კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რატომ მივიდა პირდაპირ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან „X ფაქტორში” გიორგი ნაკაშიძე და როგორ ამღერებდა ის ასეულს

18 წლის გიორგი ნაკაშიძე „X ფაქტორის” ერთ-ერთი საუკეთესო კონკურსანტია. მან პირველივე გამოსვლისთანავე შეძლო მაყურებლის მოხიბვლა. გიორგის ვინც გაიცნობს, არა მხოლოდ მისი ნამღერით, არამედ მისი პიროვნებითაც მოიხიბლება.

გიორგი ნაკაშიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ვარ, გარდა ამისა, ვმუშაობ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში და ვსწავლობ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სასწავლებელში. დეკემბერში ვამთავრებ ჯარში სამსახურს და ვნახოთ, შეიძლება, გავაგრძელო კიდეც. ჯერჯერობით ზუსტად არაფერი ვიცი. სამ დღეში ერთხელ მიწევს წასვლა: დილიდან დილამდე. 2 საათი ვდგავარ, გაუნძრევლად. თავიდან რთულია, მაგრამ მერე ეჩვევი. ყურადღებით უნდა იყო, ის ადგილი უნდა აკონტროლო, რომელიც ჩაბარებული გაქვს. მუდმივად მიწევს რეჟიმში ყოფნა და ვაკეთებ იმას, რასაც უფროსები მეტყვიან. 

– რა თვისებები შეგძინა ჯარმა? 

– ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, მაგალითად, მოთმინების უნარს. ჯარში რომ ხარ, სულ სხვა ადამიანი ხდები: მეტი მოთმინება და გამძლეობა შეგიძლია. 

– თუმცა, ალბათ, თავიდან იყო სირთულეები...

– თავიდან კარანტინზე რომ ვიყავი 20 დღით, მაშინ ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მერე და მერე, შევეჩვიე. გვავარჯიშებდნენ, პირველი დღეები ძალიან რთული იყო, გაქცევა მინდოდა. მოულოდნელად, სულ სხვა გარემოში მოვხვდი: არც ტელეფონი მქონდა, არც ინტერნეტი. არადა, როცა მანამდე სულ ტელეფონი გაქვს ჩართული, ინტერნეტი, ტელევიზორი, სულ სხვა სამყაროში ხარ. 

– სიმღერისთვის იცლიდი? 

– ასეულს ვამღერებდი. ჰიმნს ვმღეროდით ყველა ერთად. თუმცა, არ იცოდნენ, რომ როკსაც ვმღეროდი. ვერც წარმოიდგენდნენ, რომ „X ფაქტორში” როკს შევასრულებდი. ჯარში როკს ფიზიკურად ვერ იმღერებ. თბილისში წამოსვლამდე, ნებართვა ავიღე, მომცეს უფლება, რომ აქ ვიყო, „X ფაქტორში.” თავიდან რომ ვუთხარი მონაწილეობის შესახებ, გაუკვირდათ: რა უნდა იმღეროო. მერე, რომ მომისმინეს: შენ რა გინდოდა ჯარშიო. გვერდში მიდგანან და ლაივებზე მათი მხრიდან სიურპრიზებს ველოდები. 

– მითხარი, თეატრში ვმუშაობო. 

– თეატრში ვარ, მიუზიკლებში ვმონაწილეობ, სხვადასხვა როლს ვთამაშობ. პეტრეს როლი შევასრულე მიუზიკლში „იესო ქრისტე სუპერსთარ”, ასევე ვითამაშე „ნოტრდამში”, „რომეო და ჯულიეტაში”. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვმღერი, როკს 2 წელია, რაც ვმღერი. პირველად მოვისმინე „დი ფარფლის” Child in time, ამაზე გავიზარდე. ეს ჩემთვის არის ჰიმნი. ეს სიმღერა რომ არ მომესმინა, შეიძლება როკი არც მემღერა. ოცნებად მაქვს, ეს სიმღერა შევასრულო კონცერტზე და იმედია, ეს ოცნება ამისრულდება. როკის გარდა, კლასიკურ, საოპერო სიმღერებსაც ვმღერი, ესტრადასაც. 

– საოპერო კარიერაზეც ხომ არ ფიქრობ? 

– მიფიქრია, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა მოხდება, როგორ შეიცვლება ყველაფერი. კონკურსშიც შეიძლება, შევასრულო საოპერო არია. ჩემი აზრით, ძალიან ეფექტური იქნება, მოულოდნელიც. 

– ბათუმში ცნობილი ბიჭი იქნები. 

– კი, მიცნობენ ბათუმში და უკვე თბილისშიც. ძალიან მიხარია, რადგან ისეთ საქმეს ვაკეთებ, რომ ხალხის გულს ვახარებ. მინდა, უფრო მეტი გავაკეთო  და უფრო მეტად გავახარო ხალხი. 

– რატომ გადაწყვიტე „X ფაქტორში” მონაწილეობა? 

– არ ვაპირებდი მონაწილეობას, რადგან ჯარში ვიყავი და მეგონა, არ მოხერხდებოდა. მამამ ისე ძალიან მთხოვა, ვეღარ ვთქვი უარი. ბათუმში პრექასთინგი რომ იყო, „სმენაში” ვიყავი. 2 საათით გავეთავისუფლე, წავედი სახლში, გამოვიცვალე, მერე ქასთინგზე ვიმღერე და ისევ დავბრუნდი. სახლში, იქიდან კი – „სმენაში.” კარგად არც ვიყავი მომზადებული, რადგან არ გავდიოდი. მაგრამ გავაკეთე ის, რაც შემეძლო. 

– ყველაფერი ძალიან კარგად გამოგივიდა. არავინ დარჩენილა შენ მიმართ გულგრილი. 

– პირველ ტურზე ძალიან რთული სიმღერა მომცეს. ერთ კვირაში მოვასწარი სწავლა. სკამების ტურზეც მეგონა, ვერ ვიმღერებდი. ისეთ ემოციებში ვიყავი, წინა დღეს ვერ დავიძინე. თან, ხმაზეც არ ვიყავი. მაგრამ სცენაზე რომ ვდგები, სულ სხვა სამყაროში შევდივარ. ხალხის ემოცია მოდის ჩემთან, ჩემს გულამდე და მერე მეც ისეთი სავსე გულით ვმღერი, რომ მინდა ყველას გულამდე მივიდეს ჩემი ემოცია. აბსოლუტურად, ყველაფერს ვდებ და მინდა, ხალხი გავახარო.

– ამას ძალიან კარგად ახერხებ. 

– თუმცა, ბოლომდე არ ვარ ხოლმე კმაყოფილი. უფრო მეტი მინდა, გავაკეთო. კონკურსში რა მოხდება, ჯერჯერობით არ ვიცი, როგორც ხალხი გადაწყვეტს, ისე იქნება. 

– რას აკეთებ თავისუფალ დროს? 

– ძირითადად, საღამოს მცალია და მეგობრებთან ერთად გავდივარ ბარში, ან კარაოკეში. ასე გაგვყავს დრო. კლუბებში, ძირითადად, არ დავდივარ, თუ მეგობრებმა არ მთხოვეს. ისე არ ვსვამ, რომ დავთვრე. იმ დონემდე ვსვამ, რომ გავერთო. 

– შეყვარებული გყავს? 

– არ მყავს შეყვარებული და საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე ამ მომენტში. 

– სიყვარული ხომ არ შეგეკითხება: ახლა რას ფიქრობ, გიორგიო?! 

– ეს მართალია, მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევ იმის უფლებას, რომ ვინმე შემიყვარდეს. მაგრამ, თუ ისეთი ვინმე გამოჩნდება, თავს შემაყვარებს და ჩემს გულამდე მოაღწევს, მაშინ, რა თქმა უნდა, შემიყვარდება. ადრე ვიყავი შეყვარებული, პირველი სიყვარული იყო. ერთი წელი ვიყავით ერთად, მერე ვიჩხუბეთ და დავშორდით. 

– როგორი გოგონები მოგწონს? 

– ლამაზი უნდა იყოს. ცისფერთვალება, ქერათმიანი გოგონები მომწონს. თუმცა, ცისფერთვალება და შავთმიანი უკეთესია. არ მომწონს ცანცარა გოგონები, სტერვა და თავშიავარდნილი – რომ ჰგონიათ, ყველა ბიჭს მოვწონვარო. უფრო „დასტოინი” გოგონები მიზიდავს. 

– გოგონებთან ურთიერთობაში თამამი ხარ? 

– არ ვარ ძალიან თამამი, მორიდებული უფრო ვარ. გოგონასთან მივიდე: მომწონხარ-მეთქი, ასეთი ბიჭი არ ვარ.

– დარწმუნებული ვარ, უკვე ბევრი გოგონა ცდილობს სოციალურ ქსელში შენ გაცნობას. 

– ბევრი გოგონა მწერს და მეც ვპასუხობ. არ ვარ ისეთი გაზრდილი და თავშიავარდნილი ბიჭი, რომ ვინმეს ზრდილობიანად არ გავცე პასუხი. მადლობას ყველას ვუხდი. 

– რას გწერენ გოგონები? 

– ვიმეგობროთო. მეც ვეუბნები: ვიმეგობროთ, მაგრამ ხშირად ვერ მოგწერ, არ მცალია და არ გეწყინოს-მეთქი. კარგიო, მერე შეყვარებული გყავსო, ნომერი გაქვსო და აღარ ვწერ – ინტერნეტში, „ფეისბუქში” მესიჯობანა დიდად არ მიყვარს. 

скачать dle 11.3