კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჰგავს ხელისუფლება მაღაზიებში სეილზე შემოთავაზებულ მომყოლ მაისურს და როგორ აღიარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივ მმართველად

ისე მოხდა, რომ დაანონსებული ორის ნაცვლად, სამი მინისტრი შეიცვალა და მათ შორის, თავდაცვის მინისტრად ქალის კანდიდატურა დასახელდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ფრიად მწირად (მხოლოდ ერთი მინისტრი ჰყავდათ საკუთარი რიგებიდან) იყო წარმოდგენილი, აწ უკვე სამი ეყოლება (თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების ჩათვლით). უფრო საგულისხმო კი ისიცაა, რომ ის ორი ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში, საქართველოში აშშ-ს ელჩის სტუმრობის შემდეგ გასამდა, რამაც შექმნილ პოლიტიკურ რეალობას საკმაო ნათელი მოჰფინა. კერძოდ, რომ „რესპუბლიკელები“ „თავისუფალ დემოკრატებზე“ ალღოიანები აღმოჩნდნენ და ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორი რეალურ ხელისუფლად კვლავ ყოფილ პრემიერ-მინისტრს აღიარებს. თემას ხათუნა ლაგაზიძესთან ერთად განვიხილავთ.

– აშკარაა, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ აჯობეს „რესპუბლიკელებმა“, ანუ გამოავლინეს პოლიტიკური უნარიანობა და მერე რა, რომ, როგორც ზოგიერთები ამბობენ, 1-პროცენტიანი პარტიააო. ეს „რესპუბლიკელების“ პოლიტიკური ალღოს დამსახურებაა თუ უბრალოდ, სხვა არავინ იყო, ვისზეც ფსონს ჩამოვიდოდა „ოცნება“?

– დავიწყოთ იმით, თუ რას უკავშირდება „რესპუბლიკელების“ დღევანდელი ტრიუმფი: უპირველესად, ვიტყოდი, რომ მათ წარმატებაში, მინიმუმ, 70-პროცენტიანი წილი მიუძღვით „თავისუფალ დემოკრატებს“. უფრო ზუსტად, მათ სულსწრაფობას ან თქვენი შეკითხვის პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური ალღო მოიკოჭლებს „რესპუბლიკელების“ პოლიტიკურ ალღოსთან შედარებით. ამასთან ერთად, „რესპუბლიკელებმა“  უფრო მეტი მოთმინების უნარი გამოიჩინეს, ვიდრე „თავისუფალმა დემოკრატებმა“. მოგეხსენებათ, კოალიციაში თანაცხოვრება არ არის მარტივი. ძალიან ბევრ სირთულესთან, ხშირად შეურაცხყოფასთან არის დაკავშირებული და როდესაც პოლიტიკურ მიზნებზე ადამიანური თვისებები პრევალირებს, შედეგად ვიღებთ იმას, რაც მივიღეთ „თავისუფალი დემოკრატების“ შემთხვევაში. ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან „რესპუბლიკელების“ ტრიუმფის ფონზე. გამომდინარე იქიდან, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლის შემდეგ, „რესპუბლიკელები“ ერთადერთ პროდასავლურ ძალად დარჩნენ კოალიციაში, მათდამი ინტერესი გაათმაგდა როგორც ქვეყნის გარედან, ისე პარლამენტს შიგნით. დასავლეთს არ დარჩა ძალა კოალიციის შიგნით, რომელთანაც თანამშრომლობის გამოცდილება ექნებოდა, გარდა „რესპუბლიკური პარტიისა“. პარლამენტს შიგნით კი „რესპუბლიკელების“ ხმებს ოქროს ფასი დაედო. რომ დარჩენილიყვნენ კოალიციაში და სამთავრობო კრიზისი მაინც დაიწყებოდა, „თავისუფალ დემოკრატებს“ „რესპუბლიკელებთან“ ერთად, შეეძლებოდათ თავიანთი პროდასავლური იმიჯით წარმატებული პოლიტიკური ვაჭრობა.

მეორე ფაქტორი არის „ქართული ოცნების“ სისუსტე: ინტელექტით, პროფესიონალიზმით, აზროვნების უნარით, „ქართული ოცნება“ შეუდარებლად ჩამორჩება არა მარტო „რესპუბლიკურ პარტიას“, არამედ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა სხვა პოლიტიკურ ჯგუფს და ამან თავისი შედეგი გამოიღო: მცირერიცხოვანმა „რესპუბლიკელებმა“ შეიძლება, დროებით, მაგრამ გვერდზე გასწიეს გაცილებით  მრავალრიცხოვანი ფრაქცია „ქართული ოცნება“. ეს კი იცის მორჩილებით შერჩეულ კადრებზე აქცენტის გაკეთებამ.

– როგორც აღმოჩნდა, ყველა ყოფითი სიბრძნე –  ვინც მოითმენს, მოიგებსო –  ჩათვლით, პოლიტიკაშიც გამოდგება, მაგრამ „რესპუბლიკელებიც“ არიან რაღაც დოზით მორჩილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ხომ ვერ მოხვდებოდნენ კოალიციასა და თანამდებობებზე?

– „რესპუბლიკელები“ მოქნილები არიან და იციან, რისთვის სჭირდებათ ეს მოთმინება და ხშირად სრულიად აუტანელ მდგომარეობაში თავის დახრა. „ქართული ოცნება“ კი არის მორჩილი იმიტომ, რომ მათ პატრონებს უბრალოდ არ სჭირდებათ აზროვნება და ძალიან ნათლად დაინახეს, რომ მორჩილებით პოლიტიკურ პროცესებს ვერ მოიგებ. მესამე ფაქტორი –  თავად „რესპუბლიკელების“ გამჭრიახობაა. მათ ძალიან კარგად გათვალეს საკუთარი ფასი და ბოლომდე ითმინეს ის, რის მოთმენაც ადამიანისთვის ძალიან რთულია და ახლა, ფაქტობრივად, პოლიტიკას კარნახობენ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას.

– გამოდის, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაკარგა პოლიტიკური ნიშა?

– ნიშაც დაკარგეს და ის ძირითადი მესიჯიც, რასაც ისინი ატრიალებდნენ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ. ეს პარტია სოციალურ საკითხებზე მობილიზებას ვერ ახერხებს და, ამდენად, სერიოზული რებრენდინგი მოუწევთ, რომ დარჩნენ პოლიტიკურ ასპარეზზე. როგორც აღმოჩნდა, ამერიკას პროდასავლური ძალა კოალიციის შიგნით უფრო სჭირდებოდა. რაც შეეხება უშუალოდ „ქართულ ოცნებას“: თუ მან ვერ შეძლო რადიკალური განახლება, რაც გამოიხატება მომავალი საპარლამენტო დეპუტაციის არა მორჩილების, არამედ აზროვნების დონის მიხედვით შერჩევაში, დღევანდელი პოლიტიკური მარცხი მათთვის სანატრელი იქნება მომავალ პარლამენტთან შედარებით, რადგან მომავალ პარლამენტში გაცილებით რადიკალური პოლიტიკური ძალები შევლენ, გაცილებით დიდი ამბიციებით.

– მეორე მხრივ, „რესპუბლიკელებიც“ ხომ არიან დაინტერესებული „ქართული ოცნების“ გაძლიერებით? შეძლებენ ისინი საპარლამენტო ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვას, მათ პოლიტიკურ არსენალში მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბარიერის გადალახვაა. ან რომც გადალახონ ბარიერი, იმ რაოდენობით მოვლენ, რომ ისეთივე მაღალი საპარლამენტო პოსტები მიიღონ, როგორიც დღეს აქვთ?

– ეს არ გამორიცხავს იმას, რომ „რესპუბლიკელები“ მაქსიმალურად ეცდებიან რეიტინგის აკრეფას. თავდაცვის მინისტრის პოსტი თავის თავში მოიცავს რეიტინგის გარკვეულ მარაგს და თინა ხიდაშელი, თავისი წარსული პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, მგონი, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ეს მარაგი აითვისოს და გააათმაგოს. „რესპუბლიკელებს,“ არსებობის ისტორიაში პირველად, უჩნდებათ შანსი, იმგვარი რეიტინგი აკრიფონ, რომელიც მათ დაეხმარება ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მარტო შეეცდებიან არჩევნებზე გამოსვლას.

– მაგრამ ეს მათ პოლიტიკურ წონას გაზრდის მომავალ არჩევნებში.

– ზუსტად ესაა, ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდის მათ პოლიტიკურ წონას, მეტიც, მათ რაოდენობას მომავალ საპარლამენტო სიაში და ნებისმიერ შესაძლო კოალიციურ პარტნიორთან ვაჭრობისას მათ ექნებათ უფრო წამყვანი  და გაცილებით მყარი პოზიცია. თუ კოალიციას მათი არსებობა დღეს სჭირდება კოალიციაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ, დიდი ალბათობით, დასჭირდება მომავალ საპარლამენტო სიაშიც. კოალიციას მოუწია ანგარიშის გაწევა დასავლეთისთვის და ხიდაშელის კანდიდატურის დასახელება თავდაცვის მინისტრის პოსტზე იყო დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი. გავიხსენებ, რა ხდებოდა პარალელურად: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დიდი პატივით მიიღო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ფაქტობრივად, გამოხატა სრული უპატივცემულობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ამას წინ უძღოდა უკრაინის შემთხვევა და ამ პროცესების უკან მოიაზრება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორიც, ანუ მივდიოდით საერთაშორისო იზოლაციისკენ, რომ არა ეს ნაბიჯი.

– საქართველოს ხელისუფლების იგნორირება თუ იზოლაცია ხომ ნიშნავს, რომ, ესე იგი, ჩვენი პარტნიორები არ უწევენ ანგარიშს ქართველ საზოგადოებას. ამდენად, მათი ქმედება ანტისამთავრობოა თუ ანტიქართული?

– ანტისამთავრობო, იმიტომ რომ, ყველა სახელმწიფო თავის ინტერესს ატარებს ნებისმიერ ურთიერთობაში. ამდენად, ჩვენ არც ერთი ქვეყნისგან არ უნდა ველოდოთ იმას, რომ წინ დააყენებს საქართველოს ინტერესს. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ინტერესები იყოს თანხვედრილი. 

– პოროშენკოს მოტივაცია გასაგებია, მისთვის თითოეულ ადამიანს, ვინც მხარს დაუჭერს, ოქროს ფასი აქვს, მაგრამ ალიევს რა არ მოეწონა საქართველოს მთავრობის გენერალურ ხაზში?

– ჩვენ ძალიან შორს წავალთ ამაზე მსჯელობით, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს დღევანდელ ხელისფლებასთან ურთიერთობით აშკარად არ არის კმაყოფილი. მარტივ მაგალითს მოვიტან: სააკაშვილის დროს რომელიმე ოპოზიციური ლიდერი მოქცეულა აზერბაიჯანის ხელისუფლების ყურადღების ცენტრში, მით უმუტეს, ძებნილი?! ეს თავისთავად არის პასუხი და ეს არ არის აზერბაიჯანის ინდივიდუალური გაბედულება. ეს არის ერთი ჯაჭვის რგოლები და ზოგადად ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს დღევანდელი მმართველი ელიტის მიმართ. ამას სჭირდებოდა ძალიან სწრაფი რეაგირება და მე მივესალმები, რომ ამას მოჰყვა ეს სწრაფი რეაგირება, იმიტომ რომ, ეს სცდებოდა უკვე საქართველოს ხელისუფლების პრობლემას და გადადიოდა საქართველოს სახელმწიფო პრობლემის რანგში. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ამერიკისთვის, რომ ამერიკის ელჩს არც კი დაუმალავს ხაზგასმული ინტერესი თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მართალია, უარყო, ბიძინა ივანიშვილთან თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე არ გვიმსჯელიაო, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას, როდესაც მან ერთი კვირით გადადო მინისტრთა კაბინეტის წარდგენა პარლამენტში, ნორლანდმა მკვეთრი აქცენტით თქვა, რომ ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გენერალური ხაზი გადის თავდაცვის სამინისტროზე და მთავარია, ამ ცვლილებების პროცესში თავდაცვის სამინისტროს სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილიო. 

– არადა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა წარდგენის დაყოვნების მიზეზად სწორედ ეს მესამე მინისტრი, თავდაცვის მინისტრი დაასახელა და თქვა, ხშირად ხომ არ იცვლებიან თავდაცვის მინისტრებიო, ნორლანდმა კი, შეიძლება ითქვას, ცივი წყალი გადაასხა?

– უნდა დაგეთანხმოთ, ნორლანდის მიერ ეს პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული საყვედურიც იყო.

– ეს ფაქტი ადასტურებს, რომ გრძელდება ტრადიცია და ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში? ელჩის ვიზიტი ბიძინა ივანიშვილის სახლში ნიშნავს თუ არა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სწორედ ივანიშვილს აღიარებს იმ პირად, ვისაც აქვს რეალური ძალაუფლება?

– რა თქმა უნდა. ამერიკა არის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვკიდებთ ჩვენი უსაფრთხოების გარანტის როლს, შესაბამისად, მასაც აქვს გარკვეული მოთხოვნები და მითითებები, რომ შეძლოს ამ როლის განხორციელება. სწორედ ამიტომ არის ამერიკის ინტერესი განსაკუთრებული თავდაცვის სამინისტროს მიმართ. აბსოლუტური დამოუკიდებლობა დღევანდელ სამყაროში არ არსებობს. ასე რომ, იმის თქმა, რომ ვიღაცამ საქართველოს სუვერენიტეტი შეზღუდა, სისულელეა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს: ხელისუფლება ხშირად გვსაყვედურობს, რატომ ამბობთ, რომ მართვის სადავეები ბიძინა ივანიშვილის ხელშიაო. ჩვენი თქმა რა საჭიროა, როდესაც ამას პირდაპირ აღიარებს ამერიკის შეერთებული შტატები თავისი წარმომადგენლის რიჩარდ ნორლანდის სახით?! თუკი აღიარებს ამერიკა, ეს იმდენად თვალსაჩინო ჭეშმარიტებაა, რაც უნდა თვალი დავხუჭოთ, მაინც საერთაშორისოდ აღიარებული მოვლენაა. სხვა თემაა, მოსწონს თუ არა ეს დასავლეთს, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომელსაც ისინი ეგუებიან და რომლის გათვალისწინებითაც ცდილობენ, მიაღწიონ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასურველია და მათი ინტერესია.

– ეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას არ ულახავს იმიჯს?

– რა თქმა უნდა. მაშინ, აბა, რისთვის არსებობს კონსტიტუცია, ხელისუფლების სამი შტო, შტოებს შორის ბალანსისა და შეკავების სისტემა?! რისთვის არსებობს არჩევნები?

– თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, ერთმა ადამიანმა მოიგო არჩევნები.

– დიახ, ამ ერთმა კაცმა მოიგო ყველა დონის არჩევნები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ვთქვი, მაღაზიებში სეილზე ერთ შენაძენზე მეორე მაისურს რომ მიაყოლებენ, აი, ასეთი მომყოლის როლშია მთელი ხელისუფლება დღეს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის მეორე მაისური, არ  გინდა, მაგრამ… აი, ასეთ დღეში ვართ. თუმცა ყველაფერი მაინც შედარებითია. აბა, ის სჯობდა, ერთ ღერძზე აკინძული ძალაუფლება, როდესაც ქვეყანა იმართებოდა მხოლოდ შიშით?! ვიღაცამ თქვა, ქვეყანა იმართებოდა ციხიდანო და ეს ზუსტი შეფასებაა: ციხე იყო დაშინების ისეთი ფაქტორი, რომ მართვის სხვა ბერკეტი აღარ სჭირდებოდათ. რა ჯობია: შიში თუ ის, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელია, პარლამენტი მთლიანად თუ არ არის დამოუკიდებელი, ერთი საპარლამენტო ჯგუფი ახერხებს და ატარებს თავის ჭკუაზე და სადღაც იქითაა მიჭირხნული აღმასრულებელი ხელისუფლება. არც ესაა იდეალური ვერსია, მაგრამ წინას აშკარად სჯობია. რატომღაც არ არის მოდური პოზიტივის თქმა ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა აღვნიშნოთ ის დადებითი, რასაც აკეთებენ.

скачать dle 11.3