კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რატომ გადაუწვეს სახლ-კარი თედო რაზიკაშვილს და რა გარიგებაზე თქვა უარი მან

პოეტი, პროზაიკოსი, ფოლკლორისტი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას უმცროსი ძმა… ოჯახი უკიდურეს სიღარიბესა და გაჭირვებას განიცდიდა. თვითონ თედო, იგონებს რა თავის ბავშვობას, აღნიშნავს (წყარო: „ბურუსი”) „ამ ხანებში საშინლად ღარიბად ვცხოვრობდით, ტანზე ბევრი არა მეცვა რა, აბა, ქალამნებს ვინ მაღირსებდა. ზაფხულში კი შიშველი ფეხით დავდიოდი ცხვარსა და ძროხებში”… ხალხური ზღაპრებისა და თქმულებების ფანტასტიკაზე, საგმირო სიმღერებსა და ლექსებზე იზრდებოდა… განსაკუთრებული გავლენა თედოზე, ისევე, როგორც ვაჟასა და ნიკოზე, იქონია დედამ – ბარბალე ფხიკელაშვილმა. „დედაჩემი მდიდარი ფანტაზიის პატრონი იყო. უბრალო რამე ამბავს ისეთი ამბით, ისეთი ფერადებით შეზავებულს გადმოგვცემდა, რომ იხიბლებოდა მსმენელი. ის რო დევებზე ან ეშმაკებზე, მოჯალაფეებზე დაიწყებდა ლაპარაკს, მე სადღაც მოჯადოებულს არსთა სამეფოში გადამიტაცებდა ოცნება და ჩემი თავი თვით მნახველ-გამგონედ მეჩვენებოდა. იცოდა აუარებელი ლექსი და ზღაპარი, ცალკე კაცთა და ქალთა ცხოვრება, ლეგენდები და ამბები ჩვენს მეფეებზედ, უფრო თამარზე და ერეკლეზედ. წაკითხულ-გაგონილსაც თავის გემოვნებაზედ გადააკეთებდა და თავისი დაბალი, სასიამოვნო ხმით გვიზუზუნებდა. როცა გვიამბობდა რამე სამწუხარო ამბავს, თანა ტიროდა ხოლმე. თვითონ წერა-კითხვა არ იცოდა. იყო ბუნებით პოეტი, საშინელი მშვიდობისმოყვარე და უკიდურესობამდე გულკეთილი და უხვი”… 

მიუხედავად გაჭირვებისა და ხელმოკლეობისა, პავლე რაზიკაშვილი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ შვილები სწორ გზაზე დაეყენებინა და მათთვის ჯეროვანი სასკოლო განათლება მიეცა. პატარა თედოს წერა-კითხვა უფროსმა ძმამ – ნიკომ (ბაჩანამ) შეასწავლა. მალე იგი პირველდაწყებითი განათლების მისაღებად სოფელ ჩარგლის დაწყებით სკოლაში მიაბარეს. როცა თედო მესამე განყოფილებაში გადავიდა, მეფის მთავრობამ ჩარგლის სკოლა დახურა, სკოლის დახურვის მიზეზი ის იყო, რომ ჩარგალში მასწავლებლად დანიშნეს ქართულის უცოდინარი პირი, სოფლელებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და შვილები სკოლაში არ გაუშვეს… სასწავლებლის გარეთ დარჩენილი პატარა თედო საქონელს მწყემსავდა და უფროსებს ეხმარებოდა. მამა აკითხებდა ბავშვს სხვადასხვა წიგნებს, ამასთან, მან ხელით გადააწერინა ყმაწვილს საქართველოს ისტორიის დიდი ნაწილი და ამით საშუალება მისცა პატარაობაშივე გასცნობოდა სამშობლო ქვეყნისა და ხალხის წარსულ ცხოვრებას.

1882 წელს ვაჟა-ფშაველა ტოლათსოფელში დაინიშნა მასწავლებლად. ვაჟამ უმცროსი ძმა თავისთან წაიყვანა. აქ თედოს შედარებით კარგი პირობები ჰქონდა სწავლა-განვითარებისთვის. „ეს წელიწადი, – აღნიშნავს თედო რაზიკაშვილი, – ჩემთვინ დიდი ნაყოფიერი იყო. უკვე მეცამეტე წელში ვიყავი. თბილად მეცვა, კარგადა ვჭამდი, საქმე არა მქონდა რა. მთელი ღამეები წიგნების კითხვას ვუნდებოდი… ჩემს ძმას გაზეთებიც მოსდიოდა და ამან ხომ სულ გადამრია… არ გამიშვია მას აქეთ გადაუწერავი, სადაც რომ ლექსი დაბეჭდილა, ან პოემა ჩვენი პოეტებისა”.

პავლე რაზიკაშვილის ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. 1883 წელს ბაჩანამ (უფროსმა ძმამ) თედო გორში წაიყვანა და სემინარიასთან არსებული რუსული სკოლის უკანასკნელ განყოფილებაში შეიყვანა. ნაქირავებ ბინაში თედო გაჭირვებულად ცხოვრობდა, ხშირად შიმშილობდა, რის გამოც ჯანმრთელობა შეერყა და სწავლას ჩამორჩა, მაგრამ სემინარიაში მაინც ჩააბარა გამოცდები და მოსამზადებელ კლასში მოეწყო, ხოლო იქიდან გორის საოსტატო სემინარიაში გადავიდა. სემინარიის კურსი წარჩინებით დაასრულა 1889 წელს… თედო დაუმეგობრდა შემდგომში გამოჩენილ საბავშვო პოეტ შიო მღვიმელს (ქუჩუკაშვილს); აგრეთვე, თავის მასწავლებელს, ცნობილ ხალხოსან მწერალს, ნიკო ლომოურს… მწერლობისადმი თედოს სიყვარულს თვალსაჩინო ბიძგი ნიკო ლომოურმა მისცა… თვითონ თედო რაზიკაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით იხსენებდა: „თუმცა არ ვფიქრობდი მწერლობას, მაგრამ, ისე მწამდა მწერლობის ღვაწლი სამშობლოს წინაშე, რომ ოჯახის გავლენას დაემატა მეტად სიმპატიური გავლენა ჩვენი ქართული ენის მასწავლებლის, ნ. ლომოურისა. ამაზე მეტი საკეთილო გავლენა არა მგონია კაცმა კაცზედ იქონიოს. ჩემი ველური ბუნება ამისმა ღვთიურმა მოქცევამ დაალბო და გააპატიოსნა. სურვილი სამშობლო ლიტერატურისათვის სამსახურისა ამან გამიორკეცა. დღეს უკვე ვაჟკაცი და ჭაღარაშერთული, იმავე მოწიწებას ვგრძნობ ამ ჩემთვის წმინდა კაცის მიმართ”. ნიკო ლომოური და აკაკი წერეთელი ყველანაირად ხელს უწყობდნენ და ახალისებდნენ თედო რაზიკაშვილს. მათი შთაგონებითა და მხარდაჭერით, თედომ მალე გაითქვა სახელი როგორც ნიჭიერმა საბავშვო მწერალმა. სემინარიის კურსის დამთავრების შემდეგ თედო ერთი წლით უადგილოდ დარჩა… დედ-მამის გარდაცვალების მერე ძმები დაიქსაქსნენ: გიორგი თიანეთში დასახლდა და იქ ვექილობდა; ბაჩანა ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში მასწავლებლობდა; ალექსანდრე თბილისში მსახურობდა, ჩარგალში მარტო ვაჟა დარჩა. ვაჟამ მოინდომა სოფელ ჩარგალში მამის ადგილას თედოს მღვდლად დანიშვნა, მაგრამ თედო არ დათანხმდა და საბოლოოდ ხელთუბანში დამკვიდრდა. იქ, მასწავლებლობასთან ერთად, საზოგადოებრივ საქმიანობასა და სოფლის მეურნეობასაც ეწეოდა. სოფელ ხელთუბანში იქორწინა ღარიბი გლეხის, იშხანაშვილის ქალზე. თედო ხელთუბანში ხალხს რაზმავდა თავისუფლებისათვის საბრძოლველად;  გლეხობაში ნერგავდა რუსეთის თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო იდეებს, ამიტომ ჟანდარმერიას მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა. რამდენჯერმე სცადეს მისი დაპატიმრება, მაგრამ თედო ყოველთვის თავს აღწევდა.   მონაწილეობდა 1905 წლის სახალხო მოძრაობაში, რისთვისაც 1905 წლის 12 სექტემბერს დააპატიმრეს და სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს ოლონეცის გუბერნიაში, მაგრამ გზაზე ოქტომბრის მანიფესტმა მოუსწრო და დააბრუნეს. დაპატიმრებას, თურმე, იმ დროს ძმასთან სტუმრად მყოფი ვაჟა-ფშაველაც შესწრებია. 1906 წელს დამსჯელმა რაზმმა ხელთუბანში მის სახლს ჯერ ზარბაზნები დაუშინა და მერე გადაწვა. უბინაოდ დარჩენილი თედოს ცოლ-შვილი ვაჟამ ფშავში წაიყვანა და იქ ცხოვრობდნენ რამდენიმე ხანს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ თედო რაზიკაშვილი კვლავ ხელთუბანში დაბრუნდა და ხელი მოჰკიდა სოფლის მეურნეობას. არაერთი მოთხრობა და ლექსი დაიკარგა, ბევრიც სახლის დაწვისას დაიფერფლა. 

1921 წლის თებერვლის ამბებთან დაკავშირებით ზოგმა გახიზვნა დააპირა, ზოგი უფრო პრაქტიკულად მიუდგა საქმეს. ერთმა მათგანმა კოოპერაციის ქონების დაპატრონებაც მოინდომა და თედოს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ბანკისა და ამ კოოპერატივის დამაარსებელი გამგეობის ერთ-ერთ წევრს, შესთავაზა: მოვუაროთ, თედო, ამ ქონებას; ხომ იცი, ყველაფერს დაიტაცებენ. ის არა ჯობია, ჩვენვე გავიყოთო?! მან მკვახედ უპასუხა: ეს კერძო დუქანი როდია, სახელმწიფო ქონებაა და, თუ ერთი მთავრობა მიდის, მეორე მოვა და თავის ქონებას თვითონვე უპატრონებსო. ეს პასუხი იმ კაცს არ ესიამოვნა, მაგრამ მაშინ ვეღარაფერი ქნა. შემდეგ ყველანაირად ცდილობდა, მოესპო თავისი ბოროტი ზრახვების ცოცხალი მოწმე და არც დააყოვნა: 1922 წლის იანვარში ის თედო რაზიკაშვილის მკვლელობის მეთაური გახდა. სოფლის ბოროტმოქმედებმა თედოს შევიწროება დაუწყეს: ხან ფუტკარი მოჰპარეს, ხან საქონელი გამოურეკეს და შეჭამეს, ხან საქონლის საკვები მთლიანად გადაუწვეს. იყო შემთხვევა – გზაში დახვდნენ მოსაკლავად, როდესაც ის ნასვამი ბრუნდებოდა გორიდან. მაგრამ მისი პირდაპირ მოკვლა არც ისე ადვილი იყო. მან ერთი ხელის კვრით მოიშორა თავდამსხმელი და თვითონ არხეინად გასწია შინისაკენ. 1922 წლის 19 იანვარს ბოროტმოქმედები კვლავ დაესხნენ თავს, დანებით 56 ჭრილობა მიაყენეს და ვერაგულად მოკლეს. მართლმსაჯულებამ ყველა მკვლელი ამხილა და კუთვნილი სასჯელიც მიუზღო მათ. თედო რაზიკაშვილი სიკვდილიდან ერთი თვის შემდეგ გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

скачать dle 11.3