კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩამოართვეს „გიორგი სააკაძის” გადაღების უფლება სიკო დოლიძეს და მისცეს მიხეილ ჭიაურელს

8 თებერვალს ასი წელი შესრულდა კინორეჟისორ სიკო დოლიძის დაბადებიდან. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის იუბილე თბილისში, კინოთეატრ „ამირანში” აღინიშნა. ორი წლის წინ ვისბადენის საერთაშორისო კინოფესტივალზე გერმანელმა მაყურებელმა პირველად იხილა სიკო დოლიძის ფილმი „უკანასკნელი ჯვაროსნები”. ვისბადენის კინოფორუმის ორგანიზატორებმა 1934 წელს გადაღებული ქართული სურათი ჩართეს სპეციალურ რეტროსპექტივაში, რომელიც კავკასიის კონფლიქტებს მიეძღვნა. რეტროსპექტივის პარალელურად, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა – დასავლეთის ავტორიტეტულმა კულტუროლოგებმა, ფილოსოფოსებმა, სოციოლოგებმა – „უკანასკნელი ჯვაროსნები” შეაფასეს, როგორც „ფესტივალის სენსაცია”, ფილმი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ეპოქას, კავკასიელ ხალხთა ზნე-ჩვეულებებს. (წყარო: „რადიო თავისუფლება“).

გავა წლები, სტალინის დიქტატურა წარსულს ჩაბარდება, სიკო დოლიძე გადაიღებს ფილმებს: „შეხვედრა წარსულთან”, „სემირამიდას ბაღები”, ესე იგი ისევ დაუბრუნდება კოლექტივიზაციის თემას, მაგრამ ამ სურათებს ავანგარდთან აღარაფერი ექნება საერთო...  უსაშველოდ „იდეოლოგიზირებული” გახდება როგორც კომუნისტური რეჟიმის სამსახურში მყოფი კინოისტორიკოსების, ასევე ამ რეჟიმთან დაპირისპირებული მეცნიერების მოღვაწეობა. ამ დაპირისპირებას შეეწირება არაერთი ქართული ფილმი, მათ შორის – „უკანასკნელი ჯვაროსნები”. ქართულ კინოში მოვლენ ახალი თაობის რეჟისორები, რომლებიც სიკო დოლიძის ფილმებზე იქილიკებენ, 70-იან წლებში კი მას კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდანაც გადააყენებენ. „მამათა” და „შვილთა” ასეთი დაპირისპირება ბუნებრივი პროცესია და მხოლოდ ხელს უწყობს ეროვნული კულტურის განვითარებას. თუმცა საქართველოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ „შვილებმა” „მამების” დამსახურებაც ადვილად დაივიწყეს. დღეს, მაგალითად, ბევრმა არც კი იცის, რომ სიკო დოლიძე 20-იანი წლების მიწურულს დოკუმენტური ფილმების სტუდიას ხელმძღვანელობდა და რომ სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთეს” გადაღება. ბევრმა არ იცის, რომ 40-იანი წლების დასაწყისში კრემლის იდეოლოგებმა კატეგორიული უარი უთხრეს სიკო დოლიძეს გადაეღო „გიორგი სააკაძე” ლეონიძის სცენარის მიხედვით და უპირატესობა მიანიჭეს ანა ანტონოვსკაიას სცენარს, რათა ფილმი სტალინის „ფავორიტ” მიხეილ ჭიაურელს გადაეღო. ბევრმა არ იცის, რომ ომის წლებში ცენზურამ შეაჩერა სიკო დოლიძისა და დავით რონდელის ფილმის, „ჯურღაის ფარის”, პრემიერა. როგორც სიკო დოლიძის ქალიშვილი, რეჟისორი ქეთი დოლიძე იგონებს: „ეს ფილმი თითქოს გაქრა, ეკრანებზე არ გამოსულა და 1948 წელს დედაჩემი, თამარ ბირკაძე მამას ურეკავს და ეუბნება: სიკო, რაღაც ხდება მოსკოვში, ყველგან გამოკრულია „ჯურღაის ფარის” აფიშები… ეტყობა, ეს რაღაცას უნდა ნიშნავდესო. მოგვიანებით, საბჭოთა კინოს მთავარი ცენზორის, 40-იან წლებში კინოკომიტეტის თავმჯდომარის, იგორ ბოლშაკოვის მოადგილე, გიორგი მარიამოვი წერს, რომ 1948 წელს სტალინმა შემთხვევით გაიხსენა ომის დროს გადაღებული ეს ფილმი და ბერიას სურათის ჩვენება მოსთხოვა: „სტალინმა ყური მოჰკრა „აბესალომ და ეთერის” მუსიკას ამ ფილმში და დაინტერესდა, აღინიშნა თუ არა ეს სურათი სტალინური პრემიით… კრემლმა ბრძანება გასცა: დაუყოვნებლივ შეკრიბონ სტალინური პრემიების კომიტეტის წევრები… ხალხი სასწრაფოდ ჩამოიყვანეს მოსკოვში და სტალინური პრემიებით დააჯილდოვეს სურათის ავტორები, „ჯურღაის ფარში” გადაღებული ქართველი მომღერლები, მსახიობები.”

ნათელია, რომ ომის დროს კრემლის ცენზორებმა ვერ გაბედეს მაყურებლისთვის ეჩვენებინათ ფილმი-კონცერტი, რომელსაც საფუძვლად ქართული ლეგენდა დაედო და მასში მხოლოდ ქართველები მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ისიც ნათელია, რომ სიცოცხლის ბოლოს სტალინს „სენტიმენტალური იმპულსები” მოაწვა და ქართულმა ცეკვა-თამაშმა გული აუჩუყა. თუმცა, სიკო დოლიძე სტალინის საყვარელი რეჟისორი მაინც ვერ გახდა. არც „უკანასკნელი ჯვაროსნები”, არც „დარიკო”, რომელშიც გლეხის ქალის როლი თამარ ციციშვილს ერგო, არ „ეწერებოდა” 30-იანი წლების საბჭოთა კინოს ესთეტიკაში. სიკო დოლიძე ყოველთვის გულგრილი იყო ფსევდომონუმენტალიზმის მიმართ და უფრო მეტად ყოფის გამოხატვა, ჩვეულებრივი ადამიანების ისტორიები იზიდავდა. ასეთი იყო „ჭრიჭინა”, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი”, „პალიასტომი”.

იმხანად ქართული კრიტიკა „ახალი ტალღის” რეჟისორების ფილმებით იყო აღფრთოვანებული. ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ „მაგდანას ლურჯამ” ეროვნული კინოს ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი. ამის ფონზე სიკო დოლიძის კინო უსაშველოდ მოძველებულად აღიქმებოდა. „დოკუმენტალიზმის ბუმის” ეპოქაში ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს პროფესიონალი მსახიობები თამაშობდნენ, კრიტიკის ყურადღების მიღმა რჩებოდა. თუმცა, როგორც კინომცოდნე ოლღა თაბუკაშვილი იგონებს, სიკო დოლიძეს კარგად ესმოდა, რომ ქართულ კულტურას ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გაევლო: „ბატონ სიკოს ჰქონდა სურათები, რომელიც არც მაყურებელს მოსწონდა, არც კრიტიკას, არც თვითონ. ალბათ, ამიტომაც არასდროს ღიზიანდებოდა როცა აკრიტიკებდნენ. ის იყო კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი, როცა მისი „სემირამიდას ბაღები” თავდასხმას შეეწირა, მაგრამ არ მახსოვს, არც საყვედური, არც უკმაყოფილება, არც წყენა. თვითონ ამბობდა: მე ყველაზე კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებო.“

სიკო დოლიძის საიუბილეო საღამო სრული ანშლაგით ჩატარდა, თუმცა ქართველი კინორეჟისორების, განსაკუთრებით ახალგაზრდა რეჟისორების ნაკლებობა კინოთეატრ „ამირანში” მაინც იგრძნობოდა... საიუბილეო საღამოების დადგმა საქართველოში ყოველთვის უჭირდათ, განსაკუთრებით, როცა იუბილარი არ იყო ცოცხალი. ამ შემთხვევაში მას იმასაც მიაწერდნენ ხოლმე, რაც არასდროს გაუკეთებია. ცხადია, მიაწერდნენ ყველაფერს კარგს, იმ პრინციპით, რომ „მკვდარზე ცუდს არ ამბობენ”. სიყალბისა და ხელოვნურობის განცდა მაყურებელს ყველაზე მეტად მაშინ დაეუფლებოდა ხოლმე, როცა საიუბილეო საღამოს იუბილარის ახლობლები, ნათესავები აწყობდნენ. გამოგიტყდებით, რაღაც მსგავსს ველოდი პირადად მე სიკო დოლიძის საიუბილეო საღამოზეც, რომელიც ქართული კინოს კლასიკოსის ქალიშვილმა, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ დადგა კინოთეატრ „ამირანში”… სიკო დოლიძე მისმა შვილიშვილმა, თორნიკე ბზიავამ, განასახიერა (თორნიკე სახელოვანი ბაბუის წერილებსა და ლექსებს კითხულობდა), ქეთი დოლიძე კი საღამოს მასპინძლის როლში მოგვევლინა… როგორც საღამოს კიდევ ერთმა წამყვანმა, კინომცოდნე ოლღა თაბუკაშვილმა გვიამბო:

„სულ პირველად პატარა სიკოს ჯერ კიდევ ჩოხატაურში გაუვლია კინოთეატრ „ილუზიონთან”. კითხვაც არ იცოდა, მაგრამ აფიშით მაინც მიმხვდარა, რომ ვიღაც „ფოკუსნიკი” სეანსებს შორის აჩვენებს ფოკუსებს. სეანსი არ იცოდა რა იყო, მაგრამ „ფოკუსი” იცოდა. უყიდია ორ შაურად ბილეთი და შესულა კინოთეატრში. ჩამქრალა შუქი. სიკო წამომხტარა ადგილიდან – წამოსულა პირდაპირ მატარებელი. არ დაგავიწყდეთ, 1909 წელი იყო. ეს იყო ლიუმიერების პირველი სეანსები.”

კინო, როგორც „ფოკუსი”, კინო, როგორც სანახაობა, გართობა, შეიძლება ითქვას, სიკო დოლიძის პრინციპი გახდა ცხოვრებაში. ის ყოველთვის მაყურებელზე ფიქრობდა და ძალიან კარგად იცოდა, რომ პუბლიკა კინოში ცოცხალ ხასიათებს, კარგ მსახიობებს, სიუჟეტის მოულოდნელ განვითარებას ელოდება. ამ „ფოკუსებზე” აიგო საიუბილეო საღამოც, რომელიც უფრო მეტად 20-იან წლებში დადგმულ ეგრეთ წოდებულ „კონსტრუქტივისტულ სპექტაკლებს” ჰგავდა… საიუბილეო საღამოს „კონსტრუქტივისტულ-ფუტურისტული სტილი” ბუნებრივად აღიქვა ყველამ, ვინც კარგად იცოდა სიკო დოლიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია. თუნდაც ის, რომ კინოში უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მივიდა და როგორც ისტორიის, ასევე ლიტერატურის სიყვარული თავის ფილმებშიც გამოხატა; ისიც, რომ 20-იან წლებში ქართველ ავანგარდისტ პოეტებს დაუახლოვდა და დრომოჭმულ ლიტერატურას დაუწყო ბრძოლა… სიკო დოლიძის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოს კულმინაცია იუბილარის ყველაზე პოპულარულ ფილმ  „ჭრიჭინაში”, გადაღებული მსახიობების გამოჩენა იყო… ლეილა აბაშიძემ საგანგებოდ აღნიშნა, რომ „ჭრიჭინას” სცენების გადაღება ერთი დუბლით მიმდინარეობდა და არც ერთ სხვა რეჟისორს არ უყვარდა ისე მსახიობი, როგორც სიკო დოლიძეს…  საიუბილეო საღამოზე საგანგებოდ აღნიშნეს, რომ სწორედ სიკო დოლიძემ მოიყვანა სერგო ზაქარიაძე კინოში, ხოლო 50-იანი წლების მიწურულს, როცა დიდი ქართველი მსახიობი კინემატოგრაფისტებმა სრულიად დაივიწყეს, მთავარ როლზე დაამტკიცა ფილმში „დღე პირველი, დღე უკანასკნელი”. საიუბილეო საღამოზე უჩვენეს ფრაგმენტები ამ ჯერ კიდევ დაუფასებელი ფილმიდან, რომლის ოპერატორმა ლევან პაატაშვილმა თითქმის იმასვე მიაღწია, რაც სერგეი ურუშევსკიმ მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში „მიფრინავენ წეროები”… ბუნებრივია, რომ 60-იან წლებში, როცა ქართულ კინოში ძმები შენგელაიები, ოთარ იოსელიანი, მიხეილ კობახიძე მოვიდნენ, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი” საზოგადოების ერთმა ნაწილმა პროპაგანდისტულ ფილმად აღიქვა, იმის მოწოდებად, რომ არ არსებობს „სათაკილო პროფესია”. მაგრამ დღეს, ეგრეთ წოდებული „ოტტეპელის” ეპოქის ერთ-ერთი პირველი ქართული ფილმი აღიქმება, როგორც თავისუფლების, იმედის, ადამიანთა ერთობის თავისებური კინემატოგრაფიული სახე… ის სახე, რომლისაც სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა „გურულ ფოკუსნიკს”, ქართული კინოს კლასიკოსს, სიკო დოლიძეს.

скачать dle 11.3