კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გახდება დღეს არსებული ვერცერთი ოპოზიციური ძალა „ქართული ოცნების“ კონკურენტი და რა შემოქმედებით ნიჭს უნდა ფლობდეს მომავალი ლიდერი, რომლის გამოსაჩენად ფონი უკვე მომწიფებულია

მოარული ხმებითაც და აწ უკვე NDI-ს გამოკითხვით, მმართველი კოალიციის რეიტინგი ეცემა, თუმცა საინტერესოა, რომ არც მისი კონკურენტების იმატებს. სულ ცინცხალი ინფორმაციით (თუმცა ისიცაა, რომ ამ ტიპის კვლევები, მაინცდამაინც, დიდი ნდობით არ სარგებლობს ჩვენს საზოგადოებაში),  გამოკითხულთა 27-მა პროცენტმა არ იცის, ვის მისცეს ხმა (არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს), 24 პროცენტი „ოცნებას“ შეაწევს თავის ხმებს, 16 – „ნაციონალურ მოძრაობას“, გამოკითხულთა 17-მა პროცენტმა კი ამ კითხვას პასუხი საერთოდაც არ გასცა (ანუ გამოკითხულთა 44 პროცენტის ხმები ჰაერშია და შესაბამის პოლიტიკურ ძალას ელის).  ბუნებრივია, ამგვარი გამოკითხვის სისწორის შემოწმება მხოლოდ არჩევნებზეა შესაძლებელი და ისიც ვიცით, რომ თვით ბოლო საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, „ენი დი აისა“ და  „აი არ აის“ კვლევები დიდად ვერ დაემთხვა არჩევნების შედეგს. თუმცა ეს გამოკითხვაც ადასტურებს, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა კლება პირდაპირპროპორციულად არ აისახება ოპოზიციის მხარდამჭერთა ზრდაზე. ამ ტენდენციის თავისებურებას ფსიქოლოგიიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი განგვიმარტავს. 

–  სად მიდის „ქართულ ოცნებას“ დაკლებული ხმები და რას ნიშნავს, როდესაც ისინი არავისთან მიდის და პასიურ მდგომარეობაში გადადის?

–  რა თქმა უნდა, სადღაც მიდის; ის, რომ არსად მიდის, არღვევს ფიზიკის კანონებს. თუ ვიღაც აღარ აძლევს „ოცნებას“ ხმას, ესე იგი, ვიღაცას აძლევს, ანუ ოპოზიციას, ან არავის აძლევს და ინახავს, არ იყენებს. მაგრამ ფაქტია, რომ არ აძლევს ოპოზიციას, რადგან ასეთ შემთხვევაში, ოპოზიცია მაშინვე მომძლავრდებოდა და გადაასწრებდა ხელისუფლებას რეიტინგში. ეს შედეგი სწორედ იმას ნიშნავს, რომ მეორე მხარეს კი არ აძლევს ხმას, არამედ ისეთ რამეებში თამაშდება ეს ხმა, რომ ნათელ სურათს არ ქმნის. სხვანაირად რომ ვთქვათ, დახურდავდება და, კი არ ქრება, არამედ ელის ვითარებას, მაგრამ ამით უფრო ფონს ცვლის, რომელიც ამის უკან არის.

– ამ შემთხვევაში რა ფონი იცვლება? „ოცნებისადმი“ საყოველთაო მხარდაჭერის?

– ერთი მხრივ, „ოცნების“ ფონი იცვლება – მასში მხარდამჭერები იკლებს და ეს მიდის საზოგადოებრივ ფონში, რომელიც პოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენს, რომელიც რაღაც ახალ მთლიანობას აყალიბებს. ამ პოლიტიკურ სივრცეში ახალი პროცესები იწყება და იქიდან ახალი ფიგურა უნდა გაჩნდეს.

– ახლის მოლოდინი, ესე იგი, მოქმედი ოპოზიციური ძალებისადმი უკმაყოფილებსაც ასახავს?

– დასკვნა ასეთია: ეს ორი ფიგურა –  ხელისუფლება და ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურ სივრცეშია წარმოშობილი, როგორც საპნის ბუშტები, ისე იცვლება და, იმ მდიდარი ფონიდან, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, წარმოიშვება რაღაც ახალი. ჩვენს უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, როგორც ქრებოდნენ პარტიები, რომლებიც მანამდე მართავდნენ ქვეყანას, როგორ წარმოიშვებოდა რაღაც ახალი ამ ფონიდან, როგორი არაპროგნოზირებადი იყო ეს გაქრობა და წარმოშობა და რამდენ უბედურებასთან იყო დაკავშირებული იმ პოლიტიკურ ფიგურათა ბედი, რომლებიც ერთ დღეს ზენიტში იყვნენ და მეორე დღეს საერთოდ არავის აინტერესებდა. თან, ეს არა მარტო პოლიტიკური ცხოვრების, ზოგადად ცხოვრების წესია. ცხოვრება წარმოშობს ფიგურებს, შემდეგ აქრობს და იმ ფონიდან წარმოშობს ახლებს, რომლებიც მანამდე საერთოდ არ ჩანდნენ. ეს დაახლოებით ჰგავს ჩაცმულობის მოდას, როდესაც ამ ქვეყნის ფონი და მსოფლიო ფონი გარკვეულ ტენდენციებს შობს. ქართული ელექტორატიც, აი, ამ ფონთანაა დაკავშირებული. ხოლო, რადგან ფონი არ ჩანს და ხშირად მხოლოდ ფიგურებს ვხედავთ, ამიტომ გვიკვირს, სად მიდიან და საიდან მოდიან ეს ფიგურები, პარტიები და ლოზუნგები. აი, სწორედ ამ ფონიდან მოდიან და ჩვენი აღქმაც ასე არის ორგანიზებული:  ვხედავთ ფიგურას ფონზე და, საკმარისია, ფიგურა გაქრეს, რომ იმ ფონიდან ახალი ფიგურები წარმოიშვება. ასე რომ, ეს ნორმალური პროცესია იმ არაპროგნოზირებად ცხოვრებაში, რომელშიც წარმოიშვება ახალი მთელი –  ახალი ფიგურა, ახალი პარტია, პარტიათა ახალი კონფიგურაცია. ასე თუ შევხედავთ, პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერი და არაცნობიერი პროცესები.

– პოლიტიკასაც თუ ჰქონდა არაცნობიერი, ეს უკვე აღარ ვიცოდი.

– რა თქმა უნდა, აქვს და ეს არაცნობიერი იქმნება და მოდის იმ მოთხოვნილებებიდან, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებიც მოითხოვს დაკმაყოფილებას. ასევე, იმ რაციონალური მოთხოვნილებებიდან, რომლებიც აქვს საზოგადოებასა და ადამიანს; ასევე, მოდის იმ პასუხისმგებლობიდან, რომელსაც, ნებსით თუ უნებლიეთ, იღებს ხელისუფლება და, იღებს რა პასუხისმგებლობას, მას მიეწერება ყველა ის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება, რომლებიც ინდივიდებსა და საზოგადოებას აქვთ. თუ გუშინ სხვა იყო მმართველი, სხვაზე პროვოცირდებოდა ეს დაუმაყოფილებლობა, მაგრამ, როგორც კი იცვლება ვითარება, შემდეგ ახალზე პროეცირდება და დამნაშავე ის ხდება. ხშირად პროეცირება შეიძლება არ იყოს რაცონალური –  რაღაც აწუხებდეს ინდივიდსა და საზოგადოებას და აბრალებდეს სხვას და იმდენად ძლიერი იყოს დაბრალების ეს სურვილი, რომ წნეხში მოაქციოს ხელისუფლება.

– ადრე ინფორმაცია არ იყო გამჭვირვალე და მხოლოდ მიახლოებით და შემოვლითი გზებით ვიცოდით, რამდენს იღებდა „ნაციონალების“ ხელისუფლება. ახლა ინფორმაცია შეუდარებლად ხელმისაწვდომია და ზუსტად ვიცით, რამდენს იღებს „ოცნების“ ხელისუფლება. გასაგებია, რომ ღარიბ ქვეყანაში კლასობრივი დაპირისპირების მაგვარი ტენდენციაა, მაგრამ, როდესაც ვამბობთ, რომ მინისტრს არ უნდა ჰქონდეს ამდენი ხელფასი, არ ვამბობთ, რამდენი უნდა ჰქონდეს. თავად ჩვენ რამდენს და რა კლასის მანქანას დავყაბულდებოდით მის ადგილას?

– ეს ის არის, რაზეც მე ვლაპარაკობ. ასეთ ურთიერთობაში ყოველთვის შემოდის ასეთი ირაციონალური ფაქტორი; კერძოდ, ღარიბი, გაჭირვებული ადამიანი რაციონალურად ვერ შეაფასებს, რამდენს უნდა იღებდეს ხელისუფალი, მინისტრი იქნება თუ რომელიმე რგოლის მმართველი, მაგრამ, დაინახავს რა, რომ მასზე მეტი აქვს, ირაციონალური იღვიძებს მასში და, რომც არ უნდოდეს, ბრალდებების კორიანტელს იწვევს და უჩენს ნეგატიურ შეხედულებებს იმ ადამიანებზე, რომლებიც გუშინ მოსწონდა. ჩვენ ჯერ კიდევ გაჭირვებული ქვეყანა ვართ და ასეთი ნეგატიური იმპულსები, რომლებიც ხშირად არ არის ობიექტური, პროეცირდება ხელისუფლებაზე და იქმნება დაპირისპირება, სიძულვილი, კონფლიქტი საზოგადოებასა და ხელსუფლებას შორის. მე ნეგატიურ არაცნობიერზე გავამახვილე ყურადღება, მაგრამ არის ცნობიერიდან გამომდინარე ნეგატივიც. მაგალითად, საკმარისია, გაფუჭებული ასფალტი რამდენჯერმე დაინახოს მძღოლმა, რომ ხელისუფლების კრიტიკას დაიწყებს და, თუ სათანადო პასუხი არ ექნა ხელისუფლებას, მის მიმართ შეეცვლება განწყობა ამომრჩეველს, მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ დადებითად იყვნენ განწყობილები მთავრობის მიმართ.

– რამდენადაა შესაძლებელი, რომ მოქმედების მიმართ ამ უარყოფითმა, ცნობიერმა თუ არაცნობიერმა დამოკიდებულებამ ყოფილების მიმართ კმაყოფილება გააჩინოს?

–  დამოკიდებულებები იცვლება გუშინდელი ხელისუფლების მიმართაც. მაგრამ ადამიანი ასე ადვილად არ ივიწყებს წყენას, ტკივილს, იმ გამოცდილებას, რომელიც აქვს. თუ „ნაციონალები“ ფიქრობენ, რომ ამ ტალღაზე ადვილად მოვლენ, არ იცნობენ ადამიანის ფსიქოლოგიას: ადამიანს ახსოვს გუშინდელი დღე. შეიძლება, უკმაყოფილო იყოს დღევანდელი დღით, მაგრამ დღევანდელი უკმაყოფილების გამო გუშინდელ მთავრობას არ მისცემს ხმას, იმიტომ რომ, ახსოვს მის მიერ მოყენებული ტკივილი. ამითაცაა განპირობებული, რომ წინა ხელისუფლებები –  საბჭოთა, გამსახურდიასი თუ შევარდნაძის, ვერ დაბრუნდნენ. მათ მიმართ მაინც ნეგატიური ფიქსირებული განწყობაა და ამიტომ მათი ამოტივტივება და დაბრუნება შეუძლებელია. ამასთან, „ნაციონალები“, რომლებიც, როგორც ჩანს, სააკაშვილის ლიდერობით ცდილობენ დაბრუნებას, არ იცვლებიან, არ იცვლიან ფორმას, შინაარსს, კონფიგურაციას.

– მეტყველების მანერაც კი იგივე აქვთ.

– იმიტომ რომ, ეს მოდის ზემოდან, იმიტომ რომ „ნაციონალებს“ ჰყავთ ლიდერი და ლიდერი არის სააკაშვილი, მას კი უნდა დაბრუნება. ეს მათი მხრიდან დიდი შეცდომაა. მათ რომ მოეხერხებინათ, გამოეცვალათ ეს ფორმა და მოსულიყვნენ ახალი ფორმით: ახალი შემადგენლობა, ახალი ლოზუნგი, –  ძალიან ადვილად მოახერხებდნენ საზოგადოების დარწმუნებას.

– მაგრამ ამ ახალ ფორმაში ძველი სახეების ადგილი ხომ აღარ იქნებოდა, ეს ხომ არახელსაყრელია იმ ძველებისთვის?

– აქ ეშმაკობა შესაძლებელია: დარჩნენ იგივე ელემენტები, მაგრამ შექმნან ახალი ფორმა. ეს სხვა ფორმა, შესაძლოა, ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის. მის მიმართ არ იყოს კრიტიკა, არ იყოს მიუღებლობა, წარსული გამოცდილებიდან მიღებული ტკივილის გამო კონფლიქტი და დაპირისპირება. მაგრამ ამას უნდა მოფიქრება. ამის გაკეთება ასე მარტივიც არ არის. ამდენად, ისეთი ხისტი მიდგომით, რაც დღეს ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას,“ გამარჯვება და დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მაგრამ ისინი ამას ვერ ხვდებიან.

– დღეს თითქმის ყველა ტიპისა და ორიენტაციის პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკურ სცენაზე, ულტრაპროდასავლელთა და ულტრაპრორუსთა  ჩათვლით, მაგრამ, როგორც ჩანს, ამომრჩევლის არცთუ მცირე ნაწილი მაინც სხვას ელის. ვითომ საზოგადოებას სჯერა, რომ მოვა ვიღაც, ვინც თვეში 150 ლარად მართავს ქვეყანას და ველოსიპედით ივლის სამსახურში? ისიც ვაღიაროთ, რომ იგივე ამომრჩეველი უმალ შეცვლის ხელისუფალს, როგორც კი მეტროს ვაგონში თავის გვერდით დაინახავს მისნაირი მგზავრის რანგში. ბოლოს და ბოლოს, რა ტიპის პოლიტიკურ ძალას ელის?

– ეს უკვე სრულიად ქართული პოლიტიკის არაცნობიერის სფეროა. ქართველ საზოგადოებას ახლა, ისევე, როგორც განვლილ ეტაპებზე, უმწიფდება ახალი მოლოდინი, რომელიც უნდა რეალიზდეს იმ ლოზუნგებსა და ფრაზებში, რომლებიც მომავალში მოვლენ ოპოზიციურ ძალად, რომელიც მოიტანს იმ ფასეულობებს, რაც ამ შექმნილ ფონში დევს. მაგრამ ამ ფონიდან ჯერ კარგად არ არის გამოკვეთილი ფიგურა. ამიტომ, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ექნება გამოკვეთილ ფრაზას, აზრს, შინაარსს, სახეს, პიროვნებას, რომელიც გაახმოვანებს იმ აქტუალურ იდეებს, რომლებიც ქართველი საზოგადოების წინაშე დგას –  ცნობიერსაც და არაცნობიერსაც. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, ეს უნდა იყოს ორიენტირებული ორ ძირითად მახასიათებელზე. ერთი მხრივ, იყოს განუმეორებელი და ქართული; მეორე მხრივ –  ევროპული, პროგრესული და რაციონალური. ეს საკმაოდ არაპროგნოზირებადი პროცესია, მაგრამ ასეთი რამ აუცილებლად მოხდება, ქართული პოლიტიკა ამას გვერდს ვერ აუვლის და სწორედ ამ ძალასა და „ქართულ ოცნებას“ შორს გაიმართება კონკურენცია.

скачать dle 11.3