიორგი, ალბათ, დროებით მეფედ არ მიიჩნევდა თავს, რადგან მამამ გაამეფა და არ აპირებდა ტახტის დათმობას ძმისშვილისთვის. ლეგიტიმურად ტახტი დემნას უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე გიორგის. მით უმეტეს, გიორგი მესამეს მხოლოდ სამი ქალიშვილი ჰყავდა, ორი კანონიერი – თამარი და რუსუდანი და ერთიც ქორწინების გარეშე შობილი (სახელი უცნობია). ქალის ტახტზე ასვლის პრეცედენტი მანამდე საქართველოში არ ყოფილა.    

 1177 წელს გიორგი მესამეს აუჯანყდნენ. დიდებულების საკმაოდ დიდი ნაწილი განუდგა მას. ჩანს, გიორგი არ აპირებდა აღთქმის შესრულებას და დიმიტრის გამეფებას (თუ სომხური წყარო სწორია).  

   არ გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ სომხურ წყაროებს (ამჯერად). თუ გიორგი მეფეს დემნას გამეფების აღთქმა არ ჰქონდა დადებული და სომხური წყარო ტყუის, ტახტი მაინც დემნას ეკუთვნოდა.

ქართველებისთვის ქალი მეფედ, წარმოუდგენელი იყო. მათთვის მიუღებელი იქნებოდა მერე სადღაც, ვიღაც უცხო ქვეყნელი ზედსიძის ძიება და მისი ინტერესების ატანა. მათ უცხო მხარეთა მრბეველი ვაჟკაცი უნდოდათ ხელმწიფედ. ლეგიტიმისტებს კი ბაგრატოვანთა გვარის გაგრძელება. როგორც ჩანს, არსებობდა ლეგიტიმისტებისა და რეალისტი პოლიტიკოსების დაჯგუფება, ერთგვარი დასი, ორდენი, რომელიც სახელმწიფოს მომავალზე, მის გაფართოებაზე ფიქრობდა.

შეთქმულებს მიემხრო სამოხელეო არისტოკრატიის უდიდესი ნაწილი. აქვე გავიხსენოთ, რომ გიორგი მესამეს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ეკლესიასთან. მას შეუვალობა გაუუქმებია ეკლესიისთვის. ამიტომ, ეკლესიაც უკმაყოფილო იყო.

ადრე გაბატონებული იყო აზრი, თითქოს დემნა-ორბელების აჯანყება გამოწვეული იყო შიდაკლასობრივი დაპირისპირებით, დიდი არისტოკრატიის მხრიდან მეფის უფლებების შესუსტებისა  და თავისი ძალაუფლების გაძლიერების სურვილით.

აჯანყებას მეფის ხელისუფლების დასუსტება და არისტოკრატიის გაძლიერება არ ჰქონია მიზნად. ვაზირებსა და ერისთავთ-ერისთავებს რაღა გაძლიერება სჭირდებოდათ ისეთი, რომ სასიკვდილო რისკზე წასულიყვნენ. დამარცხების შემთხვევაში, ხომ ყველას დასჯა ელოდა.   

 რაც მთავარია, რატომ უნდა გამოირიცხოს პატრიოტიზმი? სახელმწიფროებრივი აზროვნება? ნუთუ არ შეიძლება იმ დროს მამულიშვილური მოტივებით აჯანყება? ცოტნე დადიანისა და  შალვა ახალციხელის მამებისა და პაპების თაობაში პატრიოტები არ იქნებოდნენ? ან, სხვა დროს, როცა ქართველი დიდებულების მეთაურობით, ქვეყანაში აჯანყებები ეწყობოდა დამპყრობთა წინააღმდეგ, ეს ამ დიდებულების სოციალური ინტერესებისთვის ხდებოდა?

როგორც ყველა ერის, ისე ჩვენი სამშობლოს მამოძრავებელი ძალა არის მამულიშვილობა და არა კერძო, ან ზედა ფენის ინტერესები. 

დემნა ითხოვდა იმას, რაც ეკუთვნოდა კანონიერად. გიორგის გადაუდგა დიდი ვაზირებიდან უმრავლესობა. შეთქმულები აპირებდნენ მეფის დატყვევებას, მაგრამ გიორგის შეატყობინეს შეთქმულების შესახებ...

მეფე გიორგი მესამე ძალიან ენერგიული და აქტიური კაცი იყო. უმალ გადავიდა მოქმედებაზე. შეთქმულები კი აქტიურ მოქმედებას აყოვნებდნენ. მეფე გიორგი, პირველ ეტაპზე, ძირითადად, არაქართულ ძალებს დაეყრდნო. ჯერ 500 ყივჩაღით მასთან გაჩნდა ყუბასარი, მერე დემნას მომხრეების ერთი ნაწილი შიშით მის მხარეზე გადავიდა. აჯანყება დამარცხდა. უფლისწული დემეტრე, მონანიების ნიშნად, ყელზე საბელშებმული ეახლა ბიძას. 

გიორგი მესამეზე ამბობდნენ, მრისხანე იყოო. მაგრამ, დემნას დასჯა მხოლოდ მრისხანება არ ყოფილა. ყველაფერი კარგად იყო გათვლილი, ჯერ თვალები დასთხარეს, რომ ვეღარ ემეფა, ვეღარ ემოღვაწა (ეს ტახტის პრეტენდენტობიდან მის ჩამოშორებას ნიშნავდა, რადგან ბრმას არ შეეძლო ქვეყნის მართვა და მას ტახტზე უკვე ვერავინ აიყვანდა), მერე დაკოდეს, რომ შთამომავლობა არ დაეტოვებინა. 

გიორგი მესამემ კარგად იცოდა, თუ დემნას შეეძინებოდა შთამომავლობა, ისინი თამარსა და მის შთამომავლობაზე ლეგიტიმურნი იქნებოდნენ. ამიტომ, თავის შთამომავლობას შესაძლო კონკურენტები მოაცილა.

შესაძლოა ამის გამო, კათალიკოს-პატრიარქის ტახტი მიატოვა და იერუსალიმში წავიდა ნიკოლოზ პირველი გულაბერისძე (ალბათ, როგორ ეხვეწებოდა კათალიკოსი გიორგი მესამეს, არ დაესაჯა ასე სასტიკად ძმისშვილი, ერთადერთი ნამდვილი მემკვიდრე სამეფო ტახტისა).

დიდებულებმა იძულებით დაითმინეს, ძალა აღმართს ხნავს. ამბოხით დაშინებულ გიორგის გაახსენდა ღმერთი და ეკლესია გაათავისუფლა ბეგარისგან.

ბაგრატ მეოთხის მამრობითი შთამომავლობა შეწყდა.   

გიორგი მესამე სახელმწიფოსთვის კარგი მეფე, სარდალი და ორგანიზატორი იყო, მაგრამ დემნას სასტიკად დასჯამ უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნის მომავალზე, მისმა მეორე შვილიშვილმა ქვეყანას ვერ უპატრონა.

скачать dle 11.3