კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის და რატომ გაუცრუა იმედები გია ხუხაშვილმა, რა გაანდო მას პირველს ბიძინა ივანიშვილმა და რატომ უწოდებს მას მეუღლე ოთარაანთ ქვრივს

გია ხუხაშვილი, მართალია, კარგა ხანია, ასოცირდება პოლიტიკურ პროცესებთან, პროფესიით მათემატიკოსია, კომაროვის სკოლა, შემდეგ კი თსუ-ის მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა. დისერტაცია მოსკოვში დაიცვა თემაზე – „კომბინატორული ანალიზი”. მშობლიურ თბილისს 1989 წელს დაუბრუნდა, მაგრამ, პოლიტიკური რყევების წყალობით, სპეციალობით არასდროს უმუშავია. დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე უზენაესი საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტში მუშაობდა, „ქარტია 91-ც“ კი დააფუძნა, მაგრამ იმედების მსხვრევამ საკონსულტაციო ბიზნესში გადაისროლა. კონსალტინგური კომპანია დააფუძნა. ერთ ხანს ნავთობპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარეც იყო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ბიზნესინტერესი არ ჰქონია. ვარდების რევოლუციის შემდეგ რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოში მოხვდა, მოგვიანებით კი თვით რკინიგზის დირექტორიც გახდა, ოღონდ, პოსტიდან 2005-ში წამოვიდა პროტესტის ნიშნად და საზოგადოებრივ საქმიანობაში გადაეშვა. პოლიტიკურ ავანსცენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ აქტიურად გამოჩნდა, თავდაპირველად, როგორც ზემოხსენებულის კონსულტანტი და 2012 წლის არჩევნებამდე საქართველოს განვითარებისა და კვლევითი ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეც იყო. როგორც თავად შენიშნავს, მისი ცხოვრება საქართველოს უახლეს ისტორიას მიჰყვება და ბოლო 25-წლიანი პერიოდი დიდი იმედებისა და იმედგაცრუებების სპირალია, რომელიც დღემდე გრძელდება.

– შესაძლებლობა რომ არსებობდეს, რა მონაკვეთს შეცვლიდით საქართველოს იტორიაში, რაც რადიკალურად დააკორექტირებდა მისი განვითარების მთავარ ხაზს და დღეს სულ სხვა რეალობას მივიღებდით?

– ფაქტობრივად, ყველაფერს, არა გაცხადებულ ფასეულობებს, არამედ ტაქტიკას. ჩვენი მთავარი უბედურება ის არის, რომ პროცესი იწყება სწორი ორიენტირებით, ცხელი გულით, დიდი მონდომებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ჩვენი ბედია, გვაქვს უნარი, მოვიგოთ ბრძოლები და წავაგოთ ომი. შეიძლება ითქვას, ჩვენი ნაციონალური თვისებაა, რომ ჩვენ, შეიძლება, გავუმკლავდეთ ერთჯერად ბრძოლაში ერთჯერად მოწინააღმდეგეს, მაგრამ, როგორც წესი, მთელ კამპანიას ვაგებთ. სულსწრაფობა, ნაკლები ძალისხმევით შედეგის მიღების სურვილი, არამეთოდურობა, გრძელვადიანი ხედვის არასერიოზულად აღქმა, მუდმივად ტაქტიკური, დღევანდელი ამოცანების გადაწყვეტის სურვილი გვახასიათებს ისტორიულად, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ გამონაკლისს საქართველოს ისტორიაში. ერთადერთი სტაბილურობის პერიოდი (ბრჭყალებში) იყო ჩვენი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნა, მე საბჭოთა კავშირის პერიოდსაც მივაკუთვნებ ამას. პარადოქსულია, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე დაცული პერიოდი იყო სოციალური გაგებით, თუმცა არც ეს დაცულობა ყოფილა პოზიტიური, რადგან ჩვენ არ გვქონდა მთავარი –  პირადი თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა.

– რამაც გაგვაპარაზიტა, სამწუხაროდ.

– მაგრამ, რაც მე მომიწია ცხოვრება საბჭოთა დროს, იმ პერიოდში, საქართველოში იყო ყველაზე მეტი კეთილდღეობა, თან, დაუმსახურებლად, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებს ვშრომობდით და ყველაზე კარგად ვცხოვრობდით. ქართველს ყოველთვის ჰქონდა იმის უნარი, რომ იმაზე მეტი მიეღო, ვიდრე იმსახურებდა.

– ძლიერ ემოციას რა იწვევს თქვენში –  ფული, ძალაუფლება, მუსიკა, წიგნი, ქალი?

– ემოციას იწვევს მხოლოდ სამართლიანობა-უსამართლობა, ანუ უფრო მორალური კომპლექსიდან გადახრების ფაქტები ან პოზიტიურ ან ნეგატიურ მხარეს. ფული არასდროს ყოფილა ჩემი ინტერესის სფერო, არც კეთილდღეობა და, ვფიქრობ, ზუსტად ეს განაპირობებდა იმას, რომ ყოველთვის მქონდა კეთილდღეობა. არ მქონია იმაზე მეტი, რაც ნორმალურად ცხოვრებისთვისაა საჭირო და, მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრი საშუალება მქონდა, ყოელთვის ისეთ წრეებში ვტრიალებდი, სადაც ბევრი ფული ტრიალებდა, იმ ფულს არ გავკარებივარ. შეიძლება, ეს კომპლექსიც იყო, მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ დიდ ფულთან შეხება დამაკარგვინებდა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს.

– ლამაზი პეიზაჟი არანაირ ემოციას არ იწვევს თქვენში?

– მიყვარს ყველაფერი ლამაზი, მაგრამ ეს ჩუმი ემოციაა, რომელიც გარეთ არ გადმოიღვრება. უფრო ძლიერი ემოციაა, როდესაც დიდ იმედებს მოჰყვება იმედგაცრუება, ამ შემთხვევაში ეს უკვე შიგნით ვერ ეტევა, გარეთ გამოდის საკმაოდ აგრესიული სახით და ამაზე ჩემი ბიოგრაფიაც მეტყველებს. იმედებისა და იმედგაცრუებების ქრონიკაა მთელი ჩემი ბიოგრაფია, როგორც გითხარით და დღემდე ასე გრძელდება.

– იქნებ თქვენ უცრუებდით იმედებს მათ, ვისთანაც იყავით?

– ბუნებრივია, ასეც ხდება. ადამიანები ამ ყველაფერს უყურებენ ერთგულების ჭრილში, სხვა კატეგორიებით ოპერირებენ. ისინი ფიქრობენ, თუ ჩვენ ერთად ვართ, ერთად უნდა ვიყოთ, ჩემთვის კი მთავარია მორალური კოდექსი. ისინი მიიჩნევენ, რომ მე გადავუხვიე გზას, მე კი მიმაჩნია, რომ მე კი არ გადავუხვიე, არამედ, ისინი შეიცვალნენ მას შემდეგ, რაც ძალაუფლება აიღეს ხელში. მათ აქვთ თავიანთი სიმართლე: ასე იყო გამსახურდიას, შევარდნაძის, ვარდების რევოლუციის დროს. ისეთი დოზით არა, როგორც ბოლო პროცესში, მაგრამ არც უმნიშვნელო როლი მქონია, დეტალებზე შორს წაგვიყვანს საუბარი. ვიღაც შეიძლება დღეს ხელისუფლებაში მიიჩნევს, რომ მე შევიცვალე, მაგრამ ისინი შეიცვალნენ, მათ ვერ ზიდეს ხელისუფლების მძიმე ტვირთი, ხელისუფლების ხიბლში შევიდნენ. ახლა გამოდის, რომ მე ვაკრიტიკებ ჩემს მეგობრებს, რაც ყოველთვის კორექტულად არ გამომდის, იმიტომ რომ კორექტულობა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. ჩემი მეუღლე ოთარაანთ ქვრივს მეძახის. პირდაპირ გამოვთქვამ ხოლმე ჩემს კრიტიკულ მოსაზრებებს და გულიც ხშირად მიტკენია მეგობრებისთვის.

– ბიძინა ივანიშვილმაც ვერ გაუძლო ძალაუფლების ხიბლს?

– ბიძინა ივანიშვილი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანია, თავად, მისი ოჯახი. არასდროს გასჭირვებოდეთ, მაგრამ მე ყოველთვის ვეცდები, მათ გვერდით ვიყო. რაც შეეხება პოლიტიკურსა თუ საზოგადოებრივ საქმიანობას, ჩვენი გზები გარკვეულწილად გაიყო, ოღონდ, არა იმიტომ, რომ ხედვები გვაქვს განსხვავებული, იმ გაგებით, რომ ფასეულობათა ჩემს სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის. პოლიტიკა გულისხმობს გარკვეულ კომპრომისს რეალობასთან, მე კი კომპრომისს არასდროს ვუშვებდი. უფრო მეტის თქმაც შეიძლება… შემდეგში, შესაძლოა, ცოტა მეტი გითხრათ.

– როდის გაიცანით?

– ალბათ, პირველი ვიყავი, ვინც ის გაიცნო. რამდენიმე დღით ადრე, სანამ თავის ცნობილ განცხადებას გააკეთებდა 2011 წელს, რომ პოლიტიკაში შემოდის, პირველი ადამიანი, ვისთანაც მოინდომა შეხვედრა, მე ვიყავი. მანამდე არ მყავდა ნანახი, სახითაც არ ვიცნობდი. ჩვენ შევხვდით და მან ისე დეტალურად მიამბო თავისი განცხადების ტექსტი. შესაძლოა, ეს ტესტიც იყო, გაჟონავდა თუ არა ეს ინფორმაცია ჩემგან. მას უყვარს ასეთი ტესტების ჩატარება ადამიანებისთვის. რადგან მე მისგან არ მქონია ნებართვა, მესაუბრა, არც მისაუბრია. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ძალიან სწრაფად ეს უფრო მეტში გადაიზარდა. იყო ურთიერთობის რამდენიმე წრე: პირველი წრე ვიყავით ჩვენ და დღევანდელი პრეზიდენტი და ჩვენს ურთიერთობაში არ იყო მხოლოდ პოლიტიკა, ჩვენ ათას სხვა რამეზეც ვსაუბრობდით.

– ნიცშეზეც?

– არა, ნიცშეზე არ გვისაუბრია. ძალიან ბევრ თემაზე, ასეთი ურთერთობა მას ჰქონდა მხოლოდ ორ ადამიანთან: ჩემთან და დღევანდელ პრეზიდენტთან. ოჯახში სტუმრობა, სადილები. ოჯახი მისთვის ფაქიზი ადგილია და სხვები, მგონი, დღემდე ამ სიამოვნებას მოკლებულები არიან.

– შურდათ ამის გამო იმ სხვებს თქვენი?

– არ მინდა ამაზე საუბარი, ვის რა შურდა და რა ბოღმა აწუხებდა. საერთოდ, პოლიტიკოსები ძალიან ბოღმიანი ადამიანები არიან, ბუნებრივია.

– მე მგონია, რომ ზოგადად ადამიანები არიან ბოღმიანები, უბრალოდ, პოლიტიკოსს მეტი შესაძლებლობა აქვს, ამოანთხიოს და თავისი ბოღმის მსხვერპლად გაქციოს.

– მე დღემდე ძალიან მიყვარს მისი ოჯახი, მენატრება მისი მეუღლე, მისი შვილები.

– ფიქრობთ, რომ შესაძლოა, თქვენი გზები კვლავ გადაიკვეთოს?

– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, არ მგონია, დაიკარგოს ის, რაც ჩვენ შორის იყო.

– წამყვანი მისი სურვილია, თუ მას კვლავ მოუნდება, კვლავ მიგიხმობთ?

– არა მგონია, ასე იყოს. ჩვენი ურთიერთობა არ გულისხმობდა პრიორიტეტს და ეს იყო ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი. ეს ურთიერთობა არ ყოფილა ვერტიკალური, იყო ჰორიზონტალური და დღესაც ჩემთვის ეს არის ჰორიზონტალური ურთიერთობა, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. სხვა ადამიანებთან ეს იყო ვერტიკალი და დღემდე ვერტიკალურად დარჩა.

– გიორგი მარგველაშვილთან ურთიერთობა როგორი იყო?

– რა თქმა უნდა, ჰორიზონტალური. ჩვენ გვქონდა ინტენსიური, ფაქტობრივად, ყოველდღიური, 24-საათიანი ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, ჩვენ ვიყავით ის ორი ადამიანი, რომლებიც მან მაქსიმალურად ყველაზე ახლოს მიუშვა.

– და ორივემ მიატოვეთ?

– მე ასე დრამატულად არ შევხედავდი, უბრალოდ, დღეს ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპი დაშორდა ერთმანეთს; შეიძლება, ეს დაშორება კი არა, გაშლა იყოს, იმიტომ რომ, სამყაროში არაფერი იკარგება და არაფერი ტყუილად არ ხდება. საბოლოოდ, დაშლამ, შეიძლება, უფრო მეტი პოზიტივი მოიტანოს, ვიდრე ურთიერთობამ.

скачать dle 11.3