კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაჭრა ზურგში დანით გურამ დოჩანაშვილი და რატომ დააპატიმრეს ის

...საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობისა და „დემოკრატიული განვითარების კურსის” აღების გამო, საქართველოში უკმაყოფილების მუხტმა იფეთქა. აქცენტი სტალინის ქართველობაზე იყო გადატანილი და ამიტომ სტალინის კრიტიკა ქართველმა საზოგადოებამ ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღო. 1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში, რომელიც საბჭოთა არმიის ნაწილებმა სისხლში ჩაახშვეს. რუსთაველის პროსპექტი დაღუპულთა გვამებით რომ არ გავსებულიყო, ისინი მტკვარში გადაყარეს (წყარო: „ბურუსი“). ოფიციალური მონაცემებით, იმ დღეს თბილისში მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა, დაშავდა უამრავი ადამიანი.
ამ საზარელი ტრაგედიის გამოძახილი იყო თბილისელი ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეების მიერ არალეგალური გაერთიანების ჩამოყალიბება. ამ ორგანიზაციას „გორგასლიანი” უწოდეს და მათ მიერ დაბეჭდილი ანტისაბჭოთა პროკლამაციები 1956 წლის 2 დეკემბერს რუსთაველსა და პლეხანოვზე, საცხოვრებელი სახლების კედლებზე გამოიკრა. ამ დღეს „გორგასლიანის” ორ წევრზე – გურამ დოჩანაშვილსა და ჯონდო მეტრეველზე უშიშროების თანამშრომლების ძალისხმევით მოხდა თავდასხმა, რის შედეგადაც დოჩანაშვილი ზურგში მძიმედ დაიჭრა... 1956 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ მოსკოვში გაიგზავნა წერილი, გრიფით „სრულიად საიდუმლოდ.” ადრესატი იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, იუსტიციის გენერალ-მაიორი მალიაროვი. თბილისიდან გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „1956 წლის 9 მარტს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ უკმაყოფილო ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა არალეგალური ფორმირება შექმნა, რომლის მიზანს საბჭოთა წყობილების საწინააღმდეგო საქმიანობა წარმოადგენდა. ჯგუფის წევრები ნაციონალისტურად იყვნენ განწყობილი, ამჟღავნებდნენ რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ აგრესიას და მართავდნენ ქუჩებში დებოშს. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მძიმედ დაიჭრა ამ ჯგუფის წევრი გურამ დოჩანაშვილი. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი დაპატიმრებული არიან. დაიწყო გამოძიება, რომელიც გამოავლენს ამ დაჯგუფების საქმიანობას, სრულ შემადგენლობას და დაადგენს მათ მოკავშირეებს”. ზურგში დანით მიყენებული ჭრილობის გამო, გურამ დოჩანაშვილი თბილისის მეორე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში დააწვინეს (მკურნალი ექიმი იყო გვარად მესხი). 1957 წლის 30 იანვარს დოჩანაშვილიც დააპატიმრეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის 31 იანვარს ორჯერ გაიყვანეს დაკითხვაზე. იმის შიშით, რომ ეს ახალგაზრდა საპატიმროში არ მომკვდარიყო, პოდპოლკოვნიკ ნადირაძის ბრძანებით, სასწრაფოდ გაათავისუფლეს „მდგომარეობის გაუარესების” გამო.
სასამართლოს საჯარო სხდომა 1957 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე გაიმართა... ბრალდებულებს სასამართლომ ასეთი განაჩენი გამოუტანა: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ზვიად გამსახურდიას, 4-4 წელი შეუფარდეს: მერაბ კოსტავას, ანატოლი მიქაძეს, ვლადიმერ სიხარულიძეს. 3-3 წელი მისცეს: თემურ მეტრეველს, თამაზ გუნჯუას, თეიმურაზ ცერცვაძეს, გურამ სხირტლაძესა და გურამ დოჩანაშვილს. სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები და მსჯავრდებულებს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრით, საგამოცდო ვადით.


„გორგასლიანი” კომუნისტურ ხორცსაკეპში  
გაზეთ „კომუნისტის” 1956 წლის 15 დეკემბრის ნომერში გამოჩნდა უიშვიათესი წერილი, რომელმაც იმ საშინელი პერიოდისთვის დამახასიათებელი ყველანაირი რეკორდი მოხსნა. რას შეეხებოდა ეს წერილი? უმჯობესია, ჯერ სათაურს გავეცნოთ. „სარეველა” – ასე ერქვა ახალგაზრდების ჯგუფზე, ანუ „გორგასლიანის” წევრებზე დაწერილ საშინელ პასკვილს: „წარმოიდგინეთ სულისა და გულის გამხარებელი მოხასხასე მდელო, მწვანედ მობიბინე ჯეჯილი, როგორ გატკბობთ იგი! ეს არის ჩვენი ჩინებული ახალგაზრდობა, საბჭოთა ახალგაზრდობა – მშობლიური პარტიისა და მთავრობის მზრუნველობით აღზრდილი. ეს ახალგაზრდობა ახარებს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ყოველი საბჭოთა პატრიოტის გულს შესანიშნავი თვისებებით, გმირული შრომის, ბრძოლისა და ბეჯითი სწავლის შთამაგონებელი მაგალითებით, შორეულ მელბურნში მოპოვებული ოლიმპიური მედლებით, ჭადრაკის დაფებზე მიღწეული გამარჯვებებით, თეატრის, მუსიკის, ფერწერის, კინოს ნიჭიერი ნაწარმოებებით. და ხალხი ერთნაირი სიყვარულითა და სიამაყით ულოცავს შემოქმედებით წარმატებებს ქართველ ჭაბუკ მეფოლადესაც და სცენის ოსტატ ქართველ ქალიშვილსაც. მაგრამ, წარმოიდგინეთ, ამ მდელოში, ამ ყვავილნარში ზოგან მოდებული სარეველა ბალახი, როგორ აფერხებს და ზიანს აყენებს იგი საღი მცენარეების გაშლა-გაფურჩქვნას”.
„მწვანედ მობიბინე ჯეჯილი” და ოაზისი – საბჭოთა იდილიაა. ეს სავალდებულო ნაწილია წერილისა. არავის ეგონოს, ამქვეყნად სულ ანტისაბჭოთა იდეოლოგიით გაჟღენთილი ახალგაზრდობა ცხოვრობსო. „სამწუხაროდ, ქვემოთ ლაპარაკი გვექნება სწორედ ამ სარეველაზე, უღირს ახალგაზრდებზე, პირდაპირ ხულიგნებზე, უსაქმურობისა და დებოშის „რომანტიკოსებზე”, ჯერ კიდევ აქა-იქ რომ მოსდებიან ჩვენს ლამაზ ყვავილნარს. მათ არ გააჩნიათ ქცევის რაიმე ნორმა, ერთმანეთს ეჯიბრებიან შორს გადაფურთხებაში, საზოგადოება მათთვის თითქოს კოჭებამდე წყალი იყოს, რომელსაც შეიძლება თავისუფლად გადაახტე, გასტოპო, გასცურო, მკლავის ძალა გამოსცადო.
ადამიანის ქცევის ნორმების განმსაზღვრელი ხომ სინდისია, შეგნებაა, საზოგადოებისა და საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობაა. ამ პრინციპებიდან თავისუფალი, ესე იგი შუბლგარეცხილი კაცი საშიში მოვლენაა, მისი გამოჩენა საფრთხეა.
ახლა ჩავიხედოთ მათს სულში, მათ შინაგან სამყაროში – რით სუნთქავენ, რა იდეალები ამოძრავებთ, რისკენ მიისწრაფვიან, რით არის გართული მათი გული და გონება? აქ კი ჩვენ სრულ ქაოსს ვაწყდებით. ლამაზი გარეგნობის მიღმა ვხედავთ მხოლოდ სიცარიელეს, ქარაფშუტა სულს, აღტყინებულ ბუნებას, დახურდავებულ ხასიათს, ყველაფერს, გარდა ნამდვილი, ჭეშმარიტი ადამიანური თვისებებისა... 
გავხსნათ ფრჩხილები და ვამხილოთ ჩვენი დროის ქუჩის „რაინდები”. ესენი გახლავან: ზვიად გამსახურდია, ანატოლი მიქაძე, თამაზ გუნჯუა, თეიმურაზ ცერცვაძე, თემურ მეტრეველი, მერაბ კოსტავა… თითქმის არ ყოფილა საღამო, რომ მათ ქუჩაში დებოში არ აეტეხოთ ხულიგნური გამოხდომებით... ამ ხულიგნების თავაშვებულობის გამო, ამას წინათ ქალაქის ერთ-ერთ ბაღში სისხლიც კი დაიღვარა. ჩვეულებრივ აყალმაყალს დანის ტრიალი მოჰყვა. დაიჭრა ხულიგნების ჯგუფის წევრი გურამ დოჩანაშვილი, 47-ე სკოლის მეათეკლასელი მოსწავლე. ხულიგნების ჯგუფმა გადაწყვიტა, „შური იძიოს ამხანაგისათვის”. გამსახურდიას წინადადებით, ისინი იარაღდებიან – ზოგი რეზინის ჯოხით, ზოგიც დანით. ზვიად გამსახურდიამ სპეციალური დიდი საკეცი დანაც კი მოიმარჯვა – „წამოიღეთ რამე, თუნდაც რკინის კეტები, რომ თავში ჩავცხოთო”.
სტატიის ავტორი, როგორც ჩანს, მართლაც სანაქებო კომუნისტი, გვარად ქებაძე, კომკავშირული ორგანიზაციების კრიტიკასაც არ ერიდება და სვამს რიტორიკულ და ზოგადსაკაცობრიო შეკითხვას: „რატომ არ იმაღლებენ ამ ავადმყოფური მოვლენების წინააღმდეგ ხმას კომკავშირული ორგანიზაციები?”
ამის მერე კი ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდების მშობლების, უფრო სწორად, მამების საქმიანობაზე... 
„სარეველაში” არაფერია ნათქვამი გურამ დოჩანაშვილის მშობლებზე. იმხანად, როცა ეს პასკვილი დაიწერა, დოჩანაშვილი დაჭრილი იწვა თბილისის მეორე საავადმყოფოში და სიკვდილს ებრძოდა. როგორც ჩანს, სუკმა საჭიროდ აღარ მიიჩნია მის პიროვნებაზე ყურადღების გამახვილება
გურამ დოჩანაშვილი ექიმ პეტრე დოჩანაშვილისა და გულნარა ემხვარის ოჯახში დაიბადა 1939 წლის 26 მარტს. იზრდებოდა რუსთაველზე, სოლოლაკში და ვერაზე. ბაბუა – სილოვან ემხვარი, აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი იყო. გურამ დოჩანაშვილი 1946 წელს მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში, ხოლო 1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე სკოლა. როგორც თვითონ აღნიშნავს, 1966 წელი განსაკუთრებული იყო, როცა 7 აპრილს შეეძინა შვილი – ქეთო და გამოიცა მისი პირველი წიგნი – „მთის გადაღმა”. პირველი მოთხრობა ჟურნალ „ცისკარში” 1961 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ერთგული მკითხველი სულმოუთქმელად ელოდება მწერლის ნაწარმოებებს... 
ის დღესაც ისეთივე გულწრფელია, როგორიც მაშინ, ანტისაბჭოთა პროკლამაციებს რომ ბეჭდავდა მეგობრებთან, თანამოაზრე „განსხვავებულ” ბიჭებთან ერთად. „დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო. ასე რომ არა, დაიქცეოდა, – მკაფიოდ გაისმოდა ბნელში, – ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა” (რომანიდან „სამოსელი პირველი”)...
ხშირად მიფიქრია, ტრაგედია რომ მომხდარიყო და 17 წლის დოჩანას – გურამ დოჩანაშვილის გადარჩენა შეუძლებელი გამხდარიყო, ქართველებს არც „სამოსელი პირველი” და არც „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები”, არც „ხორუმი ქართული ცეკვაა” და არც „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” გვექნებოდა.

скачать dle 11.3