კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი პანკისის ხეობას საქართველოში სპეცოპერაციის ჩასატარებლად და რატომ აქვს მას სტრატეგიული მნიშვნელობა მთელი კავკასიის გასაკონტროლებლად

რუსულ მედიაში, რატომღაც, უკვე წრეგადასულად აქტუალურია პანკისის ხეობის ისლამური ტერორისტული სახელმწიფოს „ბოევიკების“ მომმარაგებლად წარმოჩენის საკითხი. კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის აზრით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ამზადებს საერთაშორისო საზოგადოებრივ აზრს საიმისოდ, რომ საქართველო ტერორიზმთან კავშირშია, რითაც, საჭიროების შემთხვევაში, გაამართლებს მის ტერიტორიაზე შემოჭრის ანტიტერორისტულ ოპერაციას. რა საშიშროება ემუქრება ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებიდან და როგორ არის შესაძლებელი მისი თავიდან აცილება? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან, ერთად შევეცდებით.

– რა მოტივაცია შეიძლება, ედოს საფუძვლად რუსული მედიის ძალისხმევას პანკისის ტერორისტებთან კავშირის დასამტკიცებლად, მაშინ, როდესაც რუსეთის მოქალაქეებითაა გავსებული ტერორისტული სახელმწიფოს რიგები, ზედა თუ ქვედა ეშელონები?

– ამ თემებზე გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან ვლაპარაკობთ და განგაშის ზარს ვრეკავთ, მაგრამ ყველა ხელისუფლება, იმ დროიდან მოყოლებული, ვიდრე დღემდე, ცდილობს, პანკისის ხეობის პრობლემა თავისი მმართველობის პერიოდში გააუვნებელყოს ტკივილგამაყუჩებლებით, პრობლემა კი პრობლემად რჩება. ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ მესამე სიმაღლე კავკასიონზე არის პანკისი. პირველი იყო ქლუხორი, მეორე –  ცხინვალის მიდამოები. ვინც პანკისის ხეობას აკონტროლებს, ის აკონტროლებს ჩეჩნეთსაც, ინგუშეთსაც, დაღესტანსაც, აზერბაიჯანსაც, საქართველოსაც. თავის დროზეც ვაფრთხილებდით ხელისუფლებას შევარდნაძის დროს, არ დაგვიჯერეს და ორი ბომბი ჩამოყარა რუსეთმა; შემდეგ შემოგვთავაზეს ერთობლივი სპეცოპერაციის ჩატარებაც. წინა ხელისუფლების პერიოდში ეს ხეობა ისე დაიხურა, რომ, სანამ ლაფანყურის ინციდენტი არ მოხდა, არავინ იცოდა, რა ხდებოდა, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცოდით.

– რატომ მოადუნა რუსეთმა წინა ხელისუფლების პერიოდში ყურადღება პანკისისადმი? იმიტომ რომ სხვა სტრატეგიულ ადგილზე –  ცხინვალზე იყო კონცენტრირებული?

– ჩვენმა წინა ხელისუფლებამ დალუქა ხეობა, თითქოს იქ არანაირი პრობლემა არ იყო, სინამდვილეში სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში გამრავლდნენ რადიკალური ისლამის მიმდევრები პანკისის ხეობაში და ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულადაც მოქმედებდნენ. ყოველ შემთხვევაში ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ გაირკვა, რომ იქ მნიშვნელოვანი მოძრაობები იყო. ასე რომ, ჩვენთვის უცხო არ არის, რაც ხდება დღეს პანკისის ხეობის გარშემო და მინდა, გითხრათ, რომ პანკისის ხეობის თემამ გაიჟღერა არა მხოლოდ რუსული, არამედ დასავლური მედიასაშუალებებითაც, როდესაც პანკისი წარმოჩენილია, როგორც ხალიფატის მოკავშირე.

– ძალიან უცნაურია, ცნობილია, რომ „ბოევიკები“ თურქეთიდან გადადიან ისლამურ სახელმწიფოში, მაგრამ დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება პანკისი, რომელიც არც კი ესაზღვრება ან რამდენი ადამიანი უნდა წავიდეს პანკისიდან?!

– არაფერი უცნაური არ არის, მოტივაცია ჩვენ უკვე ვთქვით: ამ ხეობის სტრატეგიული მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ისლამურ ხალიფატში გადადიან თურქეთიდან და არავინ არაფერს ამბობს პანკისიდან –  თურქეთში და თურქეთიდან –  სირიაში მარშრუტზე და არც ეგრეთ წოდებულ გამცილებლებზე და ეს შემთხვევით არ ხდება. აზერბაიჯანიდანაც გადადიან, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებიდანაც და რუსეთის ფედერაციის თითქმის ყველა მუსლიმანური რესპუბლიკიდან არიან გასულები, მაგრამ მაინცდამაინც პანკისი ამოიჩემეს და, თუ რატომ ჩვენ ეს უკვე ავხსენით. გეოგრაფიაც ვნახეთ: ვინც აკონტროლებს კავკასიონის ქედზე ამ სამ წერტილს, ის აკონტროლებს როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიას და ჩვენ არ ველოდებით, რომ ამ თემაზე საუბარი შეწყდება. ამას ემატება ზოგიერთის საეჭვო აქტიურობა როგორც ამ ხეობაში, ისე ხეობის გარეთ პანკისის ხეობის მკვიდრების სახელით და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობს, მთელ მსოფლიოს აჩვენოს, თითქოს ეს არის უმართავი ხეობა, იქ მიმდინარე პროცესებიც უკონტროლოა და უქმნის საფრთხეს მის სამხრეთ საზღვრებს.

– მხოლოდ ჩვენ ხომ არ ვიცით, რომ პანკისის ხეობას სტრატეგიული დანიშნულება აქვს რუსეთისთვის? დასავლეთი, რომლის ინტერესი არ არის რუსეთის მიერ მორიგი სტრატეგიული ხეობის დაკავება საქართველოს ტერიტორიზე, რატომ პასიურობს? იქიდან რომ დაარტყას რუსეთმა საქართველოს ტერორისტების განადგურების მოტივით, ამის შემდეგ კიდევ უფრო დაუცველი არ რჩება საქართველო რუსული გავლენისგან?

– დასავლეთი ვერ ხედავს იმ საფრთხეებს, რასაც –  რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა; დასავლეთის აზრით, იქ მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ამ ბოლო დროს მოვისმინეთ ზოგიერთი ავტორიტეტული პოლიტიკოსის განცხადებები დასავლეთიდან, რომ საქართველოს ხმა ამ გლობალური პოლიტიკური პროცესების დინებაში, რომელიც ეხება რადიკალურ ისლამს ჩვენთვის გასათვალისწინებელია. როგორც ჩანს, ახლა უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ ხეობას. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ამასაც არ ამბობდნენ. მეტსაც გეტყვით: რუსეთის მედიაში არანაკლები ყურადღება ექცევა თრუსოს ხეობასა და ყაზბეგის რაიონს.

– დიახ, რომ ეს ისტორიული „ოსეთია“.

– სამწუხაროდ, ამაზე ჩვენთან არ ლაპარაკობენ. ჩრდილო ოსეთში კი არიან ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის მათი და რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სთხოვენ გააქტიურებას, რომ ეს ტერიტორიები მათი გავლენის ქვეშ მოექცეს. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა, საინფორმაციო და, სამწუხაროდ, ასეთი აგიტაცია-პროპაგანდა ყოველთვის წინ უძღვის ხოლმე მზაკვრულ ჩანაფიქრებს და ჩვენ ეს უკვე ვიწვნიეთ საკუთარ ტყავზე. გათვლილია რუსეთის შიდა პოლიტიკურ ბაზარზე: მოსახლეობის შესამზადებლად და იმ სამხედრო პირების მოტივაციის გასაძლიერებლად, რომლებიც შეიძლება, ჩართონ ამ პროცესებში, ანუ სხვის ტერიტორიებზე სამხედრო ოპერაციის ჩატარებაში. ჩვენ არ გვგონია, რომ ეს შემთხვევითია. რაღაც პრობლემები არის პანკისის ხეობაში, რაც ბუნებრივია, როდესაც ახალი რელიგიური მიმდინარეობა ჩნდება, მაგრამ ისეთი საფრთხე, რომ რუსეთის ჯარებმა დაამყარონ წესრიგი, იქ  ნამდვილად არ არის. თქვენს მკითხველს შევახსენებ, ჩრდილოეთ კავკასიაში გასული საუკუნის 90-ან წლებში ჩეჩნეთში სწორედ ასეთი დაპირისპირებით დაიწყო რუსეთის გააქტიურება: როდესაც ვაჰაბისტებსა და სუნიტებს შორის ვითარება დაიძაბა, სუნიტმა ლიდერმა ახმად კადიროვმა დახმარება სთხოვა კრემლს ამ პრობლემის მოგვარებაში და შედეგიც მოვიღეთ –  რუსეთმა პირწმიდად აიღო მთელი ჩრდილოეთ კავკასია.

– იმედი მაქვს, მთლად ორი მხრიდან არ შემოგვესევიან: ან პანკისს აირჩევენ ან თრუსოს მიმართულებას, მაგრამ რა შემთხვევაშია რეალური ეს საფრთხე: თუ უკრაინაში ჩიხში შევიდა მოვლენები თუ, პირიქით, თუ წარმატებას მიაწღევს რუსეთი  უკრაინაში? ანუ რა მომენტს შეიძლება, ელოდებოდეს?

–  ერთი ფაქტია, ის მუდმივად ქმნის საფრთხეს ამ ხეობის სახით და ამ მასალებს ავრცელებს რეგულარულად. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, როდის და რა მხრიდან: ჩვენ ამას წინათ მოვისმინეთ რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადება, რომ რუსეთი მზად არის იბრძოლოს სამი მიმართულებით და ეს სამი მიმართულება, თუ ცხელ წერტილებს გავითვალისწინებთ, არის უკრაინა, ალბათ, შავი ზღვის აკვატორია და კავკასია. ასე რომ, ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ.

– და ამ კავკასიაში არ იგულისხმება სომხეთი და აზერბაიჯანი.

– ტრადიციულადაც, ისტორიულადაც და პოლიტიკურადაც, თუ აკონტროლებ საქართველოს, ავტომატურად აკონტროლებ სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც. დიდი გათვლები ამას არ სჭირდება. თუ აკონტროლებ ბაქო-ფოთის მიმართულებას, აკონტროლებ ყველა მიმართულებით მოძრაობას და დღეს აქტუალურია აღმოსავლური ენერგომატარებლების ტრასნპორტირება კავკასიის გავლით დასავლეთში.

– ირანის ენერგომატარებლებისთვის სანქციების მოხსნა გაააქტიურებს რუსეთის სტარტეგიულ ინტერესს კავკასიაში?

– პირდაპირ კავშირშია ირანთანაც. ირანიდან ორი მიმართულებაა: სომხეთის გავლით საქართველოს პორტებისკენ და აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით შავი ზღვის პორტებისკენ. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, ირანისთვის მომგებიანია სომხეთის გავლით მარშრუტი. მილსადენებიც კი არის ძველი, თუ არ ვცდები და მთელი ამ წლების განმავლობაში სომხეთი ირანიდან იღებს ენერგომატარებლებს. იმის თქმა მინდა, რომ ასაშენებელი არფერია, ეს ხაზი მოქმედებს. ამდენად, ჩანაფიქრი დიდია. მაგრამ ის, როდის დასჭირდება და რა ფორმით რუსეთს, ალბათ, მაინც დამოკიდებულია სანქციების ხანგრძლივობაზე და უკრაინასთან კონფლიქტის სიმძაფრეზე, თუმცა რუსეთი ცხელ წერტილს არ აციებს და თვეში ერთხელ მაინც აფიქსირებს, რომ აქ არის ცხელი წერტილი.

– პუტინმა განაცხადა „როსიას“ ეთერში, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა დაადასტურეს ამერიკული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ჩრდილო კავკასიელ „ბოევიკებთან“. ვის რა უთხრა ამით პუტინმა?

– ეს არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკურ ბაზარზე გათვლილი განცხადება, ის გათვლილია საერთაშორისო საზოგადოებაზეც. რომ გაუმაგროს პოზიციები რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გრძნობს თავის აგრესიას პოსტსაბჭოთა სივრცეში და დასავლეთის თვალში ცდილობს, გაამართლოს ის ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საფრთხეებთან ბრძოლის მოტივებით. რომ ეს აგრესია იძულებითია და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც და ზოგადად, დასავლეთთან დაპირისპირება არ არის მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის დაბრუნებისთვის ბრძოლა, არამედ ეს არის რეალურ საფრთხეებთან ბრძოლა. ანუ ის დასავლეთის სახით მტრის ხატს ქმნის მთელი მსოფლიოსა და თავისი მოსახლეობის თვალში.

– კადიროვის ბრძანება ჩეჩენი ძალოვანებისადმი, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გაუხსნან ცეცხლი რუსეთის ნებისმიერი სხვა რეგიონის ძალოვნებს, თუ ისინი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ჩაატარებენ სპეცოპერაციას, ანტიპუტინური ჟესტია?

– არა. პირიქით, კადიროვი თავს მიიჩნევს პუტინის წარმომადგენლად ჩრდილო კავკასიაში. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში რუსეთის იმპერიის კართან დაახლოებული ქართველი დიდგვაროვნები კავკასიაში ჟანდარმის ფუნქციებს ასრულებდნენ. ისტორიიდან გვახსოვს, როდესაც რუსეთის იმპერიის საამებლად ქართველი თავადები თავგამოდებით ებრძოდნენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩრდილო კავკასიელებს.

– მთლად საამებლადაც არა, სულს გვიმწარებდნენ ჩრდილო კავკასიელები თავიანთი შემოსევებით.

–  კი ბატონო. ამჟამად ეს ფუნქცია იტვირთა კადიროვმა. კადიროვი არის კრემლის თვალი და ყური ჩრდილო კავკასიაში და მისი განცხადება არის გაფრთხილება ყველა ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებისთვის და, რა თქმა უნდა, იმ სამხედრო ნაწილებისა, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მთელი რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ და არ უთანხმებენ ამას წინასწარ კადიროვს. მისი განცხადება ცალსახად პუტინის საწინააღმდეგო ნამდვილად არ არის, თუმცა პუტინის გარემოცვისა და ფედერალური სუბიექტების ხელმძღვანელების რადიკალური გაფრთხილება ნამდვილად არის. ანუ კადიროვმა პუტინის გარდა ყველა გააფრთხილა.

– გაითვალისწინებენ?

– აუცილებლად. იმიტომ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კადიროვი ფედერალურ ძალებს უპირისპირდება და მას ეს დაპირისპირება არც დაუმალავს არასდროს. ერთხელ ოფიციალურადაც კი გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მან ერთგულება შეჰფიცა პუტინს და არა –  რუსეთს. მისი ასეთი ტიპის განცხადებები აძლიერებს პუტინის პოზიციებს იმ ინტრიგების ფონზე, რომლებიც ყოველთვის იყო და არის კრემლში.

– ჩვენი დეპუტატები იყვნენ პანკისის ხეობაში, ალბათ, იმ კონტექსტში, რომ იქ არაფერი ხდება განსაკუთრებული. რა ტიპის ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ თავი დავიცვათ რუსეთის საინფორმაციო შემოტევისგან?

– ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ლომის წილი შევიტანეთ, სიტუაცია გავანეიტრალეთ და ხელისუფლების წარმომადგენლები ვაიძულეთ, პრობლემისთვის სათანადო ყურადღება მიექციათ და ახლა დაველოდებით დანაპირების შესრულებას. აქამდეც იყო დაპირება, მაგრამ არ შესრულდა. მხოლოდ სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყო, ახლა დავაკვირდებით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები როგორ შეასრულებენ. გააჩნია, რა მიზანი აქვს ჩვენს ხელისუფლებას, თუ უნდა, რომ ყოველი ახალი ხელისუფლების პერიოდში ჭრილობა გაიხსნას და ტკივილგამაყუჩებლებით დავიამოთ, მაშინ ეს დაუსრულებელი პროცესი იქნება.

скачать dle 11.3