კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის სჭირდება ადამიანს სულიერი მოძღვარი და რის გარეშე ვერ შეძლებს ის სწორ ეკლესიურ ცხოვრებას

როდესაც მაცხოვარმა მოციქულები აიყვანა ელეონის მთაზე, დაასხა ხელი, მიჰბერა მათ სულიწმიდა, ანუ სამღვდელო მადლი და უთხრა: ვისაც მიუტევებთ ცოდვებს – მიეტევებათ, ვისაც არ მიუტევებთ – არ მიეტევებათო. ცოდვის მიტევება-არმიტევების ხელმწიფება იესო ქრისტემ მისცა მოციქულებს, სამოციქულო ეკლესიის წიაღს.

მამა გიორგი (თევდორაშვილი, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): დღეს  ეკლესიაში სულიწმიდის გარდამოსვლა აღესრულება მირონის ცხებით. ადრე, როდესაც მოციქულები ნათლავდნენ ადამიანებს, მათი ხელდასხმით გადმოდიოდა ადამიანებზე სულიწმიდა. რადგან ნათლისღების მსურველთა რაოდენობა ბევრი აღმოჩნდა, ამიტომ ეკლესიაში დადგინდნენ მოციქულების მიერ ნაკურთხი ხუცესები, იგივე მღვდელმსახურები, რომელთაც კეთილსურნელების სახით მირონი გადაეცათ. მირონის ცხებით, ნათლისღების საიდუმლოს დროს, ადამიანს ენიჭება სულიწმიდის მადლი. ბევრმა არ იცის, რომ ნათლისღების დღეს ის ორ საიდუმლოში მონაწილეობს. პირველი – ეს არის ნათლისღება, ხოლო მირონცხებით, ადამიანს ენიჭება სულიწმიდის მადლი, რომლის გარეშეც მას არ შეუძლია, თქვას აღსარება, ეზიაროს, იაროს ეკლესიაში და რაც მთავარია, ვერ ცხონდება. ნათლობის დროს ადამიანს მღვდელი მირონს სცხებდა და ამიტომ, ნათელღებული პიროვნება ცხრა დღის განმავლობაში მირონცხებული დადიოდა. შემდეგ მას მშობლების მიერ სპეციალურად შერჩეული ქრისტიანი ჩამობანდა, რომელიც „განმბანელად“ იწოდებოდა. დღეს, სამწუხაროდ, ამ ტრადიციამ სახე იცვალა და ნათლისღების დროს განბანას თვით მღვდელმსახური აღასრულებს. ეს გამოწვეულია შემდეგით: ადამიანი, რომელიც მირონცხებული იყო, წმიდად და ბეჭედდასმულად ითვლებოდა. მისთვის მოფერება, კოცნა და შეხება, ყველას ეკრძალება და ეს საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო. ამიტომ, ამ საიდუმლოს დაცვისა და მირონის მიმართ უფრო მეტი მოწიწებისთვის, ეს წესი შეიცვალა და მღვდელი ნათელღებულს მირონს, მეცხრე დღის ნაცვლად, ნათლობისთანავე ჩამოჰბანს. 

– როგორც ცნობილია, ცოდვების მიტევება-არმიტევება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში. 

– სხვა ეკლესიები ამ ძალაუფლებას არ ფლობენ, რადგან, ისინი გამოეყვნენ, განუდგნენ მართლმადიდებელ დედაეკლესიას. როდესაც მაცხოვარი ელეონის მთაზე ამაღლდა, მოციქულები უყურებდნენ ქვევიდან ზევით და მათ ეჩვენათ ორი ადამიანი სპეტაკი სამოსით. ბუნებრივია, აქ ლაპარაკია ანგელოზების სიწმიდეზე, რომლებმაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რატომ იყურებით ზეცად? ეს არის იესო, რომელიც ამაღლდა თქვენდა და რომელსაც ასევე, იხილავთ ზეცად მომავალს“. როგორც მოციქულებმა იხილეს, როგორ ამაღლდა მაცხოვარი ზეცად, ასევე, მთელი კაცობრიობა იხილავს მაცხოვრის მეორედ მობრძანებას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ, მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი მოვა. ისინი იტყვიან: „მე ვარ იესო ქრისტე“. ამიტომ, გაგვაფრთხილა ეკლესიამ, რომ, როგორც მოციქულებმა იხილეს ხილული ქვეყნიდან ზეცად აღმავალი მაცხოვარი, ასევე, ყველა ადამიანი იხილავს ზეციდან მის დაბრუნებას. მაცხოვარმა აღდგომით გამოიხსნა ადამიანები, მაგრამ, ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, უფალთან ბოლომდე შერიგება, კაცობრიობის სულიერი განვითარება მხოლოდ ამაღლების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამიტომ‚ მაცხოვარმა თავისი ამაღლებით აღდგომაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ მოიმოქმედა: რომ არა მაცხოვრის ამაღლება, მოციქულებისთვის  დაპირებული კაცობრიობის ნუგეშისცემა, მაშინ ადამიანების გამოხსნის საქმეც არ იქნებოდა დაგვირგვინებული, ბოლომდე მიყვანილი. უფალმა დაგვიტოვა მაგალითი იმისა, რომ ყველა ადამიანი ლოცვით, სწორი სულიერი ცხოვრებით, მაცხოვართან ერთად იწყებს ამაღლებას. როგორც მაცხოვარი ამაღლდა, ისევე ამაღლდება ადამიანიც.

– და როგორ შეძლებს ის ამას, ამისთვის ალბათ სჭირდება დახმარება.

– ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ სხვისი დახმარება – მწყემსი, რომელიც მათ დამწყემსავს, სწორ გზას უჩვენებს. ეშმაკს ყველაზე მეტად სწორედ ის სწადია, რომ ადამიანს მწყემსი, მოძღვარი არ ჰყავდეს. ვინც მოძღვრის ნებას არ მიჰყვება, ის დასაწყისში მხურვალედ ლოცულობს, მარხულობს, სიმშვიდე, სიმყუდროვე აქვს, კეთილ საქმეებს აღასრულებს, მაგრამ შემდეგ გულმხურვალეობა თანდათანობით უნელდება. ვინც თავის ნებას მისდევს, წინამძღვარი არ ჰყავს, რათა კვლავ აღაგზნოს მისი მხურვალება, დაეცემა და ეშმაკის გასათელი გახდება. ხოლო ისინი, ვინც თავისი მოძღვრის ნებას მიჰყვებიან, ენდობიან, მის რჩევებს ითვალისწინებენ, არ დაეცემიან, რადგან ქრისტე მათ შეეწევა.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, როდესაც ადამიანი თავის ნებას აღასრულებს და თან, ამას თავის მართლებაც ერთვის, ის კაცი საერთოდ არ სჩადის სიკეთეს. ამიტომ, ყველას გირჩევთ, სანამ რამეს გააკეთებთ, ჰკითხეთ მოძღვარს აზრი. ის დაგიცავთ შეცდომისგან, სწორ რჩევას მოგცემთ და, თუ მას დაუჯერებთ, ეშმაკს თქვენი აზრების განსჯა და გამოაშკარავება გაუჭირდება. ვერ იხელთებს დროს თქვენთვის სავნებად და მთელი მისი მზაკვრობა ჩაიშლება.

– ადამიანი ხშირად ახალ-ახალ ცოდვას სჩადის და ამბობს: არა უშავს, მივალ ჩემს მამაოსთან, კეთილია და მომიტევებსო... 

– ეს არის ფარისევლური, საშინელი მდგომარეობა.  ადამიანი არასრულყოფილი არსებაა და მას არ შეუძლია სრულყოფილი არათუ აღსარება, არამედ, არანაირი საქმიანობა. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ლოცვაში და, როდესაც ქრისტიანი აღსარებას ამთავრებს, მოძღვარმაც და თავადაც, იციან, რომ მისი აღსარება არასრულყოფილი იყო. ამიტომ, რაც არ გახსენებია მას, რაც უნებლიეთ ჩაუდენია, ამას მოძღვარი საკუთარ თავზე იღებს და ევედრება უფალს: „მიუტევე ცოდვანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი”. მთავარია, ადამიანმა ყველაფერი გულით გაიხსენოს და გულთამხილველი ღმერთი ყველაფერს მიუტევებს. კარგია, თუ დავიწყებული ცოდვები გაგვახსენდება და მათ აღსარებაში ვიტყვით. განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვობასა და სიჭაბუკეში ჩადენილი ცოდვები... ბევრი იხსენებს მას, მაგრამ, ერიდება, მოძღვართან აღიაროს. თუ გახსოვს და არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ ამპარტავანი ხარ და, ამპარტავნებიდან გამომდინარე, გერიდება მოძღვართან მისი წარმოთქმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოძღვარიც ადამიანია და ის იცნობს ყველანაირ ადამიანურ სისუსტეს. ისიც იყო ახალგაზრდა და მასაც ჰქონდა ჭაბუკური ცოდვები, რომლებიც მოინანია. ადამიანი თუ არ არის უფალთან, ის ავტომატურად ეშმაკთანაა. ამიტომ, არჩევანი თქვენზეა. დიდი მამები ასეთ სწავლებას გვაძლევდნენ: ახალმოსულს რა ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მაშინვე უნდა ვაზიაროთ, რადგან ამ დროს მისი სინანული გულწრფელია – ნანობს ყველაფერს. თუმცა, უნდა ავუხსნათ: შენ არ ხარ ზიარების ღირსი, მაგრამ რადგან ეკლესიაში მოხვედი, ჯილდოვდები და ღმერთი გასაჩუქრებს წმიდა ზიარებითო. ჩვენ იმიტომ კი არ დავდივართ ეკლესიაში, რომ მაშინვე რაღაც პრობლემები მოვაგვაროთ, არამედ ეკლესიაში მთავარი სულის ცხონების შესახებ სწავლებაა და სულიერი გადარჩენის სურვილი. სხვა დანარჩენი პრობლემა, თუ დავიმსახურებთ, ღმერთის ნებით, მოგვარდება.

скачать dle 11.3