კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ნახვისას უწევდა ეკატერინე სურმავას სიცხე და რის გამო იყო ის შოკში

ეკატერინე სურმავა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავეა. 23 წლის ბალერინამ დომენიკო მოდუნიოს სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე იტალიაში პირველი ადგილი მოიპოვა. მისი პარტნიორი ფილიპ ფიდულოვია. მათ კონკურსზე შეასრულეს კლასიკურ კატეგორიაში – „ჟიზელი”, ხოლო თანამედროვეში – „საგალობელი.” ორივე გამოსვლაში ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. 

ეკატერინე სურმავა: ძალიან ჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე, სამი დედმამიშვილი  ვართ. შესაბამისად, ჩვენთან სულ მხიარულებაა. პატარაობიდანვე აქტიური ბავშვები ვიყავით – ხან ჯამ-ჭურჭელზე ვუკრავდით, ხან კიდევ უფრო სასწაულებს ვაკეთებდით (იცინის). თან, ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არაა, შეიძლება ითქვას, ერთმანეთის მიყოლებით დავიბადეთ. მშობლებმა ცოტა გვიან შექმნეს ოჯახი და ასე, ერთად გაგვაჩინეს. რომ წამოვიზარდეთ, სამივე ქართულ ცეკვებზე შეგვიყვანეს. გელა წერეთელი იყო ჩვენი პედაგოგი. სწორედ მან შეამჩნია ჩემი მონაცემები და მშობლებს ურჩია, ბალეტზე შევეყვანე. თავიდან მამაჩემმა, რა ბალეტიო, გაიკვირვა. მათ არც უფიქრიათ, რომ ბალერინა შეიძლებოდა, გავმხდარიყავი. თან ხელოვნებასთან კავშირი არც ერთს არ აქვს. დედა ფილოლოგია, მამა – ფიზიკოსი. თუმცა, საბოლოოდ, მაინც გადაწყვიტეს და ვირსალაძის სახელობის გიმნაზიაში შემიყვანეს, სადაც ოთხი წელი დავყავი. ამის შემდეგ, ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებელში ერთი კლასით მაღლა ჩამრიცხეს, ესეც წარმატებით დავამთავრე. ბოლოს, სასწავლებლიდან თეატრში უნდა გადავსულიყავი, სადაც გამოცდებით იღებდნენ ბავშვებს. მე და ჩემი მეგობარი ყოველგვარი გამოცდის გარეშე მიგვიღეს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. აქედან მოყოლებული, თეატრში ვმოღვაწეობ. უკვე მეექვსე სეზონს ვამთავრებ და ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვაგან.

– ბარიში, საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავე. ამ კონკურსთან დაკავშირებით გვიამბე, როგორ მოხდა თქვენი გამგზავრება იტალიაში?

– სრულიად მოულოდნელად, მე და ჩემს პარტნიორს, ფილიპ ფიდულოვს, გვითხრეს, რომ ბარიში, ტარდება საერთაშორისო კონკურსი, სადაც ჩვენ უნდა წავსულიყავით. ჩვენი რეაქცია იყო, რააა? (იცინის) არასოდეს ვყოფილვარ კონკურსზე. პირველად უნდა გამოვსულიყავი და გაოგნებული დავრჩი, ბოლომდე გააზრებული არც მქონდა, სად მივდიოდი. როდესაც ბარიში ჩავედით და დანიშნულების ადგილზე მივედით, კიდევ უფრო გაოცებული დავრჩი, ისეთი მომზადებულები იყვნენ მონაწილეები. მეთქი, აქ რა გვინდა (იცინის). საერთოდ არ ვფიქრობდით გამარჯვებაზე. მონაწილეებს რომ ვუყურებდი, მით უმეტეს. უბრალოდ, საკუთარი თავი დავაჯერე, ვიცეკვებდით და მორჩა. იქვე გავიგეთ, რომ ქალბატონი ნინო ანანიაშვილი იყო ჟიურის შემადგენლობაში. თან ყველამ იცოდა, რომელი თეატრიდანაც ვიყავით. შესაბამისად, არ იყო მხოლოდ  ის მომენტი – ეკა სურმავასა და ფილიპის გასვლის კონკურსზე, ჩვენ ვიყავით ქართული საბალეტო დასის სახე, რომელსაც იტალიაში ძალიან კარგად იცნობენ. ეს ყველაფერი ერთად რომ დაგროვდა, მივხვდით, საქმე არცთუ ისე სახუმაროდ იყო. ამიტომ, გაგვისამმაგდა პასუხისმგებლობის გრძნობა. პირველ დღეს კარგად ვიცეკვეთ, ბოლოს გვითხრეს, რომ გალა უნდა გვეცეკვა. სიას თვალი გადავავლეთ და ბოლოში ვიყავით. ანუ, ვხურავდით კონკურსს. ეს ბალეტში ბევრს ნიშნავს. დაჯილდოების დროს საერთოდ არ ვნერვიულობდით, იმიტომ რომ, ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ გავიმარჯვებდით. ფილიპს ვეუბნებოდი: კარგი რა, წამოდი, პიცა ვჭამოთ. მაინც არაფერი იქნება და გეხვეწები, ახლა მაინც ვჭამოთ გემრიელად-მეთქი (იცინის). მოკლედ პიცის მოლოდინში გამოაცხადეს ჩვენი გვარები და ორივე ნომინაციაში ოქროს მედლები ავიღეთ. ახლაც ვერ გამოვდივარ ემოციებიდან. ძალიან მოულოდნელი იყო ეს წარმატება და უზომოდ გახარებული ვარ.

– ალბათ, ბევრი კარგი მოგონება გაკავშირებს ქალბატონ ნინო ანანიაშვილთან.

– კი, ძალიან ბევრი, თვითონ ქალბატონი ნინოა ისეთი უშუალო, რომ მასთან ურთიერთობა არ გიჭირს. ჩვენი დასის ხელმძღვანელია და ყოველდღიური შეხება გვაქვს მასთან. არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს და დაძაბულ მომენტში, ისეთ რაღაცას იტყვის ხოლმე, მთელი დასი ვხარხარებთ. ერთი სახალისო მომენტი მახსენდება, მაშინ ქალბატონი ნინო იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში, თუმცა ყოველთვის აბედნიერებდა ქართველ ერს თავისი შესრულებით. ერთხელაც ბიძაჩემმა წამიყვანა მისი ცეკვის საყურებლად, მომავალი ბალერინა ხარ და უნდა განახოო (იცინის). ძალიან მინდოდა მასთან ფოტოს გადაღება. იმდენი მოვახერხეთ, რომ კულისებში შევძვერით, ფოტოც გადავიღე და ავტოგრაფიც მომცა. სურათის გადაღების დრო ისე ჩამეხუტა ქალბატონი ნინო და იმდენად დიდი სიხარული იყო ეს ჩემთვის,  38 გრადუსი სიცხით მივედი სახლში (იცინის). მაშინ თქვეს ჩემებმა, ეს ბალეტიდან აღარ გამოვაო. კიდევ არის ერთი ისტორია, რომელიც განსაკუთრებულია ჩემთვის. 2012 წელს, ვიცოდი, რომ გასტროლებზე იაპონიაში უნდა წავსულიყავით. ძალიან აჟიტირებული ვიყავი, მიხაროდა. 3 წლის გადასული ვიყავი თეატრში. ერთ დღესაც მითხრეს, რა გიხარია, გგონია გასართობად მიდიხარ,  იქ ისეთი დაკავებული იქნები, დასვენების დროც არ გექნებაო. ძალიან გამიკვირდა, ისეთ არაფერს ვცეკვავდი, რომ არ დამესვენა. რატომ-მეთქი, ვიკითხე. მიპასუხეს, ქალბატონმა ნინომ გადაწყვიტა, „გედების ტბაში” შენ იცეკვებ თეთრ გედს, თავად კი – შავსო. ეს რომ მოვისმინე, 15 წუთი ურეაქციოდ ვიდექი. ადამიანთან ერთად, რომლის ნახვაზეც ბავშვობაში 38-მდე მიწევდა სიცხე, უნდა მეცეკვა ერთ-ერთი მთავარი როლი. მართლა შოკში ვიყავი. გონს რომ მოვედი, გეშლებათ-მეთქი, არა, ყველაფერი კარგად გაიგეო და იცით, როგორი ვიყავი? – ამ დღის მერე, თუ გინდა, მომკალი, ღმერთო (იცინის).

– რაიმე შეიცვლა შენს ცხოვრებაში იტალიაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ?

– ამ გამარჯვების შემდეგ, ბალეტის სამყაროში შეიცვალა ცოტა რამ, ახლა უფრო დატვირთული ვარ. ზოგადად, ბალერინებს, იმდენად ხანმოკლე პერიოდი გვაქვს ცეკვის, რომ თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ერთი სეზონი. მოპოვებული წარმატების შემდეგ, ბევრად თავდაჯერებული გავხდი. ის მომენტი მაქვს, რომ გააანალიზებ მიღწეულს და ხვდები შენს შესაძლებლობებს. 

– სამომავლო გეგმებში უცხოეთში კარიერის გაგრძელება ხომ არ ისახება?

– ყველა სფეროს თავისი საფეხური და განვითარების გზები აქვს, მათ შორის ბალეტსაც. რა თქმა უნდა, საინტერესოა უცხოეთში მოღვაწეობა, ახალი გარემო, ახალი შემოთავაზებები, საზოგადოება და ასე შემდეგ. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ არანაკლებ საინტერესოა ჩვენთანაც. ძალიან ხშირად იდგმება სპექტაკლები, მსოფლიო დონის ქორეოგრაფები ჩამოდიან ჩვენთან, რაც ქალბატონი ნინოს დამსახურებაა.  მაბედნიერებს ცეკვა, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ჩემი ქვეყანა. აქაც კარგად ვგრძნობ თავს და რატომ უნდა წავიდე, თან ყველა თუ წავედით, ვინღა დარჩება (იცინის).

– ბალეტის გარდა, რა ხდება კიდევ შენს ცხოვრებაში?

– პროფესიის მიღმა ადამიანის ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი რაღაცეები, რომლებიც უფრო პირველადია. მეუღლე და შვილები არ მყავს, მაგრამ არაჩვეულებრივი მეგობრები, ოჯახის წევრები და საყვარელი ხალხია ჩემ გვერდით. ისინი მაძლევენ სტიმულს. ბალეტი ჩემს ცხოვრებაში იმდენად ყველაფერს მოიცავს, ცოტა დრო მრჩება სხვა რამისთვის. ყოველთვის მინდოდა, უნივერსიტეტში ჩაბარება. გავხდი კიდეც სტუდენტი, მაგრამ დროის უქონლობის გამო, სტატუსი შევიჩერე.  ორი საქმის ერთად კეთება ძალიან რთულია. ბოლოს, მივედი უნივერსიტეტში საბუთების გამოსატანად, მაგრამ იქ მითხრეს, რომ ბოლო სემესტრი იყო სწავლის აღსადგენად. არ ვიცი, მაშინ რა მოხდა ჩემში, აღარ გამოვიტანე საბუთები – აღმადგინეთ, სწავლას ვიწყებ-მეთქი. ახლა, როგორც იტყვიან, ორად ვარ გახლეჩილი – რას ვედები, როგორ ვასწრებ ყველაფერს ერთად, არ ვიცი (იცინის).

– პირად ცხოვრებას როგორ უთავსებ ამ დაძაბულ რეჟიმს?

– პირადი მაინც პირადია, რომელიც ყველა ადამიანს აქვს. ჩემს შემთხვევაშიც, ისე ხდება ყველაფერი, როგორც უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სულ დარბაზში ვარ გამოკეტილი – რაც გიწერია ვერ ასცდები. 

скачать dle 11.3