კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა ალეკო ბეგალიშვილი დუდუსავით „მაგარი ტიპი“ და როგორი ბიძიების ეშინოდა მას

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს” ყველა სეზონსა თუ სერიაში ჰყავს გამორჩეული პერსონაჟი, რომელიც მაყურებლის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს და ყველა მასზე იწყებს ლაპარაკს. ბოლო სერიებში ასეთია დუდუ, რომელიც ნინო კასრაძის გმირის, მაკას ყველა პრობლემას აგვარებს. მისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. „ყოვლისშემძლე დუდუ” უცებ აიტაცა მაყურებელმა და ხშირად ნახავთ სხვადასხვა თხოვნას: დუდუ, აფხაზეთი დაგვიბრუნე... დუდუ, გამოცდა ჩამაბარებინე... დუდუ, შეყვარებულთან შემარიგე და ასე შემდეგ. ვინ დგას რეალურად საიდუმლოებით მოცული გმირის უკან და ჰგავს თუ არა რამით ის საკუთარ პერსონაჟს, ამაზე სასაუბროდ მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობ, დუდუს როლის შემსრულებელ ალეკო ბეგალიშვილს ვეწვიეთ.

ალეკო ბეგალიშვილი: დუდუს გმირმა თავიდან ცოტა დამაბნია. რადგან არ ვიცოდი, როგორი ტიპი იყო. მერე, როცა გამოჩნდა, ვინ არის და როგორია, მეც გავერკვიე. რაღაც ძალებთან შეკრული ტიპია, უშიშროების თანამშრომელი. ეგეთი ბიძიების ბავშვობაში მეშინოდა. ახლა კი მე მომიწია მისი განსახიერება. როგორ გამომდის, „ნაღდად” არ ვიცი. საერთოდ, როცა საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურებ, არ მომწონს. მარტო ამ სერიალში კი არა, ზოგადად – ასეა. საკუთარი თავისადმი კრიტიკულად ვარ განწყობილი. არც ხმა მომწონს, არც მეტყველება. რაღაცნაირად ვლაპარაკობ. რაც შეეხება დუდუს, ის გაწონასწორებული ტიპია, რომელიც, რაღაც მიზეზის გამო, მაკასკენ მიისწრაფის და ყველაფერს აკეთებს მის გამო. მართლა უყვარს ეს ქალი თუ სხვა მიზეზით იქცევა ასე, ეს, ალბათ, მოგვიანებით გამოჩნდება. 

– რეალურ ცხოვრებაში თუ ჰგავხართ დუდუს, მასავით თუ შეგიძლიათ პრობლემების მოგვარება?

– არანაირად. საერთოდ არ ვგავარ. რა დუდუ, რის დუდუ – ხომ გეუბნები, ეგეთი ტიპების ყოველთვის მეშინოდა. 

– შეიძლება, უშიშროების თანამშრომელი არ იყოთ, მაგრამ ჰგავდეთ იმით, რომ ქალს, რომელიც მოგწონთ, ყველა პრობლემას უგვარებდეთ?!

– მე ეგეთი მაგარი ვერ ვარ. ვის რა უნდა მოვუგვარო, როცა საკუთარი თავისთვის ვერ მომიგვარებია. სულ სხვანაირი ტიპი ვარ. ბოჰემური ცხოვრება მიყვარს – ბოდიალი და ძმაკაცებთან ერთად ქეიფი. მიყვარს გიტარა და მუსიკა. მუსიკისა და დრამის თეატრში ვარ და მუსიკა, ასე თუ ისე, წესით, უნდა მესმოდეს. ადრე გატაცებული ვიყავი კიდეც. ბავშვობაში ბიჭებს ჯგუფიც გვქონდა და ვუკრავდით. მერე ჯარში წავედით და დავიშალეთ. ახლა 47 წლის ვარ და მაინც ვერ ვანებებ თავს. სახლში გიტარები გვაქვს მეც და ჩემს მეგობრებსაც და ერთად რომ ვიკრიბებით, ჩვენთვის ვუკრავთ. გუშინ საღამოსაც შევიკრიბეთ და ჩვენთვის გავაჯაზეთ. ერთი გიტარაზე უკრავს, ერთი ტამტამზე და ასე. დავსხდებით, ლუდს ვსვამთ. ლუდი გაგვიხსნის, არაყს დავაყოლებთ და მეორე დილით პახმელია დგება. ეგ არის რა – ჩვეულებრივი თბილისური გართობა. განსაკუთრებული არაფერი. დუდუ ახლოსაც კი არაა ჩემთან.

– ნინო კასრაძეს უწევთ პარტნიორობას. მანამდე თუ იცნობდით მას?

– ნინოს მეორე კურსიდან ვიცნობ. ერთად ვსწავლობდით. მეტყველებაზე, ისტორიასა და მსგავს საგნებზე მათ ჯგუფთან ერთად დავდიოდი. იმ დროს, მუსკომედიის ფაკულტეტზე ოთხ წელიწადში ერთხელ იყო მიღება. პირველი კურსის შემდეგ ჯარში წამიყვანეს და რომ ჩამოვედი, მეორე კურსი არ არსებობდა. ვინმესთან ერთად უნდა მევლო საგნებზე და მოვხვდი ჯგუფში, რომელშიც სწავლობდნენ: ნინო კასრაძე, ნიკუშა თავაძე, ნატო მურვანიძე, გიო ქვლივიშვილი, ნიკო თოფურიძე, გია ჭანტურია და სხვები. ნინოც იქ გავიცანი. დიდი მეგობრობი არ ვყოფილვართ, თუმცა თანაკურსელები ვიყავით და კარგი ურთიერთობა გვქონდა. დავამთავრეთ ინსტიტუტი. ახლა ის რუსთაველის თეატრშია, მე – მუსიკისა და დრამის თეატრში. ბავშვი მოჰყავდა ხოლმე ხშირად ჩვენთან, საბავშვო სპექტაკლებზე და კულისებში გვნახულობდა. ცოტა ხნის წინ, ერთად ვითამაშეთ ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმში „კრედიტის ლიმიტი”. იქ მე ეპიზოდურ როლში ვარ. შესაბამისად, იქ შევხვდით ერთმანეთს – ერთად ვსხედვართ სუფრასთან, ვითომ ძველი მეგობარები ვართ და ძველ დროს ვიხსენებთ. მე გიტარაზე ვმღერი. მოკლედ, რაღაც პატარა საყვარელი სცენაა. ეგ იყო და ახლა „ჩემი ცოლის დაქალებში” ვართ პარტნიორები. ცხოვრებაში მეგობრულად, „ჯიგრულად” ვართ ერთმანეთთან. სერიალს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით რაც გადავიღეთ, არ გამჭირვებია. ერთი რეპეტიციის  შემდეგ, ლიფონავა ეგრევე იღებს. ნინო ისეთი პროფესიონალია, ზედმეტი მომზადება არც სჭირდება და მასთან ერთად, მეც არ გამჭირვებია. როცა ეგეთ მსახიობთან ერთად ხარ, იმდენად კარგ პასს გაძლევს, რომ აღარ გიჭირს და ეგრევე მიჰყვები.

– თქვენი პერსონაჟი ჯერჯერობით ეპიზოდურ როლში ჩანს. თუმცა, ამის მიუხედავად, ძალიან უცებ გახდა პოპულარული. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

– ამის მიზეზი თვითონ პერსონაჟია. მე არაფერ შუაში ვარ. საქართველოა და პრობლემების მომგვარებელი დუდუ უნდა ზუსტად „გრუზინებს”. თუ რაღაცა „ავოიიეე”, და მეტი რა უნდა ხალხს. ძალიან კარგად აქვს მოფიქრებული ეს პერსონაჟი სცენარისტს. ზუსტად ქართველების ფსიქოლოგიაზეა მორგებული. მაგრად აქვს გათვლილი და გამოუვიდა კიდეც, რაც უნდოდა. ტაშს ვუკრავ მას. პოპულარობას რაც შეეხება, ოცი წლის რომ ვიყო, ალბათ, გამიხარდებოდა. აი, 47 წლის ასაკში, რა ვიცი. ისეთ ასაკში ვარ, ასეთი რამეები, ნაკლებად მაღელვებს. სიმართლე გითხრათ, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს. როცა საქმე პროფესიას ეხება, არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ, როცა ჩემს პიროვნებაზეა საუბარი, უკვე ვითიშები. ყურადღება ცოტა მბოჭავს. ამიტომ, ვერ ვიტყვი: არიქა, აღფრთოვანებული ვარ-მეთქი. პოპულარობა ნაკლებად მანაღვლებს. შეიძლება, მსახიობისგან ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე მირჩევნია, ჩემთვის, ჩრდილში ვიყო და დრო მეგობრებთან ერთად გავატარო, ვიდრე გავიარო და იძახდნენ – „აი, ეს ის არის!”

– მაყურებელს, მგონი, უკვე ყველა პრობლემაზე დუდუ ახსენდება. განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში აქტიურობენ. თქვენ არ მოგმართავენ ხოლმე სხვადასხვა თხოვნით?

– ჰო, ვნახე. რაღაც კომიქსებს და სუპერმენის გამოსახულებებს აკეთებენ ჩემი ფოტოებით. ახლობლები მეკაიფებიან ხოლმე, ამის გამო. ინტერნეტში წავიკითხე, ერთს  ეწერა: დუდუ, ბუასილს არ მოარჩენო? მე მივწერე: კი, დაჟინებული მზერით-მეთქი. მეტი რა მეთქვა?! (იცინის) მე არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, შიშველი ქალის ფოტოა, მკერდზე შენი თავები აქვს და აწერია: „დუდუები”.  

–  მსახიობ ბადრი ბეგალიშვილის შვილი ხართ და თქვენი ძმებიც მსახიობები არიან. მოგვიყევით ოჯახის შესახებ.

– ერთმა ჩემმა ახლობელმა თქვა: რავარც ქუთაისლები იტყვიან, ნახერხის მოყრა გინდათ სახლში და ეგ არისო. სახლში ყველა მსახიობია: მამა, დედა და ძმები. პირველი რძალიც მსახიობი იყო. მეც მაგიტომ მომიწია მსახიობობა, თორემ ისე, საერთოდ, არ ვაპირებდი. მუსიკა მიყვარს და მინდოდა მას გავყოლოდი. იმ წელს, როცა მე ჩავაბარე, მუსკომეიდიის თეატრში საესტრადო განყოფილება გაიხსნა. თუმცა, მე გიტარით ვიყავი გატაცებული და საერთოდ არაფრისკენ გახედვა არ მინდოდა. მოვიკიდებდი ზურგზე გიტარას და ქუჩა-ქუჩა დავდიოდი. მამაჩემმა მითხრა: ბიჭო, მიდი, ჩააბარეო. არ მინდა თქვენი მსახიობობა-მეთქი. მიდი, საესტრადო ფაკულტეტი იხსნება და შენს გემოზე იქნები, საბუთი მაინც გექნება, რომ გიტარიანი გიჟი ხარო, მითხრა. ასე მოვხვდი მუსკომედიის ფაკულტეტის საესტრადო განყოფილებაზე. მერე ისე წავიდა ცხოვრება, რომ მსახიობი აღმოვჩნდი. ახლა ჩემს საქმეს ვაკეთებ და საკმაოდ აქტიურად. მუსკომედიის თეატრის რეპერტუარის თითქმის ყველა სპექტაკლში ვარ დაკავებული. თუმცა, როგორ გამომდის, არ ვიცი. ჩემი უმცროსი ძმა – ბადრიც მუსკომედიის თეატრშია. ის ჩემს მოსვლამდე იყო იქ. შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან იქაა. ამ თეატრის კულისებში გაიზარდა. უფროსი, ზურა კი მარჯანიშვილის თეატრშია და უფრო კინოში მოღვაწეობს. ეტყობა, გენი ისეთი რამეა, რასაც ვერ გაექცევი და ამ ბოლოს, ჩემს თავს ვიჭერ, რომ რაღაცეებში ზურას და ჩემ შორის, მსგავსებაა. მამასაც გვამსგავსებენ, თუმცა, მას უფრო ბადრი ჰგავს. 

– როგორც ვიცი, მეუღლე და ორი შვილი გყავთ, არა?

– კი. თუმცა პირად თემებზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს. მყავს მეუღლე და ორი შვილი – 12 წლის გოგონა და ათი წლის ბიჭი. ორივე მუსიკით არის გატაცებული. გოგო ცოტა პანკროკისკენ იხრება, ბიჭი კი – ჯეკსონთან ძმაკაცობს. 

скачать dle 11.3