დამახინჯებული გარეგნობის ადამიანებს ჯანმრთელების გარემოცვაში კრძალავდნენ » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

დამახინჯებული გარეგნობის ადამიანებს ჯანმრთელების გარემოცვაში კრძალავდნენ

ნეანდერტალელთა მასობრივი კანიბალური ორგიები წარსულს ჩაბარდა. სამაგიეროდ, მათ გაუჩნდათ სრულიად გააზრებული წარმოდგენა იმქვეყნიურ სამყაროზე (საიქიოზე) – ნეანდერტალელებმა დაიწყეს თავიანთი მიცვალებულების დამარხვა, რომლის დროსაც საკმაოდ რთულ რიტუალებს ასრულებდნენ: გარდაცვლილს აყრიდნენ ოხრას (ოხრა – ბუნებრივი მინერალური საღებავი, ყვითელი ან წითელი ფერის; ჟანგმიწა), საფლავში აწყობდნენ ცხოველთა ხორცს, კვერცხებს და ყვავილებსაც კი. საფლავი შეეძლოთ შემოეფარგლათ ცხოველთა რქების გალავნით. ერაყის ჩრდილოეთით მდებარე შანიდარის გამოქვაბულში ზოგიერთ მიცვალებულს ჩაფენილი ჰქონდა ტყის შვიტა (მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე), თავქვეშ ქვები ჰქონდა ამოდებული, ხოლო გვერდით ქვის იარაღები ელაგა. აქ დამარხულ ერთ-ერთ ნეანდერტალელს არქეოლოგებმა „ყვავილოვანი ადამიანი“ შეარქვეს – დამწუხრებულ ნათესავებს საფლავში ერთი იღლია მინდვრის ყვავილები: ტუხტი, ღიღილო, თავყვითელა ჩაეტანებინათ. მართალია, ყვავილებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, მაგრამ მათი მტვრიანები ამის ნათელი დადასტურება იყო. მიუხედავად ასეთი მზრუნველობისა გარდაცვლილ თანამოძმეებზე, მათთან ერთად ვინმეს (ცოცხალი ადამიანის) იმქვეყნად გასტუმრებას, როგორც ჩანს, ნეანდერტალელები ჯერ კიდევ ვერ იაზრებდნენ; მიცვალებულის დაკრძალვისას ადამიანთა მსხვერპლშეწირვაზე, მათ, ალბათ, წარმოდგენა არ ჰქონდათ...
დაახლოებით ოცდაათი ათასი წლის წინათ დედამიწაზე დადგა ზედა პალეოლითის ხანა. ამ დროისათვის ნეანდერტალელები ჩამოდიან ისტორიული არენიდან. იქნებ, მათ ვერ გაუძლეს უკვე ორმოცი ათას წელს გამეფებულ ვიურმულ გამყინვარებას, ანდა, ჰომო საპიენსთან კონკურენციას, რომლისთვისაც გამყინვარება არაფერს წარმოადგენდა და რომელიც ჰომო საპიენს იდალტუს ქვესახეობიდან ჰომო საპიენს საპიენსად გარდაიქმნა. არსებობს ვერსია, რომ მანამდე მათ მაინც მოასწრეს დედამიწის მომავალ პატრონებთან საკმაო რაოდენობის ქორწინებაში შესვლა, რათა მათთვის თავიანთი გენების ნაწილი გადაეცათ. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ნეანდერტალელებმა კრომანიონელებისთვის „ვახტის” გადაცემით გარკვეული გავლენა მოახდინეს მათ ტრადიციებზე. თავის ქალების კულტი და, შესაძლოა, მასთან დაკავშირებული ადამიანთა მსხვერპლშეწირვები ახალ მიმდევრებს იძენენ – ტანისგან განცალკავებულ, ცალკე დამარხულ თავის ქალებს არქეოლოგები ევროპის სულ სხვადასხვა მხარეში აწყდებიან.
ზედა პალეოლითის სადგომის – სუნგირის (ვლადიმირთან ახლოს) სახელოვანი მკვიდრი დაკრძალულ იქნა თავიანად (განცალკევების გარეშე), მაგრამ, მის სქლად ოხრამოფრქვეულ საფლავზე დადგმული იყო ქვა, ხოლო მის ზემოთ – ქალის თავი (ან ქალა). ახლა უკვე ძნელი სათქმელია, რა როლი უნდა ეთამაშა ამ თანამგზავრ ქალს საფლავის პატრონის იმქვეყნიურ ცხოვრებაში და რა სახის სიკვდილით (ბუნებრივით თუ ძალადობრივით) აღესრულა იგი. ყოველ შემთხვევაში, ის, ვისი თანამგზავრობაც არგუნა მას ბედმა თუ წილისყრამ, უკანასკნელი ადამიანი არ ყოფილა თავის ტომში – მის თავსაბურავს და ტანსაცმელს ყარსაღის ოცი გახვრეტილი ეშვი, ოცი ფირფიტოვანი სამაჯური და მამონტის შუანის დაახლოებით 3 500 მძივის მარცვალი ამშვენებდა. მხოლოდ მძივების დამზადებაზე, მეცნიერთა გამოთვლით, მის თანატოლებს 2 500-ზე მეტი საათი უნდა დაეხარჯათ.
საფრანგეთში, გამოქვაბულ ლე-პლაკარში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ოთხი ფიალა, რომლებიც ზედა პალეოლითის ადამიანებმა თავის მსგავსთა თავის ქალებისგან გააკეთეს. თავები განცალკევებული იყო ტანისაგან, რბილი ქსოვილები ქვის იარაღით იყო მოშორებული, რის შემდეგაც თავის ქალის ზედა ნაწილები განცალკევებული იყო ქვედა ნაწილებისგან. ფიალებს ნადიმებისთვის არ იყენებდნენ – ერთ-ერთ მათგანში შემონახული აღმოჩნდა ოხრის ნარჩენები, რომელსაც ძველი ხალხები ხშირად რიტუალური მიზნით ხმარობდნენ.
მეცნიერები, რომლებიც ზედა პოლეოლითის კოლექტიური დაკრძალვის ადგილებს იკვლევდნენ, იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ზოგიერთ მათგანში რიტუალის მსხვერპლნი იყვნენ დამარხულნი, თუმცა, მათ ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ შეუნიშნავთ. იტალიელმა ვინჩენცო ფარმაკოლამ ყურადღება მიაქცია, რომ დამახინჯებული გარეგნობის ადამიანები ხშირად დაკრძალულნი იყვნენ თავიანთი ნორმალური გარეგნობის მქონე თანამემამულეების გარემოცვაში. იტალიის კალაბრიაში, გამოქვაბულ რომიტოში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მოზარდი ჯუჯა თანმხლებ ქალთან ერთად... მორავიაში, დოლნი-ვესტონიცაში, გოგონა, რომელიც დისტროფიული დისპლაზიით იყო დაავადებული, ორ მოზარდს შორის იყო დაკრძალული. დაავადებას გოგონასთვის როგორც სხეული, ასევე სახეც დაემახინჯებინა; თავზე თმაც კი აქა-იქ ეზრდებოდა, მაგრამ, თანატომელთა თვალში ამას შეეძლო, მისთვის განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭებინა... ზემოთ ნახსენებ სენგირის სადგომში ნაპოვნი იქნა მოზარდთა  – გოგონასა და ბიჭის (ორმაგი) საფლავი. ორივეს დამახინჯებული გარეგნობა ჰქონდა: გოგონას ძლიერ გამრუდებული ფეხები, ბიჭს კი – არა მარტო ძვლის თანდაყოლილი დაავადება, არამედ, როგორც ჩანს, სხვა სუნგირელებისთვის უჩვეულო დიეტას იცავდა: იგი მცირე რაოდენობით მიირთმევდა მცენარეულ საკვებსა და უხერხემლო ცხოველებს, რის შედეგადაც, მკვლევართა აზრით, შეიძლებოდა, განსხვავებული ყოფილიყო თავისი თანატომელებისგან არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ფსიქოლოგიურადაც.
ფარმაკოლასა და სხვა მეცნიერების აზრით, არასტანდარტული გარეგნობის ადამიანებს შეიძლებოდა განსაკუთრებული სტატუსი ჰქონოდათ თავიანთ კოლექტივში, რის გამოც სხვა სამყაროში მათ ამალის გარემოცვით ისტუმრებდნენ. ცნობილი ანთროპლოგი ბუჟილოვა კოლექტიური საფლავების საკითხს სულ სხვა კუთხით მიუდგა. მან შენიშნა, რომ ერთეულ ინდივიდუალურ სამარხებში მოზარდთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ეს რიცხვი, ალბათ, რეალურად ასახავს ბუნებრივი სიკვდილიანობის სტატისტიკას – მოზარდები ხომ მოსახლეობის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ნაწილია. მაგრამ, ზედა პალეოლითის კოლექტიურ სამარხებში მოზარდების რიცხვი ძალზე ხშირია. ამას კი იმ აზრამდე მიჰყავს მეცნიერი, რომ ხდებოდა მათი წინასწარგანზრახვით მოკვდინება. ბუჟილოვა მიიჩნევს, რომ მოზარდები – ეს ის „პოტენციალია, რომელიც აუცილებელია სოციუმისა და მოდგმის, შთამომავლობის შემდგომი განვითარებისთვის. წინასწარგანზრახულობით მათი მსხვერპლად გაღება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იყო შესაძლებელი, როცა ყველაზე ძვირფასის გაღება მოუხდებოდა დიდ ოჯახს“.

скачать dle 11.3